ჰანს ჰოლბაინ უმცროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანს ჰოლბაინ უმცროსი
დაიბადა 1497[1] [2] [3]
დაბადების ადგილი აუგსბურგი[3]
გარდაიცვალა 29 ნოემბერი, 1543
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[3]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[4] , პორტრეტი[3] და რელიგიური ხელოვნება[3]

ჰანს ჰოლბაინ უმცროსი (გერმ. Hans Holbein der Jüngere; დ. დაახლოებით 1497 — გ. 1543) — გერმანელი ფერმწერი, ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მხატვარი. ჰანს ჰოლბაინ უმცროსი დაიბადა 1497 წელს ქალაქ ოგსბურგში (გერმანია). ჰანს ჰოლბაინი ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.

ბაზელის I პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერწერა მამამ – ჰანს ჰოლბაინ უფროსმა შეასწავლა. 1515 წლისთვის ჰანსი ძმასთან – ამბროზიუს ჰოლბაინთან ერთად შვეიცარიაში – ქალაქ ბაზელში გადასახლდა. ძმები 2 წლის მანძილზე ჰერბსტერის სახელოსნოში მუშაობდნენ. ბაზელში ჰოლბაინმა ბევრი გამოჩენილი პიროვნება გაიცნო: ჰუმანისტები, მეცნიერები, მათ შორის ერაზმუს როტერდამელი. ამ უკანასკნელის თხოვნით მხატვარმა 1515 წელს დაასურათა მისი ნამუშევარი – „ქება-დიდება სისულელისა“. ნამუშევრი გაფორმებული იყო 82 ილუსტრაციით. ჰოლბაინმა ილუსტრირება გაუკთა უამრავ წიგნს, მონაწილეობა მიიღო მარტინ ლუთერის ბიბლიის თარგმანის შექმნაში. როგორც ჰოლბაინ უფროსი, ისიც ქმნიდა ვიტრაჟებს, ქმნიდა პორტრეტებს.

სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში მხატვრის მატერიალური მდგომარეობა მძიმე იყო, ამას ადასტურებს მისი მიერ ქალაქ ბაზელის ერთ-ერთი სკოლისათვის შესრულებული აბრა, როგორც ჩანს იგი უარს არც მსგავს სამუშაოზე ამბობდა.

1516 წელს მან დახატა ბურგომისტრ მაიერისა და მისი ცოლის პორტრეტები, ფერმწერ ჰანს ჰერბსტერის პორტრეტი, ქალაქ ლუცერნში ჰერტენშტაინის სახლის შიდა და გარე კედლები ფრესკებით მოხატა.

1519 წელს დაბრუნდა ქალაქ ბაზელში. იგი ბევრს მუშაობდა ფასადების დეკორირებაზე, უბრალო კერძო სახლებს არაჩვეულებრივ სასახლეებად აქცევდა, რთავდა კოლონებითა და ფიგურებით.

„ქრისტეს მკვდარი სხეული საფლავში“ (1520–22 წლები) – ეს ნახატი ბაზელის სამხატვრო მუზეუმში ინახება. სურათი, რომელიც თავადი ლევ მიშკინის (დოსტოევსკის რომან „იდიოტის“ გმირი) სიტყვებით მისი ნახვისას „ზოგიერთს რწმენასაც კი დააკარგვინებდა“.

ბაზელის პერიოდის უმნიშვნელოვანესი ქმნილებებია: იურისტ ბონიფაციუს ამერბახის პორტრეტი, ფრესკები ახალ რატუშაზე, ქრისტეშობის გამოსახულება, მადონა წმინდანებთან ერთად ქალაქ ზოლოთურნისთვის და ბოლოს ცნობილი მეიერების ოჯახის მადონა. ამ დროს განეკუთვნება ერაზმ როტერდამელისა და დოროთეა ოფენბურგის პორტრეტები, ასევე ნახატები ძველი აღთქმისათვის და „სიკვდილის ცეკვა“.

I ინგლისური პერიოდი(1526–28)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრის ოჯახის პორტრეტი, დაახ. 1528. ზეთი და ტემპერა ქაღალდზე. ბაზელის კუნსტმუზეუმი.

1526 წელს ჰოლბაინმა დატოვა ბაზელი, სადაც რეფორმაციის პირობებში გაუჭირდა სამუშაოს მოძებნა. მხატვარს ინგლისში თომას მორი გულთბილ შეხვედრას მოუწყობს. თომას მორს სარეკომენდაციო წერილი ერამზ როტერდამელმა გაუგზავნა. მხატვარი დაექვემდებარა ინგლისურ გემოვნებას, რომელიც გამეფებული იყო იმ პერიოდის ინგლისში. ფემწერი აქ ქმნის თომას მორის და მისი ოჯახის წევრების გენიალურ ტილოებს, არქიეპისკოპოს კენტერბერიელის და ასტრონომ კრაცერის პორტრეტებს.

ბაზელის II პერიოდი(1529–31)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1528 წელს ჰანს ჰოლბაინი ბაზელში ბრუნდება. აქ იგი ამთავრებს რატუშს კედლების ფრესკებს და ქმნის რამდენიმე პორტრეტს.

II ინგლისური პერიოდი(1532–43)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1532 წლის რელიგიული ამბოხი აიძულებს ჰოლბაინს დატოვოს ბაზელი და ისევ გაემგზავროს ინგლისში. აქ მხატვარი ქმნის ბევრ პორტრეტს, ზოგი მათგანი დღეს ინახება ბერლინში, უინძორში, ჰააგაში და ვენაში.

ლონდონში ენ ბოლეინის სადღესასწულო მსვლელობის პატივსაცემად 1533 წელს ვაჭართა წრის დაკვეთით იგი აწყობს დეკორაციებს ქუჩაში, სადაც გამოსახულია პარნასი. ამ პერიოდში მხატვარი ქმნის ტონ ვაიეტისა და მისი მეგობრის, ტომ მორეტის (დრეზდენში ინახება), ასევე რიჩარდ სოუტველის (ფლორენცია) პორტრეტებს პორტრეტებს.

ჰანს ჰოლბაინ უმცროსმა მიაღწია იმას, რომ გამხადარიყო მეფე – ჰენრი VIII-ის კარის ფერმწერი.

ტიუდორების სასახლის სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენტონი დენის საათის დიზაინი, 1543. კალამი და შავი მელანი ქაღალდზე, ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი.[5]

ჩვენამდე მოაღწია ჰენრი VIII-ის, დედოფალ ჯეინ სეიმურის, ედუარდ VI-ის და ნორფოლკის ჰერცოგ – თომას ჰოვარდის პორტრეტებმა. დედოფალ ჯეინ სეიმურის პორტრეტი ინახება ქალაქ ვენაში, ხელოვნების ისტორიის მუზეუმში.

მეფის დავალებით ჰოლბაინი ორჯერ გააგზავნეს კონტინენტზე, რათა შეექმნა პორტრეტები, რომლებითაც მეფე დაინტერესებული იყო მატრიმონიალური მიზნით.

პრინცესა ანა კლიველთან არის დაკავშირებული შემდეგი ცნობილი ისტორია. მხატვარმა მისი პორტრეტი არა ნატურიდან, არამედ უცნობი, არაპროფესიონალი მხატვრის ნამუშევრიდან გადახატა. მეფეს მოეწონა ქალიშვილი და საქორწინო შეთანხმებაც შედგა, მაგრამ მას შემდეგ რაც მეფემ საცოლე იხილა, აღშფოთდა და არც კი გაკარებია ისე გაეყარა მას. ამის მიზეზი ტანსავსე გერმანელი პრინცესა იყო, რომელიც მეფეს არ მოეწონა.

სიცოცხლის ბოლო წლებს მხატვარი ლონდონსა და ბაზელში ატარებდა.

ჰანს ჰოლბაინ უმცროსი გარდაიცვალა 1543 წლის 7 ოქტომბერს ლონდონში. მისი გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა, რომელიც გამძვინვარებლი იყო იმხანად ქალაქში. მხატვარი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავის პორტრეტებისათვის მხატვარი გულდასმით ასრულებდა წინასწარ მონახაზს ფანქრით, ზოგი მათგანი შემორჩენილია დღემდე. ჩდილს და შუქს ავლებდა ნახშირით, ცარცითა და სანგინით (მუქი წითელი რბილი ფანქარი). ესკიზებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახეს.

დიდია ჰანს ჰოლბაინ უმცროსის ღვაწლი გერმანულ ხელოვნებაში. მან მოახერხა იტალიური აღორძინების ხანის გაფურჩქვნის პერიოდის გერმანიაში გადმოტანა, ამასთანავე არ დაუკარგავს თავისი ნაციონალური ხასიათი. მის სურათებში შეიგრძნობა დიურერის პორტრეტებში დასახული გზები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Web umenia
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 RKDartists
  4. https://www.npg.org.uk/collections/search/person/mp07116/hans-holbein-the-younger?role=art
  5. Foister, 76–77. A clock salt was a complex instrument, including a clock, hourglass, sundial and compass.