Z3

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Z3 — პირველი მრავალფუნქციური პროგრამულად მართვადი და ორობით კოდში მცურავი წერტილით თავისუფლად პროგრამირებადი გამომთვლელი მანქანა, რომელსაც გააჩნია თანამედროვე კომპიუტერის ყველა მახასიათებელი. შექმნილია გერმანელი ინჟინრის კონრად ცუზეს მიერ.

ისტორია[რედაქტირება]

Z3 სამეცნიერო საზოგადოებას წარედგინა 1941 წლის 12 მაისს. დღეს ბევრს ის მიაჩნია პირველ რეალურად მოქმედ პროგრამირებად კომპიუტერად, თუმცა ცუზეს პირველი მანქანის Z1-გან (1938) მთავარი განმასხვავებელი თვისება იყო ის, რომ შეეძლო კვადრატული ფესვის გამოანგარიშება.

მანქანა წარმოადგენდა ორობით გამოანმგარიშებელს პროგრამირების შეზღუდული უნარით, დაფუძნებულს სატელეფონო რელეებზე. ამგვარ რელეებზე იყო შექმნილი მონაცემთა შემნახველი მოწყობილობაც. მათი საერთო რაოდენობა აღწევდა 2200-ს. Z3-ს ტაქტური სიხშირე იყო 5,33 ჰერცი.

ცუზეს Z3 აგებული იყო მისი წინამორბედი Z1 და Z2-ის ბაზაზე და თავის მხრივ წარმოადგენდა უფრო სრულყოფილი კომპიუტერის Z4-ის საფუძველს.

1942 წელს ცუზეს ავსტრიელ ინჟინერ-ელექტრიკოს ჰელმუტ შრაიერთან თანამშრომლობით Z3-ის ბაზაზე უნდა აეგო ახალი ტიპის კომპიუტერი, სადაც სატელეფონო რელეები შეცვლილი იქნებოდა ვაკუუმურ-ელექტრონული ნათურებით, რაც ძლიერ აამაღლებდა მანქანის სისწრაფისა და საიმედოობის კოეფიციენტს. ახალი კომპიუტერი მეტად გამოსადეგარი იქნებოდა დაშიფრული შეტყობინებების გაშიფრვისა და კრიპტოგრაფიისთვის, თუმცა ომის პერიოდში ხანგძლივი სამეცნიერო სამუშაოების აკრძალვის მიზეზით ინჟინერთა ეს წამოწყება არ დააკმაყოფილეს.

გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებშიც გამოჩნდნენ პირველი გამომთვლელი მანქანები. ესენი იყვნენ "მარკ 1", "კოლოსი" და "ენიაკი". ამავე დროს კონრად ცუზეს მანქანა იკავებდა გაცილებით პატარა ადგილს და ღირდა უფრო იაფი, ვიდრე ორი წლის შემდეგ შექმნილი ამერიკული კომპიუტერი "მარკ 1".

Z3 გამოიყენებოდა გერმანული აეროდინამიკის კვლევითი ინსტიტუტის მიერ თვითმფრინავებისა და მართვადი რაკეტების კონსტრუქციათა გამოთვლებისათვის (გერმ. Aerodynamische Versuchsanstalt). კომპიუტერის ერთადერთი ეგზემპლარი ცუზეს სხვა ადრეულ გამოგონებებთან ერთად განადგურდა 1945 წელს საბჭოთა ავიაციის მიერ დაბომბვის შედეგად.

1960 წელს კომპანია Zuse KG-ის მიერ ჩატარდა Z3-ის რეკონსტრუქცია. ამ მოდელს დიდი ინტერესით შეხვდნენ 1967 წელს მონრეალის გამოფენაზე, ხოლო ამჟამად ის განთავსებულია მიუნხენის "გერმანულ მუზეუმში".

სპეციფიკაცია[რედაქტირება]

  • სიხშირე: 5,3 ჰც
  • არითმეტიკული მოწყობილობა: მცურავი წერტილით, 22 ბიტი, +, -, *, /, კვადრატული ფესვი
  • გამოთვლის საშუალო სიჩქარე: მიმატება — 0,8 წამი, გაყოფა — 3 წამი
  • ენერგიის მოხმარება: 4 კვტ.
  • წონა: 1000 კგ.
  • ელემენტები: 2600 რელე, 600 — არითმეტიკულ მოწყობილობაში, 2000 — მეხსიერების მოწყობილობაში. მილტიპლექსორი მეხსიერების მისამართების შერჩევისათვის.
  • მეხსიერება: 22 ბიტი სიგრძის 64 სიტყვა.
  • შეტანა: ათობითი რიცხვები მცურავი მძიმით
  • გამოტანა: ათობითი რიცხვები მცურავი მძიმით
  • ღირებულება: 50 ათასი რეიხსმარკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Z3&oldid=2405951“-დან