აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 37)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX-XX საუკუნის მიჯნაზე. ნაგებობა მდებარეობს მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე, დახრილ რელიეფზე.

თავდაპირველად ეს ნაგებობა შეძლებული პირის საზაფხულო აგარაკი უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს დეკორაციული მორთულობა, მსუბუქი ხასიათი, სამშენებლო ოსტატობა და მასალა. ამჟამად იგი აბასთუმნის ცენტრში მდებარე ტუბსაავადმყოფოს ექიმთა საცხოვრებელია. შენობის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედის მოხაზულობისაა. ფასადები ჰორიზონტულ ზოლებად დალაგებული ხის პანელებითაა მოპირკეთებული. ნაგებობის ქუჩისკენ გამომავალი ვიწრო ფასადი საგანგებოდაა მორთული ხის აჟურული დეტალებით. ფანჯრის ღიობები გაფორმებულია ბაროკული დეტალებით მორთული თავსართებით და ტალღისებური ელემენტებისგან შემდგარი ხის საპირეებით. მკვეთრ დეკორაციულ მახვილად აღიქმება შესასვლელის თავზე არსებული წვრილნახატიანი აჟურული ჩანართი და მისგან სხივისებურად გაშლილი დეტალები. ნაგებობის ფასადებს სამი მხრიდან (ჩრდილოეთიდან ნაწილობრივ) უვლის ხის ჭვირულმოაჯირიანი აივანი. მთავარ ფასადზე არსებული აივნის მონაკვეთი განსაკუთრებულადაა გაფორმებული დეკორაციული ხის სვეტებით, ფართოდ გახსნილი თაღით და ორფერდა სახურავის გასწვრივ არსებული წვრილნახატიანი ხის აჟურული ზოლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6192