სეი ზერბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საიე ზერბო (ფრანგ. Saye Zerbo; დ. 27 აგვისტო, 1932, ტუგანი — გ. 19 სექტემბერი, 2013, უაგადუგუ) — ზემო ვოლტის (დღევანდელი ბურკინა-ფასო) სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი 1980-1982 წლებში, პოლკოვნიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიე ზერბო დაიბადა მუსლიმურ ოჯახში, ზემო ვოლტის დასავლეთ ნაწილში მდებარე სონოს პროვინციაში. განათლება მიიღო მალისა და სენეგალში (ქ. სენ-ლუი). შემდეგ მსახურობდა ფრანგულ კოლონიალურ არმიაში, სწავლობდა სენ-სირის სამხედრო აკადემიაში. პარაშუტისტების ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებდა სამხედრო მოქმედებებში ინდოჩინეთსა და ალჟირში. 1961 წელს ზემო ვოლტის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაწევრიანდა მის შეიარაღებულ ძალებში.

1974-1976 წლებში საიე ზერბო იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს პრეზიდენტ სანგულე ლამიზანას მთავრობაში. შემდეგ მეთაურობდა დედაქალაქის პოლკს და ხელმძღვანელობდა სამხედრო დაზვერვას. 1980 წელს ზერბომ დაამხო პრეზიდენტი ლამიზანა და თვითონ დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1977 წელს მიღებული კონსტიტუცია გაუქმდა, ქვეყანაში ძალაუფლება გადავიდა სამხედრო საბჭოს ხელში. საიე ზერბოს მმართველობის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზემო ვოლტის პროფკავშირები. 1982 წელს ზერბოს ხელისუფლება დაემხო, თავად ზერბო კი დააპატიმრეს. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ჟან ბატისტ უადრაოგო. 1983 წელს განხორციელდა მორიგი გადატრიალება, უადრაოგო დაამხო თომას სანკარამ, რომელმაც ზემო ვოლტას სახელი შეუცვალა და უწოდა ბურკინა-ფასო. 1984 წელს ქვეყნის ექს-პრეზიდენტები: ლამიზანა და ზერბო წარდგნენ სახალხო ტრიბუნალის წინაშე. საიე ზერბოს მიესაჯა თხუთმეტწლიანი პატიმრობა. პატიმრობაში ყოფნის დროს ზერბომ მიიღო ქრისტიანობა. 1985 წლის აგვისტოს ზერბო გაათავისუფლეს. სანკარას დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ბლეზ კომპაორემ საიე ზერბო დაიახლოვა.

გარდაცვალებამდე, 2013 წლის 19 სექტემბრამდე, სეი ზერბო იღებდა სახელმწიფო პენსიას როგორც ქვეყნის ყოფილი მმართველი და ბურკინა-ფასოს არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]