აბანოსხევის მწითურების მამულის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოსხევის მწითურების მამულის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოსხევის დასავლეთით, 200 მეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. მოიცავს ძველი წელთაღრიცხვით V ათასწლეულიდან ადრინდელი შუა საუკუნეების ჩათვლით. გაითხარა 1977, 1981-1983, 1985-1986 და 1989 წლებში ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ.

ქვედა ფენა, რომლის სისქე იყო 0,35-0,4 მეტრი, გამოვლინდა მიწის ზედაპირიდან 2 მეტრ სიღრმეზე. აქ აღმოჩნდა დაზიანებული, ნახევრად მიწური სწორკუთხა შენობის ნაშთი, შევსებული ნაცროვან-ნახშიროვანი მიწით და რიყის ქვებით. იქვე, იატაკის დონეზე, იყო ადამიანის ჩონჩხი მოკრუნჩხულ პოზაში, თავით სამხრეთისკენ. სამი გაწმენდილი ორმოდან ერთში აღმოჩნდა არქაული ხარის ძვლები. გარდა ამისა ნამოსახლარზე გამოვლენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანისა და კაჟის იარაღები, ქვის ხელსაფქვავები, ხელცულები და ცხოველთა ძვლები.

მომდევნო ფენა გამოყოფილია ქვედასაგან ერთი მეტრის თიხნარით. გაწმენდილ ექვს წრიულ ორმოში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, გადასატანი კერები, ნამგლის კაჟის ჩასართები, ხელსაფქვავები, წიდა, ცხოველთა ძვლები და სხვა. ხუთი ინდივიდუალური ორმოსამარხიდან ერთში იყო თიხის ჭურჭელი და ძვლის კვირისტავი.

ზედა ფენაში გამოვლინდა გვიანი ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხები. მათ შორის ორი განეკუთვნება III-IV საუკუნეებს. ერთ ორმოსამარხში მიცვალებული დაკრძალული იყო მოკრუნჩხულ მდგომარეობაში, მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთისკენ. აქვე აღმოჩნდა თიხის ხელადა და კოჭობი. მეორეში, ქვაყრილიან ორმოსამარხში, გამოვლინდა თიხის სამტუჩა ყურიანი ჭურჭელი და ცხენის თავის ქალა.

ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხები წარმოდგენილია ორმოსამარხებით, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხებით და ქვისსამარხებით. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. მხოლოდ ზოგიერთ სამარხში ჩონჩხი ესვენა მოკრუნჩხული და წელზევით გაშოტილი, მოხრილი მუხლებით. გვხვდება ინდივიდუალური და საოჯახო სამარხები. აღმოჩნდა ბრინჯაოს საკინძები და რკინის მშვილდსაკინძი. მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]