ტოკუდა კიუიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოკუდა კიუიტი (დ. 12 სექტემბერი, 1894, სოფ. ნაგო, ოკინავის პრეფექტურა — გ. 14 ოქტომბერი, 1953, პეკინი) — იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე. 1920 ტოკიოს ნიჰონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის კომუნისტური და რევოლუციური პარტიების I ყრილობის მუშაობაში (მოსკოვი, 1922 იანვარ-თებერვალი). იაპონიის კომუნისტური პარტიის (იკპ) ერთ-ერთი დამაარსებელი. იკპ-ის არალეგალურ დამფუძნებელ ყრილობაზე (1922 წლის 15 ივლისი) აირჩიეს იკპ ცკ-ის წევრად. 1923-1927 ს. კატაიამასთან, მ. ვატანაბესა და ს. იტიკავასთან ერთად სათავეში ჩაუდგა პარტიის ბრძოლას მემარჯვენე ოპორტუნისტული ლიკვიდატორებისა (ჰ. იამაკავა) და მემარცხენე ოპორტუნისტული სექტანტების (კ. ფუკუმოტო) წინააღმდეგ. 1926-1927 ორჯერ არალეგალურად მონაწილეობდა კომიტერნის აღმასკომის მუშაობაში. 1928 წლის თებერვალში დააპატიმრეს. გაათავისუფლეს მხოლოდ 1945 წლის 10 ოქტომბერს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ. იკპ IV ყრილობაზე (1945 წლის დეკემბერი) აირჩიეს გენ. მდივნად. 1946 იანვრიდან იაპ. პარლამენტის დეპუტატი. 1946-1950 ტოკუდას აქტიური მონაწილეობით იკპ მნიშვნელოვნად განმტკიცდა და გაფართოვდა. 1950-იან წლებში ტოკუდა იატაკქვეშეთში იყო. გარდაიცვალა ჩინეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]