აბაზანა (პროცედურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაზანა (მრავალმნიშვნელოვანი).

აბაზანა — სამკურნალო-პროფილაქტიკური და ჰიგიენური პროცედურა.

არსებობს წყლის, ჰაერის, ტალახის, ქვიშისა და სხვა აბაზანები. წყლის აბაზანა ტემპერატურის მიხედვით შეიძლება იყოს ცივი (20 °C ქვემოთ), გრილი (20-30 °C), ინდიფერენტული (34-36 °C), თბილი (37-39 °C) და ცხელი (40 °C ზემოთ). წყლის შედგენილობის მიხედვით — მტკნარი წყლის, მინერალური (გოგირდწყალბადის, ნატრიუმქლორიდის, იოდბრომის), აიროვანი (ნახშირმჟავას, ჟანგბადის, აზოტის), რადიოაქტიური (რადონის), არომატული (წიწვის, მდოგვის, სკიპიდრის) და წამლეულისა (სოდის, კალიუმპერმანგანატის, სახამებლის). ხანგრძლივობის მიხედვით — ხანმოკლე (1-5 წთ), ჩვეულებრივი ხანგრძლივობის (10-15 წთ), ჩვეულებრივზე ხანგრძლივი (20-30 წთ) და ხანგრძლივი (რამდენიმე საათი). სამკურნალოდ იყენებენ კომბინირებულ აბაზანასაც. ასეთ აბაზანაში წყლის საერთო მოქმედებას ერწყმის სხვა ფიზიკური ფაქტორების (ელექტრობა, ვიბრაცია, მასაჟი და სხვა) მოქმედება. აბაზანის მიღებისას ორგანიზმზე მოქმედებს ფაქტორთა მთელი კომპლექსი: ტემპერატურა, წყლის მასა და ჰიდროსტატიკური წნევა, წყლის შედგენილობა, აბაზანის ხანგრძლივობა და სხვა. ორგანიზმზე მოქმედ ძირითად ფაქტორთა თანაფარდობის შეცვლით შეგვიძლია გამოვიწვიოთ აღგზნება, ვიმოქმედოთ დამამშვიდებლად, გავაძლიეროთ ან დავაქვეითოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ა. შ. არსებობს სპეციალური დანიშნულების აბაზანებიც. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი სამკურნალო წყაროებისა და ზღვის აბაზანებს. ვეტერინარიაში წყლის აბაზანებს იყენებენ ცხოველთა სხვადსახვა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]