Charlie Hebdo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Charlie Hebdo
ტიპი: ყოველკვირეული
სატირული ახალი ამბების
ჟურნალი
ფორმატი: ჟურნალი
დაარსდა: 1970 წ.
პოლიტიკური ერთგულება: მემარცხენეები
ენა: ფრანგული
შეწყვიტა გამოცემა: 1981 წ.
სათავო ოფისი: პარიზი
პერიოდულობა: 45,000[1]
ISSN: 1240-0068
საიტი: charliehebdo.fr

Charlie Hebdo (წარმოითქმის: [ʃaʁli ɛbdo], „შარლი ებდო“, ქართ. „შარლის ყოველკვირეული“) — ფრანგული სატირული ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც ასახავს კარიკატურებს, რეპორტაჟებს, პოლემიკებსა და ხუმრობებს, რომელთაც ნონკონფორმისტული სტილი აქვთ. აქვეყნებს სტატიებს რელიგიის, პოლიტიკის, კულტურისა და სხვა საკითხების შესახებ. დაარსდა 1970 წელს როგორც ჟურნალ „ჰარა-კირის“ მემკვიდრე. 1981 წელს შეწყვიტა გამოცემა, ხოლო აღდგა 1992 წელს. სხვადასხვა დროს „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორები იყვნენ: ფრანსუა კავანა (1969-1981), ფილიპ ვალი (1992-2009) და სტეფან შარბონიე (2009-2015). ჟურნალი გამოდის ყოველ ოთხშაბათს. სათავო ოფისი მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. შარლი ებდო საფრანგეთში მიჩნეულია თავისუფალი პრესის სიმბოლოდ.[2] 2015 წელს „შარლი ებდოს“ პარიზის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[3]

განხორციელებული შეტევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი ცნობილია წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებთან დაკავშირებული სკანდალით 2006 წელს, როდესაც იმავე წლის თებერვალში გამოქვეყნდა მუჰამედის 12 გადაბეჭდილი კარიკატურა, რომელმაც ფართო პროტესტი გამოიწვია მუსლიმურ სამყაროში; მას შემდეგ რედაქცია „შარლი ებდო“ მუდმივად იღებდა თავისი მისამართით მუქარას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, გამომცემლობის ყველაზე ცნობილი კარიკატურისტები აგრძელებდნენ თავიანთი ნახატების გამოქვეყნებას, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოღვაწე რელიგიური ფანატიკოსების წინააღმდეგ.[2]

ტერორისტული შეტევა გამომცემლობაზე ორჯერ, 2011 და 2015 წლებში განხორციელდა. 2011 წლის ნოემბერში ჟურნალმა „შარლი ებდომ“ გამოუშვა ნომერი, რომელშიც მისი სახელწოდების „შარლი ებდოს“ ნაცვლად დაიწერა „შარიათ ებდო“. ეს ნომერი ტუნისელი ისლამისტების გამარჯვებას მიეძღვნა. ჟურნალის გარეკანზე კარიკატურისტმა ჟან კაბიუმ გამოსახა მომტირალე წინასწარმეტყველი მუჰამედი სიტყვებით: „ძნელია, როდესაც სულელებს უყვარხარ.“ ჟურნალის ეს ნომერი 400 000 ეგზემპლარით გავრცელდა, რაც ოდნავ მეტია გამომცემლობის ჩვეულებრივ ტირაჟთან შედარებით. ნომერის გამოსვლისთანავე ღამით რედაქციის შენობა მთლიანად დაიწვა. უცნობმა ადამიანებმა შენობას დაუშინეს ბოთლები ცეცხლგამჩენ ნივთიერებებთან ერთად, თუმცა არავინ არ დაშავებულა.[2]

2015 წლის 7 იანვრის ტერაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.[4] თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.[5] საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა. ბიბისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.[6] დაღუპულთა შორის იყვნენ ცნობილი კარიკატურისტები: სტეფან შარბონიე, ჟან კაბიუ, ჟორჟ ვოლინსკი და ბერნარ ვერლაკი.

2015 წლის 14 იანვარს „შარლი ებდომ“ ახალი ნომერი გამოუშვა 3 მილიონიანი ტირაჟით, რომლის გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის შარჟია, რომელსაც თვალებიდან ცრემლები მოსდის და ხელში ცნობილი სლოგანი „მე შარლი ვარ“ უჭირავს.[7] გარეკანზე არის აგრეთვე წარწერა „ყველაფერი შეგინდეთ“. ჟურნალის პირველი 1 მილიონიანი ტირაჟი 2015 წლის 14 და 15 იანვარს გამოვიდა, ხოლო, დანარჩენ ორ მილიონს კი რედაქცია მოთხოვნის შესაბამისად გაავრცელებს.[8]

გამოხმაურება მსოფლიოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 7 იანვრის თავდასხმა მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა, სადაც აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამა რედაქციაზე თავდასხმას გმობს. ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გაავრცელა. ანგელა მერკელის თქმით, პარიზში მომხდარი არ არის თავდასხმა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ ეს არის თავდასხმა პრესის თავისუფლებასა და თავისუფალ სიტყვაზე.[4] განცხადება გაავრცელა კრემლის პრეს-სამსახურმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაგმო რედაქციაზე თავდასხმა და გამოთქვა მზადყოფნა ტერორიზმთან საბრძოლველად.[9] გიორგი მარგველაშვილმა რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.[6]

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის აქციები გაიმართა. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბიბისის ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.[10]

2015 წლის 11 იანვარს პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთიანობის მარში დაიწყო. პარიზის რესპუბლიკის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. სოლიდარობის მარშს წინ მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებოდნენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.[11] ერთობის მარშში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტი ქვეყნის პირველმა პირმა. მარშის მსვლელობისას ერთმანეთის გვერდით საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დეივიდ კამერონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი იდგნენ. მშვიდობის მარშში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.[12]

2015 წლის 8 იანვარს თბილისში, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართა სოლიდარობის აქცია „მე ვარ შარლი ებდო“. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას „Je suis Charlie Hebdo“-ს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შარლი ებდოზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართება.[13] სოლიდარობის აქცია მოეწყო აგრეთვე ახალციხეში, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ლოზუნგით: „მე ვარ შარლი ებდო“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ტერორიზმს“. ადგილობრივმა მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საჯარო სამსახურების პიარმენეჯერებმა საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგმეს.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრანს-პრესი. "Charlie Hebdo" triple ses ventes avec les caricatures de Mahomet fr. L'Obs (4 ოქტომბერი 2012). ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 შარლი ებდო — საფრანგეთის თავისუფალი პრესის სიმბოლო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-01. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  3. „შარლი ებდო“ — პარიზის საპატიო მოქალაქე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-16. ციტირების თარიღი: 2015-01-13.
  4. 4.0 4.1 პარიზში ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ
  5. „შარლი ებდოს“ მომდევნო ნომერი მომავალ კვირას გამოვა[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 მარგველაშვილი: ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს
  7. შარლი ებდო ცოცხალია!
  8. ტერაქტის შემდეგ, შარლი ებდოს გამოცემა 3 მილიონიანი ტირაჟით უკვე მზად არის
  9. Charlie Hebdo-ზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ
  10. ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სოლიდარობის აქციები გაიმართა
  11. პარიზში ერთიანობის მარში დაიწყო
  12. საფრანგეთში ერთიანობის მარში დასრულებულია
  13. „მე ვარ შარლი ებდო“ — თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა
  14. „მე ვარ შარლი ებდო“ — აქცია ახალციხეში
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Charlie_Hebdo&oldid=4606697“-დან