აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 100)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

რუსთაველის ცალმხრივი განაშენიანების შემადგენელ შესანიშნავ ნაგებობათა მწკრივში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია საცხოვრებელ ნაგებობას, როგორც არქიტექტურულ-სივრცითი კომპოზიციის და ნატიფი მორთულობის მკაფიო ინდივიდუალურობის მიზეზით, ასევე სამშენებლო ოსტატობისა და მაღალი ხარისხის გამო. საცხოვრებელ სახლს წინა მხრიდან მიდგმული აქვს შენობის წინა კედელთან შედარებით ვიწრო და დაბალი, ჭვირული ელემენტებით უხვად მოკაზმული ფართო აივანი, რომლის შუა, მაღალი თაღით გახსნილ ბოლოებაწეულ ორფერდა სახურავიან ნაწილში სიღრმეში განთავსებულ კართან მისასვლელი ქვის კიბეებია შეჭრილი. აივანი ამჟამად შემინულია. წინა ფასადი თლილი ქვის სწორხაზოვანი პარაპეტით სრულდება, რომელსაც შუა ნაწილში რთული კონფიგურაციის ტეხილხაზოვანი ამოწეული ნაწილი აქვს. შენობის ფლეთილი ქვით ნაშენ გვერდით ფასადებს ჭვირული ჭრით დამუშავებული შეფიცვრა ფარავს. მარჯვენა გვერდით ფასადებზე გამომავალ სწორკუთხა ფანჯრებს თლილი ქვის საპირე შემოსდევს და ფრონტონი აფორმებს. აივნის ფარგლებს გარეთ გამოსული შენობის კუთხეები კარგად თლილი ქვით ისეა შემოსილი წინა და გვერდითი მხრიდან, რომ ოთხკუთხა კოლონებივით აღიქმება მით უმეტეს, რომ ისინი კაპიტელის მსგავსი ქვის მაღალი ფილით და ქვისავე მასიური ვაზით სრულდება. შესანიშნავია აივნის შუა ნაწილში ჩასმული არშიაშემოვლებული ნაწიბურით შემოწერილი დეკორატიული, აჟურული თაღის ფიფქისებური ორნამენტის გამჭვირვალობა და მკაფიოება, მაღალი ხის კარნიზზე გამოკვეთილი შუბისპირის მოტივი, მოაჯირების მთიან სქელ დაფებში ამოჭრილი ბადე ჯვრის მოტივებით. ამასთან ერთად ხაზის სიზუსტით და ფორმათა დაუნაწევრებლობითაა გამორჩეული შენობის ქვაში ნაკვეთი კარნიზები, თუ სხვა კონსტრუქციულ-დეკორატიული ელემენტების დამუშავება, რაც მთლიანობაში კარგად გააზრებულ სივრცით-გეგმარებით კომპოზიციასთან შეთანხმებულ და მორგებულ მდიდრულად შემკულ საცხოვრებელ სახლს აყალიბებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6208