ალექსანდრე ჭავჭავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (დ. 1786, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 6 ნოემბერი, 1846, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისში გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასასწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წლის 14 სექტემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძე შეუერთდა მთიულეთის აჯანყებას. მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.

1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.

პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 წ. იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812 წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთშისიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.

1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1815 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827 წ. ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად.

1828 წ. 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხესიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს - სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე თოფრაყალა.

1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.

1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის”.

1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.

1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: "მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან". თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც. მასვე ეკუთვნის ნაშრომი „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბაშიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 376-377.
  • ალექსანდრე ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1986
  • ევგენიძე ი., „ქართული რომანტიზმის საკითხები“, თბილისი, 1982
  • ზანდუკელი მ., თხზულებანი, ტ. 1 ახალი ქართული ლიტერატურა, თბილისი, 1972
  • აბაშიძე გ. „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“, თბილისი, 1970
  • მახარაძე ა., „ქართული ლიტერატურის ისტორია ექვს ტომად“ ტ. 3, თბილისი, 1969
  • ასათიანი გ., „ქართველი ლირიკოსები“, თბილისი, 1963
  • მახარაძე ა., „ქართული რომანტიზმი“, თბილისი, 1960
  • კოტეტიშვილი ვ., „ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს)“, თბილისი, 1959
  • კენჭოშვილი ა., ალექსანდრე ჭავჭავაძე, თბილისი, 1953
  • მაღლაკელიძე, ს. მასალები ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფიისთვის, „საისტორიო მოამბე“ N2, 1946

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]