იოსებ აბაკელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბაკელია, იოსებ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაკელია.
იოსებ აბაკელია
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1882(1882-03-02)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 1938
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია (დ. 2 (15) მარტი1882, ქუთაისი ― გ. 1938) — ქართველი ფთიზიატრი, საქართველოში მეცნიერული ფთიზიატრიის ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924), პროფესორი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში. იმავე წლიდან იყო ესერების პარტიის წევრი. დააპატიმრეს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ოდესაში. 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და ციმბირში გადასახლებაც ჰქონდა მისჯილი, მაგრამ რექტორის და სტუდენტების შუამდგომლობით გადაურჩა სასჯელს. 1914 წელს მობილიზაციის დროს იოსებ აბაკელია სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს ერთ-ერთ საარტილერიო ბრიგადაში.

1918 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. აირჩიეს ესერების ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი ესერთა პარტიიდან. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას. 1921 წელს გამოაქვეყნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ტუბერკულოზის შესახებ. აბაკელიას თაოსნობით დაარსდა თბილისის პირველი ტუბერკულოზის ამბულატორია (1922; 1925-იდან I ტუბდისპანსერი) და ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი (1930). 1938-მდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1933 წლიდან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1935-1938 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. სხვა ქართველ ფთიზიატრებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში ფართოდ გაშალა ტუბერკულოზთან ბრძოლა. დიდ ყურადღებას უთმობდა კურორტ აბასთუმნის განვითარებას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

აბაკელიას ცოლად ჰყავდა ბიოქიმიკოს ვლადიმერ ასათიანის და ელენე. აბაკელიას სახელს ატარებს ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ყოფილი ტყის ქუჩა).[1]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტუბერკულოზი, ტფილისი, 1921
  • ფილტვის და სხვა ორგანოთა ტუბერკულოზი, ტფილისი, 1934

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 7.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]