მიხეილ ღანიშაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ილტოსპირელი (მიხეილ ღანიშაშვილი))
მიხეილ ღანიშაშვილი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1964(1964-05-24) (59 წლის)
დაბადების ადგილი ჭართალა, საქართველოს სსრ, სსრკ
ფსევდონიმი ილტოსპირელი
საქმიანობა პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი (დ. 24 მაისი, 1964, ჭართალა, ახმეტის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ღანიშაშვილი დაიბადა 1964 წლის 24 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში (ილტოს ხეობა). წარჩინებით დაამთავრა ახმეტის მეორე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც, ასევე წარმატებით, წითელი დიპლომით დაასრულა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ახმეტის რაიონულ გაზეთ „ბახტრიონის“ მთავარ რედაქტორად, თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის პედაგოგად, ამავე ინსტიტუტის რექტორად, კომერციულ გაზეთ „ანონსის“ რედაქტორად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილდ, გაზეთ „სამხედრო გაზეთის“ კორესპონდენტად, ამავე გაზეთის საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად, სამხედრო გამომცემლობა „ჩირაღდანის“ მთავარ რედაქტორად. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა აშშ-სა და გერმანიაში.

2000 წლიდან მიხეილ ღანიშაშვილი თავს ანებებს ყოველგვარ ოფიციალურ სამსახურს და სამუშაოდ მიემგზავრება ჯერ რუსეთში (ერთი წლით), ხოლო შემდეგ - უკრაინაში. კიევში, თითქმის შვიდი წლის მანძილზე ყოფნისას, მიხეილ ღანიშაშვილი ერთვება იქაური სათვისტომოს საქმიანობაში, არის სათვისტომოს მიერ გამომვალ ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ „საქართველოსა“ და ამავე სათვისტომოს ბაზაზე არსებული საკვირაო სკოლის აქტიური თანამშრომელი.

2009 წლის ბოლოსთვის მიხეილ ღანიშაშვილი საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში და ხელს კიდებს პირად მეურნეობას სოფელში.

მიხეილ ღანიშაშვილი არის პროფესიონალი მწერალი და უკვე ათეული წლებია, რაც აქტიურ სამწერლო-სალიტერატურო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა.

ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ის, ოთხი წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს. იყო ამ წრის ლიტერატრულ ალმანახ „პირველი სხივის“ რედკოლეგიის წევრი.

1992 წელს მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი - პოეტური ორდენი „მარადახალი ქნარი“, რომლის უცვლელი თამჯდომარეც არის დღემდე. სწორედ ამ კავშირის ბაზაზე ფუნქციობს მისი ორი ლიტერატურული პროექტი: „მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები“ (თბილისში) და „ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი“ (ჭართალაში). ჩატარებული აქვს ასეულობით სახელოვნებო ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებსგარეთ.

მიხეილ ღანიშაშვილი ბავშვობიდანვე წერს. მისი პოეტური და პროზაული ნაწერები, თარგმანები, პუბლიცისტური სტატიები, ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის წერილები, ინტერვიუები წლებია, რაც ინტენსიურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში, გადაიცემა რადიო და სატელევიზიო ეთერით.

მიხეილ ღანიშაშვილი 10 წიგნის ავტორია:

1. „ორი ნაპირი“ (სევარიონ ნადირაძესთან ერთად) - 1989 წელი 2. „ერთი ლირიკული პოემა და ცამეტი ლექსი“ (თვითგამოცემა) – 1994 წელი 3. „ბედისწერის ქიმზე“ – 1999 წელი 4. „იჩქერია“ (ქართულ-რუსულ-ჩეჩნურ ენებზე) – 2002 წელი 5. „აცამაზი“ (ოსური პოემა) – 2004 წელი 6. „კავკასიური პოემები“ – 2006 წელი 7. „გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი“ – 2011 წელი 8. „სულის ყვავილები“ – 2012 წელი 9. „მთისკილოურნი“ – 2014 წელი 10. „ყველაზე დიდი გული“ - 2017 წელი

მიხეილ ღანიშაშვილის ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები სხვადასხვა დროს თარგმნილია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, შვედურ, რუსულ და ჩეჩნურ ენებზე.

მიხეილ ღანიშაშვილი არ მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში, არ ფლობს არცერთ ოფიციალურ ჯილდოს.

მიხეილ ღანიშაშვილს უყვარს ხატვა, მუსიკა და მოგზაურობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]