ჰობიტი (ნაწარმოები)

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან ჰობიტი (ტოლკინის ნაწარმოები))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰობიტი ანუ იქით და აქეთ

"ჰობიტი", 2009 წლის ქართული გამოცემის ყდა
ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი
მშობლიური სათაური The Hobbit
or
There and Back Again
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
თემა/ები მოგზაურობა, ზღაპრული არსებები, გმირობა
ჟანრ(ებ)ი ფენტეზი
გამომცემელი ალენი და ანვინი (ბრიტანეთი)
გამოცემის თარიღი 1937
მედია მყარი ყდა
წინამორბედი ფილოლოგების სიმღერა
მომდევნო ნიგლის ფოთოლი

ჰობიტი, ან როგორც მას ხოლმე უწოდებენ, იქით და აქეთ არის საბავშვო რომანი [1][2][3], რომლის ავტორიც არის ჯ. რ. რ. ტოლკინი. რომანის თხრობა მიმდინარეობს ზღაპრის სტილში, გამოიყენება ძველი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფრაგმენტები. წიგნი პირველად გამოიცა 1937 წლის 21 სექტემბერს და დადებითი შეფასება მიიღო. იგი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და მიიღო გამოცემის New York Herald Tribune პრიზი წლის საყმაწვილო ნაწარმოებისათვის. უფრო მოგვიანებით, გამოკითხვაში საუკუნის წიგნები ბავშვებისათვის იგი დაასახელეს ყველაზე აუცილებელ წიგნად, რომელიც ადამიანმა შეიძლება ღრმა სიბერემდეც იკითხოს.[4]

ჰობიტში მოქმედება მიმდინარეობს ჯადოსნური ძალების ამ ქვეყნიდან გაქრობისა და ადამიანების დომინირების ეპოქებს შორის.[5] მასში მოთხრობილია სახლში ჯდომის მოყვარულიი ბილბო ბეგინსის ჯუჯებთან ერთად მოგზაურობის ისტორია. მოგზაურობისას იგი ხვდება ჯადოსნურ, საშიშ და ყველაზე საშიშ ადგილებში - ერთ-ერთი ასეთი არის შეხვედრა საშინელ არსება გოლუმთან. ამ შეხვედრისას ბილბო პოულობს გოლუმის ბეჭედს, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდება - მას შეუძლია ნებისმიერი არსების გაქრობა, საკმარისია მხოლოდ მისი თითზე გაკეთება. წიგნის დასასრულს, ბილბო ბრუნდება შინ, ჰობიტონში, მაგრამ ბეჭედი მოგვიანებით დამოუკიდებელ როლს თამაშობს, ტოლკინის შემდეგ წიგნში, ბეჭდების მბრძანებელი.

სექციების სია

[რედაქტირება] პერსონაჟები

  • ბილბო ბეგინსი, მთავარი პერსონაჟი, შუა ხნის ჰობიტი.
  • გენდალფი, ჯადოქარი, რომელიც ბილბოს გააცნობს ცამეტ ჯუჯას, შემდეგ კი, სახიფათო მოგზაურობისას, თან დაჰყვება და ეხმარება მათ.
  • თორინ მუხისფარი, ჯუჯების მეთაური, რომელიც იღუპება წიგნის დასასრულს.
  • სმაუგი, დრაკონი, რომელმაც მიითვისა ტორინის განძი.

მოქმედებაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა რასები და პერსონაჟები: ელფები, ადამიანები, ტროლები, ორკები, გიგანტური ობობები, არწივები, ვარგები (დიდი მგლები), ელრონდი, გოლუმი, ბეორნი (რომელსაც შეუძლია დათვად გადაქცევა) და სხვები.

[რედაქტირება] შინაარსი

ერთ-ერთი გამოცემის ყდა

ნაწარმოების დასაწყისში ჰობიტი ბილბო მშვიდად ზის სახლის წინ და არც კი ეჭვობს, რომ სულ მალე ძალიან საინტერესო და სახიფათო მოგზაურობა ელის. სწორედ მაშინ მოდის ჯადოქარი გენდალფი, რომელიც სთავაზობს ჯუჯებთან ერთად შორს გამგზავრებას და დრაკონ სმაუგის მიერ მითვისებულ ჯუჯების განძის დაბრუნებას. ბილბო უარს ეუბნება, მაგრამ გენდალფი ჰპირდება, რომ საღამოს თავად ეწვევა, ჯუჯებთან ერთად. ცამეტი ჯუჯა, ერთმანეთის მიყოლებით, მართლაც მოდის ბილბოსთან საღამოს, ბოლოს კი - თავად გენდალფი. ერთად ისინი ათვალიერებენ რუკას, რომელზეც აღნიშნულია, სად არის მთა, რომელშიც დამალულია დრაკონი. ყველა ჯუჯა თანახმაა ამ მოგზაურობის. დილით მათ საერთო აზრს შეუერთდება ბილბოც, რომელიც მანამდე უარს ამბობდა ამ იდეაზე.

მოგზაურობისას ისინი კინაღამ შეეწირებიან ტროლებს, მაგრამ მათ გადაარჩენს გენდალფი და ერთად მიჰყავს რივენდელში. იქ, ელრონდის დახმარებით, ისინი რუკასთან დაკავშირებულ სხვა წვრილმანებსაც შეიტყობენ. ნისლიანი მთების გადაკვეთისას მათ დაიჭერენ და თავისთან წაიყვანენ გობლინები. გენდალფი გადაარჩენს მათ, მაგრამ ბილბო იკარგება და შემთხვევით შეხვდება გოლუმს. გოლუმი ბილბოს შეჭმას უპირებს, მაგრამ ისინი შეთანხმდებიან, რომ გამოცანების მეშვეობით ერთ-ერთი მათგანი გაიმარჯვებს და, თუკი გოლუმი იქნება გამარჯვებული, მაშინ ბილბო მასთან დარჩება. მანამდე ბილბო პოულობს უცნაურ ბეჭედს, რომელიც აღმოჩნდება გოლუმის დაკარგული ბეჭედი. გოლუმი განრისხებულია და სიკვდილს ჰპირდება ბილბოს, რომელიც გაუჩინარდება, თითზე ბეჭდის ჩამოცმის შემდეგ. ბილბო უბრუნდება ჯუჯებს. გობლინებისა და ვარგების ტყვეობაში მყოფ რაზმს გადაარჩენენ არწივები. შემდგომ ისინი მოხვდებიან ბეორნთან, რომელიც დათვის სახითაც ჩნდება. გენდალფის გარეშე რაზმი ხვდება ბნელ ტყეში (სადაც ბილბო გადაარჩენს ყველას დიდი ობობებისგან) და ტყის ელფებთან. გზად მათ ხვდებიან ადამიანები მდინარის ქალაქ ესგაროტიდან და კარგ მასპინძლობასაც გაუწევენ. რაზმი საბოლოოდ უახლოვდება იმ მთას, სადაც დრაკონი სმაუგი იმალება და ბილბო საიდუმლო კარის მეშვეობით შედის გამოქვაბულში. იგი ესაუბრება დრაკონს და იპარავს სასმისს, რითაც აღიზიანებს ურჩხულს. შემდეგ ბილბო მეორედ შედის მთაში და ამჯერად სმაუგი, საბოლოოდ განრისხებული, ტოვებს მთას და მიემართება ესგაროტისკენ. ბილბო და ჯუჯები რჩებიან მთაში, მაგრამ თორინმა, ჯუჯების თავადმა არ იცის, რომ ბილბომ მოიპარა მისთვის ყველაზე სასურველი ნივთი - არკენსტოუნის მარგალიტი. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ არკენსტოუნი დაიკარგა.

შეშლილი სმაუგი თავს ესხმის ესგაროტს და ცეცხლში მოაქცევს მას, მაგრამ ერთ-ერთი მსროლელი, ბერდი, ისრით დაჭრის მას. სმაუგი იღუპება. ბერდი, ჯართან ერთად, მიდის მთასთან, რათა განძეულობის საკუთარი წილიც აიღოს - ესგაროტს აღდგენა სჭირდება, მისი მოსახლეობა კი შოკშია. ბილბო ხედავს, რომ თორინი განძმა შეშალა და მის გონებას იმონებს. ამიტომაც იგი მიდის ადამიანებთან და სთავაზობს ბერდს არკენსტოუნს, თავად კი აღიარებს, რომ ამ ისტორიაში მონაწილეობის სურვილი ეკარგება.

დილით ადამიამები და ელფები იკრიბებიან მთასთან და მოითხოვენ ზარალის ანაზღაურებას. თორინი უარზეა და საკუთარ განძს იცავს. ბერდი უჩვენებს მას არკენსტოუნს და მოითხოვს მთის დატოვებას მის სანაცვლოდ. თორინი განრისხებულია, ბილბო აღიარებს, რომ ეს მისი ნამოქმედარია. იგი გაგდებულია თორინის მიერ. აშკარაა, რომ დაიწყება დიდი ბრძოლა, ადამიანებს, ელფებსა და ჯუჯებს შორის, მაგრამ ამასობაში ჩნდება გენდალფი, რომელიც აფრთხილებს ყველას მოახლოებულ გობლინებსა და ვარგებზე (მათაც სურთ ამ განძის მითვისება). სწორედ იმ მომენტიდან იწყება ხუთი ჯარის ბრძოლა, რომელშიც ტორინს დაჭრიან. ორკები და ვარგები, არწივებისა და ბეორნის დახმარებით დამარცხებულები არიან. იღუპება რამდენიმე ჯუჯა.

განძი განაწილებულია გამარჯვებულ მხარეებს შორის, მაგრამ ამ დროისათვის ბილბოს უკვე აღარ სურს განძის არც ერთი ნაწილი. იგი იტოვებს სულ მცირე ნადავლს, რომელიც მოგზაურობისას მოიპოვა - მითრილის პერანგს, ხმალს სახელად ნესტარი და ბეჭედს. საბოლოოდ, იგი ბრუნდება ჰობიტონში.

[რედაქტირება] ეკრანიზაციები

მთავარი სტატია : ჰობიტი (ფილმი).

დღეისათვის არსებობს ჰობიტის ერთი დასრულებული, ანიმაციური ეკრანიზაცია, ჰობიტი. გილიერმო დელ ტოროს ამავე სახელწოდების ფილმი ეკრანებზე გამოვა 2011-2012 წლებში.

[რედაქტირება] ქართული გამოცემები

[რედაქტირება] 2002 წლის გამოცემა

ჰობიტის პირველი ქართული გამოცემის ყდა (2002)

ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობამ თბილისში გამოსცა ჰობიტის პირველი ქართული ვერსია. დღემდე იგი რჩება ტოლკინის რომელიმე ნაწარმოების ერთადერთ ქართულენოვან გამოცემად. წიგნის უშუალო მთარგმნელია ნინო ბარძიმიშვილი, ხოლო ლექსების - თინათინ გოგოჩაშვილი. ეს არის წიგნის ოფიციალური გამოცემა, რომელსაც, მიუხედავად ამისა, ყველა არსებული გამოცემისგან განსხვავებული ყდა აქვს - მასზე გამოსახულია ესგაროტი, ტბის ქალაქი, ფონად კი მთები აქვს. გამოსახულება ნაწილობრივ ფოტოგრაფიულია.

წიგნის ამ ვერსიის თავების სახელწოდებები ასე არის ნათარგმნი:

  • მოულოდნელი სტუმრობა
  • ცხვრის მწვადები
  • ხანმოკლე შესვენება
  • მთას გადაღმა და მთის ქვეშ
  • გამოცანები ბნელში
  • ვაის გაყრილნი და ვუის შეყრილნი
  • საოცარი საცხოვრისი
  • ბუზები და ობობები
  • კასრები საკნებიდან
  • გულთბილი დახვედრა
  • ზღურბლზე
  • ამბავი შიგნიდან
  • შინ არ არის
  • ცეცხლი და წყალი
  • საავდრო ღრუბლები
  • ღამის ქურდი
  • მეხთატეხა
  • დაბრუნება
  • ბოლო ამბავი

[რედაქტირება] 2008 წლის გამოცემა

2009 წლის თებერვალში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გაყიდვაში გამოუშვა წიგნის ახალი თარგმანი. თარგმანის ავტორია ნიკა სამუშია. წიგნის ყდაზე გამოტანილია ჯონ ჰაუს ცნობილი ილუსტრაცია, რომელიც აღწერს გენდალფის სტუმრობას ბეგ-ენდში.

[რედაქტირება] აგრეთვე იხილეთ

ჰობიტის ისტორია - ნაწარმოების ვრცელი განხილვა, რომელიც გამოვიდა 2007 წელს.


[რედაქტირება] სქოლიო

  1. Houghton Mifflin - Children's Books. Houghton Mifflin. წაკითხვის თარიღი 2007-09-29.
  2. Auden, W.H. "The Hero is a Hobbit", The New York Times, 1954-10-31. წაკითხვის თარიღი: 2007-07-28. 
  3. Mythopoeic Fantasy Award for Children’s Literature. წაკითხვის თარიღი 2007-09-29.
  4. [[1]]
  5. Eaton, Anne T.. "A Delightfully Imaginative Journey", The New York Times, 1938-03-13. 

პირადი ხელსაწყოები