3 ეზრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

3 ეზრა - აპოკრიფული წიგნის სახელწოდებაა ბიბლიის ქართულენოვან ვარიანტში[1]. სწავლულთა ნაწილი ნაშრომს ლათინურ ეზდრად მოიხსენიებს, თანამედროვე სწავლულთა უმეტესობა კი - 4 ეზრას უწოდებს მას (ზოგჯერ პირობითად 3 ნაწილად ყოფენ, 5-4-6 ეზრა, მათგან 5 და 6 გვიან ქრისტიანულ დამატებებად განიხილება), რათა ერთურთში არ იქნას არეული ეზდრა და ეზრა.

სახელწოდება[რედაქტირება]

ინგლისურენოვან ბიბლიაში იგი ცნობილია ’ეზდრას მე-2 წიგნის’ (2 ეზდრა) სახელწოდებით, რაც შეეხება ბულგატასა და დუე-რეიმსის ბიბლიას, აქ მას ’4 ეზდრას’ (ეზდრას მე-4 წიგნს) უწოდებენ. ნაშრომს 3 ეზდრა ჰქვია ძველ სლავურ ენაზე, ქართულ ბიბლიაში კი - 3 ეზრა.

შინაარსი[რედაქტირება]

5 ეზრა[რედაქტირება]

წიგნის პირველი ორი თავი მხოლოდ ლათინური ვერსიიდანაა ცნობილი, ერთობლიობაში სწავლულები მათ 5 ეზრად მოიხსენიებენ. ფიქრობენ, რომ ისინი ქრისტიანული წარმოშობისანი უნდა იყვნენ, აქ ღმერთის მიერ ისრაელიანთა უარყოფაზეა საუბარი, აგრეთვე ღმრთისშვილის ხილვაა აღწერილი. სავარაუდოდ, ე.წ. 5 ეზრა წიგნის გვიანი ქრისტიანული (შესაძლოა, მე-3 საუკუნისა) მინამატი უნდა იყოს.

4 ეზრა[რედაქტირება]

3-14 თავები ებრაული აპოკალიფსია, მათ ’მე-4 ეზრასა’ და ”ეზრას ებრაულ აპოკალიფსსაც” უწოდებენ. არსებობს შედარებით გვიანი პერიოდის ნაშრომიც, ”ეზრას ბერძნული აპოკალიფსის” სახელწოდებით.

ეკლესიის ბერძენი მამები 4 ეზრას ძირითადად Προφήτης Εσδρας ("წინასწარმეტყველი ეზდრა") აგრეთვე Αποκάλυψις Εσδρα ("ეზრას აპოკალიფსისი") უწოდებდნენ. ბელჰაუზენის, Charles და Gunkel თანახმად, წიგნის ორიგინალი ებრაულ ენაზე იყო შესრულებული, შემდგომ ითარგმნა ბერძნულად, ლათინურ, სომხურ, ეთიოპიურსა და ქართულ ენებზე. თუმცაღა ებრაული და ბერძნულენოვანი ნაშრომები დაიკარგა.

შემორჩენილია მცირედ განსხვავებული ლათინური, სირიული, არაბული, ეთიოპიური, ქართული და სომხური თარგმანები, რაც შეეხება უძველეს ბერძნულენოვან ვარიანტს, მისი ნაწილობრივი (თუმცა არა ზედმიწევნითი) აღდგენა შესაძლებელია ამ ერთმანეთისაგან განსხვავებული ნაშრომებიდან, ებრაული ტექსტისა კი - გაცილებით რთულია.

ეთიოპიური მართლმადიდებლური ეკლესია 4 ეზრას კანონიკურ წიგნად აღიარებს, მას 'Izra Sutuel’ უწოდებს, მას აგრეთვე ხშირად იმოწმებდნენ ეკლესიის მამებიც. აღმოსავლური სომხური ტრადიციით მას 3 ეზრა ეწოდება.

წიგნი ეზრა მოძღვრის 7 ხილვას აერთიანებს. მათგან მხოლოდ უკანასკნელი სამია ბუნებით სიმბოლური. მთავარანგელოზი ურიელი ესაუბრება და შეაგონებს უფლის სიღრმეების შეცნობის მსურველ რჯულისმოძღვარს, რომ ადამიანის სუსტი გონება უძლურია ბოლომდე შეიმეცნოს გზანი ღმრთისა. ეზრას სურს შეიტყოს, თუ რატომ მისცა უფალმა მისი კურთხეული ერი, იაკობი, წარმართთა ხელებსა და რატომ ხარობენ უღმრთონი მათი ტანჯვით, რატომ განიძარცვა კურთხეული დედა (სიონი) და რად მიმოიფანტნენ მისი შვილები ზეცის 4 ქარის მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა ეზრას ხილვები ამა სოფლის უკანასკნელი ჟამის შესახებ. თავის მე-5 ხილვაში იგი დიდ და საზარელ არწივს ხედავს, 3 თავითა და 12 დიდი ფრთით (8 მომცრო ზომის ფრთით). ანგელოზის განმარტებით ეს სწორედ ის საზარელი მეოთხე მხეცია, დანიელს რომ ეჩვენა (იხ. დან. 7) ზღვიდან ამომავალი. თავად არწივი - ქვეყნად უძლიერესი სამეფოა (შესაძლებელია, აქ რომის იმპერია ვიგულისხმოთ, ძირითადად სწორედ ამგვარადაა გაგებული დანიელის ხილვაც); მისი 3 თავი - 3 უძლიერესი მეფეა (თანამედროვე სწავლულთა ნაწილი მათში სამ იმპერატორს - ვესპასიანეს, ტიტუსსა და დომიციანეს ხედავს); რაც შეეხება დანარჩენ დიდსა თუ პატარა ფრთებს, ისინიც ხელმწიფენი არიან, რომლებიც აღდგებიან ერთიმეორეს მიყოლებით, თუმცა ძლიერი მათ შორის არც ერთი აღმოჩნდება, არამედ ყოველი მათგანი შეიმუსრება. საბოლოოდ, მესია სძლევს იმპერიასა და შემუსრავ მას. მე-4 ხილვაში ეზრა მგლოვიარე დედას ხედავს, რომელიც თავის ერთადერთ დაკარგულ შვილს დასტირის, შემდგომ დედაკაცი დიდ ქალაქად გარდაიქმნება. ეს სიონის ქალაქია, რომელიც ბაბილონში მიმობნეულ, დაკარგულ შვილებს დასტირის. მე-6 ხილვა, ზღვიდან ამომავალი კაცისა - მესიას შეეხება, მის წინააღმდეგ აღმდგარ ხალხს ბაგეთაგან მომსვრელი ცეცხლით ანადგურებს, მისკენ მშვიდობით მიმავალთ კი - შვებას ანიჭებს.

წიგნის დასარულს, უფალი, მოსეს მსგავსად, ბუჩქში ეცხადება ეზრასა და უბრძანებს მას, აღადგინოს კანონი. ეზრამ 5 მწერალი შემოიკრიბა და 94 წიგნი დააწერინა მათ, მათგან, უფლის ბრძანებისამებრ, 24 წიგნი - ტანახისთვის, უკანასკენლი 70 კი - საიდუმლოდ შესანახად, ბრძენთათვის (ეს ხილვა ტექსტის ლათინურენოვან თარგმანში გამოტოვებულია):

ვიკიციტატა
„რომ შესრულდა ორმოცი დღე, თქვა უზენაესმა: პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ, წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც. უკანასკნელი სამოცდაათი კი შეინახე, რათა გადასცე ისინი შენი ხალხის ბრძენებს. (3 ეზრა 14:45-46)

„70“ შესაძლოა ნიშნავდეს ე.წ. სეპტუაგინტას, აპოკრიფას, ან იმ დაკარგულ წიგნებს, რომელთა შესახებაც საუბარია ბიბლიაში.

6 ეზრა[რედაქტირება]

წიგნის უკანასკნელ მე-2 თავს 6 ეზრას უწოდებენ. იგი გვხვდება ლათინურ თარგმანში, თუმცა არა აღმოსავლურ ტექსტებში. აქ ომებსა და შემცოდებელთა წინააღმდეგ უფლის სიტყვაა თქმული. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს ნაწილი მოგვიანებით ქრისტიანთა მიერ უნდა იყოს მიმატებული, შესაძლოა, ისინიც ლათინური ვერსიის პირველ 2 თავთან ერთად დაამატეს. შესაძლებელია, 6 ეზრა წარმოშობით ებრაულიც იყოს, 15:57-59 ვხვდებით ბერძნულ თარგმანში, სწავლულთა უდიდესი ნაწილის მტკიცებით კი ეს უკანასკნელი სწორედაც რომ ებრაული ტექსტიდან ითარგმნა.

ავტორი, კრიტიკა[რედაქტირება]

  1. http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm იხ. სიის დასასრულს
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=3_ეზრა&oldid=2381813“-დან