აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 29)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

საცხოვრებელი სახლი მდინარე ოძრხის ნაპირას, სამანქანო გზის სიახლოვეს მდებარეობს. გრძივად განვითარებულ შენობას ქვის მაღალი ცოკოლი გამოარჩევს. მთავარი, მდინარისკენ მიმართული ფასადის არქიტექტურულ სახეს მისი დამანაწევრებელი, სამკუთხა ფრონტონებით დასრულებული სამი - შუა და ორი განაპირა რიზალიტი ქმნის. განაპირა რიზალიტები შუაზე ფართეა და მათ რუსტირებული პილასტრები ფარგლავს. შუა რიზალიტი ვიწრო და აზიდულია. იგი, ისევე როგორც განაპირა რიზალიტები გიგანტური, რუსტირებული პილასტრებით არის მონიშნული. აქ არის მოწყობილი შენობის მთავარი შესასვლელი - საჭექი ქვითა და პროფილირებული საპირით მონიშნული ღიობით. აღსანიშნავია, რომ შესასვლელი კარის ალათები ფერადი მუშარაბის გამარტივებულ ნახატს შეიცავს. აღსანიშნავია ასევე სადარბაზოს ქვის კიბე და მოჭიქულფილებიანი იატაკიც. შენობის მკლავებს მშვილდა თაღით დაბოლოებული ღიობები ანაწევრებს. თითო ღიობს პერსპექტიული საჭექი ქვა და სპეციფიკური საპირე ამკობს. ნაგებობის არამთავარი ფასადი უფრო სადაა. მას პომპეზურ იერს შუა წელზე მიდგმული ორმხრივი კიბე ანიჭებს. დღეს საცხოვრებლად გამოყენებულ ნაგებობის შიდა გეგმარება სახეცვლილია. უდაოა აღწერილი შენობის მაღალი არქიტექტურული ღირებულება. მოკრძალებული მასშტაბის მიუხედავად, იგი საუკეთესოა ყოფილი „ზაკვოს“ კომპლექსის შენობებს შორის. შენობა, ჩვენი ვარაუდით XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულში უნდა აშენებულიყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6209