ჰუსიტები (დაჯგუფება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსიტები
არაბ. الحوثيون
იდეოლოგია: ზეიდიზმი, ანტისიონიზმი, ანტისემიტიზმი, ანტიამერიკანიზმი, ანტიიმპერიალიზმი
ეთნიკური კუთვნილება: არაბები, იემენელები
რელიგიური კუთვნილება: ისლამი, შიიზმი
ლიდერები: ჰუსეინ ალ-ჰუსი, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსი
შტაბ-ბინა: საადა, იემენი
შექმნის თარიღი: 1994
საიტი: ოფიციალური საიტი

ჰუსიტები, ჰუტი (არაბ. الحوثيون) ან ანსარ-ალაჰი, ანსარულა (არაბ. أنصار الله) — შიიტი-ზეიდიტების გასამხედროებული დაჯგუფება, მოქმედებს იემენის ტერიტორიაზე.

2004 წელს მათ დაიწყეს შეიარაღებული აჯანყება იემენის მთავრობის წინააღმდეგ და თანდათანობით დაამყარეს კონტროლი ქვეყნის სამხრეთის ტერიტორიებზე. ჰუსიტებმა მიიღეს მონაწილეობა იემენის 2011 წლის რევოლუციაში, რომლის შედეგადაც გადადგა პრეზიდენტი ალი აბდალ სალეჰი. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც აიღეს იემენის დედაქალაქი სანა და შექმნეს რევოლუციური საბჭო, წარმოადგენს იემენის დე-ფაქტო მმართველ ორგანიზაციას. რევოლუციური საბჭოს პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ არცერთ საერთაშორისო დონეზე, არის დაჯგუფების წევრი მუჰამედ ალი ალ-ჰუსი.

საყოველთაოდ მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია საიდუმლო სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებს ირანისა და მისი მომხრეებისაგან, როგორიცაა ჰეზბოლა სირიაში.

ორგანიზაცია დამაარსებლად მიიჩნევს ყოფილ ხელმძღვანელს ჰუსეინ ალ-ჰუსის, რომელიც იემენის არმიამ მოკლა 2004 წლის სექტემბერში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსიტების აღმსარებლობაა ზეიდიტური მაზჰაბი. ზეიდიტები განსახლებულები არიან ძირითადად იემენის ჩრდილოეთით. 2004 წელს თვითგამოცხადებულმა იმამმა ჰუსეინ ალ-ჰუსიმ წამოიწყო ანტისამთავრობო აჯანყება, რომელმაც იემენის ხელისუფლება დაადანაშაულა ზეიდიტების დისკრიმინაციაში. ალ-ჰუსის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფების ხელმძღვანელობა გადავიდა მისი ძმის აბდელ-მალიქ ალ-ჰუსის ხელში. 2009 წელს საუდის არაბეთის მხარდაჭერის შედეგად სამთავრობო ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. 2010 წლის თებერვალში ჰუსიტებმა და იემენის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ[2].

იემენის მთავრობამ ჰუსიტები დაადანაშაულია ირანისაგან მხარდაჭერაში. ჰუსიტები აცხადებდნენ, რომ იცავდნენ შიიზმს სუნიზმის გავლენისაგან, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. გარდა ამისა ჰუსიტების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ჩრდილოეთში მდებარე საადის მუჰაფაზისათვის უფრო მეტი ავტონომიის მოთხოვნა, სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობენ შიიზმის მიმდევრები. ჰუსიტების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ისინი ცდილობდნენ აეღორძნებინათ ზეიდიტური იმამატი, რომელიც ჩრდილოეთ იემენის ტერიტორიაზე არსებობდა 1962 წლის რევოლუციამდე[2].

მოძრაობის სამხედრო ფრთად ითვლება დაჯგუფება „ანსარ-ალაჰი“. 2014 წლის ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ დააკისრა სანქციები დაჯგუფების ლიდერებს ხალიდ ალ-ჰუსის და აბდალაჰ იაჰია ალ-ჰაკიმს რადგან მათი ქმედებები „საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურობას და აბრკოლებდნენ პოლიტიკურ პროცესებს“[2].

2011 წელს, ქვეყანაში პრეზიდენტ სალეჰის წინააღმდეგ აჯანყების დაწყების შემდეგ, ჰუსიტებმა თავიანთი გავლენის სფეროები გააფართოეს იემენის ჩრდილოეთში. მათ დაიწყეს შეიარაღებული ბრძოლა არა მარტო მთავრობის წინააღმდეგ, არამედ დაჯგუფება ალ-ისლაჰის, ალ-ქაიდას მებრძოლებისა და მათთან დაკავშირებული ანსარ აშ-შარიას წინააღმდეგ[2].

ხელისუფლებაში მოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აგვისტოში, ჰუსიტებმა დაიწყეს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მასობრივი დემონსტრაციების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ნავთობპროდუქტების სუბსიდიების შემცირებას, რამაც გამოიწვია ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა. 2014 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ჰუსიტებმა აიღეს ქვეყნის დედაქალაქ სანას რამდენიმე რაიონი, მათ შორის რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება[2].

2014 წლის 21 სექტემბერს ჰუსიტებმა და იემენის მთავრობამ გაეროს შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მთავარი პუნქტი იყო მუჰამად ბასინდვას მთავრობის გადადგომა. ჰუსიტების ლიდერის აბდელ-მალიქ ალ-ჰუსის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო აჰმად ავად იბნ მუბარაქმა უარი განაცხადა სათავეში ჩასდგომოდა მთავრობას. 2014 წლის 13 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრად დანიშნეს ხალიდ მაჰფუზ ბახახი, რომლის კანდიდატურასაც დაეთანხმნენ ჰუსიტები[2].

2014 წლის დეკემბერში, მიუხედავად სექტემბერში ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებისა, ჰუსიტები აგრძელებდნენ შეიარაღებულ ბრძოლას, დაამყარეს კონტროლი ქალაქების ახრაბისა და ხოდეიდის დიდ ნაწილზე. ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ნავთობკომპანიის შენობა და სახელმწიფო გაზეთი „ას-საურა“ სანაში[2].

2015 წლის 19 იანვარს თავს დაესხნენ პრემიერ-მინისტრის კორტეჟს და ხელში ჩაიგდეს სანის სახელმწიფო ტელეკომპანია. რამდენიმე საათის შემდეგ ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომელიც მეორე დღესვე დაირღვა. 2015 წლის 20 იანვარს ხელში ჩაიგდეს სპეცსამსახურის შენობა და პრეზიდენტის სასახლე სანაში[2].

22 იანვარს პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადიმ ითხოვა გადადგომა. ასევე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მთავრობამ[3].

1 თებერვალს ჰუსიტებმა პოლიტიკურ პარტიებს ულტიმატუმი წაუყენეს: თუკი სამ დღეში არ ჩამოაყალიბებდნენ მთავრობას, მაშინ საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად იმოქმედებდნენ[4].

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჰუსიტებმა მიიღეს ახალი კონსტიტუციური დეკლარაცია და პოლიტიკური ძალების უმეტესობა დათანხმდა საპრეზიდენტო საბჭოს შექმნაზე, რომელიც ქვეყნის მმართველი იქნებოდა ერთი წლის მანძილზე. მის შემადგენლობაში შევიდა ხუთი ადამიანი, საბჭოს ხელმძღვანელობდა სამხრეთ იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი ნასერ მუჰამედი[5]. კონსტიტუციური დეკლარაციის თანახმად შეიქმნა გარდამავალი საბჭო, რომელიც შედგებოდა იემენის ყველა რეგიონის 551 წარმომადგენლისაგან. ჰუსიტებმა ასევე გამოაცხადეს წარმომადგენელთა პალატის დათხოვისა და ტექნოკრატების მთავრობის ფორმირების შესახებ[6][7][8]. დროებით მთავრობად გამოცხადდა რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა მუჰამედ ალი ალ-ჰუსი[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Густерин П. Йемен в переходный период. На пути к миру или распаду? — Саарбрюккен, 2014. — ISBN 978-3-659-28300-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Густерин П. В. Йеменская республика и её города. М., 2006, с. 57.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Гулиева, Эльнара. (2015-01-20) Шиитское движение хоуситов в Йемене. Досье. ИТАР-ТАСС. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
  3. Парламент Йемена проведёт в субботу голосование по отставке президента
  4. Повстанцы-хуситы в Йемене выдвинули ультиматум властям
  5. Боевики помогут урегулировать политический кризис в Йемене
  6. Хуситы в Йемене приняли новую «конституционную декларацию»
  7. Президентский совет Йемена сформирует новое правительство технократов
  8. 8.0 8.1 al-Haj, Ahmed (6 February 2015). „Yemen's Shiite rebels announce takeover of country“. The Columbian. ციტირების თარიღი: 6 February 2015.