ჰერმან მელვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერმან მელვილი

ჰერმან მელვილი
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1819
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი, 1891
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
Magnum opus მობი დიკი

ხელმოწერა

ჰერმან მელვილი (ინგლ. Herman Melville; დ. 1 აგვისტო, 1819, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 28 სექტემბერი, 1891, იქვე) — ამერიკელი მწერალი. მსოფლიოში სახელგანთქმული რომანის „მობი დიკის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჰერმან მელვილი დაიბადა ნიუ იორკში 1819 წლის 1 აგვისტოს. იგი ალან მელვილისა და მარია განსერვუტის ოჯახში მესამე ბავშვი იყო. მამამისი – ვაჭარი და ფრანგული საქონლის იმპორტიორი – დიდ დროს ატარებდა საზღვარგარეთ. მან ვაჟები ნიუ–იორკის ვაჟთა სკოლაში გაგზავნა. მალევე, 1830 წელს, ფინანსური საქმეების გაურესების გამო ოჯახი სხვა ქალაქში გადაიყვანა საცხოვრებლად, თვითონ კი ტყავის ბიზნესი წამოიწყო. ეს საქმეც წარუმატებელი აღმოჩნდა. რისი მიზეზი 1812 წლის ამერიკა–ბრიტანეთის ომი გახდა, რომელმაც მთლიანად მოშალა ოკეანისგაღმა ვაჭრობა და საქმოსნები, ალან მელვილის ჩათვლით, გააკოტრა. ამის შემდეგ ალანი მალევე გარდაიცვალა, ისე, რომ ოჯახისთვის ერთი პენის დატოვებაც ვერ მოახერხა. ჰერმანი ამ დროს 12 წლის იყო. 1830–31 წლებში და შემდეგ 1836–1837 წლებში ის ალბანის აკადემიაში სწავლობდა კლასიკურ ფილოლოგიას.

ჰერმან მელვილის შედევრი - „მობი დიკის“ გარეკანი

ხეტიალის მოთხოვნილებამ და სურვილმა – დამოუკიდებლად ერჩინა თავი, ჰერმანს გააწყვეტინა ერის საწყალოსნო არხზე ინსპექტორად მუშაობა, მაგრამ სამუშაოდ არ მიიღეს. ძმის დახმარებით 1839 წელს, 20 წლის ასაკში, მატროსად აიყვანეს გემზე, რომელიც ნიუ–იორკიდან ლივერულში მიემგზავრებოდა. უკან დაბრუნებულმა კვლავ ალბანის აკადემიაში გააგრძელა სწავლა. 1841 წელს კი ვეშაპმჭერ გემ „აკუშნეტთან“ გააფრომა ხელშეკრულება და ისევ დაბრუნდა ოკეანეში. მოგვიანებით ამბობდა, რომ ამ დღემ მისი ცხოვრება შეცვალა. ხომალდი ჰორნის კონცხის გავლით გავიდა წყნარ ოკეანეში. ამ გემზე მან 18 თვე გაატარა. სწორედ ეს ვოიაჟი დაედო საფუძვლად მის რომანს „მობი–დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი“.

1842 წელს, კაპიტნის სიმკაცრის გამო, მელვილი გემიდან გაიპარა და წყნარი ოკეანის მარკიზის კუნძულებზე დარჩა. სამი კვირის მანძილზე ადგილობრივ აბორიგენებთან – ტაიპის ტომთან ცხოვრობდა. ამ ტომს კუნძულების დანარჩენი ორი ტომი კანიბალებად მოიხსენიებდა, თუმცა მელვილს ძალიან კარგად ეპყრობოდნენ. სწორედ აქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე დააფუძნა მან თავი იპირველი რომანი „ტაიპი“, სადაც აღწერს სასიყვარულო თავგადასავალს ადგილობრივ მშვენიერ გოგონა ფაიავეისთან, რომელიც განასახიერებს ამ ველური ხალხის მთელ კეთილშობილებას.

ამ კუნძულიდან მელვილი სხვა ვეშაპმჭერს გაჰყვა ჰავაიზე და აქ დარჩა. აქ იგი მიუღებელ ფიგურად იქცა, რადგან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანი მისიონერების საქმიანობას, რომლებიც ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ რელიგიაზე მოექციათ. აქედან მელვილი ამერიკულ გემს სამშობლოში გაჰყვა. დაბრუნებულმა დაწერა პირველი რომანი „ტაიპი“, რომელიც ამერიკელმა გამომცემლებმა დაიწუნეს, თუმცა მალევე დაიბეჭდა ლონდონში და ბესტსელერად იქცა.

მალევე გამოიცა იგივე თემატიკის „ოომი“, თუმცა მან მკითხველები იმედგაცრუებული დატოვა. გაყიდვების მიუხედავად სამწერლო საქმიანობას მელვილისთვის მაინც ვერ მოჰქონდა საჭირო შემოსავალი.

ქორწინება და შემდგომი საქმიანობა[რედაქტირება]

1847 წელს მელვილი დაქორწინდა ელიზაბეტ შოუზე, მასაჩუსეტის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ქალიშვილზე. წყვილმა თაფლობისთვე კანადაში გაატარა. მათ ოთხი შვილი ეყოლათ – ორი გოგონა და ორი ვაჟი. 1850 წელს მათ ფერმა შეიძინეს მასაჩუსეტში და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. მელვილი ამ ფერმაში 13 წელი ცხოვრობდა და აქტიურად წერდა. ახლა აქ მელვილის მუზეუმია. ფერმაში ცხოვრებისას იგი დაუმეგობრდა მეზობლად მცხოვრებ მწერალ ნათანიელ ჰოტორნს. მელვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება მარტოსული ინტელექტუალი იყო, ნათანიელთან ურთიერთობით შთაგონებულმა და გამხნევებულმა დაიწყო მუშაობა "მობი დიკზე". სწორედ მას ეძღვნება ეს რომანი. მოგვიანებით მათი მეგობრობა შესუსტდა.

მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მელვილმა ყურად იღო ახლობლების რჩევა და 1857–60 წლებში ლექციებს კითხულობდა ლიცეუმში. ამავე პერიოდში ის პოეზიას მიუბრუნდა და ლექსების წერა დაიწყო, თუმცა ამით გამომცემლობები არ დაინტერესდნენ. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, 1866 წელს, გამოაქვეყნა კრებული "ბრძოლის ნაწილები და ომის ასპექტები", რომელიც 70–ზე მეტ პოემას მოიცავდა, თუმცა კრიტიკოსებმა უყურადღებოდ დატოვეს, მხოლოდ რამდენიმემ შეაფასა დადებითად.

ჰერმან მელვილისა და მისი მეუღლის სასაფლაო

ამავე დროს, მისი გაუარესებული მატერიალური მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ცოლის ნათესავებმა ნიუ–იორკის საბაჟოზე ინსპექტორის სამსახურის უშოვნეს. ეს მოკრძალებული თანამდებობა იყო, თუმცა ნორმალური ანაზღაურება მოჰქონდა. ამ პოზიციაზე მან 19 წელი იმუშავა. მაშინდელი საბაჟო წარმოადგენდა ერთ–ერთი ყველაზე კორუფციული დაწესებულებას, თუმცა მელვილმა ძალიან მალე შეიქმნა ერთდერთი პატიოსანი მუშაკის რეპუტაცია მთელს დაწესებულებაში.

1866 წლიდან მისი, როგორც მწერლის კარიერა დასრულდა. მისი საქმიანობის პარალელურად, ოჯახური ცხოვრებაც ძალიან უიღბლო იყო. მის ცოლს ნათესავები ურჩევდნენ ქმარი მიეტოვებინა და უმტკიცებდნენ, შეშლილიაო, თუმცა ცოლი უარყოფდა. 1867 წელს მისი უფროსი ვაჟმა შემთხვევითი გასროლით დაიღუპა. საბაჟოზე მუშაობის დაწყების შემდეგ, ცოლის ძალისხმევით, მელვილმა სმას თავი დაანება, რის შემდეგაც სიგიჟის და ემოციური აშლილობის ნიშნებს აღარ ავლენდა. 1886 წელს მეორე ვაჟის დაღუპვამ პერიოდული დეპრესია უფრო გაუმწვავა. ამავე წელს პენსიაზე გავიდა, მას შემდეგ, რაც ცოლის რამდენიმე ნათესავი გარდაიცვალა და წყვილს მემკვირეობა დარჩა. ამ ქონებას მელვილის ცოლი წარმატებით მართავდა.

1891 წელს ჰერმან მელვილი თავის სახლში, ნიუ–იორკში გარდაიცვალა გულის შეტევით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Arvin N., Н. Melville, L., 1950;
  • Leyda J., The Melville log, v. 1—2, N. Y., 1951;
  • Sedqwick W. E., Herman Melville. The tragedy of mind, N. Y., 1962;
  • Bowen М., The long encounter. Self and experience in the writings of Herman Melville, Chi. — L., 1963;
  • Dryden E. A., Melville's thematics of form. The great art of telling the truth, Balt., 1968;
  • История американской литературы, т. 1, М. — Л., 1947;
  • Ковалев Ю. В., Герман Мелвилл и американский романтизм, Л., 1972;
  • Маттисен Ф. О., Ответственность критики, М., 1972.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]