ხიხანის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიხანის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება X-XI საუკუნით
ხიხანის ციხე — საქართველო
ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე მდებარეობს მდინარე სხალთის ხეობის სათავეში, ხიხანის მთის ერთ-ერთ კალთაზე. ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია.

თედო სახოკია ასე აგვიწერს ხიხანის ანუ ხირხათის ციხეს:

ვიკიციტატა
„ხირხათის ციხე წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ კლიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკირის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმლების აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით ხუთი მაღალი კოშკი დგას, ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს, 1894 წ. აქ ასულა გრაფინია უვაროვა. ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა, ციხეს ჰკონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თღონე, მარანი, ეკლესია.“

ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).

ციხის ფართობი რამდენიმე ჰექტარს შეადგენს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, უმეტესი კი დამრეცი და ციცაბოა. ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია მოღწეული, მათგან ზოგი ნაწილობრივ არის შემონახული, ზოგიერთი კი სრულიად გასწორებულია მიწასთან.

ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.

განსაკუთრებით ძლიერი დაზიანებით არის მოღწეული ის კოშკი, რომელიც ციხის ასასვლელთან მდებარეობს. შედარებით კარგად არის შემონახული ამ ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სანახევროდ დანგრეულია. მათი უდიდესი ნაწილი დასავლეთ კედელთან ერთად ხევში ჩაქცეულა.

ამ კოშკის წინ ხუთი ქვევრია მიწაში დადასტურებული (ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებითაა მოღწეული), ხიხანის მარანია: მარანი, როგორც ცნობილია, ძველად სპეციალურ შენობაში — საღვინე სახლში იყო მოთავსებული. ასეთი „საღვინე სახლი“ უნდა იყოს სწორედ ის ნაგებობა, რომლის ნაშთებიც აქ არის შემორჩენილი. ეს არის სწორკუთხედის ფორმის შენობა, რომლის სიგრძე 12 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 4,5 მეტრია. მისი ჩრდილო კედელი მიწამდეა გასწორებული, ხოლო სამხრეთი კედელი ერთ მეტრამდე სიმაღლითაა შემონახული.

აღმოსავლეთ კოშკიდან 42 მეტრის დაცილებით აღმართულია მეორე, მურყვამული ტიპის კოშკი. ეს ნაგებობა ამჟამად მხოლოდ ორი მაღალი კედლით (დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის) არის წარმოდგენილი. დასავლეთ კედლის სიგრძე 3,78 მეტრია, ჩრდილოეთისა კი 4,5 მ. მეორე კოშკი, ისე როგორც პირველი, რამდენიმე სართულიანი ყოფილა. სამი სართული ახლაც კარგად შეინიშნება, კედლებში დატანებულია სარკმლები.

მეორე კოშკიდან ჩრდილოეთით მომემართება კედელი, რომლის სიგრძე 33,5 მეტრს უდრის, სისქე — 0,5 მეტრს, ხოლო სიმაღლე — 3 მეტრს. ამის პარალელურად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიდის მეორე კედელი, რომლის სიმაღლე, შედარებით კარგად დაცულ ადგილას 6 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 77,5 მეტრამდეა. პარალელური კედლებით მოზღვრულ ტერიტორიაზე, რამდენიმე შენობის ნაშთია მოღწეული. პირველი მათგანი, რომელიც ძლიერ დაზიანებული სახით შემონახულა, ორგანყოფილებიანი ნაგებობა ჩანს. აქედან 3 მეტრის სიმაღლეზე სამხრეთ კალთაზე მიშენებული ყოფილა ნახევრად ოვალური მოყვანილობის ნაგებობა, რომელიც აგრეთვე, ძლიერ არის დაზიანებული. ამ ნანგრევის წინ შემონახულია ჭა, რომლის სიმაღლე 5,5 მეტრს უდრის, ხოლო დიამეტრი 1,5 მეტრს — იგი დილეგი უნდა იყოს.

აღნიშნული კედლის პირველი მინაშენიდან ხუთიოდე მეტრის დაშორებით შემონახულია მეორე შენობის ნანგრევი, რომლის სიგანე 3,5 მეტრს უდრის, სიგრძე კი 3,6 მეტრს. ამას მოსდევს ყაზარმული ტიპის ნაგებობა სიგრძით ექვსიოდე მეტრი; ჩრდილო-აღმოსავლეთით მისი სიგანე 2,5 მეტრს შეადგენს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — 2 მეტრს. ამ შენობის ჩრდილოეთით შემონახულია მოზრდილი ნაგებობის ნანგრევი, რომლის სიგრძე 7,5 მეტრია, სიგანე — 5,38 მეტრი, ხოლო სიმაღლე კედლებისა 1,5 მეტრამდე აღწევს. აქვე არის სხვა ნაგებობათა ნანგრევებიც.

კედლით მოზღუდული ტერიტორიის გარეთ რამდენიმე შენობის ნაშთია. ერთი მათგანი (სამხრეთით) კლდის ძირას მდებარეობს. მისი სიგანე 3,53 მეტრია, სიგრძე კი 3,7 მეტრი. ამ ნაგებობის სამხრეთი კედლის დაცული სიმაღლე 1,73 მეტრია. აქ კედელში დატანებულია ბუხარი. ბუხრის პირის სიგანე 66 სმ, ხოლოსიმაღლე 78 სმ-ია. ბუხრის სიახლოვეს (აღმოსავლეთ კუთხეში) გეკეთებულია პატარა თაროები. ეს ნაგებობა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.

სამხრეთ-დასავლეთი კედლის სიახლოვეს დაცულია, აგრეთვე ერთი საფუძვლამდე დანგრეული შენობის ნაშთი. ამავე კედლის ჩრდილო-დასავლეთით ორი ნაგებობის ზოგიერთი დაზიანებული კედელიღაა შემონახული. პირელი მათგანი, რომლის დანიშნულების გარკვევა დაზიანების გამო არ ხერხდება, ორი განყოფილებისაგან შედგება. ამ ნაგებობის სიგრძე 8,32 მეტრია, სიგანე — 9,32 მეტრი. შედარებით უკეთ არის შემონახული მისი აღმოსავლეთი კედელი, რომლის სიმაღლე კართან 3,5 მეტრს აღწევს (შიგნიდან). კარის სიგანე 92 სმ-ია, ხოლო სიმაღლე 1,5 მეტრს უდრის. ამ შენობის წინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ამ ნაგებობის მინაშენის ნანგრევია შემონახული, რომლის აღმოსავლეთ კედელში ბუხარია დატანებული. აღნიშნული ნაგებობიდან 9 მეტრის დაცილებით ერთი საყურადღებო შენობის ნაშთია მოღწეული. მასშიც ორი განყოფილება შეინიშნება. შედარებით უკეთაა დაცული მისი აღმოსავლეთი კედელი, აქედან აქვს კარიც. ამ ადგილას კედლის სიმაღლე 3,5 მეტრს აღწევს. ნაგებობის დანიშნულების გარკვევა დაზიანების გამო არ ხერხდება.

იქედან ჩრდილოეთის კოშკთან მივდივართ. ეს ციხე-სიმაგრის მესამე კოშკია, რომელიც მეორე კოშკიდან 180 მეტრით არის დაშორებული. ეს კოშკიც რამდენიმე სართულიანი ოთხკუთხა ნაგებობაა. მისი დასავლეთი და სამხრეთი კედლები შედარებით სრულად არის დაცული (სამხრეთის კედელს ნაწილი ჩამონგრევია), იგივე ითქმის აღმოსავლეთი კედლის შესახებაც, რომელსაც ერთი ყურეღა შერჩენია. უფრო სრულად არის მოღწეული დასავლეთის კოშკი, რომელიც ჩრდილოეთის კოშკიდან დაშორებულია 133 მეტრით. ამ კოშკს სამი სართული ახლაც კარგად ეტყობა. მას შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან აქვს. კარი გამოკვეთილია 2,85 მეტრ სიმაღლეზე, სადაც სპეციალური კიბის გარეშე ასვლა შეუძლებელია. როგორც ჩანს კოშკში ხის კიბით ადიოდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.

XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი.

ვიკიციტატა
„სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკურად მარეობით ფაშობა წაართვა, ბოლოს ისე გათამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა და სიკვდილი მიუსაჯა. 1815 წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მისი სიკვდილით დასასჯელად. ეს რომ სელიმმა გაიგო 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალიც შეიტანა და კარები შეიკეტა, მაჰმუდ-ფაშამ 12 000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ძირში დაბანკდა. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სელიმ-ბეგი, მაგრამ ციხეს ვერასგზით მიუდგა. ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: "შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო". მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მაჰმუდის მიერ მოსყიდული იქნა და ციხის კარების გასაღები მისცა... სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკვეთდნენ სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო.. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი, მისცეს ათი ოქრო და იმანც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც "სერი-ყანა" ჰქვიან. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. ამ აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ 2 სთ.-ც არ გასულიყო რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: "თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცხალი მომგვარეო". მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი, სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: '"ფირმანი რა უყავიო". სიკვდილის შემდეგ მოვიდაო _ რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო". და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო"“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 59 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1982 წელი. — გვ. ა. კახიძე, „სხალთისწყლის ხეობის მატერიარული კულტურის ძეგლები“
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათუმი, 1961, გვ. 29-32
  • ახვლედიანი ხ., ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში // ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის, ბათუმი, 1955. გვ.29-84.
  • მამულაძე თ. კოლექტიური შრომა // ხიხანი. ჩანახატი – ხულო, 1967
  • ხალვაში ი., ხიხანი ლეგენდებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებში, "საბჭოთა აჭარა", 1967
  • მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები: გზამკვლევი, 2000, გვ.21-32.
  • ახვლედიანი ხ. სიძველეთა ძეგლები ხიხაძირის ხეობაში //სახალხო განათლება, 1948, გვ.3.
  • ყაზბეგი გ. ზემო აჭარა //კრ. იყო და მარად იქნება, ბათუმი, 1978, გვ.117-118.
  • აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: ცნობარი. ნაკვ.II. თბილისი ,1987, გვ.98.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]