Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
სტუდიური ალბომი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 1 ივნისი 1967
ჩაწერის თარიღი 6 დეკემბერი 196621 აპრილი 1967, ები-როუდის სტუდიები
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 39:42
ლეიბლი Parlophone
Capitol
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
გარეკანის ავტორი რობერტ ფრეიზერი
ბითლზი - ქრონოლოგია
Revolver
(1966)
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
(1967)
Magical Mystery Tour
(1967)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ A[2]
Crawdaddy! 5/5 stars გამოცემა 1.11[3]
Pitchfork Media (10/10)[4]
The Telegraph 5/5 stars[5]
Sputnikmusic 5/5 stars[6]
Q 5/5 stars[7]
Rolling Stone (დადებითი)[8]

Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (ქართ. სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი) — ჯგუფ ბითლზის მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1967 წლის 1 ივნისს. ალბომი ჩაწერილი იქნა 129 დღის განმავლობაში - 1966 წლის 6 დეკემბრიდან მოყოლებული. გამოცემის მეორე დღეს იგი გამოვიდა აშშ-შიც. ამ ალბომს ხშირად მიიჩნევენ როგორც საკუთრივ ჯგუფის, ასევე ყველა დროის საუკეთესო და ყველაზე გავლენიან დისკად.

დღეისათვის გაყიდულია ალბომის დაახლოებით 32 მილიონი ასლი, რის მიხედვითაც იგი მსოფლიო ბესტსელერად ითვლება.[9]

მიმოხილვა[რედაქტირება]

ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ჩაწერის დროს მოვლენა, რომელსაც ბიტლომანიას უწოდებდნენ, ქრებოდა. ბითლზი დაიღალა მუდმივი ტურებით და გადაწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობის შეწყვეტა. ეს მოხდა 1966 წლის აგვისტოში. ამის შემდეგ პირველად თავის ისტორიაში ოთხეულმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმო სტუდიურ მუშაობას. რა თქმა უნდა, საკონცერტო გამოსვლების შეწყვეტა რისკიანი საქმე იყო, მაგრამ ბიტლომანია ჯერ კიდევ მოქმედებდა, ამიტომაც კომერციული წარმატება მათ გარანტირებული ჰქონდათ. გარდა ამისა, ები-როუდის სტუდია უკვე მუდმივ სამუშაო ადგილს წარმოადგენდა, ხოლო წარსულის წარმატებამ მათ გზა გაუკვალა ღამის ჩამწერ სესიებში და სტუდიაც მათ განკარგულებაში იყო.

ალბომის დასრულების მომენტში, ოთხეული უბრალო პოპ-მუსიკიდან და რიტმ ენ ბლუზიდან გადავიდა სხვა ჟანრებზე. ყველაზე მეტად მათი ინსტრუმენტული პალიტრა გაამდიდრა ორგანის, ელექტრონული ფორტეპიანოს, სიმებიანების, ჩასაბერი, სხვადასხვა პერკუსიის ინსტრუმენტმა. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სიტარის ჟღერადობასაც. მაკ-კარტნი დაინტერესებული იყო კარლჰაინც შტოკჰაუზენის ელექტრონული ექსპერიმენტებით და სურდა ალბომის გარეკანზე ამ უკანასკნელის გამოტანა.

გამოყენებული იქნა სხვა ახალი სტუდიური ეფექტები, მაგრამ ამას თან ახლდა მუსიკალური სტილისტიკის ცვლაც. ახალ ალბომში იგრძნობოდა ბობ დილანის, ფრენკ ზაპას, ჯიმი ჰენდრიქსის, ფილ სპექტორისა და ბიჩ ბოიზის გავლენა, მაგრამ ეს მაინც განსხვავებული ნამუშევარი იყო.

ინსტრუმენტული მხარე[რედაქტირება]

Sgt. Pepper-ში არარეალური არანჟირებებია, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდის ბითლზისათვის. მაგალითად, სიმღერაში When I'm Sixty-Four გამოყენებული იქნა კლარნეტი, გაჯერებული სტუდიური ეფექტებით - ექოთი და ვიბრაციებით.

კამათი წარმოიშვა She's Leaving Home-ზე მუშაობისა, როდესაც მაკ-კარტნის მობეზრდა ჯორჯ მარტინის სტუდიაში არყოფნა და იქირავა მაილ ლინდერი, სესიური არანჟირებების ავტორი. სწორედ მან ჩაუტარა არანჟირება სიმებიან ორკესტრს. ყოველ შემთხვევაში, მეორედ მოწვეული არანჟირებების ავტორი მხოლოდ ალბომის Magical Mystery Tour შემთხვევაში იყო.

ლენონმა ალბომს აჩუქა Being for the Benefit of Mr. Kite!. აქ ერთი უცნაური რამ შეიმჩნევა - სიმღერა, რომელიც დიდ წარმოდგენაზეა, შეიცავს კონკრეტულ ხმოვან ეფექტებს, რომლებიც შექმნეს მარტინმა და სხვა ხმის ინჟინრებმა. რეალურად ეს არის სხვადასხვა ფირი, რომელზეც ჩაწერილია ორგანების ხმა, გაშვებული სხვადასხვა სიჩქარეზე და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

Within You Without You იმ პერიოდის პოპ ჩანაწერების კვალზე საკმაოდ ხანგრძლივი იყო. სიტარაზე ჯორჯ ჰარისონი უკრავს, დანარჩენ ინსტრუმენტებზე - ლონდონელი მუსიკოსები, რომლებიც წარმოშობით ინდოეთიდან იყვნენ. საკუთარი სტატუსი ბითლზს საშუალებას აძლევდა, ექირავა ნებისმიერი სესიური მუსიკოსი, ხოლო ჰარისონი იმდენად დაინტერესდა ინდური კულტურით, რომ გადიოდა გაკვეთილებს რავი შანკართან, სიმღერის ოსტატთან.

რამდენიმე სიმღერაში უხვად გამოიყენება ფორტეპიანოს მძიმე აკორდები - A Day in the Life ამის ნათელი მაგალითია.

მონო ვერსია[რედაქტირება]

ალბომის მიქსის დროს ჯგუფს მოასმენინეს როგორც მონო, ასევე სტერეო ვერსია. ორივე მოამზადეს ები-როუდის სტუდიის ინჟინრებმა. ორ მიქსს შორის მკვეთრი განსხვავება იყო. მაგალითად, She's Leaving Home ჩვეულებრივ სტერეო ვერსიაში უფრო ნელი ტემპით ჟღერს, სინამდვილეში კი ტემპი უფრო სწრაფი იყო და ტონალობაც განსხვავდებოდა. ამასთან, პირიქით, Lucy in the Sky with Diamonds მონო ვერსიაში უფრო ნელია, ვიდრე სტერეო ჩანაწერში. მონო ვერსიაში ასევე ისმოდა მაკ-კარტნის ყვირილი - ზუსტად სიმღერის A Day in the Life დასაწყისში, რაც არ ისმის სტერეო ვარიანტში.

სხვა დეტალებს შორის იყო მონო ვერსიაში უფრო ხმაურიანი სიცილი სიმღერის Within You Without You ბოლოს, ხოლო სიმღერის Being for the Benefit of Mr. Kite! ფინალს არ ახლდა ექოს ეფექტი.

თემები და სტრუქტურა[რედაქტირება]

აშშ-ში და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ტურის მაგივრად ჯგუფი აპირებდა საკუთარი პრომო-ფილმების გავრცელებას.

მაკ-კარტნის იდეა მდგომარეობდა ყოველი წევრისათვის მოგონილი პერსონაჟის შექმნა და ალბომიც უნდა ყოფილიყო აგებული ოთხივე მოგონილი პერსონაჟის შესრულებაზე.

იმ პერიოდში ჯგუფის ოთხივე წევრი ატარებდა გრძელ თმას და ულვაშებს, რაც კარგად შეეწყო თავად ალბომის პერსონაჟების ჩაცმულობას.

შესაბამისად, თუკი ალბომი ამ ოთხ პერსონაჟზეა, მას ხსნის სასათაურო სიმღერა, რომელიც წარადგენს სერჟანტ პეპერის ბენდს. შემდეგ მოქმედებაში შემოდის ბილი შირსი, რინგო სტარის მიერ განსახიერებული. იგი ასრულებს სახუმარო სიმღერას With a Little Help from My Friends. ალბომის ფინალია პირველი სიმღერის რეპრიზა, ოღონდ - ეპილოგის ტონით. თუმცა პოსტ-ეპილოგს წარმოადგენს A Day in the Life.

ალბომზე მუშაობისას შემუშავდა რამდენიმე კონცეფცია, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოუდეგარი იყო. ლენონი თვლიდა, რომ სერჟანტ პეპერის კონცეფციასთან ამ სიმღერების დიდ ნაწილს კავშირი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სიმღერებმა, რომლებიც ერთმანეთში გადადიან, მსმენელზე დატოვეს კონცეპტუალური დისკის შთაბეჭდილება.

თავდაპირველად სიმღერების მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ბავშვობა და ყოველდღიურობა. ამის პირველი მაგალითად იქცა ახალი სიმღერები Penny Lane და Strawberry Fields Forever, რომლებიც სინგლებად გამოიცა. მაგრამ მათი შეტანა ამ ალბომში გადაიფიქრეს.

ჰალუცინოგენების თემა[რედაქტირება]

ალბომზე საუბრისას ბევრი თვლის, რომ მის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიც იყო მარიხუანა და LSD. მაგალითად, სიმღერის A Day in the Life ერთ-ერთი სტრიქონია I'd love to turn you on (მსურს, ჩაგრთო). ჩართვა იყო ნარკოტიკული მდგომარეობის ერთ-ერთი სინონიმი იმდროინდელ სლენგში.

ავტორ პიტერ ბრაუნის წიგნში The Love You Make: An Insider's Story of The Beatles განიხილება იგივე სიმღერის სტრიქონები Found my way upstairs and had a smoke. Somebody spoke and I went into a dream (ავირბინე კიბეზე და გავაბოლე. ვიღაც საუბრობდა, მე კი ჩამეძინა). ავტორი თვლის, რომ ეს პირდაპირ აღწერს მარიხუანის ეფექტს. მაგრამ ჯგუფმა უარყო რამდენიმე თეორია სხვადასხვა სიმღერის შესახებ.

ყველაზე ცნობილი თეორია უკავშირდება ლენონის სიმღერას Lucy in the Sky with Diamonds, რომლის სახელწოდებაც ფანტაზიის მქონე მოყვარულებმა შეამოკლეს LSD-მდე. სიმღერის სიურეალისტური ტექსტის გამო ეს იქცა ყველაზე აშკარა მხილებად, მაგრამ ასევე ცნობილი გახდა, რომ ეს სახელწოდება აღებულია ჯულიან ლენონის მიერ ნასროლი ფრაზიდან. ბავშვობისას მან მოიტანა სკოლიდან ნახატი, რომელიც დაასათაურა, როგორც ლუსი ცაში ალმასებით.

მიუხედავად ამისა, სიმღერაში With a Little Help From My Friends რინგო სტარი პირდაპირ წარმოთქვამს, რომ იგი კაიფობს თავის მეგობრებთან ერთად.

რეაქცია და გავლენა[რედაქტირება]

გამოსვლისთანავე ალბომმა მაღალი შეფასება მიიღო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავის მიმოხილვაში იგი დაასახელა გარდამტეხ მომენტად დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში. სხვა ჟურნალისტები უფრო შორს წავიდნენ - მათი აზრით, ეს ალბომი საუკუნის ისტორიის შემადგენელი ნაწილი იყო.

ალბომს უარყოფითი შეფასება შეხვდა ნიუ-იორკ ტაიმსის კრიტიკოსის რიჩარდ გოლდენსტეინის მხრიდან, რომელმაც დაწერა, რომ - „ალბომი აშლილი და არეულია და მხოლოდ სპეციალური ეფექტებით არის გაჯერებული. თუმცა, რიჩარდმა ვერ გაუძლო A Day in the Life-ის ცდუნებას და წერდა, რომ ეს ემოციური მუსიკაა, დამამშვიდებელი ლირიკით და ეს არის ლენონის-მაკ-კარტნის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და პოპ-მუსიკის ისტორიული მოვლენა.

ფრენკ ზაპას ეს ალბომი არ მოეწონა და მან ხაზი გაუსვა ამას ალბომის We're Only in It for the Money ყდით, რომელიც ბითლზის გარეკანის პაროდია იყო. საინტერესოა, რომ დისკის ჩაწერის შემდეგ მაკ-კარტნიმ დაასახელა იგი ბითლზის Freak Out!-ად (ეს უკანასკნელი ფრენკ ზაპას ალბომია, რომელიც ითვლება პირველ კონცეფტუალურ დისკად).

ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე დღეს ჯიმი ჰენდრიქსი უკვე ასრულებდა სასათაურო სიმღერას საკუთარ კონცერტებზე. ერთ-ერთ ასეთ გამოსვლას ესწრებოდნენ ჰარისონი და მაკ-კარტნი, რომლებიც გაოგნებულები იყვნენ იმით, რომ მუსიკოსმა ასე მალე დაამუშავა ეს ნომერი. მიუხედავად იმისა, რომ ბითლზის ანტისაკონცერტო პოლიტიკის გამო ეს ალბომი არასოდეს შესრულებულა მთლიანი სახით, ჯგუფმა ალბომ the Twilights-ის გამოცემამდე რამდენიმე ხნით ადრე (მან მიიღო დისკის სარეკლამო ასლი) ავსტრალიურ მაყურებელს წარუდგინა იგი, თავიდან ბოლომდე, საკუთარი შესრულებით. შემდგომში ეს ალბომი არაერთხელ შესრულებულა სხვადასხვა მუსიკოსის მიერ.

ჩარტებში ალბომის წარმატება უფრო დიდი იყო, ვიდრე რეცენზიებში. ბრიტანეთში გამოცემამდე ერთი კვირით ადრე იგი უკვე იმყოფებოდა #8 ადგილზე, შემდეგ კი, გამოსვლიდან მოყოლებული - 23 კვირის განმავლობაში იყო #1 ადგილზე. 1987 წელს, კომპაქტ დისკზე გამოცემის შემდეგ იგი მოხვდა #3 ადგილზე. 1992 წელს გამოვიდა მისი 25-ე საიუბილეო გამოშვება, რომელიც მოხვდა #6 ადგილზე. 2007 წელს, მე-40 საიუბილეო წელს იგი მოხვდა #47 ადგილზე. ჯამში, ბრიტანულ ჩარტებში მან 198 კვირა გაატარა.

1968 წელს მან მიიღო გრემი, წლის ალბომის და საუკეთესო თანამედროვე ალბომის კატეგორიაში. ამასთან, ეს იყო პირველი როკ-ალბომი, რომელმაც წლის ალბომის პრიზი მიიღო.

სხვადასხვა გამოკითხვებსა და რეიტინგებში ამ დისკს მუსიკალური ისტორიის საუკეთესო ალბომად ასახელებდნენ.

ისტორიული მნიშვნელობა[რედაქტირება]

მუსიკალური ექსპერიმენტების პერიოდი ბითლზის შემოქმედებაში დაიწყო ალბომით Rubber Soul, რომელზეც დიდი გავლენა იქონია ინდური კულტურით დაინტერესებამ.

Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ში არ შეიტანეს ორი სიმღერა, Strawberry Fields Forever და Penny Lane, რომლებიც დაიწერა იმავე პერიოდში. ჰარისონის Only a Northern Song შეიტანეს ფილმში ყვითელი წყალქვეშა ნავი.

ბევრი თვლის, რომ ეს იყო უკანასკნელი ალბომი, რომელზეც ბითლზი მუშაობდა როგორც ჯგუფი. შემდგომ მათი გზები გაიყო, რაც დაეტყო სტუდიურ მასალას.

გარეკანი[რედაქტირება]

გარეკანის დიზაინმა ასევე მიიღო გრემი, როგორც წლის საუკეთესო გარეკანმა. მისი ავტორია რობერტ ფრეიზერი, მაკ-კარტნისთან, პიტერ ბლეიკთან, მის მეუღლესთან და ფოტოგრაფ მაიკლ კუპერთან ერთად. გარეკანზე გამოტანილია ადამიანის ზომის მუყაოს ფოტოგრაფიული ფიგურები. აგრეთვე გარეკანზე გამოსახულია როგორც ნამდვილი, ასევე ცვილისგან დამზადებული ბითლზის წევრები.

ბლეიკის თქმით, თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო გარეკანზე სერჟანტ პეპერის ბენდის გამოტანა. ამ უკანასკნელს უნდა დაეკრა პარკში.

ფოტოკოლაჟზე ვხედავთ 70მდე ცნობილ ადამიანს, მათ შორის - მარლენ დიტრიხს, ბობ დილანს, მერილინ მონროს, კარლჰაინც შტოკჰაუზენს, მარლონ ბრანდოს, ლენი ბრიუსს, ბითლზის გარდაცვლილ წევრს სტიუარტ სატკლიფს. ლენონი თავდაპირველად აპირებდა ამ კოლაჟში ადოლფ ჰიტლერის დამატებას, მაგრამ ეს იდეა ამოვარდა. მიუხედავად ამისა, ალბომის ფოტოსესიის სურათებზე შესაძლებელია მისი ფიგურის ნახვაც.

ალბომი ჩადებული იყო გასაშლელ კონვერტში, რომლის გაშლაზეც გამოსახული იყო ოთხივე მუსიკოსი ახალ კოსტიუმებში. გასაშლელი კონვერტი ოთხეულმა აირჩია იმის გამო, რომ თავდაპირველად აპირებდა ორმაგი ალბომის გამოცემას. მაშინ, როდესაც ალბომის მასალა შემცირდა 1 დისკამდე, გარეკანი უკვე იყო დაბეჭდილი.

აგრეთვე კოლექტივს სურდა ამ გამოცემაში შეეტანა ქინძისთავები, კალმები და სხვადასხვა სუვენირები, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოცემა ძალიან ძვირი ჯდებოდა.

ფოტოკოლაჟმა განსხვავებული შეფასება მიიღო. მეი უესტმა, რომელიც ასევე არის გამოსახული გარეკანზე, აღშფოთებით გამოთქვა - რა დამკარგვია მარტოხელა გულების კლუბში?, მაგრამ მას შემდეგ რაც ბითლზმა მას პირადი ახსნა გაუგზავნეს, კრიტიკა შეწყდა.

სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემები განსხვავდებოდა. მრავალი წლის შემდეგ რუსეთში გამოცემულ გარეკანზე დასარტყამებზე გამოტანილი ბითლზის სახელწოდება რუსული კირილური შრიფტით იყო დაწერილი, ხოლო კარლ მარქსის მაგივრად გამოსახეს გრიგორი რასპუტინი.

ფილმი, რომელიც არ გამოვიდა[რედაქტირება]

1967 წლის 10 თებერვალს 6 ოპერატორი იღებდა A Day in the Life-ის ჩაწერას. ეს ფრაგმენტი უნდა შეეტანათ ალბომისადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემაში. თუკი პროექტი გავიდოდა ეთერში, ეს იქნებოდა პირველი ნამდვილი ვიდეო ალბომი — ფილმი, რომელიც მიჰყვება ალბომის ყველა სიმღერას. მაგალითად, Within You Without You უნდა გადაეღოთ ქარხნებში, ოფისებში და ლიფტებში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ დაასრულეს, A Day in the Life-ის კადრები მოხვდა ეკრანზე, მაგრამ — მხოლოდ 1988 წელს, ლენონისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში „Imagine: John Lennon“.

სიმღერების სია[რედაქტირება]

Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band იყო ბითლზის პირველი ალბომი, რომლის ბრიტანული და აშშ გამოცემები ერთსა და იმავე სიმღერებს შეიცავდნენ (მიუხედავად იმისა, რომ აშშ გამოცემაში ხმის ეფექტები ოდნავ განსხვავდებოდა).

ყველა სიმღერის ავტორი — ჯონ ლენონი/პოლ მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
1. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band   მაკ-კარტნი 2:02
2. With a Little Help from My Friends   სტარი 2:44
3. Lucy in the Sky with Diamonds   ლენონი 3:28
4. Getting Better   მაკ-კარტნი 2:47
5. Fixing a Hole   მაკ-კარტნი 2:36
6. She's Leaving Home   მაკ-კარტნი და ლენონი 3:35
7. Being for the Benefit of Mr. Kite!   ლენონი 2:37
მხარე 2
# სახელწოდება ვოკალი ხანგრძლივობა
8. Within You Without You (ჯორჯ ჰარისონი) ჰარისონი 5:05
9. When I'm Sixty-Four   მაკ-კარტნი 2:37
10. Lovely Rita   მაკ-კარტნი 2:42
11. Good Morning Good Morning   ლენონი 2:41
12. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (reprise)   მაკ-კარტნი, ჰარისონი, ლენონი 1:18
13. A Day in the Life   ლენონი , მაკ-კარტნი 5:33

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band საიტზე Allmusic
  2. Christgau, {{{2}}}
  3. Gendelman, David. Blogs :: Crawdaddy :: Paste. Crawdaddy.wolfgangsvault.com. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011.
  4. Plagenhoef, Scott. (9 September 2009)Album Reviews: The Beatles: Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011.
  5. The Beatles. “The Beatles - Sgt Pepper’s Lonely Hearts Club Band, review“, Telegraph, 7 September 2009. წაკითხვის თარიღი: 2011-10-23. 
  6. The Beatles - Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (staff review). Sputnikmusic (2010-08-08). წაკითხვის თარიღი: 2011-10-23.
  7. The Beatles: Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. By Charles Shaar Murray : Articles, reviews and interviews from Rock's Backpages. Rocksbackpages.com. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011.
  8. Rolling Stone review
  9. http://www.belfasttelegraph.co.uk/entertainment/music/news/wheres-adolf-the-mystery-of-sgt-pepper-is-solved-13411115.html

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]