კარლ მარია ფონ ვებერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარლ მარია ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ვებერი ბარონი (დ. გერმანია, 18 ან 19 ნოემბერი, 1786 - გ. ლონდონი, 5 ივნისი, 1826) - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, გერმანული რომანტიკული ოპერის ფუძემდებელი, საოპერო თატრის ხელმძღვანელი, მუსიკის კრიტიკოსი და პუბლიცისტი. მისი მამა ფრანც ანტონ ვებერი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცოლის კონსტანცია ვებერის ბიძა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1786 წლის 18 ან 19 ნეომბერს გერმანიის ქალაქ ეიტინში. კარლ მარია ვებერი ბავშვობიდან საოპერო თეატრის ატმოსფეროში იზრდებოდა და ვითარდებოდა. მისი მამა პროვინციული საოპერო კაპელმაისტერი და ანტრეპრენიორი იყო. თავისი ოჯახის წევრებისაგან შექმნილი პატარა დასით იგი განუწყვეტლივ მოგზაურობდა გერმანულ ქალაქებში. მისი დედა ფლობდა შესანიშნავ ხმას და იყო პროფესიონალი მომღერალი. ოჯახის განუწყვეტელი მოგზაურობა ხელს უშლიდა ვებერის დასრულებულ სისტემურ მუსიკალურ განათლებას. კარლის განსაკუთრებულმა მუსიკალურმა ნიჭმა ყველაზე ადრე იჩინა თავი ფორტეპიანოს დაკვირით, რითაც მან მალე დიდ წარმატებას მიაღწია. ვებერს ჰქონდა არაჩვეულებრივად გრძელი და მოქნილი თითები. იგი ადვილად იღებდა უნდეციმას თეთრ კლავიშებზე (non arpeggiato) და მრავალხმოვან აკორდებს. ათი წლიდან ვებერმა უფრო საფუძვლანად დაიწყო მუსიკაში მეცადინეობა. ქ. ზალცბურგში ყოფნი დროს იგი მეცადინეობდა მიხეილ ჰაიდნთან, რომელიც ცნობილი იყო მუსიკალურ–პედაგოგიურ წრეებში . ამ პერიოდს ეკუთვნის ვებერის პირველი კომპოზიციებიც – ჯერ საფორტეპიანო, ხოლო სულ მალე საოპერო დარგშიც ("სიყვარულისა და ღვინის ძალა"–1798 წ. და "ტყის ქალწული"–1799-1800 წ.)

1803 წელს ვენაში ვებერი გაეცნო გამოჩენილ საოპერო კომპოზიტორსა და მუსიკის მასწავლებელს აბატ ფოგლერს. ფოგლერი იყო მეცნიერი, თეორეტიკოსი და ხალხური სასიმღერო შემოქმედების დიდი მცოდნე და მოყვარული. მან შეაყვარა ვებერს ხალხური შემოქმედება. ფოგლერმა ახალგაზრდა მუსიკოსი პრაქტიკულ სამუშაოზე გაგზავნა ბრესლავლის საოპერო თეატრში, რამაც ვებერს როგორც დირიჟორსა და დამდგმელს უდიდესი სარგებლობა მოუტანა.

ამის შემდეგ რამდენიმე წელი ვებერმა სხვადასხვა კარზე სამსახურში გაატარა მუსიკის მასწავლებლისა და საშინაო კომპოზიტორის თანამდებობაზე. 1804 წლიდან იგი იწყებს პრაქტიკულ მუშაობას. ენერგიულად შეუდგა მუშაობას ოპერის თეატრის გაუმჯობესებისათვის ბრესლავლში, სადაც კაპელმაისტერის თანამდებობა ჰქონდა. მაგრამ მისი ბრძოლა კრახით დამთავრდა. საოპერო რეპერტუარის შეცვლას წინ აღუდგნენ მომღერლები და ორკესტრანტები, ვებერი იძულებული იყო დაეტოვა თეატრი.

მძიმე ცხოვრების გამო მას უხდებოდა ყველანაირ სამუშაოზე თანხმობის მიცემა. იგი მუშაობდა შტუტგარტში პირად მდივნად ჰერცოგ ვურტემბერგთან. 1810 წელს ვებერის შტუტგარტში ყოფნა ძალიან ცუდად დამთავრდა. ჰერცოგის სასახლის მაქინაციების გამო, რომელიც დაკავშირებეული იყო ფულთან, ვებერი დააპატიმრეს. იგი ციხდან გამოუშვეს ჰერცოგის ბრძანებითვე.

1811-1813 წლებში ვებერი ცხოვრობს დარმშტადტში, სადაც ინტენსიურად მეცადინეობს ფოგლერთან საოპერო კომპოზიციაში. 1813 წლიდან ვებერი ხელმძღვანელობდა საოპერო თეატრს პრაღაში, ხოლო 1816 წლებში გადადის დრეზდენში, სადაც სათავეში უდგება გერმანულ საოპერო თეატრს.1817 წლის დასაწყისში გადავიდა სამუშაოდ საქსონიის ქალაქ დრეზდენში. იგი დრეზდენის ოპერაში თავის შემოქმედებით ხაზს ატარებდა, სადაც ბევრ სირთულეს შეხვდა, როგორც სხვა თეატრებში. 1817 წელს დაქორწილდა პრაღის ოპერის ყოფილ მომღერლ ქალ კაროლინა ბრანდტზე.

1822 წელს შეეძინა ბიჭი – მაქსი. ვებერმა დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო ფილტვების დაავადება. ბოლო წლებში შეტევები გაუმძლავრდა. –ვებერი ოპერა "ობერონს" წერდა შეკვეთით ლონდონის ერთ–ერთი თეატრის –კოვენტგარდენისათვის.

ვებერი გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას. იგი დარდობდა ოჯახის ბედზე, რომ ისინი დაჩებოდნენ უსახსროდ. ოჯახზე ზრუნვამ გადააწყვეტინა ლონდონში გამგზავრება, რათა ეხელმძღვანელა "ობერონის" დადგმისათვის. მის გამგზავრებას მეგობრები და ახლობლები ხელს უშლიდნენ, მაგრამ ერთ–ერთი მეგობრისათვის უთქვამს: "ჩემი გამგზავრებით ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს ლუკმა პური ექნება, თუ არადა მათ ელოდებათ შიმშილი".

1826 წლის ზამთარში ვებერი გაემგზავრა ლონდონში. დატვირთვამ და დაძაბულობამ მისი სიკვდილი დააჩქარა.

1826 წლის 5 ივნისს ვებერი დაიღუპა 40 წლის ასაკში ჭლექით ქ. ლონდონში.