დიონისე ჰალიკარნასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიონისე ჰალიკარნასელი

დიონისე ჰალიკარნასელი (ძვ. ბერძნ. Διονύσιος Ἁλικαρνασσεύς ძვ. ბერძნ. Dionýsios Halikarnasseús;ლათ. Dionysius Halicarnassensis; დ. დაახ. ძვ. წ. 54, ჰალიკარნასი — გ. დაახლ. ძვ. წ. 7 რომი) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი და რიტორი. დაიბადა ჰალიკარნასში (მცირე აზია). ძვ. წ. 30 წლიდან რომში ცხოვრობდა. ასწავლიდა რიტორიკას. მისი მთავარი ნაშრომი „რომის სიძველეები“ (20 წიგნად) დაწერილია ბერძნულ ენაზე. ნაშრომში აღწერილია რომის ისტორია უძველესი დროიდან პირველ პუნიკურ ომამდე. ჩვენამდე მხოლოდ პირველმა 9 წიგნმა მოაღწია სრულად, შემორჩენილია X და XI წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო დანარჩენი წიგნები – ფრაგმენტების სახით. შემორჩენილ წიგნებში თხრობა ძვ. წ. 442 წლით მთავრდება.

დიონისე ჰალიკარნასელი პოლიტიკური შეხედულებებით ახლოს იდგა სენატორული არისტოკრატიის წრეებთან. ცდილობდა დაემტკიცებინა ბერძნებისა და რომაელების ნათესაობა, რათა ბერძნებისათვის შეემსუბუქებინა რომაელების ბატონობა. ზოგჯერ წყაროებს არაკრიტიკულად ეკიდებოდა. წერის მანერით ხშირად ბაძავდა თუკიდიდესა და პოლიბიოსს. აქვს რიტორიკული ნაწარმოებები: „სიტყვათა შეთანხმებისათვის“, „ძველ ორატორთა გამო“ და სხვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიონისე ჰალიკარნასელი დაიბადა დაახლოებით ძვ. წ. 60 წელს ჰალიკარნასში. მისი მამა იყო ალექსანდრე. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, იგი გადასახლდა რომში და სწორედ აქედან დაიწყო მისი აქტიური მოღვაწეობა. დიონისეს დაწერილი წიგნებიდან ჩვენამდე მხოლოდ ცხრაა მოღწეული. წიგნებში აღწერილია ძველი რომის ისტორია პირველ პუნიკურ ომამდე, ძველი რომის მითოლოგია და ბიზანტიის ისტორია. მისი ნაშრომები ცნობილი გახდა ძვ. წ. 7 წელს, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ დიონისე მალევე გარდაიცვალა.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების თქმით დიონისე თავისი წერის სტილიდან გამომდინარე, გვევლინება არა როგორც ისტორიკოსი, არამედ ორატორი. მართალია დიონისეს თავის ნაწარმოებებში მოჰყავს ფაქტები, მაგრამ არის მოსაზრება იმისა, რომ ის შეიძლება იგონებს კიდეც მათ. მიუხედავად ამისა დიონისეს ნაწარმოებები ძალიან ღირებულია, რადგან მასში გადმოცემულია მთლიანად ძველი რომის ისტორია. პირველი 11 წიგნი ითარგმნა 1480 წელს ვინმე ლაპუსის მიერ, პაპი პავლე II-ის შეკვეთით ბერძნულიდან ლათინურ ენაზე. ამის შემდეგ წიგნი „ძველი რომი“ დაიბეჭდა 1546 წელს პარიზში, ხოლო 1756 წელს პირელად წიგნი გამოცემული იქნა ინგლისურ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]