ილარიონ დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილარიონი.
ილარიონ დიდი

ღირსი ილარიონ დიდი (ბერძ. άγιος Ιλαρίων ο αναχωρητής; დ. 291, ღაზა, პალესტინა — გ. 21 ოქტომბერი, 371) — პალესტინელი წმინდანი. ხსენების დღე ძვ. სტილით 21 ოქტომბერი, ახ. სტილით 3 ნოემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა.

ღირსი ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული - ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.

ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.

წმიდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავლად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები.

პალესტინაში მრავლდებოდა წმიდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანიდან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმიდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი - ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა.

ღირსი ილარიონ დიდის სვეტი კუნძულ კვიპროსზე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდათა ცხოვრებანი (ივლისი–დეკემბერი), წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წელი.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: