INOGATE

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

INOGATE (ინოგეიტი) წარმოადგენს ენერგეტიკული თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამას, რომელშიც ჩართულნი არიან ევროკავშირის (EU) წევრი ქვეყნები, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციისა. ფორმალურად აღნიშნული პროგრამა იშიფრება როგორც „ევროკავშირის, შავი და კასპიის ზღვის სახელმწიფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი პროგრამა“.1 აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხდება ევროკავშირის EuropeAid პროგრამის, ქ. კიევში (უკრაინა) არსებული სამდივნოსა და ქ. თბილისში (საქართველო) არსებული რეგიონალური ოფისის მხარდაჭერით.

პროგრამა ინოგეიტს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს. იგი წარმოადგენდა ევროკავშირის მხრიდან მხარდამჭერის ისეთ მექანიზმს, რომელიც მიმართული იყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფისაკენ (პროგრამის სახელწოდება სწორედ აღნიშნულის აკრონიმს წარმოადგენს).2 თავდაპირველად, აღნიშნული პროგრამა ორიენტირებული იყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის გავლით მიემართებოდნენ ევროკავშირისაკენ. 2004 წელს ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) და ქ. ასტანაში (ყაზახეთი) გამართულ კონფერენციებზე გადაწყდა, რომ მოცემული პროგრამის საზღვრები გაფართოვდებოდა და მოიცავდა შემდეგ ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
  • წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული საბაზრო პრინციპების შესაბამისად;
  • მდგრადი ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერა;
  • რეგიონალური მნიშვნელობის ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფა;

2007 წლიდან პროგრამა ინოგეიტი ფინანსდება ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის მეშვეობით.

INOGATE-ის პარტნიორი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

INOGATE-ის პარტნიორი ქვეყნები არიან:

თურქეთი წარმოადგენს რა ინოგეიტის პარტნიორ ქვეყანას, რეგულარულად ესწრება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ბენეფიციარ ქვეყანას. პროგრამა ინოგეიტი ევროკომისიის შემდეგი სამი დირექტორატის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს: ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მთავარი დირექტორატი; საგარეო ურთიერთობების მთავარი დირექტორატი და EuropeAid-ის თანამშრომლობის ოფისი.

„ბაქოს ინიციატივა“ და „ასტანის დეკლარაცია“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ინიციატივა ევროკავშირსა და ინოგეიტის პარტნიორ ქვეყნებს შორის მიმდინარე ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივა გაჟღერებული იქნა 2004 წლის 13 ნოემბერს ქ. ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა კონფერენციაზე. რიგით მეორე მინისტერიალი გაიმართა უკვე ქ. ასტანაში 2006 წლის 30 ნოემბერს. აღნიშნულ კონფერენციაზე განისაზღვრა პროგრამა ინოგეიტის გაფართოებული პროფილი, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა ენერგეტიკული საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ბაქოს ინიციატივის მთავარ ამოცანს წარმოადგენს: პარტნიორი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია ევროკავშირის ბაზართან; გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება; ინვესტიციების მოზიდვა და ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; (ინიციატივის დანარჩენი ამოცანები ეხება ტრანსპორტის სფეროს). შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ მოახდინონ სამართლებრივი და ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან, რათა უზრუნველყონ ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის გამართული ფუნქციონირება; არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაფართოების გზით უზრუნველყონ ენერგიის უსაფრთხოდ მიწოდება; განახორციელონ მოძველებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; განავითარონ ახალი ინფრასტრუქტურა და დანერგონ თანამედროვე მონიტორინგის სისტემა; ეფექტიანი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრირების გზით გააუმჯობესონ ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის მენეჯმენტი; ხელი შეუწყონ ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ამოცანები სრულად ასახული იქნა ასტანის მინისტრთა კონფერენციაზე დამტკიცებულ „გზამკვლევში“.

სტრუქტურა და საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ინიციატივის საკოორდინაციო უწყებას წარმოადგენს ინოგეიტის ტექნიკური სამდივნო, რომელიც განთავსებულია ქ. კიევში. ბაქოს ინიციატივის განხორციელებას უზრუნველყოფენ შედეგი ოთხი სამუშაო ჯგუფის წევრები ყველა პარტნიორი ქვეყნიდან:

  • ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჰარმონიზაციის ჯგუფი;
  • ენერგიის სატრანსპორტო ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჯგუფი;
  • მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ჯგუფი;
  • ინვესტიციების მოძიებისა და პროექტების განხორციელების ჯგუფი;

რიგი პროექტები, რომლებიც ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში ფინანსდება, მიმდინარეობს ასევე ინოგეიტის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროექტების ჩამონათვალი განთავსებულია ინოგეიტის საიტზე. 2009 წლის თებერვლიდან აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს ახალ ინიციატივებს რომლებიც შეეხება ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ცენტრალური აზიის ქვეყნებში კოორდინირებული ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას და პროექტის პარტნიორ ქვეყნებში ენერგეტიკული ბაზრებისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას. მომზადებულია ინოგეიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი კონფერენციებისა და მოვლენების განრიგი. მოცემული პროგრამის საიტზე რეგულარულად მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე სიახლეებისა და ევროკავშირის შესაბამისი ინიციატივებისა და პოლიტიკის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=INOGATE&oldid=4637705“-დან