ბეჭედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვიან რომაული ბეჭდები

ბეჭედი — თითზე წამოსაცმელი სამკაული, ძვლის, ქვის, მინისა და სხვადასხვა ლითონისაგან გაკეთებული. ძველ აღმოსავლეთისა და ანტიკურ ქვეყნებში გავრცელებული იყო ე.წ. საბეჭდავი ბეჭედი შუაში ამოკვეთილი წარწერით ან გამოსახულებით; ასეთი ბეჭდის ანაბეჭდი მისი მფლობელის ხელმოწერას ცვლიდა. ბეჭედში ხშირად ჩასმული იყო გემა ან კამეა.

ბეჭედი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ლითონის ბეჭედი ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი და განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ანტიკური პერიოდიდან. ამ ხანის სამარხებში ნაპოვნია ფერადი თვლებით, ხშირად გემებითა და კამეებით შემკული ბეჭდები. გემიანი ბეჭედი საბეჭდავადაც გამოიყენებოდა. ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში თვლიანი ბეჭედი მეფე-ერისთავთა ერთ-ერთ ინსიგნიას წარმოადგენდა. ასეთი ბეჭდის თვალზე ამოჭრილი იყო მისი მფლობელის სახელი, ინიციალები ან ჰერალდიკური ნიშანი და მას ოფიციალურ საბუთებსა და დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად იყენებდნენ. საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ოქრო-ვერცხლისა და სხვა ლითონის ბეჭდები შემორჩა როგორც სამკაულად („სამკაო ბეჭედი“), ისე ცოლქმრობის სიმტკიცის გამომხატველ სიმბოლოდ (საქართველოს მთაში გავრცელებული იყო უპირატესად ადგილობრივ ნაკეთები ვერცხლის უთვლო ბეჭდები, მეტწილად მოსევადებულ-მოვარყებული) ზოგან თვლიან ბეჭდებს (უმთავრესად სარდიონისას) მაგიურ დანიშნულებასაც მიაწერდნენ და „ავი თვალისაგან“ დასაცავად იკეთებდნენ.

საბეჭდავი ბეჭედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითონის, ხის ან რეზინის საბეჭდავი (მეტწილად ბრტყელი რგოლის ფორმისა), რომელიც იხმარება მასზე პირუკუღმა ამობურცული წარწერისა თუ გამოსახულების აღსაბეჭდად ქაღალდზე, ლუქზე ან ცვილზე. ბეჭდის დანიშნულებაა საბუთის ნამდვილობის დადასტურება და ამა თუ იმ საგნის (მაგალითად კონვერტის) ხელუხლებლობის უზრუნველყოფა.

ძველ ბეჭდებს სწავლობს სფრაგისტიკა. ბეჭდები ჰქონდათ მეფეებს, მღვდელთმთავრებს, მოხელეებსა და კერძო პირებს. საქართველოში სამეფო კარზე ჰქონდათ დიდი სასიგელე სახელმწიფო ბეჭედი; ამის გარდა, სახელმწიფო მცირე ბეჭედიც არსებობდა. XV საუკუნემდე ხმარობდნენ შეკიდულ ბეჭედს (ანაბეჭდი წონრით იყო შეკიდული საბუთზე). ბეჭდები განსხვავდება ერთმანეთისგან ლეგენდის (წარწერის) მიხედვით. ზოგიერთ ბეჭედზე მფლობელის მხოლოდ სახელია მოხსენიებული, ზოგზე კი მისი ტიტულიც. ამის გარდა, ზედ ამოკვეთილია ვრცელი ლეგენდებიც, ზოგი ლექსადაა გამოთზმული (მაგ. ერეკლე II-ის მეუღლის ბეჭედზე: „ვინ არს მიზეზი არსთა მკობისა, მან მცა წიაღი დედოფლობისა. დარეჯან“). ერთსა და იმავე პირს შეიძლება რამდენიმე ბეჭედი ჰქონოდა (მაგალითად ერეკლე II-ს 8 ბეჭედი ჰქონდა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]