ჰელფორდ ჯონ მაკინდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელფორდ ჯონ მაკინდერი

ჰელფორდ ჯონ მაკინდერი
დაბადების თარიღი 15 თებერვალი 1861
გეინზბორო, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი 1947
პარკსტოუნი, დორსეტი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა გეოგრაფია
გეოპოლიტიკა

ჰელფორდ ჯონ მაკინდერი (ინგლ. Halford John Mackinder; დ. 15 თებერვალი, 1861 — გ. 6 მარტი, 1947) — ინგლისელი გეოგრაფი და გეოპოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრი, ჰარტლენდის თეორიის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკინდერი დაიბადა ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოს ქალაქ გეინზბოროში ექიმის ოჯახში. ის სწავლობდა დედოფალ ელისაბედის საშუალო სკოლაში (თანამედროვე დედოფალ ელისაბედის უმაღლესი სკოლა), ეფსომის კოლეჯში და ოქსფორდის ქრისტეს ეკლესიაში. ოქსფორდში მან დაიწყო საბუნებისმეტყველო საგნების გატაცებით სწავლა. განსაკუთრებით აინტერესებდა ზოოლოგია. მისი მასწავლებელი იყო ჰენრი მოსელი, რომელიც ცნობილი ჩელენჯერის ექსპედიციის წევრი იყო. ისტორიით გვიან დაინტერესდა. როდესაც ისტორიის შესწავლას მოჰკიდა ხელი, მაკინდერმა აღნიშნა, რომ ის უბრუნდებოდა ადამიანის ევოლუციური განვითარების ძველ ინტერესს.

ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა 1883 წელს დაიკავა ოქსფორდის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა.

1887 წელს მან გამოსცა „გეოგრაფიის მეთოდები და მასშტაბები“, ახალი გეოგრაფიის მანიფესტი. რამდენიმე თვის შემდეგ, დაინიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორად, სადაც მან თავად შემოიტანა ახალი საგანი. როგორც აღნიშნავდა, სასწავლო თემა ეთმობოდა გეოგრაფიას, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და საჭირო მეცნიერება, იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟული აკადემიური თანამდებობის – ბრიტანეთის გეოგრაფისათვის. მაკინდერი ასწავლიდა გეოგრაფიას ოქსფორდის უნივერსიტეტში მანამ, სანამ არ დაინიშნა ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის დირექტორად.

1893 წელს ჰელფორდ ჯონ მაკინდერი გახდა ბრიტანეთის გეოგრაფიული ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასოციაცია ხელს უწყობდა სკოლებში გეოგრაფიის სწავლების გაუმჯობესებას. მოგვიანებით, 1913 წლიდან ის დაინიშნა ასოციაციის თავმჯდომარედ. ხოლო 1916 წლიდან მოხდა გეოგრაფიული ასოციაციის რეორგანიზაცია და ამჯერად, სიცოცხლის ბოლომდე, 1946 წლამდე ჰელფორდ მაკინდერმა ჩაიბარა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი.

1895 წელს მაკინდერი იყო ლონდონის ეკონომიკის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1899 წელს ოქსფორდში ის იყო სასკოლო გეოგრაფიის შექმნისათვის მამოძრავებელი ძალა და სულისჩამდგმელი. იმავე წელს, მისი ხელმძღვანელობით მოეწყო პირველი ექსპედიცია კენიის მთაზე ასვლაში.

1902 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი „ბრიტანეთი და ბრიტანეთის ზღვები“, რომელიც წარმოადგენდა ბრიტანეთის კუნძულების პირველ სრულყოფილ გეომორფოლოგიას. ის გახდა რეგიონალური გეოგრაფიის კლასიკური ნიმუში.

1904 წელს გამოვიდა მისი პირველი ნაშრომი „ისტორიის გეოგრაფიული მდებარეობა“, რომელშიც მაკინდერს შემოაქვს „ჰარტლენდის“ ცნება. ხშირად, ეს თხზულება განიხილება გეოპოლიტიკის, როგორც მეცნიერების დასაწყისად, თუმცა თავად მაკინდერი არ იყენებდა ამ ტერმინს.

ჰარტლენდს (ინგლ. Heartland — „შუაგული მიწები“), მაკინდერი უწოდებდა ევრაზიის ცენტრალურ ნაწილს, რომელთა გარშემო მდებარეობდა შიდარკალი (ევროპაარაბეთიინდოჩინეთი) და გარერკალი (ამერიკააფრიკაოკეანია). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მაკინდერმა აშშ-ც გადაიტანა პერიფერიაზე.

მაკინდერი ბევრი სხვა მისი თანამემამულისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა დედამიწის მასას, ვიდრე საზღვაო ძლიერებას. 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გამოვიდა მისი შრომა „დემოკრატიული იდეალები და სინამდვილე“, სადაც მან ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება შემდეგი სახითː „ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს ჰართლანდს; ვინც აკონტროლებს ჰარტლენდს, ის მართავს მსოფლიო კუნძულს (ე.ი. ევრაზიასა და აფრიკას); ვინც აკონტროლებს მსოფლიო კუნძულს, ის მართავს მსოფლიოს“. 1943 წელს გამოდის მისი მესამე შრომა „დედამიწა და მსოფლიოს მიღწევები“, სადაც კარდინალურად განიხილება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მომავალი მსოფლიო მოწყობის საკითხი. თავის ნაშრომში მაკინდერს შემოაქვს ახალი გეოპოლიტიკური ღერძი — აშშ, ამართლებს გეოპოლიტიკური ბლოკების იდეას, პროგნოზირებს ორპოლუსინ მსოფლიოზე და საწინააღმდეგო მხარეზე. მაკინდერი ითვლება ატლანტიზმის თეორიის დამფუძნებლად.

ჰარტლენდის თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკინდერი ამოდიოდა მსოფლიოს შესახებ, როგორც ერთიან გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მთლიანობაზე წარმოდგენიდან, რომელშიც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან და ევროპის გლობალური გაფართოებიდან დაწყებული ურთიერთობების უმთავრეს გასაღებს წარმოადგენდა სახმელეთო და საზღვაო სახელმწიფოების დაპირისპირება.

მაკინდერი გამოყოფს პლანეტის ორ მაკროგეოგრაფიულ ზონას — საოკეანო ნახევარსფეროს (დასავლეთი ნახევარსფერო და ბრიტანეთის კუნძულები) და კონტინენტურ ნახევარსფეროს ან მსოფლიო კუნძულს — ევრაზია და აფრიკა, რომელიც კაცობრიობის განსახლების ძირითად ზონას წარმოადგენს. მსოფლიო კუნძულის ცენტრალურ ზონას წარმოადგენს ჰარტლენდი — ზონა, რომელიც, პრაქტიკულად, მიუწვდომელია ზღვით შესაღწევად (რუსეთის ვაკე, დასავლეთ ციმბირი და შუა აზია).

ჰარტლენდს (ინგლ. Heartland — „შუაგული მიწები“), მაკინდერი უწოდებდა ევრაზიის ცენტრალურ ნაწილს, რომელთა გარშემო მდებარეობდა შიდარკალი (ევროპაარაბეთიინდოჩინეთი) და გარერკალი (ამერიკააფრიკაოკეანია). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მაკინდერმა აშშ–ც გადიტანა პერიფერიაზე. ჰარტლენდი წარმოადგენს კონტინენტური ძალების კონცენტრაციის წყაროს, რომელსაც შეუძლია მართოს მთელი მსოფლიო კუნძული, ართმევს რა კუნძულის რაიონებს საზღვაო შეჭრისათვის ხელსაყრელ შიდანახევარწრეზე კონტროლს, რომელიც ასევე, პარალელურად წარმოადგენს ჰართლანდის დამცავ ბუფერს და საზღვაო სახელმწიფოების ექსპანსიის ობიექტს.

თავად საზღვაო სახელმწიფოები ეფუძნებიან გარე ნახევარწრეს, მიაკუთვნებენ რა საკუთარ თავს ამ ნახევარწრეს ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ჰარტლენდში განლაგებული შუა სახელმწიფოები წარმოადგენენ მჭიდრო, მაგრამ ნაკლებადმობილური სტრუქტურის მქონე სახელმწიფოებს, რომელთა გარშემო ხორციელდება უფრო გაცხოველებული პოლიტიკური, სპირალური ურთიერთობები. მაკინდერის თეორიის შემდგომ მოდიფიცირებისას შენარჩუნდა საზღვაო სახელმწიფოების მუქარის საფრთხე, რომელსაც წარმოადგენს ჰარტლენდის სახელმწიფო და ჩვეულებრივ, ეს სახელმწიფო ასოცირდება რუსეთთან. ამიტომ, მაკინდერმა წამოაყენა „გლობალური დომინირების“ კონცეფცია. დასავლეთის გეოპოლიტიკაში ჰარტლენდიდან ექსპანსიის თემებს უზარმაზარი ადგილი უკავია უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ გეოპოლიტიკურ სკოლაში.

ჰარტლენდი
ჰარტლენდი
                                            დედამიწა ჰარტლენდის თეორიის მიხედვით

მაკინდერის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკინდერის შრომებმა გზა გაუხსნა გეოგრაფიას, როგორც ცალკე დისციპლინის ჩამოყალიბებას გაერთიანებულ სამეფოში. მისი როლი გეოგრაფიის სწავლების განვითარებაში დიდია. თუმცა ოქსფორდში 1934 წლამდე არ დაუნიშნავთ ოფიციალურად გეოგრაფიის პროფესორად. მაკინდერი თავად იქცა გეოგრაფიის სრულ პროფესორად ლონდონის უნივერსიტეტში (ლონდონის ეკონომიკის სკოლა) 1923 წელს.

მას ხშირად მიაწერენ ინგლისურ ენაში ორი ახალი ტერმინის შემოღებას – „სამუშაო ძალა“ (manpower) და „გულის ქვეყნები“ (Heartland).

ჰართლანდის თეორია ატაცებულ იქნა ენთუზიასტების მიერ გეოპოლიტიკის გერმანულ სკოლაში. მისი მთავარი მომხრე იყო კარლ ჰაუსჰოფერი. გეოპოლიტიკამ 1930–ანი წლებიდან მოიცვა მთელი ნაცისტური რეჟიმი, რომელმაც თავისებური ინტერპრეტაცია გაუკეთა თეორიას.

„ჰარტლენდის“ თეორიამ და ზოგადად, კლასიკურმა გეოპოლიტიკამ და გეოსტრატეგიამ უდიდესი გავლენა მოახდინა აშშ–ს სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებაზე „ცივი ომის“ პერიოდში.

1919 წელს ჰელფორდ მაკინდერი დანიშნულ იქნა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად რუსეთის სამხრეთში. ის იყო დიდი ანტიბოლშევიკი. მის მოვალეობას შეადგენდა, შეეტყობინებინა ინგლისის მთავრობისათვის ინფორმაცია გენერალ დენიკინის ანტიბოლშევიკური ძალების მდგომარეობის შესახებ. მაკინდერი აძლევდა ინგლისის მთავრობას რეკომენდაციებს – გაეძლიერებინათ მხარდაჭერა თეთრი რუსეთისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]