დანიელი (დათუაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დანიელი (მეუფე))
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
დანიელი (დათუაშვილი)
დროშა
დროშა
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: დავით დათუაშვილი
დაბადება: 5 მაისი, 1955 (1955-29-05) (68 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1991 წლის 31 ოქტომბერი
დიაკვნად კურთხევა: 1983 წლის 4 ივნისი
მღვდლად კურთხევა: 1985 წლის 28 აგვისტო
ეპისკოპოსად კურთხევა: 1992 წლის 22 მაისი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1993 წლის 14 ოქტომბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2000 წლის 28 ნოემბერი

მიტროპოლიტი დანიელი (ერისკაცობაში — დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი; დ. 29 მაისი, 1955, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 17 (30) დეკემბერი, დანიელ წინასწარმეტყველის ხსენება; კათედრა და რეზიდენცია საჩხერეში და ჭიათურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროპოლიტი დანიელი, ერისკაცობაში დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი, დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში. 1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 11978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. 1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან მან სწავლა გააგრძელა ქ. ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად. 1983 წლის 4 ივნისს, წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დავით დათუაშვილი მამადავითის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა. 1985 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, დიაკვანი დავითი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდლად. 1990 წელს მამა დავით დათუაშვილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. ამავე პერიოდში იგი დაინიშნა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრად, ხოლო შემდეგ – სხალთის მამათა მონასტრის წინამძღვრად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. პარალელურად იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სასულიერო აკადემიასა სემინარიაში. 1991 წლის 31 ოქტომბერს დეკანოზი დავით დათუაშვილი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დანიელი. იმავე წელს მიენიჭა არქიმანდრიტობა. 1991 წლის ივლისიდან იგი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა.

1992 წლის 22 მაისს არქიმანდრიტი დანიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. 1992 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე დანიელი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო იმავე წლის 22 დეკემბრიდან ოფიციალურად დადგინდა ცხუმ-აფხაზეთის მმართველ მღვდელმთავრად. ამ დროს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ურთულესი ვითარება იყო. 27 სექტემბერს აგუძერაში მეუფე დანიელს მოახსენეს – სოხუმი დაიპყრეს რუსებმა და ჩრდილოკავკასიელმა კონფედერანტებმა და აუცილებელია თქვენი სამღვდელოებით გაერიდოთ აქაურობასო. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოებას დროებით რეზიდენციად გამოეყო მარტყოფის მონასტერი, სადაც სოხუმის მამათა მონასტრის წევრები ცხოვრობენ. ბოდბისა და მარტყოფის დედათა მონასტერში კი იმყოფებიან აფხაზეთის ეპარქიიდან დევნილი მონაზვნები. 1993 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დანიელი მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტის პატივში იქნა აღყვანილი. 1995 წელს შეთავსებით დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსად. 2002 წლიდან მეუფე დანიელი შეთავსებით იყო ჯერ მარგველი, ხოლო ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველია. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დანიელი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დანიელი ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას სხვადასხვა ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ შეკრებებზე. მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ქრისტიანული ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებზე. მეუფე დანიელი ხშირად ხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ანუგეშებს მათ და განუმტკიცებს იმის რწმენას, რომ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ კერას, მტრისაგან იავარქმნილ აფხაზეთს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგება ისტორიული, ტრადიციული ურთიერთობა და ჩვენი ქვეყანა კვლავ გამთლიანდება.

2002 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პარალელურად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველი იყო მანამდე, სანამ 2010 წლის 21 დეკემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს არ გადაეცა, შემდეგ კი დღემდე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]