S.F. Sorrow

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
S.F. Sorrow
სტუდიური ალბომი - The Pretty Things
გამოცემის თარიღი დეკემბერი 1968 (ბრიტანეთი)
აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაწერის თარიღი ები-როუდის სტუდიები, 1968
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 40:59 (ორიგინალური)
68:10 (ხელმეორე გამოცემა)
ლეიბლი Columbia SX-6306 (მონო), SCX-6306 (სტერეო)
აშშ: Rare Earth RS-506
პროდიუსერი ნორმან სმითი, ინჟინერი: პიტერ მიუ
The Pretty Things - ქრონოლოგია
Emotions
(1967)
S.F. Sorrow
(1968)
Parachute
(1970)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]

S.F. Sorrow — ჯგუფ The Pretty Things-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1968 წელს.

S.F. Sorrow, ერთ-ერთი პირველი როკ-ოპერა, ეფუძნება ჯგუფის ვოკალისტ და გიტარისტ ფილ მეის მიერ გამოგონილ ისტორიას. ალბომი სიმღერების სტრუქტურის სტილს ატარებს და მსმენელს მოუთხრობს სებასტიან ფ. მწუხარეს (Sorrow) ამბავს, დაბადებიდან - სიყვარულამდე, ომამდე, ტრაგედიამდე, შეშლილობამდე და მოხუცებულობის პერიოდის იმედის გაცრუებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი როკ-ოპერა არის, ჯგუფ The Who-ს წევრები ამტკიცებდნენ, რომ მას პიტ ტაუნზენდსა და Tommy-ს (1969) შექმნაზე გავლენა არ ჰქონია. თუმცა, The Pretty Things ასე არ თვლიდა [2] და მის წევრთა მტკიცებულებებს არაერთი კრიტიკოსი ეთანხმებოდა.[3]

ალბომის ჩაწერა დაიწყო ები-როუდის სტუდიებში, 1967 წლის ნოემბერში, სიმღერით „Bracelets of Fingers“. ორი სიმღერა, რომელიც ალბომისთვის შეიქმნა, „Talking About the Good Times“ და „Walking Through My Dreams“, სინგლების სახით 1968 წლის თებერვალში გამოიცა. 1968 წლის მარტში დრამერმა სკიპ ალანმა ჯგუფი მოულოდნელად, პარალელურად გაბმული რომანის გამო დატოვა და მისი ადგილი დაიკავა ტვინკმა (ჯონ ჩარლზ ოლდერმა), რომლის ჯგუფი Tomorrow იმ პერიოდში დაიშალა.

EMI-ს პერსონალიდან შერჩეულ პროდიუსერ ნორმან სმითის (რომელიც ბითლზის ადრეულ ჩანაწერებზე მუშაობდა და პინკ ფლოიდის The Piper at the Gates of Dawn ჩაწერა) და ინჟინერი პიტერ მიუს მონაწილეობით ჯგუფი ცდებს ატარებდა უახლეს ხმოვან ტექნოლოგიასთან, იყენებდა რა მელოტრონისა და ადრეული ელექტრონული გენერატორების ეფექტებს, რასაც ემატებოდა ები-როუდის სტუდიების ტექნიკოსთან მიერ სპეციალურად შემუშავებული მოწყობილობები.

ფილ მეი კატეგორიულად აღნიშნავდა, რომ სმითი იყო ერთადერთი EMI-დან, რომელიც ამ პროექტს მხარს უჭედა და რომ მისი ტექნიკური გამოცდილება ალბომის ამბიციური, ექსპერიმენტული ჟღერადობისათვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა. მეი სმითს ჯგუფის მეექვსე წევრადაც თვლიდა, რაც კონტრასტში შედიოდა პინკ ფლოიდის უკმაყოფილებასთან.

ალბომზე მუშაობა დასრულდა 1968 წლის სექტემბერში, ფინალური სიმღერით „Loneliest Person“. „Private Sorrow“ და „Balloon Burning“ 1968 წლის ოქტომბერში სინგლებზე გამოიცა, ხოლო ალბომი - შემდეგ თვეში, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა ბითლზის White Album, როლინგ სტოუნზის Beggars Banquet და The Kinks-ის The Kinks Are the Village Green Preservation Society. EMI-ს ალბომის რეკლამირებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა არ მიუღია.

S.F. Sorrow გამოვიდა როგორც მონო, ასევე სტერეო-ვერსიის სახით. ლეიბლმა Snapper Records წლების შემდეგ ორივე CD-ზე გამოსცა, თუმცა ჯგუფის წევრები უპირატესობას ანიჭებდნენ მონო-მიქსს.

კონცეფცია[რედაქტირება]

S.F. Sorrow-ს თხრობა განსხვავდება სხვა როკ-ოპერებისგან. თუ სხვა შემთხვევაში კონცეფცია სიმღერების ტექსტებში შეიმჩნევა, The Pretty Things-ის ჩანაწერში სიმღერების სიუჟეტები ორიგინალური გრამფირფიტისა და CD-ის გამოცემაში იქნა დაბეჭდილი. ეს განმარტებები იკითხებოდა ართურ ბრაუნის მიერ, ოპერის ორიდან პირველი ცნობილი შესრულებისას. მეორედ, 2009 წლის 10 აპრილს, ოპერა შესრულდა Le Beat Bespoke Weekender-ის ფარგლებში, Mojo-ს დაფინანსებით.[4]

ისევე, როგორც Tommy, S.F. Sorrow იწყება მთავარი პერსონაჟის XX საუკუნის დასაწყისში დაბადებით. სებასტიან ფ. მწუხარე იბადება პატარა უსახელო ქალაქში, ჩვეულებრივ ოჯახში, სახლში, რომელსაც „ნომერი სამი“ ეწოდება. ქალაქი არსებობს „ტანჯვის ქარხნის“ დახმარებით („S.F. Sorrow is Born“). მწუხარეს, გამოგონილ პერსონაჟ ბიჭუნას ცხოვრება მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ იცვლება, როდესაც იგი მიდის მამას ქარხანაში სამუშაოდ მიჰყვება. ეს სამუშაო ბევრმა დატოვა და ს.ფ. შესაძლოა, იქცეს ზიზღის ობიექტად, სავარაუდოდ, მისი ასაკის გამო და იმ სამუშაოს გამო, რომელსაც შედარებით უფროსი ადამიანები ასრულებენ. ამავე პერიოდში იგი პირველ სექსუალურ გამოცდილებას ეზიარება („Bracelets of Fingers“).

მწუხარეს ცხოვრება ჯერ არ დასრულებულა. სიხარული მისთვის კვლავ არსებობს, ქუჩის მეორე მხარეს მცხოვრები გოგონას სახით. იგი მას ყოველდღე ესალმება და ს.ფ.-იც მასზე მუდმივად ფიქრობს. სწორედ ამით ცოცხლობს იგი. ორივეს ერთმანეთი უყვარდება, მაგრამ ქორწინება გადაიდება - მწუხარეს ჯარში იწვევენ („She Says Good Morning“).

მწუხარე უბრალო ქვეითი ჯარის მონაწილეა („Private Sorrow“) და (სავარაუდოდ, II მსოფლიო) ომში საბრძოლველად მიდის. კონტუზიით, იგი ეჩვევა არტილერიისა და ავტომატების ხმაურს, რაც მის რიტმად იქცევა. იგი გადარჩება და დასახლდება „ამერიკში“ (აქ აშშ იგულისხმება, ვინაიდან სიმღერის „Balloon Burning“ პირველი სიტყვაა „New York“). მწუხარეს საცოლე მისკენ „ვინდენბერგის“ დირიჟაბლით გამოემართება (იგულისხმება ჰინდენბერგი), მაგრამ დირიჟაბლი ალში ეხვევა („Balloon Burning“) და მასში მყოფი ყველა მგზავრი იღუპება. მწუხარე ეულად რჩება („Death“).

პერსონაჟი დეპრესიულ მდგომარეობაშია. ამას მოჰყვება მოგზაურობა ქვეცნობიერში. ქუჩებში ხეტიალისას იგი შეხვდება იდუმალ ბარონ შაბათს (Baron Saturday, რომლის პროტოტიპია ბარონი სამედი, ჰაიტური ვუდუიზმის ღვთაება). შავმოსასხამიანი შაბათი მწუხარეს სამოგზაუროდ უხმობს და, არც უცდის რა პასუხს, „ართმევს თვალებს“ და მას ქვესამყაროში ამოგზაურებს („Baron Saturday“).

მოგზაურობა იწყება ჰაერში ფრენით. მწუხარე ფიქრობს, რომ მთვარისკენ მიემართება, რაც კარგი იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში იგი საკუთარ სახეს ხედავს. ბარონი მას ამ სახის პირში აგდებს და მწუხარე ყელში მოგზაურობს, სადაც, ბარონთან ერთად, მუხის კარს მიადგება. შაბათი მათ აღებს და მწუხარე აღმოჩნდება სარკეებით მორთულ ოთახში („The Journey“). ყოველი ამ სარკიდან მისი ბავშვობის მოგონებას უჩვენებს და მწუხარემ ყველა კარგად უნდა დაიმახსოვროს. ამ დარბაზის შემდეგ ჩნდება გრძელი ხვეული კიბე, რომელიც მწუხარეს მიიყვანს ორ გამჭვირვალე სარკესთან, სადაც მისი ცხოვრების საზარელი სიმართლე და გამომჟღავნებები ჩანს („I See You“).

მწუხარე განადგურებულია საკუთარი მოგზაურობით. ამის გამო იგი ფიქრობს, რომ არავის უნდა ენდოს და რომ საზოგადოება ადამიანებისგან თავისუფლდება, როდესაც ისინი ბერდებიან და მისთვის სარგებელი არ მოაქვთ („Trust“). იგი მოქცეულია ბნელ ფსიქოლოგიურ გამოკეტვაში, სადაც მარადი მარტოსულობის განცდა არ ტოვებს. ისევე, როგორც The Wall, S.F. Sorrow არის ამბავი ადამიანზე, რომელიც, სხვადასხვა ამბის გამო, აშენებს ფსიქოლოგიურ კედელს, რათა თავი დაიცვას სამყაროსგან („Old Man Going“). ალბომის დასასრულს იგი თავს უწოდებს „მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ ადამიანს“ („Loneliest Person“).

ცოცხალი შესრულებები[რედაქტირება]

1968 წელს ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა სცადა მისი კლუბში Middle Earth, ლონდონში შესრულება. ეს ყოველ მხრივ უცნაური შოუ გამოდგა, სადაც ჯგუფის წევრები EMI-ს ფირების ფონზე შესრულებას განასახიერებდნენ. ყოველი წევრი ამა თუ იმ პერსონაჟს ასრულებდა. მწუხარეს როლში ტვინკი იყო, რომელიც საერთოდ ტრიკოს ატარებდა, სახე თეთრად ჰქონდა შეღებილი და პანტომიმისადმი მიდრეკილება ჰქონდა. ალბომის სიმღერების ნაწილი შემდგომში ჯგუფის კონცერტებზე ცოცხლად სრულდებოდა, ძირითადად - „She Says Good Morning“, „Balloon Burning“ და „Old Man Going“.

1998 წლის 6 სექტემბერს ორიგინალური შემადგენლობის, რომელიც ალბომზე მუშაობდა (ტვინკის გარდა) ები-როუდის 2-ე სტუდიაში ალბომი პირველად შესრულდა ცოცხლად, მოწვეული სტუმრების, ართურ ბრაუნის (ტექსტის კითხვა) და დევიდ გილმორის (წამყვანი გიტარები) მიერ. სკიპ ალანის შვილი დოვი და ვოკალისტი და მენეჯერი მარკ სენტ ჯონი პერკუსიაზე უკრავდნენ, ფრენკ ჰოლენდი - გიტარაზე. ყველაფერი შესრულდა შეზღუდული რაოდენობის მაყურებელთა თანდასწრებით. ინტერნეტ-სერვერი გადაიტვირთა, ამიტომ იგი ვერავინ იხილა. შოუ ჩაწერილი იქნა და გამოიცა VHS და DVD ფორმატებში. რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდა Resurrection, საუნდტრეკი, ხოლო DVD - 2003 წელს.

შოუ კვლავ შესრულდა სამეფო საფესტივალო დარბაზში, ლონდონში, 2001 წლის 19 ოქტომბერს. დაგეგმილი იყო მისი პარიზსა და ამერიკაში წარდგენა, ისევე, როგორც არშემდგარი საიუბილეო ბრიტანული ტურნეს გამართვა, 2009 წლის იანვარში. თუმცა, 2009 წელს ჯგუფმა, მეის, ტეილორის, ფრენკ ჰოლენდის, ჯორჯ პერესის, ჯეკ გრინვუდისა და მარკ სენტ ჯონის სახით ალბომი შეასრულდა ფესტივალზე Le Beat Bespoke, 2009 წლის 10 აპრილს, ლონდონში. ართურ ბრაუნი ამ შოუს არ ესწრებოდა და ფილ მეი ტექსტებს თავად კითხულობდა.

დღეისათვის ჯგუფი საკუთარ კონცერტებზე ასრულებს სიმღერებს „SF Sorrow Is Born“, „Balloon Burning“, „Baron Saturday“ და „Old Man Going“.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: მეი, ტეილორი, უოლერი, გარდა მითითებულისა.

1968 წლის ორიგინალური გამოემა[რედაქტირება]

მხარე 1
  1. S.F. Sorrow is Born – 3:12
  2. Bracelets of Fingers – 3:41
  3. She Says Good Morning (მეი, ტეილორი, უოლერი, ოლდერი) – 3:23
  4. Private Sorrow (მეი, ტეილორი, უოლერი, პოუი) – 3:51
  5. Balloon Burning (მეი, ტეილორი, უოლერი, პოუი) – 3:51
  6. Death (მეი, ტეილორი, უოლერი, ოლდერი) – 3:05
მხარე 2
  1. Baron Saturday – 4:01
  2. The Journey (მეი, ტეილორი, უოლერი, ოლდერი) – 2:46
  3. I See You – 3:56
  4. Well of Destiny (სმითი, მეი, ტეილორი, უოლერი, პოუი, ოლდერი) – 1:46
  5. Trust – 2:49
  6. Old Man Going (მეი, ტეილორი, უოლერი, პოუი, ოლდერი) – 3:09
  7. Loneliest Person (მეი, ტეილორი, უოლერი, ოლდერი) – 1:29

2003 წლის გამოცემა[რედაქტირება]

  1. S.F. Sorrow is Born – 3:13
  2. Bracelets of Fingers – 3:41
  3. She Says Good Morning – 3:24
  4. Private Sorrow – 3:52
  5. Balloon Burning – 3:51
  6. Death – 3:06
  7. Baron Saturday – 4:01
  8. The Journey – 2:46
  9. I See You – 3:56
  10. Well of Destiny – 1:49
  11. Trust – 2:50
  12. Old Man Going – 3:10
  13. Loneliest Person – 1:30
  14. Defecting Grey [დამატება] – 4:31
  15. Mr. Evasion [დამატება] – 3:31
  16. Talkin' About the Good Times [დამატება] – 3:46
  17. Walking Through My Dreams [დამატება] (მეი, ტეილორი, ვალერი, პოუი) – 3:47
  18. Private Sorrow [დამატება, სინგლის ვერსია] – 3:52
  19. Balloon Burning [დამატება, სინგლის ვერსია] – 3:47
  20. Defecting Grey [დამატება, სინგლის ვერსია] – 5:10

პერსონალი[რედაქტირება]

  • ფილ მეი - ვოკალი
  • დიკ ტეილორი - წამყვანი გიტარა, ვოკალი
  • ჯონ პოუი - ორგანი, სიტარა, პერკუსია, ვოკალი
  • უოლი ალენი (უოლერი) - ბას-გიტარა, გიტარა, ვოკალი, ჩასაბერი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო
  • სკიპ ალანი - დასარტყმელი ინსტრუმენტები
  • ჯონ ჩარლზ ოლდერი (იგივე ტვინკი) - დასარტყმელი ინსტრუმენტები

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Allmusic review
  2. THE POP LIFE; The First Rock Opera (No, Not 'Tommy')
  3. Logan, Nick; Woffinden, Bob (1977). The Illustrated Encyclopedia of Rock (First Edition). New York: Harmony Books.
  4. Le Beat Bespoke Weekender Is Here! 3:49 PM GMT 09/04/2009. Le Beat Bespoke Weekender Is Here! - News - Mojo. Mojo4music.com. წაკითხვის თარიღი: 2012-09-08.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S.F._Sorrow&oldid=2706116“-დან