Venevisión

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Venevision)
Venevisión
სლოგანი ¡Tu emoción, Venevisión!
ქვეყანა ვენესუელა
მაუწყებლობის ზონა თანამგზავრული
მაუწყებლობის არხი VHF4 (კარაკასი)
დაფუძნდა 1961
დამფუძნებელი Grupo Cisneros
მფლობელი გუსტავო სისნეროსი
საიტი www.venevision.net

Venevisión (ქართ. ვენევისიონი) — ვენესუელის უმსხვილესი სატელევიზიო ქსელი, რომელიც ეკუთვნის გუსტავო სისნეროსს. ვენევისიონის ბევრი პოპულარული პროგრამის ყურების საშუალება 2009 წლამდე აშშ-შიც იყო შესაძლებელი უნივიზიონის ქსელის საშუალებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია სათავეს იღებს 1953 წლის 4 მაისიდან, როდესაც დაარსდა ტელევისიონ ვენესოლანა ინდეპენდიენტე (ესპ. Televisión Venezolana Independiente S.A, (Televisa)), რომელიც მაუწყებლობდა კარაკასში მე-4 არხზე და მარაკაიბოში მე-5 არხზე. როდესაც 1960 წელს ტელევისა (არანაირ კავშირში არაა მექსიკურ ტელეკომპანია ტელევისასთან) გაკოტრდა, მისი დარჩენილი აქტივები დიეგო სისნეროსმა შეიძინა. 1961 წლის 27 თებერვალს, ვენევისიონი საზეიმოდ გაიხსნა სპეციალური შოუთი, რომელსაც ათასობით ადამიანი ელოდებოდა, იგი მანქანების ავტოსადგომზე გაიმართა. ტელეკომპანიამ სტარტი აიღო 5 500 000 ბოლივარის კაპიტალით და 150 თანამშრომლით, რომელთა შორისაც იყვნენ მსახიობები, ადმინისტრატორები და ტექნიკური პერსონალი. თავდაპირველი ადმინისტრატორები იყვნენ დიეგო სისნეროსი (პრეზიდენტი), ალფრედო ტორესი (მაუწყებლობის მენეჯერი), ექტორ ბელტრანი (პროდუქციის მენეჯერი) და ორლანდო კუევასი (გენერალური მენეჯერი).

საწყის ეტაპზე, ვენევისიონი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა, რადგან არ გააჩნდა ვიდეოჩამწერი სისტემა. სულ მოკლე პერიოდში, ვენევისიონმა ეროვნული სახე მიიღო და მისი ყურება ვენესუელის უმეტეს ნაწილში შესაძლებელი გახდა მრავალ მეტრულ (VHF) და დეციმეტრულ (UHF) არხზე.

1961 წელს, ახლადშექმნილი ვენევისიონი და ამერიკული სატელევიზიო ქსელი ABC ხელს აწერენ ორ შეთანხმებას: ერთს ტექნიკური დახმარების და მეორეს სხვადასხვა პროგრამის მაუწყებლობის უფლების თაობაზე. ამ შეთანხმების წყალობით, ვენევისიონს ვიდეოჩამწერი სისტემის გამოყენების საშუალება მიეცა. არსებობის პირველივე წელს, ტელეკომპანიამ რეკლამების საშუელებით თვეში 800 000 ბოლივარის შემოსავალი მიიღო.

1976 წელს, ვენევისიონმა გადამცემები, რომლებიც კარაკასის გარეუბან ლა-კოლინაში შენობის წვერზე მდებარეობდა, სადაც ასევე განლაგებული იყო მისი სტუდიები, გადაიტანა ლოს-მეკრედოსზე, სახელმწიფო ტელევიზიისა (Venezolana de Televisión) და სატელოფონო კომპანია CANTV-ის დანადგარების გვერდით. ლოს-მეკრედოსზე, 100 მეტრის სიმაღლის კოშკზე, დაამონტაჟეს ახალი მძლავრი ანტენა, რომლის საშუალებითაც ვენევისიონის სიგნალმა უკეთესი ხარისხით მიაღწია ქალაქ პეტარეს, კარიკუაოს და გუარენასს. 1970-იან წლებში ვენესუელის სხვა სატელევიზიო სადგურების მსგავსად ვენევისიონმაც მოსინჯა ფერადი მაუწყებლობა. 1978 წელს, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ ვენევისიონი ფერადი მაუწყებლობის რეგულაციის დარღვევისთვის 4 000 ბოლივარით დააჯარიმა.

1982 წელს ვენევისიონი ქალაქ ელ-ტიგრეში (ანსოატეგის შტატი) მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს ახალი აღჭურვილობის დასამონტაჟებლად, რომლის საშუალებითაც უნდა გაფართოებულიყო და გაუმჯობესებულიყო მათი დაფარვის ზონა ამ რეგიონში.

1986 წლის 1 ნოემბრისთვის, ვენევისიონი პირველი ტელევიზია იყო ვენესუელაში, რომელსაც გააჩნდა საკუთარი თანამგზავრული თეფში.

1987 წლის 27 მაისს, ქვეყნის პრეზიდენტმა ხაიმე ლუსინიჩიმ ვენევისოპნს ვენესუელაში მაუწყებლობის 20 წლიანი ლიცემზია მიანიჭა.

1992 წლის 4 თებერვალს, პრეზიდენტმა კარლოს ანდრეს პერესმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიელების მცდელობისას, ვენევისიონის სტუდიებიდან ერი მისი მთავრობის წინააღმდეგ განეწყობოდა.

1992 წლის 22 მარტიდან, ვენევისიონს 24 საათიანი მაუწყებლობა შეეძლო მხოლოდ პარასკევობით, შაბათობით და კვირაობით. 1994 წლიდან კი 24 საათიანი მაუწყებლობა განაახლა კვირის შვიდივე დღის განმავლობაში, რაც დღემდე გრძელდება.

საერთაშორისო მაუწყებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენევისიონის ბევრი პროგრამის ყურება შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მთლიანად მისი კუთვნილი ტელეარხების — ვენევისიონ კონტინენტალის, ვენევისიონ პლიუსისა და ვენევისიონ ინტერნეიშენალის საშუალებით. მის შოუებს ასევე აჩვენებენ ზოგიერთი არხი, მაგალითად ამერიკული უნივიზიონი და მექსიკური ტელევისა.

პოლიტიკური პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენევისიონი პრეზიდენტ უგო ჩავესის ხელისუფლების ხმამაღალი ოპონენტი იყო 2005 წლამდე, როდესაც მისმა კრიტიკამ საგრძნობლად დაიკლო. 2002 წლის 11 აპრილს, კერძო ტელევიზიათა უმრავლესობასთან ერთად, მათთან ერთდროულად, ვენევისიონმა გაუშვა დემონსტარციაზე ხალხის დარბევის სცენები, რომლებიც წინ უძღვოდა 2002 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

მოგვიანებით, ვენევისიონი ვენესუელის ოპოზიციისა და უგო ჩავესის მოწინააღმდეგე ჯგუფების კრიტიკის ობიექტი გახდა. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ტელეკომპანიამ მოწინააღმდეგე ტელეარხ ტელევენის მსგავსად, შეამცირა ჩავესის კრიტიკა. თავისი ეთერის 84% მან ჩავესის პოზიციას დაუთმო, ოპოზიციას კი მხოლოდ 16%.[1] სხვა ოპოზიციურმა არხებმა, მაგალითად RCTV-მა და გლობოვისიონმა ეს ღალატად შეაფასეს და ვენევისიონს ჩავესისადმი მორჩილებაში დასდეს ბრალი. მისადმი კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა 2007 წელს მთავრობის მიერ ტელეკომპანია RCTV-ის დახურვისას. ამ პერიოდისთვის, RCTV ვენესუელაში ყურებადობის მხრივ პირველი იყო, ვენევისიონი კი მეორე. ბევრი მიიჩნევდა, რომ ვენევისიონი საკუთარი მოგების მიზნით ფარულად უჭერდა მხარს RCTV-ს დახურვას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Venevisión&oldid=4358102“-დან