ურჰო კეკონენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურჰო კეკონენი
ურჰო კეკონენი
ურჰო კეკონენი 1977 წელს
ფინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 1956 – 27 იანვარი, 1982
წინამორბედიიუჰო კუსტი პაასიკივი
მემკვიდრემაუნო კოივისტო

ფინეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ოქტომბერი, 1954 – 3 მარტი, 1956
პრეზიდენტიიუჰო კუსტი პაასიკივი
წინამორბედირალფ ტიორნგრენი
მემკვიდრეკარლ-აუგუსტ ფაგერჰოლმი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მარტი, 1950 – 17 ნოემბერი, 1953
წინამორბედიკარლ-აუგუსტ ფაგერჰოლმი
მემკვიდრესაკარი ტუომიოია

დაბადებული3 სექტემბერი, 1900
პიელავესი, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი31 აგვისტო, 1986 (85 წლის)
ჰელსინკი, ფინეთი
პოლიტიკური პარტიააგრარული ლიგა/ცენტრის პარტია
მეუღლესილვი კეკონენი
შვილებიმატი კეკონენი, ტანელი კეკონენი
განათლებაჰელსინკის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, ჟურნალისტი
ხელმოწერა

ურჰო კალევა კეკონენი (ფინ. Urho Kaleva Kekkonen; დ. 3 სექტემბერი, 1900, პიელავესი — გ. 31 აგვისტო, 1986, ჰელსინკი) — ფინელი პოლიტიკოსი. ფინეთის მერვე და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პრეზიდენტი (1956-1982 წწ.). იგი იყო მესამე და უკანასკნელი პრეზიდენტი აგრარული ლიგიდან/ცენტრის პარტიიდან. თითქმის 26 წელი იყო ფინეთის სახელმწიფოს მეთაური, ფლობდა დიდ ძალაუფლებას და ხშირად მოიხსენიებდნენ ავტოკრატად,[1] თუმცა ამის მიუხედავად, იგი პატივსაცემ ფიგურად რჩება.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მან გააგრძელა მისი წინამორბედის, პრეზიდენტ იუჰო კუსტი პაასიკივის „აქტიური ნეიტრალიტეტის“ დოქტრინა, რომელიც „პაასიკივი-კეკონენის დოქტრინის“ სახელით გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ფინეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და კარგი და სავაჭრო ურთიერთობა როგორც ნატოს, ასევე ვარშავის პაქტის წევრებთან. 1975 წელს ჰელსინკი მასპინძლობდა უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპულ კონფერენციას, სადაც კეკონენი ნობელის პრემიის პოტენციურ კანდიდატად ითვლებოდა. ფინელი ისტორიკოსები მიუთითებენ მის დამსახურებაზე საგარეო და სავაჭრო პოლიტიკაში, რამაც ფინეთის საბაზრო ეკონომიკას საშუალება მისცა ფეხი აება დასავლეთ ევროპასთან, მათ შორის მეზობელ საბჭოთა კავშირთან და ფინეთი თანდათანობით მონაწილეობდა ევროინტეგრაციის პროცესში.[2] მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკური კუთხით, კეკონენი მოქმედებდა პრინციპით „დაყავი და იბატონე“ და ჭეშმარიტი პოლიტიკური წინააღმდეგობის ნაკლებობამ, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის მეორე ნახევარში, მნიშვნელოვნად დაასუსტა ფინეთის დემოკრატია.[2] ურჰო კეკონენის პრეზიდენტობის შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა ფინეთის კონსტიტუციის რეფორმირება დაიწყეს და პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განმტკიცებაზე გააკეთეს აქცენტი.

პრეზიდენტობამდე, იგი იყო ფინეთის პრემიერ-მინისტრი (1950-1953, 1954-1956),[3] საგარეო საქმეთა მინისტრი (1952-1953, 1954), ფინეთის პარლამენტის თავჯდომარე (1948-1950) და შინაგან საქმეთა მინისტრი (1937-1939, 1950-1951). პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა იყო ენთუზიასტი მწერალი, რომელიც წერდა იუმორისტულ-ინფორმაციულ სვეტებს ჟურნალ „Suomen Kuvalehti“-ში.[4] პრეზიდენტობის პერიოდშიც რამდენიმე ფსევდონიმით წერდა ამავე ჟურნალში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეკონენის დაბადების ადგილი პატარა ხის სახლი პიელავესიში.

იუჰო კეკონენის და ემილია პილვენეინენის შვილი, ურჰო დაიბადა პიელავესიში, ფინეთის რეგიონ სავოში და ბავშვობა გაატარა კაინუუში. იგი გაიზარდა გლეხების ოჯახში. მამამისი თავდაპირველად ფერმერი და სატყეო მეურნეობის თანამშრომელი იყო, შემდგომ შპს „ჰალაში“ ტყის მენეჯერი და გაყიდვების აგენტი. მისი სკოლის წლები მშვიდად არ წარიმართა. ფინეთის სამოქალაქო ომის დროს კეკონენი იბრძოდა თეთრი გვარდიის მხარეს, იბრძოდა კუოპიოს, ვარკაუსის, მოუჰუს და ვიბორგის ბრძოლებში და ასევე მონაწილეობდა რიგ ოპერაციებში. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ბრძოლაში ადამიანი მოკლა. თავის მემუარებში წერს, რომ ის შემთხვევით აირჩიეს ასეულის მეთაურად, რომელსაც ტყვეები ჰყავდა აყვანილი.[5]

დამოუკიდებელ ფინეთში კეკონენი ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა კაიაანში, შემდეგ 1921 წელს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა ჰელსინკიში. სწავლის დროს, 1921-1927 წლებში იგი მუშაობდა უსაფრთხოების პოლიციაში, სადაც გაეცნო ანტიკომუნისტური პოლიციის მუშაობას. ამ დროს იგი ხვდება თავის მომავალ მეუღლეს, სილვი სალომე უინოს (12 მარტი, 1900 — 2 დეკემბერი, 1974),[6] რომელიც პოლიციის განყოფილებაში საბეჭდ მანქანაზე მუშაობდა.

მათ ტყუპი ვაჟი ჰყავდათ, მატი (1928-2013 წწ.) და ტანელი (1928-1985 წწ.). მატი კეკონენი იყო ცენტრის პარტიის წევრი და პარლამენტარი 1958-1969 წლებში, ხოლო ტანელი ელჩად მუშაობდა ბელგრადში, ათენში, რომში, მალტაში, ვარშავაში და თელ-ავივში.

1927 წელს ურჰო გახდა ადვოკატი და მუშაობდა სოფლის მუნიციპალიტეტის ასოციაციაში 1932 წლამდე. კეკონენმა მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი ჰელსინკის უნივერსიტეტში და სტუდენტური გაზეთის „Ylioppilaslehti“-ის მთავარი რედაქტორი იყო 1927-1928 წლებში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულით ნაციონალისტი კეკონენის იდეოლოგიური ფესვები ახლად დამოუკიდებელი ფინეთის სტუდენტურ პოლიტიკაში და მემარჯვენე რადიკალიზმში გამოიხატებოდა. იგი შეუერთდა კარელიის აკადემიური საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერდა აღმოსავლეთ კარელიის ანექსიას ფინეთის მიერ, მაგრამ 1932 წელს მან დატოვა მოძრაობა. იოჰანეს ვიროლაინენის, დიდი ხნის აგრარი და ცენტრისტი პოლიტიკოსის აზრით, ფინელ მემარჯვენეებს სძულდათ კეკონენი, მას დასცინოდნენ და ძალაუფლების მოყვარე ოპორტუნისტს უწოდებდნენ. 1930-1932 წლებში კეკონენი სათავეში ჩაუდგა ფინური კულტურის და იდენტობის კავშირს და 1932 წელს შეუერთდა აგრარულ ლიგას (მოგვიანებით ცენტრის პარტია) და იმავე წელს მუშაობა დაწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ამ დროს კეკონენმა პირველად სცადა ფინეთის პარლამენტში მოხვედრა, რაც წარუმატებლად დასრულდა.

მეორე მცდელობა წარმატებული გამოდგა და 1936 წელს აირჩიეს პარლამენტში და გახდა იუსტიციის მინისტრი 1936-1937 წლებში. ამ დროს მან მიიღო ე. წ. „კეკონენის კონსტიტუცია“, რაც იყო მცდელობა მემარჯვენე, რადიკალური პატრიოტული მოძრაობის აკრძალვის. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ ეს მცდელობა უკანონოდ ცნო და შეაჩერა. კეკონენი ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი 1937-1939 წლებში.

ურჰო კეკონენი არ იყო მთავრობის წევრი სსრკ-ფინეთის ომის პერიოდში. 1940 წლის მარტში, ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, მან ხმა მისცა მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ომის დროს, კეკონენი მუშაობდა კარელიელი ევაკუირების დახმარების ცენტრის დირექტორად 1940-1943 წლებში და ფინანსთა სამინისტროს კოორდინაციის კომისარად 1943-1945 წლებში, რომელსაც დაევალა სახელმწიფო ადმინისტრაციის რაციონალიზაცია. იმ დროისთვის იგი გახდა ე. წ. „მშვიდობიანი ოპოზიციის“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი. 1944 წელს კვლავ დანიშნეს იუსტიციის მინისტრად და 1946 წლამდე იყო თანამდებობაზე, რომლის დროს დაევალა სამხედრო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დავების მოგვარება. კეკონენი იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 1946-1947 წლებში და პარლამენტის სპიკერი 1948-1950 წლებში.[7]

1950 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კეკონენი იყო ფინეთის აგრარული ლიგის კანდიდატი. მან ენერგიული კამპანია ჩაატარა მოქმედი პრეზიდენტის იუჰო კუსტი პაასიკივის წინააღმდეგ. კეკონენმა მიიღო კოლეგიის 62 ხმა, პაასიკივმა — 171. არჩევნების შემდეგ პაასიკივმა იგი დანიშნა პრემიერ-მინისტრად. ურჰო 1953 წელს გადააყენეს, მაგრამ 1954-1956 წლებში ისევ გახდა პრემიერ-მინისტრი. 1952-1953 წლებში გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი და 1954 წელსაც, პარალელურად პრემიერ-მინისტრობისა.

ფინეთის პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეკონენის ვიზიტი აშშ-ში, 1961 წელი. მარცხნიდან: ურჰო და სილვი კეკონენები, ჟაკლინ და ჯონ კენედები

კეკონენის პრეზიდენტობის პერიოდში, ძალთა ბალანსი ფინეთის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის იხრებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტისკენ. მისი პერიოდის მთავრობებში ხშირი იყო შიდა განხეთქილებები და ალიანსები ადვილად იშლებოდა. ახალი კაბინეტები ხშირად ცდილობდნენ შეეცვალათ მათი წინამორბედების პოლიტიკა. კეკონენი იყენებდა თავის ძალაუფლებას, რომ დაენიშნა მინისტრები. მისი პრეზიდენტობის დროს მთავრობაში ძირითადად ცენტრისტების, სოციალ-დემოკრატების და შვედური სახალხო პარტიის წევრები ხვდებოდნენ, კომუნისტები და დემოკრატები კი 1966 წლიდან მომრავლდნენ.[8]

პრეზიდენტობის პერიოდში, კეკონენი ყველაფერს აკეთებდა, რომ პოლიტიკური ოპონენტები გაეკონტროლებინა. ცენტრის პარტიის ოპონენტი, ეროვნული კოალიცია, ოპოზიციაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში, მიუხედავად არჩევნებზე კარგი შედეგისა. მისი პოლიტიკური პრეფერენციების გამო, იყო შემთხვევები პარლამენტის შემადგენლობის დათხოვნის. კერძოდ, ასეთი სამი შემთხვევა იყო.

ცენტრის პარტიის წევრობის მიუხედავად, პარტიასთან მისი ურთიერთობა ხშირად რთული იყო. არსებობდა ე. წ. „კეკონენის ხაზი“, რომელიც ხელს უწყობდა მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივ ვაჭრობას საბჭოთა კავშირთან. ცენტრის პარტიის სხვა პირები ხშირად გარიყულნი იყვნენ, რადგან ურჰო პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქვედა ეშელონებთან. პარტიის თავმჯდომარეს, იოჰანეს ვიროლაინენს, კეკონენი ემუქრებოდა პარლამენტის დაშლით, თუ მისთვის სასურველი პირი არ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, ვიროლაინენის ნაცვლად. მას ჰქონდა ე. წ. „წისქვილის წერილები“, სადაც გაწერილი იყო მაღალი რანგის თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიმართ დირექტივები.

პირველი ვადა (1956-1962)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი პრეზიდენტის მე-60-ე წლისთავზე.

1956 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კეკონენმა დაამარცხა სოციალ-დემოკრატი კარლ-ავგუსტ ფაგერჰოლმი საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრაში, 151 ხმით 149-ის წინააღმდეგ. საარჩევნო კამპანია განსაკუთრებული შავი პიარით იყო მოცული; მრავალი პირადი ხასიათის თავდასხმა კანდიდატებზე, განსაკუთრებით კეკონენზე. ყვითელმა პრესამ, „Sensaatio-Uutiset“-მა, დაადანაშაულა ურჰო ალკოჰოლიზმში, ხელჩართულ ჩხუბებში და სექსუალურ კავშირებში.[9][10]

თანამდებობაზე ყოფნის დროს, მან განაგრძო ყოფილი პრეზიდენტის, პაასაკივის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც პაასაკივის-კეკონენის დოქტრინა. 1958 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა კარლ-ავგუსტ ფაგერჰოლმის მესამე კაბინეტი, კოალიციური მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოციალურ-დემოკრატიული პარტია და კეკონენის პარტია — აგრარული ლიგა. იმ პერიოდის ღამის ყინვის კრიზისმა გამოიწვია საბჭოთა კავშირის ეკონომიკური ზეწოლა ფინეთზე. კეკონენი საბჭოთა კავშირის მხარეს იყო და 1958 წელს ფაგერჰოლმის კაბინეტი გადადგა. კრიზისი დასრულდა 1959 წელს, როდესაც კეკონენი მოსკოვში შეხვდა ნიკიტა ხრუშჩოვს და ანდრეი გრომიკოს. კრიზისმა სერიოზულად შეარყია კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესები და კეკონენი დარჩა ერთადერთ მყარი ძალაუფლების ვერტიკალად, რომელიც წყვეტდა რომელ პარტიებს შეეძლოთ კოალიციაში მუშაობა.

საბჭოთა კავშირი კეკონენს დაეხმარა 1961 წლის დიპლომატიური კრიზისის დროსაც. გავრცელებული მოსაზრებით, საბჭოთა კავშირმა უზრუნველყო ურჰოს ხელახლად არჩევა. მხარეები, რომლებიც კეკონენს კონკურენციას უწევდნენ, ცდილობდნენ ანტიკეკონენის ალიანსის „ჰონკა-ლიტოს“ შექმნას. მათი კანდიდატი 1962 წლის არჩევნებზე იყო ოლავი ჰონკა.[11] კეკონენი გეგმავდა პარლამენტის დაშლით ხელი შეეშალა მათთვის წარმატების მიღწევაში. 1961 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირმა დიპლომატიური ნოტა გააგზავნა, სადაც ფინეთი-საბჭოთა კავშირის ხელშეკრულების მითითებით დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო წვრთნები მოითხოვა. შედეგად, ჰონკამ მოხსნა თავისი კანდიდატურა და კეკონენმა გაიმარჯვა 199/300-ზე კოლეგიის ხმებით. საკუთარი პარტიის მხარდაჭერის გარდა, მან მიიღო მხარდაჭერა შვედური და ფინეთის სახალხო პარტიებისგან და მცირე ლიბერალური პარტიისგანაც. მას შემდეგ, კეკონენის მიმართ სერიოზული წინააღმდეგობა გაქრა და მან ფინეთის პოლიტიკური ლიდერის განსაკუთრებულად მკაცრი და შემდგომ, ავტოკრატული სტატუსი შეიძინა.[9]

მეორე ვადა (1962-1968)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასული საუკუნის 60-იან წლებში ურჰო კეკონენი პასუხისმგებელი იყო მრავალ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავისუფალი ბირთვული ზონის შექმნა, ნორვეგიის სასაზღვრო ხელშეკრულება და 1969 წლის ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის კონფერენცია. ამ ინიციატივების მიზანი იყო ფინეთს თავიდან აეცილებინა საერთო სამხედრო მოქმედებები საბჭოთა კავშირთან, რასაც ითვალისწინებდა ფინეთი-საბჭოთა კავშირის ხელშეკრულებები. შედეგად, კეკონენს უნდოდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გაძლიერება. 1968 წელს საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის შემდეგ, ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა გაძლიერდა. 1970 წელს კეკონენმა სსრკ-ს აცნობა, რომ თუ ისინი მზად არ იქნებოდნენ ფინეთის ნეიტრალიტეტის აღიარებისთვის, იგი აღარ დარჩებოდა პრეზიდენტის პოსტზე და აღარ გაგრძელდებოდა ფინეთი-საბჭოთა კავშირის ხელშეკრულება.

მესამე ვადა (1968-1978)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეკონენი მესამე ვადით აირჩიეს 1968 წელს. მას მხარი დაუჭირა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: ცენტრის პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მეწარმეების კავშირმა, ფინურმა სახალხო დემოკრატიულმა ლიგამ და შვედეთის სახალხო პარტიამ. მან მიიღო საარჩევნო კოლეგიის 201 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ურჰომ ხმების ორი მესამედი მიიღო, ის იმდენად უკმაყოფილო იყო ოპონენტების და მათი საქციელის გამო, რომ საჯაროდ უარი თქვა პრეზიდენტობაზე, თუმცა საბოლოოდ დარჩა.[12] მთავარი მიზეზი იყო ცენტრის პარტიის მიერ წარდგენილი აჰტი კარიაალაინენის კანდიდატურა, რომელიც მას არ მოსწონდა და მასში კონკურენტი დაინახა.

ვადის გაგრძელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წლის 18 იანვარს, საგანგებო კანონის მიღების შემდეგ, კეკონენმა პრეზიდენტობის ვადა ოთხი წლით გაიგრძელა. ამ დროისთვის მან უკვე უზრუნველყო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ მემარჯვენე ნაციონალური კოალიციის პარტია, რომელსაც კეკონენი ეწინააღმდეგებოდა, კვლავ სკეპტიკური იყო და ხელს უშლიდა საჭირო 5/6 უმრავლესობის მოპოვებაში. ამავდროულად, ფინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და ეს შეთანხმება ხელს უწყობდა ეკონომიკურ ინტეგრაციას დასავლეთთან, რასაც მხარი დაუჭირა ნაციონალურმა კოალიციურმა პარტიამ. კეკონენმა მიანიშნა, რომ თუ ის არ დარჩებოდა პრეზიდენტად, საბჭოთა კავშირი არ დაუშვებს ფინეთის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ამ ტაქტიკამ მოიპოვა ნაციონალური კოალიციის მხარდაჭერა და ვადის გახანგრძლივების კანონი საბოლოოდ მიიღეს. ოპოზიციის და კონკურენციის აღმოფხვრა ნიშნავდა, რომ ურჰო კეკონენი გახდა ფინეთის დე-ფაქტო პოლიტიკური ავტოკრატი. მისმა ძალაუფლებამ ზენიტს მიაღწია 1975 წელს, როდესაც დაითხოვა პარლამენტი და დროებითი მთავრობის დახმარებით, ჰელსინკიში მოაწყო კონფერენცია ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის შესახებ.

მეოთხე ვადა (1978-1982)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ კეკონენის კანდიდატურა დაამტკიცა 1978 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მისი კონკურენტები თითქმის აღარ არსებობდნენ. მან არ მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, რითაც დაამცირა ოპონენტები და მიუხედავად ამისა, საარჩევნო კოლეგიის 259 ხმა მიიღო 300-დან.[13]

ფინელი ისტორიკოსების და პოლიტიკური ჟურნალისტების აზრით, კეკონენის პრეზიდენტად დარჩენის, სულ მცირე, სამი მიზეზი არსებობდა. პირველი, მას არ სჯეროდა, რომ მის რომელიმე პოტენციურ მემკვიდრეს შეეძლო საბჭოთა კავშირთან საგარეო პოლიტიკის საკმარისად მართვა. მეორე, მინიმუმ 1978 წლის ზაფხულამდე მას სჯეროდა, რომ ფინეთი-სსრკ-ს ურთიერთობების გაუჯობესების შესაძლებლობა არსებობდა და მისი გამოცდილება ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია, მისი მხრიდან სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი უსტინოვის წინადადებაზე უარის თქმა, რაც მოიცავდა სსრკ-ს და ფინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას. მესამე, მას სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნებოდა პრეზიდენტი და იმუშავებდა, ჯანმრთელი იქნებოდა და მეტხანს იცოცხლებდა.[14]

კეკონენის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები, როგორიც იყო ვეიკო ვენამამო, ამტკიცებდა, რომ ურჰო ამდენი ხანი პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, რადგან ის და მისი გარემოცვა ძალაუფლების მოყვარული იყო.[15] 1980 წელს ურჰო კეკონენი დააჯილდოვეს ლენინის მშვიდობის პრემიით.

პრეზიდენტობის შემდეგი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია, ჰელსინკი, 1986 წელი

1980 წლის დეკემბერში კეკონენს დაუდგინდა უცნობი დაავადება, რომელმაც გავლენა იქონია მისი ტვინის ფუნქციონირებაზე. მას 1972 წელსაც ჰქონდა პერიოდული მეხსიერების პრობლემები, რაც უფრო გახშირდა 1970-იანი წლების ბოლოს და დაემატა დიაბეტის პრობლემა. მის ჯანმრთელობის პრობლემებზე მთელი ამ დროის განმავლობაში დადიოდა ჭორები, მაგრამ პრესა ცდილობდა ამის დამალვას, რასაც ხსნიდნენ პრეზიდენტის პირადი ცხოვრების დაცვით.

ბიოგრაფ იოუჰან სუომისზე დაყრდნობით, კეკონენი თანამდებობის დატოვებას არ განიხილავდა, სანამ 1981 წლის ივლისში მისი ფიზიკური მდგომარებოა საგრძნობლად არ გაუარესდა. 80 წლის პრეზიდენტი უკვე ფიქრობდა პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა მაუნო კოივისტომ დაიწყო კეკონენის წინააღმდეგ მოქმედებები და 1981 წლის აპრილში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა კონსტიტუციურად ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის და არა პრეზიდენტის წინაშე. ურჰო კეკონენმა კოივოსტის თანამდებობის დატოვება სთხოვა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამ მოცემულობამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი კეკონენის გავლენასა და უფლებამოსილებებს.

კეკონენის ჯანმრთელობა კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა 1981 წლის აგვისტოში და საბოლოოდ პენსიაზე გავიდა იმავე წლის 26 ოქტომბერს, 81 წლის ასაკში.[14][16] ოფიციალური ცნობები მის ავადმყოფობაზე უცნობია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მას სისხლძარღვოვანი დემენცია ჰქონდა, რაც დიდი ალბათობით გამოწვეული იყო ათეროსკლეროზით.

ურჰო კეკონენი გარდაიცვალა ტამინიემში, ჰელსინკის მიდამოებში, 1986 წლის 31 აგვისტოს, სამი დღით ადრე თავის 86-ე დაბადების დღემდე. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ შეზღუდა მის დღიურებზე წვდომა. მოგვიანებით, მწერალ იოუჰამნ სუომის შეუკვეთეს კეკონენის ბიოგრაფიის დაწერა, სადაც ავტორი იცავდა მასში მოთხრობილი ამბების ინტერპრეტაციას. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ ნაშრომის ღირებულებას და საუბრობდნენ წიგნზე, როგორც „კომერციულ პროექტზე“, რომელიც შექმნილია მხოლოდ გაყიდვებისთვის და არა ისტორიული წარსულის აღსაწერად.[17]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურჰო კეკონენის ზოგიერთი ქმედება დღემდე რჩება სადავოდ თანამედროვე ფინეთში და გრძელდება დებატები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განიმარტოს მისი პოლიტიკა და ქმედებები. იგი ხშირად იყენებდა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობას, როდესაც მის ავტორიტეტს საფრთხე ემუქრებოდა. კეკონენის პრეზიდენტობის 26 წლიანი პერიოდი, ხშირად მოხსენიებულია როგორც ავტორიტარული, რაც იყო ფინეთის პოლიტიკური სისტემის და კონსტიტუციური რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 1984-2003 წლებში. საბოლოოდ, ფინეთმა აქცენტი გააკეთა საპარლამენტო მმართველობის ტიპზე, სადაც პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს აქვს მძლავრი უფლებამოსილებები. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად:

  • პრეზიდენტს მაქსიმუმ ორი ვადით ირჩევენ.
  • პრეზიდენტის როლი მთავრობის ფორმირებაში შეიზღუდა.
  • პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით.
  • პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე.
  • პრემიერ-მინისტრი არის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი მთავარი პირი.

ურჰო კეკონენთან დაპირისპირების მიუხედავად, მისმა ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ ფინეთს მისცა კომერციულ და დასავლურ ორგანიზაციებთან ვაჭრობის საშუალება. საბჭოთა კავშირთან ორმხრივი სავაჭრო პოლიტიკა მომგებიანი იყო ქვეყნის მრავალი ბიზნესისთვის. მის პერიოდში შეინიშნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და დასავლეთთან მზარდი ინტეგრაციის პროცესი. იგი დათანხმდა თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციაში გაწევრიანებას, რაც საბოლოოდ ფინეთისთვის შედეგის მომტანი აღმოჩნდა და 1995 წლის 1 იანვარს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა.

პატივისცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფინეთის სიდიდით მეორე ეროვნული პარკი არის ურჰო კეკონენის სახელობის.
  • ჰელსინკიში 1980 წლიდან არის მისი სახელობის ქუჩა.
  • მისი მუზეუმი გაიხსნა ტამიენიემში, 1987 წელს.
  • კეკონენის პრეზიდენტობის დროს, მისი სურათი 500 მარკიან ბანკნოტზე იყო გამოსახული.
  • არსებობს უჰრო კეკონენის გამოსახულების საკოლექციო მონეტები, მათ შორის 2 ვერცხლის მონეტა. ერთი — პრეზიდენტობის 25 წელს ეძღვნება, მეორე — დაბადების 75-ე წელს.
  • 1980 წელს ურჰო კეკონენი დააჯილდოვეს ლენინის მშვიდობის პრემიით.
  • ურჰო კეკონენის და ალექსი კოსიგინის ძეგლი 2013 წლის 14 სექტემბერს რუსეთში, ქალაქ კოსტომუკშაში დაიდგა.[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kekkonen, Urho. Kansallisbiografia (English edition). (The section "The rise to the position of 'autocrat'")
  2. 2.0 2.1 Kekkonen, Urho. Kansallisbiografia (English edition).
  3. Ministerikortisto. Valtioneuvosto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 21 December 2008
  4. „Ilmari Turja“ (ფინური). Helsingin Sanomat. 6 January 1998. ციტირების თარიღი: 27 February 2021.
  5. LOMALLA KAJAANISSA. JUNAMATKA. VAPPU VIIPURISSA. MARSSI HAMINAAN. PARAATI HELSINGISSÄ 12.5.1918. SODAN JÄLKISELVITTELY JA KIRJEITÄ KOTOA JA KOTIIN. doria.fi
  6. Profile for Sylvi Salome Kekkonen from Kekkonen (Page 1).
  7. Edustajamatrikkeli. Eduskunta. ციტირების თარიღი: 2 December 2017
  8. "What Where When 1994 – The Citizen's Yearbook" / Mitä Missä Milloin 1994 – Kansalaisen vuosikirja, published in Helsinki by Otava Publications Ltd. in 1993; "The Republic's President 1956–1982", published in Finland in 1993–94.
  9. 9.0 9.1 Seppo Zetterberg et al. (eds.) (2003) The Small Giant of the Finnish History. Suomen historian pikkujättiläinen, Helsinki, Werner Söderström Publishing Ltd.
  10. Pekka Hyvärinen (2000) The Man of Finland: Urho Kekkonen's Life. Suomen mies. Urho Kekkosen elämä, Helsinki: Werner Söderström Publications Ltd.
  11. Varjus, Seppo. Näin valta otetaan ja pidetään. In YYA-Suomi - suomettumisen vuodet, Iltasanomat, Sanoma Media Finland 2019, pp. 14-17.
  12. see "Urho Kekkonen's Diaries 2: 1963–1968" / Urho Kekkosen päiväkirjat 2: 1963–1968, and "Urho Kekkonen's Diaries 3: 1969–1974" / Urho Kekkosen päiväkirjat 3: 1969–1974, edited by Juhani Suomi and published in Finland around 2002–2004; Johannes Virolainen, "The Last Electoral Term", 1991; Pekka Hyvärinen, "Finland's Man: Urho Kekkonen's Life" / Suomen mies – Urho Kekkosen elämä, Helsinki: Werner Söderström Publications Ltd., 2000).
  13. see Juhani Suomi, "The Ski Trail Being Snowed In: Urho Kekkonen 1976–1981" / Umpeutuva latu – Urho Kekkonen 1976–1981, Helsinki: Otava Publications Ltd., 2000.
  14. 14.0 14.1 Pekka Hyvärinen, "Finland's Man"; Juhani Suomi, "A Ski Trail Being Snowed In"
  15. Veikko Vennamo, "As a Prisoner of the Kekkonen Dictatorship" / Kekkos-diktatuurin vankina, published in Finland in 1989).
  16. Mauno Koivisto, "Two Terms I: Memories and Notes 1982–1994" / Kaksi kautta I. Muistikuvia ja merkintöjä 1982–1994, Helsinki: Kirjayhtymä Publishing Ltd., 1994.
  17. Rautkallio, Hannu. Alistumisen vuodet. Paasikivi-kustannus, 2010. ISBN 9789525856088
  18. В Костомукше открыт памятник Алексею Косыгину и Урхо Кекконену Правительство республики Карелия