ეფრემ ასური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფრემ ასური
დაბადების თარიღი 306[1]
დაბადების ადგილი ნისიბინი, Mesopotamia, Diocese of the East, praetorian prefecture of the East, რომის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 9 ივნისი, 373
გარდაცვალების ადგილი ედესა, Osroene, Diocese of the East, praetorian prefecture of the East, რომის იმპერია[1]
საქმიანობა თეოლოგი, დიაკვანი, პოეტი, მწერალი[2] და მღვდელი[3]
ენა სირიული ენა
ჯილდოები Doctor of the Church

ეფრემ ასური („სინანულის მოძღვარი“; დ. დაახლ. 306 — გ. 9 ივნისი, 373) — სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში.

დაიბადა ქალაქ ნისიბინში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.

როდესაც ნისიბინი სპარსელთა ხელში გადავიდა, იძულებული გახდა (363) დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი. ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად (365). აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი - მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.

მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ პროზაულ და პოეტურ თხზულებას. მას ეკუთვნის ბიბლიური ტექსტების კომენტარები, თეოლოგიური პოლემიკა, დიდაქტიკური ხასიათის ჰომილიები, აპოკრიფები, ჰიმნები საღვთისმეტყველო და ისტორიულ თემებზე. აღსანიშნავია მისი ჰიმნები ნისიბინზე ”Carmina Nisibina" (პირველი 20 ჰიმნი დაწერილია ნისიბინში, 350-363, დანარჩენი 52-ედესაში, 363-373). სირიულ პოეზიაში მის მიერ უნდა იყოს შეტანილი მადრაშის (სასიმღერო ლექსები) ერთ-ერთი სახეობა - ”სოღითა” და ლექსის შვიდმარცვლიანი ზომა. პროზაული თხზულებებიდან მნიშვნელოვანია ქრისტიანულ აღმოსავლეთში გავრცელებული ”სახარების” ტექსტის ”დიატესარონეს” კომენტარები.

ეფრემ ასურის თხზულებათა დიდი ნაწილი ადრინდელი თარგმანების სახით არის შემონახული ბერძნ., სომხ., კოპტურ და ეთიოპიურ ენებზე. სირიულ ენაზე ზოგიერთი თხზულება დაცულია სირიელი ბერის, სერვიუსის კრებულში "Catena Patrum" (861), აგრეთვე უფრო გვიანდელ სირიელ ავტორებთან.

წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე. წმინდანის ხსენების დღეა 28 (10.02) იანვარი.

ეფრემ ასურის თხზულებანი ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ VIII-IX სს. საქართველოში. ამ თხზულებებს სწავლობდნენ, თარგმნიდნენ. მათი ავტორი დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, რაც კარგად ჩანს გიორგი მერჩულეს ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც”. 977 წელს ოშკში გადაწერილი ქადაგებათა კრებული ცხადყოფს, რომ მისი თხზულებანი ქართულად ჯერ კიდევ X საუკუნემდე უთარგმნიათ.

ეფრემ ასურის მთარგმნელთა შორის არიან ქართველი მოღვაწეები ექვთიმე მთაწმინდელი და ეფრემ მცირე (”სწავლანი”, ”ასკეტიკონი”, ”ლოცვები” და სხვ.)

გამონათქვამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს. ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩინეობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
  • ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
  • მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
  • თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
  • მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
  • კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
  • სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
  • ნურასდროს იტყვი - დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
  • ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
  • ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგვტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
  • შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
  • რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკუეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსას.
  • განკითხვის დღეს ყველანი წარვსდგებით უფლის წინაშე, სრულიად შიშველნი, ძრწოლვით. მაშინ მიაგოს ბოროტსა და კეთილს თავიანთ საქმეთა შესაბამისად, რადგან ყოველი საქციელი ჩვენი უფლის წინაშეა დამარხული.
  • ცხადად განცხადდება ჩემი ცოდვები ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა წინაშე... ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უსჯულოებანი და შევრცხვები!
  • თუკი არ იცი, მღვდელი ღირსია თუ არა მღვდლობის ხარისხის, ნუ მოიძულებ მას. ქრისტეს მცნების გამო როგორც ოქროს ვერ მოაკლებს ბრწყინვალებას ჭუჭყი, კიდევაც რომ დაფაროს იგი, როგორც სუფთა მარგალიტს ვერაფერს ავნებს უსუფთაო და უკეთური საგნების შეხება, ამის მსგავსად მღვდლობა არ იბილწება ადამიანისაგან. კიდეც რომ არ ყოფილიყო ის მღვდლობის ღირსი ხარისხის მიღების დროს.
  • თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭლად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.
  • შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრები და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.
  • ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.
  • ამაოებათა ამაოება არის მთელი ჩვენი ცხოვრება.
  • შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.
  • იცოდეთ, რომ ყველანი მოკვდავები ვართ, ამიტომ გვმართებს ვიგლოვოთ და ვიტიროთ ჩვენივე თავი და არა ის, ვინც მოკვდა, რადგან რომელიც საკუთარი ცოდვებისთვის გლოვობს, დიდიად არგებს მის სულს.
  • მართალთათვის სიკვდილი შვება და განსვენებაა, მათ არ ეშინიათ სიკვდილის.
  • ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოტმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
  • მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმიანონის წესი.
  • ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხის კარი, სიყვარულისა გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი კიბე, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას. ამის გამო გვმართებს თქმად - ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 247.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
  1. 1.0 1.1 1.2 Ефрем СиринМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  3. Czech National Authority Database