ელენე (გიორგი II-ის მეუღლე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელენე — საქართველოს მეფის გიორგი II-ის მეუღლე, დავით IV აღმაშენებლის დედა.

გიორგი II-ის მეუღლის შესახებ წყაროებიდან თითქმის არაფერია ცნობილი. ელენე, დავითის დედა, მოხსენიებულია მხოლოდ წყაროსთავის მათეს სახარების მინაწერში, რომლის ავტორია ეგნატი ხუცესმონაზონი: „სადიდებელად და სალოცველად ღვთივგჳრგჳნოსანთა მეფეთა ჩ~ნთა: სულითა განათლებულისა კურთხეულისა დედოფლისა მარიამისა, და ძმისა მათისა გიორგი მეფეთ მეფისა და კესაროსისა და ძისა მათისა დავით მეფისა და სევასტოსისა და სანატრელისა დედისა მათისა ელენე დედოფლისა." მინაწერში, რომელიც თ. ჟორდანიას აზრით, 1089-1091 წლებისაა, ელენე უკვე გარდაცვლილი ჩანს.[1]

შესაძლოა ელენეზე იყოს საუბარი უფლის საფლავის ტაძრის კანტორისა და პრესბიტერის ანსელის მიერ პარიზის ეპისკოპოს გალონისა და არქიდიაკონ სტეფანესადმი გაგაზავნილ წერილში, რომელიც ლათინურ ენაზეა შედგენილი და მკვლევრები 1120 წლით ათარიღებენ. წერილი იხსენიებს ქართველ დედოფალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალებისა და მისი ვაჟის გამეფების შემდეგ იერუსალიმში მონაზვნად შემდგარა, თან ძელიცხოველის ნაწილებიანი ჯვარი ჩაუტანია და იერუსალიმის ლათინთა პატრიარქის გიბელინის პატრონაჟით მონასტერი დაუარსებია. ანსელი დედოფლის გარდაცვლილ მეუღლედ ქართველთა მეფე დავითს ასახელებს, თუმცა 1120 წელს დავითი ცოცხალი იყო და შესაძლოა ავტორი აქ დავითის მამას, გიორგის, გულისხმობდეს.[2] სხვა მოსაზრებით, ანსელის მიერ მოხსენიებული დედოფალი დავით აღმაშენებლის პირველი ან მეორე მეუღლეა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]