სეკვოია (Sequoia) — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens) — მაღალი, (სიმაღლე 110 მ, დიამეტრი 5-8 მ-მდე) ერთსახლიანი ხეა. გაშლილი და ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვევიდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი.