შერმადინ ასკურავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შერმადინ (შალვა) მიხეილის ძე ასკურავა (დ. 1897 ― გ. 8 თებერვალი, 1919), კომუნისტური ორგანიზაციების მოღვაწე კავკასიაში, სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე.

ბიოგრაფია

1912 წელს დაამთავრა ბათუმის საქალაქო სასწავლებელი. 1913-1914 წლებში მონაწილეობდა ჯერ ბათუმის, შემდეგ თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციების მუშაობაში. 1915-1916 წლებში იყო რსდმპ თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. 1916 წლის 18 აგვისტოს დააპატიმრეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის. 1918 გაზაფხულზე ა. გეგეჭკორთან ერთად ხელმძღვანელობდა სენაკის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებას. მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. 1918 წლის მაისში დანიშნეს სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს წარმომადგენლად ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამარცხების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩა და სამოქალაქო ომის ფრონტებზე იბრძოდა. 1918 წლის ზაფხულში დანიშნეს მე-11 არმიის პოლიტიკურ კომისრად. მისი აქტიური მონაწილეობით მხილებულ და ლიკვიდირებულ იქნა მე-11 არმიის სარდლის ი. სოროკინის ავანტიურისტული შეთქმულება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ასკურავა დაიღუპა ყიზლარის მიდამოებში. სამოქალაქო ომში დიდი დამსახურებისათვის 1928 წლის 29 თებერვალს (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა

  • ლომაშვილი ფ., ქსე, ტ. 1, გვ. 636, თბ., 1975