აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 14)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში.

ფალიაშვილის ქუჩა აბასთუმანში ორ ნაწილადაა გაყოფილი და ერთმანეთის პარალელურად მიემართება მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე. მათ შორის არსებულ, ზოგჯერ რამდენიმე შენობისაგან შემდგარ ლუწნომრიან ნაგებობათა ჯგუფს ერთი მისამართი აქვს. მათ რიცხვს მიეკუთვნება კამერული ხასიათის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მხატვრულად მეტად მნიშვნელოვანი შენობის გაგრძელებას წარმოადგენს. ზურგით და გვერდითი კედლით იგი მეზობლად მდგარ შენობებზეა მიდგმული და მხოლოდ ორი ფასადი აქვს ხილული. წაგრძელებული გეგმის მქონე ნაგებობა მდინარისკენ მიმართულია ქვით ნაგები შეულესავი ფასადით, ხოლო შუშაბანდიანი გრძივი მხრით ეზოს სიღრმეში ვითარდება. შუშაბანდს ხის მოხარატებული მოაჯირი აქვს. სახლს აქვს ორი შესასვლელი - ქვის ოთხსაფეხურიანი კიბე, რომლითაც შუშაბანდში შეიძლება მოხვედრა და მოკლე ფასადზე განთავსებული სადა კარის ღიობი. ეს უკანასკნელი ფასადის უხეშად თლილი ქვით ნაგები სიბრტყიდან გამოიყოფა ღიობის ირგვლივ დალაგებული კარგად თლილი კვადრებით. ამავე ფასადზეა განთავსებული ფანჯარა, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს გაჭრილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6284