იაკობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობი
יַעֲקֹב

იაკობი ებრძვის ანგელოზს, რემბრანდტ ვან რეინი, 1659
დაიბადა არაუადრეს ძვ. წ. 2006 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1791
ქანაანი
გარდაიცვალა არაუადრეს ძვ. წ. 1920 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1644
ძველი ეგვიპტე
დასაფლავებულია პატრიარქების მღვიმე
მოღვაწეობა მწყემსი
ენა Canaanite
ეროვნება Hebrews
მეუღლე ლეა[1] , რახელი[2] , Bilhah და Zilpa
შვილ(ებ)ი სიმეონი[3] , იუდა[4] , ისაქარი[5] , ზებულონი[6] , დინა[7] , იოსები[8] , ბენიამინი[5] , აშერი[9] , ნაფტალი[10] , გადი[11] , დანი[12] , რეუბინი[13] და ლევი[14]

იაკობი (ებრ. יַעֲקֹב [Yaakov.ogg], Ya‘aqōv; არაბ. يعقوب, Ya‘qub‎) — ბიბლიის მიხედვით, ისრაელთა მოდგმის ერთ-ერთი პატრიარქი, ისააკის ძე, აბრაამის შვილიშვილი.

ღმერთთან შეჭიდების შემდეგ იაკობმა მეორე სახელი — ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל — ღმერთან მებრძოლი) მიიღო, მისი შვილებს კი „ისრაელის ძენი“ უწოდეს. მომავალში იაკობის თორმეტი ძე გახდა ისრაელიტელთა თორმეტი ტომის წინაპარი და მამამთავარი. ბიბლიის თანახმად იაკობს უკავშირდება ებრაელთა ეგვიპტეში გადასვლაც, საიდანაც აღთმულ მიწაზე დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი, ებრაული ერის ფორმირების და იდენტობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო.

იაკობის თქმულება ბიბლიის პატრიარქთა ლეგენდების პირველ ციკლს ეკუთვნის; მასში მკვეთრად შეინიშნება მესოპოტამიური ელემენტები. იაკობის თქმულებაში რამდენიმე სხვადასხვა გადმოცემაა გაერთიანებული, რომლებიც ებრაელი ტომების უძველეს ისტორიას უკავშირდება. ბიბლიური იაკობი, შესაძლოა, სხვა უფროსი პატრიარქების — აბრაამისა და ისააკის მსგავსად ტომის „წინაპარ-ღმერთის“ პერსონიფიკაციას წარმოადგენდეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობი ისააკისა და რებეკას ვაჟი იყო, ესავის უმცროსი ტყუპისცალი. იაკობის მშობლები უკვე 20 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა ძვ. წ. 1858 წელს ტყუპები ეყოლათ. ისააკსა და რებეკას მათ გარდა სხვა შვილები არ ჰყოლიათ. იმ დროს ისააკი 60 წლისა იყო.

რებეკას რთული ორსულობა ჰქონდა, რადგან ტყუპები მუცელში ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, რებეკას მუცლიდან ორი ერი წამოვიდოდა, ჩვეულების საპირისპიროდ უფროსი უმცროსს მოემსახურებოდა. მშობიარობის დროს მეორე ტყუპისცალს, იაკობს, ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული ესავის ქუსლზე. ამიტომ დაარქვეს მას იაკობი, რაც ქუსლს ჩაჭიდებულს ნიშნავს(დბ. 25:22—26).

აბრაამი ძვ. წ. 1843 წელს მოკვდა, როცა იაკობი 15 წლისა იყო.

პირმშოობის მითვისება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისააკის საყვარელი შვილისგან, ესავისგან განსხვავებით, რომელიც ველური, მოუსვენარი და მოხეტიალე მონადირე იყო, იაკობზე ნათქვამია, რომ უმწიკვლო იყო, კარვებში ცხოვრობდა, ფარას მწყემსავდა, ასრულებდა საოჯახო საქმეებს და განსაკუთრებით უყვარდა დედამისს (დბ. 25:27, 28).

იაკობი სთავაზობს ესავს კერძს პირმშოობის სანაცვლოდ, ზაქარია ველასკესი, მე-18 ს.

იაკობს დიდი სურვილი ჰქონდა ესავისგან პირმშოობა მიეღო, რაც მას საშუალებას მისცემდა მამისგან კურთხევა მიეღო. მას შესაძლებლობა მიეცა, კანონიერად ეყიდა თავისი ძმისგან პირმშოობის უფლება და ყველაფერი, რაც მას თან ახლდა, ერთ დღეს ესავი მინდვრიდან დაღლილი დაბრუნდა და ძმის მომზადებული გემრიელი შეჭამანდის სურნელი იგრძნო. „დაღლილი ვარ! — თქვა ესავმა. — ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა მომყიდე!“. „ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა“, სასწრაფოდ მიჰყიდა და შეჰფიცა კიდეც (დბ. 25:29—34; ებ. 12:16).

მოხუცი ისააკი ლოცავს იაკობს, გოვერტ ფლინკი, 1638

მოხუცდა ისააკი და იფიქრა, რომ მალე მოკვდებოდა, ამიტომ ესავი ნანადირევის მოსატანად გაგზავნა და უთხრა: „საჭმელად მომიტანე, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდები“. რებეკამ ყური მოჰკრა მათ საუბარს და სასწრაფოდ გაგზავნა იაკობიორი თიკნის მოსაყვანად, რათა მას ისააკისთვის გემრიელი კერძი მოემზადებინა. რებეკამ იაკობს უთხრა: „საჭმელად მიუტანე, რათა გაკურთხოს, სანამ მოკვდება“. ხელებზე და კისრის უთმო ადგილზე კი თიკნის ტყავი გაუკეთა, რათა ისააკს ეფიქრა, რომ იაკობი ესავი იყო. როცა იაკობმა მამამისს საჭმელი მიუტანა, ისააკმა ჰკითხა: „შვილო! რომელი ხარ?“. იაკობმა უპასუხა: „ესავი ვარ, შენი პირმშო“. ისააკი შეეხო იაკობს იმაში დასარწმუნებლად, მართლა ესავი იყო თუ არა, და თქვა: „ხმა იაკობისაა, მაგრამ ხელები — ესავისა“ და მისცა მას კურთხევა: „მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო; გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი“ (დბ. 27:1—29).

ამ მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ, როცა ისააკმა იაკობი ხარანში ცოლის მოსაყვანად გაგზავნა, აკურთხა და უთხრა: „ყოვლისშემძლე ღმერთი ... მოგცემს აბრაამის კურთხევას“

იაკობის სიზმარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობმა თავისი მოხერხებით მიიღო პირმშოება და მამის კურთხევაც. ამის შემდეგ გაექცა ესავის რისხვას. გაემართა მესოპოტამიაში, ფადან-არამში, ხარანის სანახებში, დედის ნათესავებთან. ის 77 წლისა იყო, როცა ქანაანი და ბეერ-შება დატოვა და თავისი წინაპრების სამშობლოსკენ გაემართა. მან იქ თავისი ცხოვრების მომდევნო 20 წელი გაატარა (დბ. 28:10; 31:38).

იაკობის კიბე, ლოდოვიკო ციგოლი, 1593

იუდეის მთებში, ქალაქ ლუზში გზად დაუღამდა. დაწვა ერთ ადგილას, დაიდო ლოდი სასთუმლად და დაიძინა. ღამით ესიზმრა: „მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება, უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისააკენ, აღმოსავლეთისააკენ, ჩრდილოეთისააკენ და სამხრეთისააკენ, შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ, კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე. არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს რაც გითხარი“ (დაბ. 28, 12-15).

როცა იაკობმა სრულად გააანალიზა ხილვაში ნანახი, წამოიძახა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი“. ამიტომ იაკობმა იმ ადგილს სახელი შეუცვალა და ლუზის ნაცვლად დაარქვა ბეთელი ანუ ღვთის სახლი. აღმართა სვეტი და ზედ ზეთი დაასხა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმობის ნიშნად. იაკობი მადლიერი იყო ღვთის მხარდაჭერის დაპირებისთვის, ამიტომ აღთქმა დადო, რომ აუცილებლად გაიღებდა იმ ყველაფრის მეათედს, რასაც ღმერთი მისცემდა (დბ. 28:16—22).

ხარანში ცხოვრება და დაოჯახება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მოგზაურობის დროს ხარანთან ახლოს იაკობი შეხვდა თავის ბიძაშვილ რახელს. მამამისმა ლაბანმა, რომელიც იაკობის დედის ძმა იყო, მათთან დარჩენა შესთავაზა. იაკობს შეუყვარდა რახელი და მამამისს მოელაპარაკა, რომ შვიდ წელს ემსახურებოდა, თუ რახელს ცოლად მიათხოვებდა. იაკობისთვის რამდენიმე დღესავით გავიდა წლები, რადგან ძალიან უყვარდა რახელი. მაგრამ ქორწილის ღამეს იაკობს მოტყუებით რახელის ნაცვლად ლაბანმა მისი უფროსი და, ლეა მიუყვანა. მან ახსნა: „ჩვენთან უმცროსი ქალის პირმშოზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული“. ერთკვირიანი ქორწილის შემდეგ ლაბანმა რახელიც მისცა იაკობს ცოლად იმ პირობით, რომ ის კიდევ შვიდ წელს იმსახურებდა მასთან. ლაბანმა ლეასა და რახელს ორი მსახური, ზილფა და ბილჰა გააყოლა (დბ. 29:1—29; ოს. 12:12).

ბიბლიის თანახმად ამ ქორწინებებამ ებრაელი ერის წარმოშობას ჩაუყარა საფუძველი. ლეამ იაკობს ოთხი ვაჟი გაუჩინა: რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა. ვინაიდან რახელი უშვილო იყო, გადაწყვიტა, თავისი მსახური ბილჰა მიეცა იაკობისთვის ცოლად; მისგან იაკობს შეეძინა ორი ვაჟი, დანი და ნაფთალი. ამ დროს ლეას შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ მანაც თავისი მოახლე ზილფა მისცა ცოლად იაკობს და ამ კავშირის შედეგად ორი ვაჟი, გადი და აშერი დაიბადა. შემდეგ ლეას კვლავ ეყოლა შვილები; ჯერ ისაქარი გააჩინა, შემდეგ — ზებულონი, მერე კი — ქალიშვილი დინა. ბოლოს რახელიც დაფეხმძიმდა და იოსები შეეძინა. შედეგად, შედარებით მოკლე პერიოდში, შვიდ წელიწადში, იაკობი ღმერთმა მრავალი შვილით აკურთხა (დბ. 29:30—30:24).

იაკობის და რახელის შეხვედრა ჭასთან, უილიამ დაისი, 1675

იაკობი ხარანის დატოვებამდე გამდიდრდა. ცოლებისთვის 14-წლიანი მსახურების შემდეგ იაკობს ძალიან უნდოდა სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ ლაბანმა დაიჟინა, რომ იაკობი დარჩენილიყო და მისი ფარა ემწყემსა. გასამრჯელო შეეძლო იაკობს აერჩია. იმ ტერიტორიაზე ცხვრები და თხები, ძირითადად, ერთი ფერისაა — ცხვრები თეთრი, თხები კი — შავი. იაკობმა სთხოვა ლაბანს, მისთვის მხოლოდ ის ცხვრები და თხები მიეცა, რომლებიც უჩვეულოდ შეფერილები ან ნიშნიანები იქნებოდნენ. ყველა მუქი ყავისფერი ცხვარი და ყველა თეთრად დაწინწკლული თხა მისი უნდა ყოფილიყო. ამაზე ლაბანი დათანხმდა. გასამრჯელო რაც შეიძლება დაბალი რომ ყოფილიყო, ლაბანმა იაკობის რჩევისამებრ გამოაცალკევა ფარიდან ზოლებიანი, დაწინწკლული და ხალებიანი თხები, აგრეთვე მუქი ყავისფერი ვაცები და თავის ვაჟებს ჩააბარა. შემდეგ სამი დღის სავალით დააშორა, რათა ფარებს შორის შეჯვარება არ მომხდარიყო. ამის შემდეგ ყველა უჩვეულო ფერის ახალდაბადებული ბატკანი იაკობისა იქნებოდა (დბ. 30:25—36).

ამგვარად დაიწყო იაკობმა თეთრი ცხვრებისა და შავი თხების დამწყემსვა. ის ბევრს შრომობდა და იმას აკეთებდა, რაც მისი აზრით ჭრელი ცხოველების რიცხვს გაზრდიდა. იაკობმა აიღო სტირაქსის, ნუშისა და ჭადრის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გათალა, რომ ჯოხები ზოლიანი და ხალიანი გამოჩენილიყო. გათლილი ჯოხები ფარას წყლის გეჯაში ჩაუწყო, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ახურებულ ფარას შეეხედა ამ ჯოხებისთვის და დაწინწკლული და ხალებიანი მოეგო. იაკობი მხოლოდ მაშინ აწყობდა ამ ჯოხებს გეჯაში, როცა ჯანსაღი ფარა უნდა ახურებულიყო (დბ. 30:37—42).

შედეგად, უფრო მეტი ცხოველი იბადებოდა ზოლებითა და ხალებით, რაც იაკობის გასამრჯელო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ფერისა, რაც ლაბანისა იყო. ვინაიდან შედეგი სასურველი იყო, იაკობი, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ეს ჯოხების დამსახურება იყო. უეჭველია, ის იზიარებდა ხალხში გავრცელებულ მცდარ შეხედულებას, რომ მსგავსი მეთოდებით შეიძლებოდა შთამომავლობაზე გავლენის მოხდენა. მაგრამ ღმერთმა, მისმა შემოქმედმა, სიზმარში სხვა რამ უთხრა.

სიზმარში იაკობმა გაიგო, რომ გარკვეული გენეტიკის პრინციპების და არა ჯოხების გამო მიიღო მან სასურველი შედეგი. მართალია, იაკობი ჩვეულებრივი შეფერილობის ცხოველებს მწყემსავდა, მაგრამ ხილვიდან მისთვის ნათელი გახდა, რომ ვაცები ზოლებიანი, დაწინწკლული და ლაქებიანი იყო. როგორ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო? ჩვეულებრივი შეფერილობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ისინი იაკობთან გარიგების დადებამდე ლაბანის ფარაში მომხდარი შეჯვარების შედეგად ჰიბრიდებად დაიბადნენ. ამგვარად, ზოგირეთი ცხოველი სასქესო უჯრედებში ატარებდა მემკვიდრეობით ფაქტორებს, რომელთა წყალობითაც მათი შთამომავლები ზოლებიანი და დაწინწკლული იბადებოდა იმ მემკვიდრეობითი კანონების საფუძველზე, რომლებიც გრეგორ მენდელმა მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა (დბ. 31:10—12)

ხარანიდან გაქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გარიგების მიხედვით იაკობმა ექვსი წელი იმუშავა; ამ ხნის მანძილზე იაკობი მეტად გამდიდრდა, გაუმრავლდა არა მხოლოდ ფარა, არამედ მსახურები, აქლემები და ვირები, მიუხედავად იმისა, რომ ლაბანმა არაერთხელ შეუცვალა გასამრჯელო. ბოლოს „ჭეშმარიტმა ღმერთმა“, რომელიც ბეთელში გამოეცხადა, იაკობს უთხრა, რომ აღთქმულ მიწაზე დაბრუნებულიყო (დბ. 30:43; 31:1—13, 41).

ლაბანი ეძებს დაკარგულ ღმერთებს, ბართლომე ესტებან მურილიო, 1670

აღთქმულ მიწაზე დაბრუნება. იმის შიშით, რომ ლაბანი კვლავ შეუშლიდა ხელს წასვლაში, იაკობმა უჩუმრად წაიყვანა თავისი ცოლ-შვილი, წაიღო ყველაფერი, რაც ებადა, გადაკვეთა მდინარე ევფრატი და ქანაანისკენ გაემართა. როგორც დაბადების 31:4, 21-დან ჩანს, იაკობი, სავარაუდოდ, ევფრატთან ახლოს აძოვებდა ფარას, როცა გაქცევაზე ფიქრობდა. იმ დროს, ლაბანი ცხვრებს პარსავდა და იაკობის გაქცევის შესახებ მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაიგო. ალბათ, მას კიდევ დასჭირდებოდა დრო, დაემთავრებინა პარსვა და მომზადებულიყო, რომ თავისი ხალხით იაკობს დადევნებოდა. ეს ყველაფერი იაკობს საკმარის დროს მისცემდა, ნელი სვლით ფარები გალაადის მთიან მხარემდე ჩაეყვანა, სანამ ლაბანი დაეწეოდა. ხარანიდან იქამდე სულ მცირე 560 კილომეტრი იყო. ამ მანძილს ლაბანი და მისი ნათესავები აქლემებით თავისუფლად დაფარავდნენ შვიდ დღეში (დბ. 31:14—23).

ლაბანი იაბოკის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში დაეწია მათ. მან უსაყვედურა იაკობს, რატომ წავიდა ისე, რომ არ მისცა შვილებთან და შვილიშვილებთან გამომშვიდობების საშუალება და რატომ მოიპარა მისი ღმერთები (დბ. 31:24—30). პირველ კითხვაზე იაკობმა მიუგო, რომ ეშინოდა, ლაბანი წასვლის უფლებას არ მისცემდა. რაც შეეხება მეორე კითხვას, იაკობმა არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. საგულდაგულო ძებნის შემდეგაც ვერ იპოვეს კერპეპი, რადგან რახელს მოპარული თერაფიმი აქლემზე დასადგმელ საუნაგირე კალათაში ჰქონდა დამალული და ზედ იჯდა (დბ. 31:31—35).

მათი გაუგებრობა მშვიდობიანად მოგვარდა. იაკობმა ქვა სვეტად აღმართა და შემდეგ ქვები დაახვავა, რაც მრავალი წლის მანძილზე მშვიდობის შეთანხმების მოწმობა იყო. ამ შეთანხმების განსამტკიცებლად მათ იმ ადგილზე პური ჭამეს. დახვავებულ ქვებს უწოდეს გალაადი (ნიშნავს მოწმობის გროვას) და საგუშაგო კოშკი (დბ. 31:36—55).

ღმერთთან შეჭიდება და ესავთან შეხვედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობის და ესავის შერიგება, პეტერ პაულ რუბენსი, 1624

იაკობს ახლა ძალიან უნდოდა, მშვიდობა აღედგინა თავის ძმა ესავთანაც, რომელიც 20 წელზე მეტი არ ჰყავდა ნანახი. ესავი, შესაძლოა, ჯერ კიდევ ატარებდა გულში იაკობის მიმართ სიძულვილს. გულის მოსალბობად იაკობმა ესავს წინასწარ ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა: ასობით თხა და ცხვარი, უამრავი აქლემი, ვირი და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი (დბ. 32:3—21).

იმ ღამით, როცა ესავთან შესახვედრად სამხრეთისკენ მიმავალმა იაკობმა თავის სახლეულობასთან ერთად იაბოკი გადაკვეთა, მას უჩვეულო რამ შეემთხვა — ის ანგელოზს შეერკინა. „მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას კაცი ვინმე გათენებამდე. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მის თეძოს სახსარს; და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი. უთხრა: ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ (დაბ. 32:24-30).

შეუპოვრობისა და დაჟინებულობისთვის ანგელოზმა მას სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა რაც ებრაულად ღმერთთან მებრძოლს ნიშნავს. ამის შემდეგ ორივე სახელი ხშირად მოიხსენიება ებრაულ პოეზიაში არსებულ პარალელიზმებში (ფს. 14:7; 22:23; 78:5, 21, 71; 105:10, 23). შერკინებისას ანგელოზი ბარძაყის სახსარზე შეეხო იაკობს და ის სამუდამოდ დააკოჭლა, შესაძლოა, მისთვის თავმდაბლობის სასწავლებლად. ეს იაკობს მუდმივად შეახსენებდა, რომ ღვთისგან ბოძებული კეთილდღეობისა და ანგელოზთან შერკინების გამო ზედმეტად არ უნდა განედიდებინა თავი. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად იაკობმა იმ ადგილს ფენიელი ან ფენუელი უწოდა (დბ. 32:25, 30—32).

სასიამოვნო შეხვედრის შემდეგ ტყუპები, იაკობი და ესავი, რომლებიც იმ დროს დაახლოებით 97 წლისანი იქნებოდნენ, თავ-თავიანთი გზით წავიდნენ. სავარაუდოდ, ისინი მხოლოდ 23 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა თავიანთი მამა ისააკი დამარხეს. ესავი იაკობის მირთმეული საჩუქრებით სამხრეთით სეირისკენ გაემართა, ხოლო იაკობი — ჩრდილოეთით და იაბოკი გადაკვეთა (დბ. 33:1—17; 35:29).

ქანაანში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესავთან დაშორების შემდეგ იაკობი სუქოთში დასახლდა. ფადან-არამიდან დაბრუნების შემდეგ ეს პირველი ადგილი იყო, სადაც ის შედარებით დიდხანს გაჩერდა. ცნობილი არ არის, რამდენ ხანს დარჩა იქ, მაგრამ რამდენიმე წელს აუცილებლად იცხოვრებდა, რადგან ააშენა თავისთვის სახლი და საქონლისთვის სადგომები (დბ. 33:17).

შემდეგ იაკობი დასავლეთით იორდანეს გადასწვრივ შექემთან ახლოს გადავიდა. იქ მან იქაური მთავრის ხამორის ვაჟებისგან ას კესიტად იყიდა მიწის ნაკვეთი (დბ. 33:18—20; იეს. 24:32). ამ ფულის ერთეულის ღირებულება უცნობია, მაგრამ ციფრი ასი, შესაძლოა, მიანიშნებს აწონილი ვერცხლის დიდ რაოდენობაზე, რადგან იმ დროისთვის მონეტები არ არსებობდა.

დინას მოტაცება, ჯეიმზ ტისო, 1899

სწორედ შექემში დაიწყო იაკობის ქალიშვილმა დინამ ქანაანელ ასულებთან ურთიერთობა. ამან შესაძლებლობა მისცა ხამორის ერთ-ერთ ვაჟს, შექემს, გაეუპატიურებინა ის. ამ შემთხვევის შემდეგ იაკობის ვაჟებმა, სეიმონმა და ლევიმ შექემში ყველა მამაკაცი ამოხოცეს, ქალები და ბავშვები ტყვედ წაასხეს, მიითვისეს მთელი მათი ქონება და იმ მიწის მცხოვრებთ თავიანთი მამა შეაძულეს (დბ. 34:1—31). ამის გამო იაკობი გაუწყრა ორივეს და მათ პირმშოობა ჩამოართვა და მეოთხე შვილს იუდას მიანიჭა.

შემდეგ ღვთის მითითებით იაკობმა დატოვა შექემი და ბეთელში გადავიდა. მაგრამ წასვლამდე მან განწმინდა თავისი სახლეულობა, გამოაცვლევინა მოსასხამები, მოაცილებინა ცრუ ღმერთები (შესაძლოა, ლაბანის თერაფიმიც) და საყურეები, რომლებსაც, ალბათ, თილისმად იყენებდნენ. ისინი იაკობმა შექემის მახლობლად ჩამარხა (დბ. 35:1—4).

ბეთელი (ღვთის სახლი) იაკობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი იყო, რადგან დაახლოებით 30 წლის წინ უფალმა იქ გადასცა აბრაამთან დადებული შეთანხმება. ახლა, მას შემდეგ, რაც იაკობმა თავისი წინაპრების დიდებულ ღმერთს სამსხვერპლო აუგო, იეჰოვამ გაუმეორა შეთანხმება და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად იაკობმა იქ ქვის სვეტი აღმართა და დასაღვრელი შესაწირავი და ზეთი დაასხა. სწორედ ბეთელში ყოფნისას მოკვდა დედამისის ძიძა, დებორა, და ის იქვე დამარხეს. როცა იქიდან სამხრეთისკენ დაიძრნენ და ჯერ კიდევ დიდი მანძილი ჰქონდათ დარჩენილი ბეთლემამდე (ეფრათა), რახელს მშობიარობის ტკივილები დაეწყო და თავისი მეორე ვაჟის, ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. იაკობმა იქ დამარხა თავისი საყვარელი რახელი და მის სამარხზე სვეტი აღმართა (დბ. 35:16—20).

ახლა უკვე 12 ვაჟით (ისრაელის 12 ტომის წინაპრები) კურთხეულმა ისრაელმა კიდევ უფრო სამხრეთით წაიწია. ის დაბანაკდა „ედერის კოშკიდან მოშორებით“, რომელიც დაახლოებით ბეთლემსა და ჰებრონს შორის მდებარეობდა. სწორედ იქ ყოფნის დროს იაკობის უფროსი ვაჟი, რეუბენი დაწვა თავისი მამის ხარჭასთან, დანისა და ნაფთალის დედასთან, ბილჰასთან, რის გამოც იაკობმა რეუბენს პირმშოობის უფლება ჩამოართვა.

იაკობი გარკვეული პერიოდის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ჰებრონში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი მოხუცი მამა, ისააკი. მაგრამ უცნობია, როდის მოხდა ეს (დბ. 35:27).

იოსების გაყიდვა და ეგვიპტეში გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთხელ იაკობმა იოსები (იმ დროს 17 წლის) იმის სანახავად გაგზავნა, თუ როგორ მწყემსავდნენ მისი ძმები მამის ფარას. როცა იპოვა ისინი დოთანში, ხებრონის ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ძმებმა შეიპყრეს ის და მოკვლა დაუპირეს, მაგრამ იუდას შეებრალა უმცროსი ძმა და უთხრა ძმებს: „რა სარგებელია, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს? მოდი მივყიდოთ იგი ამ ისმაელელებს და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმა და ჩვენი ხორცია“. ძმებმაც უსმინეს და იოსები ეგვიპტეში მიმავალ ვაჭართა ქარავანს მიჰყიდეს. ეს მოხდა ძვ. წ. 1750 წელს. შემდეგ მათ იაკობი დაარწმუნეს, რომ იოსები ნადირმა დაგლიჯა. მრავალი დღე გლოვობდა იაკობი შვილს და არ იღებდა ნუგეშს. ის ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში!“ (დბ. 37:2, 3, 12—36). ძვ. წ. 1738 წელს მის მწუხარებას მამამისის, ისააკის სიკვდილიც დაემატა (დბ. 35:28, 29).

იოსების შერიგება ძმებთან, ლეონ ბურჟუა, 1863

ისააკის სიკვდილიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ გამძვინვარებულმა შიმშილობამ იაკობი აიძულა, ათი ვაჟი მარცვლეულისთვის ეგვიპტეში გაეგზავნა. მაგრამ ბენიამინი არ გაუშვა. იოსებმა, რომელიც ეგვიპტეში საკვების განაწილებას ზედამხედველობდა, იცნო თავისი ძმები და მათგან მოითხოვა, უმცროსი ძმა ბენიამინი ეგვიპტეში ჩაეყვანათ (დბ. 41:57; 42:1—20). მაგრამ თავიდან, როცა მისი მოთხოვნა შეატყობინეს, იაკობს არ უნდოდა ბენიამინის გაშვება, რადგან ეშინოდა, რაიმე არ შემთხვეოდა მისი სიბერის შვილს. იმ დროს ბენიამინი 22 წლისა მაინც იქნებოდა (დბ. 42:29—38). იაკობი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ბენიამინის გაშვებაზე, რაც ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარცვლეული გამოელიათ (დბ. 43:1—14; სქ. 7:12).

იოსები შეურიგდა ძმებს და იაკობს შეუთვალა, რომ ჩასულიყო მასთან ეგვიპტეში თავის სახლეულობასთან ერთად, თან წაესხა მთელი თავისი საქონელი, წაეღო მთელი საბადებელი და გოშენის ნაყოფიერ მიწაზე დასახლებულიყო, რადგან დიდი შიმშილობა კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდებოდა. დასახმარებლად ფარაონმა მათ ურმები მისცა და საგზალიც გაატანა (დბ. 45:9—24). იაკობის სახლეულობაში მენაშეს, ეფრემისა და მათი ჩათვლით, ვინც იაკობის სიკვდილამდე ეგვიპტეში დაიბადა, 70 სული იყო (დბ. 46:5—27; გმ. 1:5; კნ. 10:22). ამ რიცხვში არ შედიოდნენ ლეა, რომელიც აღთქმულ მიწაზე მოკვდა (დბ. 49:31), იაკობის ქალიშვილები, რომელთა სახელებიც უცნობია, და მისი ვაჟების ცოლები (დბ. 46:26; შდრ. დბ. 37:35).

ძვ. წ. 1728 წელს ეგვიპტეში ჩასვლიდან მალევე იაკობი ფარაონს წარუდგინეს. ის მიესალმა ფარაონს და აკურთხა. იაკობმა უთხრა, რომ ხიზანი იყო (აბრაამისა და ისააკის მსგავსად მასაც არ დაუმკვიდრებია აღთქმული მიწა). როცა ფარაონმა ასაკი ჰკითხა, იაკობმა მიუგო, რომ 130 წლისა იყო, მაგრამ მის წინაპრებთან შედარებით „მცირე და მწუხარებით სავსე“ იყო მისი სიცოცხლის წლები (დბ. 47:7—10).

იაკობის გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობის კენოტაფი პატრიარქთა მღვიმეში.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იაკობმა აკურთხა თავისი შვილიშვილები, იოსების ვაჟები, და ღვთის ხელმძღვანელობით უმცროსი ეფრემი უფროს მენაშეზე წინ დააყენა. შემდეგ იოსებს, რომელიც პირმშოს მემკვიდრეობის ორმაგ წილს მიიღებდა, იაკობმა განუცხადა: „გაძლევ შენს ძმებზე იმ ერთი მხარით მეტს, რომელიც ამორეველებისგან მახვილითა და მშვილდით ავიღე“ (დბ. 48:1—22; 1მტ. 5:1). ვინაიდან იაკობს ხამორის ძეებისგან მშვიდობიანად ჰქონდა ნაყიდი მიწის ნაკვეთი შექემის მახლობლად (დბ. 33:19, 20), როგორც ჩანს, ზემოთქმული სიტყვები მისი რწმენის გამოხატულება იყო; ამ დაპირებაში მან წინასწარმეტყველურად ილაპარაკა მისი შთამომავლების მიერ ქანაანის მომავალ დაპყრობაზე, თითქოს ეს უკვე შესრულებული იყო მისი მახვილითა და მშვილდით. ამ დაპყრობილი მიწიდან იოსების კუთვნილი ორმაგი წილი ეფრემისა და მენაშეს ტომებისთვის მიცემული ორი წილი იყო.

ბოლოს, ძვ. წ. 1711 წელს, ეგვიპტეში 17 წლის ცხოვრების შემდეგ, იაკობი 147 წლის ასაკში გარდაიცვალა (დბ. 47:27, 28). ასე დასრულდა ბიბლიური ისტორიის ერთ-ერთი მონაკვეთი (იაკობის დაბადებიდან სიკვდილამდე), რომელსაც წიგნ „დაბადების“ ნახევარზე მეტი უკავია (თ-ები 25—50). იაკობს სურდა, ქანაანში დაემარხათ, ამიტომ იოსებმა პირველად ეგვიპტელ მკურნალებს დააბალზამებინა იაკობის სხეული, რათა ჰებრონში გადასვენებისთვის მოემზადებინათ. მის დასაკრძალავად დიდძალი ხალხი წავიდა ეგვიპტიდან. როცა იორდანეს მხარეს მიადგნენ, შვიდ დღეს ასრულებდნენ სამგლოვიარო წეს-ჩვეულებას, რის შემდეგაც ვაჟებმა დამარხეს იაკობი მაქფელის მღვიმეში, სადაც აბრაამი და ისააკი იყვნენ დამარხული (დბ. 49:29—33; 50:1—14).

გენეალოგიური ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თერა
სარა[15]აბრაამიჰაგარიჰარანი
ნაჰორი
იშმაელიმილქალოტიისკაჰი
იშმაელიტები7 ძე[16]ბეთუელი1-ლი ასულიმე-2 ასული
ისააკირებეკალაბანიმოაბიტებიამონიტები
ესავიიაკობირაქელი
ბილჰა
ედომიტებიზილფა
ლეა
1. რეუბენი
2. სიმეონი
3. ლევი
4. იუდა
9. ისაქარი
10. ზებულონი
დინა (ასული)
7. გადი
8. აშერი
5. დანი
6. ნაფტალი
11. იოსები
12. ბენიამინი


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Albright W. F., Archaeology and the religion of Israel, 4 ed., Baltimore, 1956;
  • Eissfeldt O., Einleitung in das Alte Testament, 3. Aufl., Tübingen, 1964;
  • შანიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 38-39, თბ., 1980

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 21-23 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  2. 28 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  3. 33 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  4. 35 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  5. 5.0 5.1 18 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  6. 20 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  7. 21 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  8. 24 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  9. 13 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  10. 8 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  11. 11 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  12. 6 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  13. 32 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  14. 34 // Genesis, בְּרֵאשִׁית, Första Moseboken
  15. დაბადება 20:12: სარა აბრაამის ნახევარდა იყო.
  16. დაბადება 22:21-22: უზი, ბუზი, ქემუელი, ჩესედი, ჰაზო, პილდაში, და ჯიდლაფი