ჰეზბოლა (ლიბანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჰეზბოლა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰეზბოლა.

ჰეზბოლაჰ (არაბ. حزب الله‎‎ ჰიზბუ`ლ-ლაჰ, უფლის პარტია ან უფლის დაჯგუფება) ასევე ცნობილი როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა, — ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბიქაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს, ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში.

სექციების სია

დასახელება[რედაქტირება]

სახელწოდება ჰეზბოლა, ანუ ჰიზბუ`ლ-ლაჰ, წარმოდგება წმიდა ყურანის სურა ალ-მა'იდას 61-ე აიასაგან (ومن يتول الله و رسوله والذين آمنوا فإن حزب الله هم الغالبون) - ისინი, ვინც არჩია უფალი, მისი მოციქული და მორწმუნენი, ჭეშმარიტად ღვთის დაჯგუფებაა, და ისინი შეიქნებიან გამარჯვებულნი. ეს ბოლო ფრაზა (ჭეშმარიტად ღვთის დაჯგუფებაა, და ისინი შეიქნებიან გამარჯვებულნი. فان حزب الله هم الغالبوم ) აღბეჭდილია ასევე ჰეზბოლას ალამზე. ასევე აღსანიშნავია, რომ არაბული გამოთქმით, ჰეზბოლა წარმოითქმება როგორც ჰიზბულლაჰ, ხოლო ჰეზბოლა ირანული წარმოთქმაა.

ჩამოყალიბება[რედაქტირება]

ჰეზბოლას ჩამოყალიბების რამდენიმე ვერსია არსებობს, პირველი და ოფიციალური ჰეზბოლას ჩამოყალიბების თარიღად აყენებს 1982 წელს, ისრაელის მიერ ლიბანში შეჭრის დაწყებას. ჰეზბოლას პირველ ლიდერად სახელდება სეიდი იმამი რაღიბ ჰარუბი, მეორე ვერსიით, ჰეზბოლა სწორედ სეიდ იმამ რაღიბ ჰარუბის მკვლელობის (1984) შემდეგ შეიქმნა, როცა ჰეზბოლას მოწინააღმდეგეები ჰეზბოლას ჩამოყალიბებას სრულიად მიაწერენ სეიდ აიათოლა ხომეინის იდეას ისლამური რევოლუციის განვრცობის შესახებ და ჰეზბოლას ჩამოყალიბებას ათარიღებენ 1980 ან 1981 წლით, ირანის ისლამური რესპუბლიკის დაფინანსებას და სხვა მოქმედებებს. ჰეზბოლას დაფუძნებასა და მისი წესდების მიღებაში აღსანიშნავია სეიდ ჰუსაინ ფადლულასა და შაიხ სუბჰ ალ-თუფალის როლი. ჰეზბოლას წესდების თანახმად, მისი შექმნისა და არსებობის მიზანი იყო ლიბანის გაწმენდა გარეშე ძალების ოკუპაციისა და გავლენისაგან, მისი სუვერენიტეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სამოქალაქო ომში დამნაშავე პირების (უპირატესად, ქათაიბის წევრები) დასჯა.

საბრძოლო მოქმედებები[რედაქტირება]

ჰეზბოლა ითვლება ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ წინააღმდეგობის მოძრაობად არაბულ ქვეყნებში, ხოლო ყველაზე საშიშ მტრად ისრაელისა და მისი მოკავშირეების მიერ.

სამოქალაქო ომი (1982-90)[რედაქტირება]

ლიბანის სამოქალაქო ომის დროს ჰეზბოლა თავდაპირველად ებრძოდა ფალანგისტებს (ქათაიბი, მარონიტთა ლაშქარი, მის უკან მოიაზრებოდა ისრაელი, და შესაბამისად აშშ) და ამალთან (შიიტური ლაშქარი, თუმცაღა უფრო სეკულარისტული შეხედულებებით, ვიდრე ჰეზბოლა, მის უკან მოიაზრებოდა სირია და შესაბამისად - სსრკ) ერთად უტევდა ბეირუთს. მეექვსე საერთო საჯარისო ბრიგადის მიერ (რომელიც ძირითადად შიიტებისგან შედგებოდა) შიიტი მოლაშქრეების მხარეს გადმოსვლის შემდეგ, ჰეზბოლამ და ამალმა ფაქტიურად უბრძოლველად ხელთ იგდეს ბეირუთი და მიმდებარე ტერიტორია. 1987 წელს ამ ორ დაჯგუფებას შორის დაიწყო დაპირისპირება ბეირუთისთვის, რაც 1990 წელს ტაიფის შეთანხმებით დასრულდა (ამავე შეთანხმებამ დაასრულა სამოქალაქო ომი ლიბანში).

მოქმედებები ისრაელისა და კოლაბორაციონისტული სამხრეთ ლიბანის არმიის წინააღმდეგ (1990-2000)[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ თაიფის შეთანხმებით შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა დაშლილიყო და განიარაღებულიყო, სირიამ, რომელიც აკონტროლებდა ლიბანს ისრაელის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონს გარდა, მისცა საშუალება ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა არ განეიარაღებინა, რომლის მიზეზად სამხრეთ ლიბანის ებრაული ოკუპაცია დასახელდა. 1990-დან 2000 წლამდე ჰეზბოლა ებრძოდა ცაჰალის საოკუპაციო ნაწილებს და მათთან მოთანამშრომლე სამხრეთ ლიბანის არმიას. 1992 წელს ცაჰალის ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს ბეირუთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც დაიღუპნენ ჰეზბოლას წინამძღოლი სეიდი აბას ალ-მუსავი, მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჰუსაინი და ცოლი. სეიდი აბას ალ-მუსავი ჩაანაცვლა სეიდმა ჰასან ნასრულამ. ამავე დროს საოკუპაციო ზონებში არ წყდებოდა თავდასხმები ებრაელ ჯარისკაცებზე, უპირატესად ნაღმსატყორცნებითა და მსუბუქი სარაკეტო-გამშვები დანადგარებით.

იყო ჰეზბოლას მცირე ჯგუფების პირდაპირი თავდასხმები ცაჰალის პოსტებზე, მათ შორის აღსანიშნავია მრავალკონფესიური ბრიგადის მოქმედებები, რომელიც შედგებოდა როგორც მარონიტი, მართლმადიდებელი, უნიატი და გრიგორიანელი ქრისტიანებისაგან, ასევე სუნიტი და შიიტი მუსლიმებისგან, რაც ემსახურებოდა ლიბანის რელიგიური ნიშნით დაყოფის მოსპობას. მოხსენიების ღირსია 1997 წლის 13 სექტემბრის თავდასხმა ღანდურიათთან, როდესაც ჰეზბოლას ხასათის ალამს, რომელშიც ირიცხებოდა სეიდ ჰასან ნასრულას უფროსი ვაჟი ჰადი, შეუტია ცაჰალის სადაზვერვო დანაყოფმა გივ'ათის ბრიგადიდან და ბრძოლაში დაიღუპა სეიდი ჰადი ნასრულაც.

2000 წელს ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა სამხრეთ ლიბანის დატოვების შესახებ. საოკუპაციო ნაწილების გასვლისას სამხრეთ ლიბანის არმიას უნდა უზრუნველეყო ისრაელის ინტერესების გატარება 10 კმ-იან ზონაში, მაგრამ ჰეზბოლამ იმ დღესვე შეძლო სტრატეგიული წერტილების დაკავება და ქრისტიანულ ქალაქ მარჯაიუნში მაიორ საად ჰადადის, სამხრეთ ლიბანის არმიის პირველი მეთაურისა და დამფუძნებლის, ძეგლი ჩამოაგდეს - ეს 18 წლიანი ოკუპაციის დასასრულს ნიშნავდა.

შაბაას კონფლიქტი (2000-06)[რედაქტირება]

შაბაას სავარგული (مزرع شبعا მაზარი'ა შაბა'ა, შაბაას სასოფლო სამეურნეო მიწები) მდებარეობს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიბანში და დაახლოებით 25 კვ. კმ ფართისაა. ისრაელის სახელმწიფოს განცხადებით, იგი შედის გოლანის მაღლობებში, რაც 1981 წლის ცალმხრივი ანექსიით შეყვანილია ისრაელის შემადგენლობაში, თუმცაღა გაეროს დადგენილებით, შაბაას სავარგული ეკუთვნის ლიბანს და ისრაელის მიერაა ოკუპირებული. ამის გამო მიმდინარეობდა სასაზღვრო დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი ჰეზბოლას მებრძოლებსა და ცაჰალს შორის, რამაც ექვსი წლის განმავლობაში 30 ებრაელი ჯარისკაცისა და მოსახლის, 8 ჰეზბოლას მებრძოლისა და ერთი სირიელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

2006 წლის ომი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ივლისის ომი.

დაიწყო 2006 წელს ზაჰრათსა და შეთულას შორის სასაზღვრო ტერიტორიაზე, სადაც ჰეზბოლას მებრძოლების მცირე ჯგუფი თავს დაესხა ისრაელის სასაზღვრო პატრულს, რამაც გამოიწვია ხუთი ებრაელი ჯარისკაცის მოკვლა და ორის გატაცება ლიბანში. ამის საპასუხოდ ისრაელმა გამოაცხადა რეზერვისტების მობილიზაცია, უარჰყო ჰეზბოლას შეთავაზებები გაცვლაზე, გამოაცხადა, რომ "ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ აპირებდა" და საჰაერო იერიშები მიიტანა ლიბანზე, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე (რაფიქ ჰარირის სახ. აეროპორტი, ბეირუთ–დამასკოს გზატკეცილი, ჯიათის თბოსადგური, ხიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ა.შ.). ლიბანის მთავრობამ მოითხოვა ასეთ ქმედებების შეწყვეტა, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაგრძო დაბომბვები და როდესაც დაინახა, რომ საჰაერო იერიშები შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, გადაწყვიტა სახმელეთო ოპერაციის ჩატარება.

მზადყოფნაში მოიყვანეს ცაჰალის 30 000–მდე მებრძოლი (მათ შორის ელიტური გოლანის, გივ'ათისა და ქფირის ბრიგადები) და 400–მდე ტანკი, დაიგეგმა და მომზადდა ოპერაცია ბინთ ჯუბაილისა და ხიამის მიმართულებით, საბოლოოდ ლითანის ფორსირებისთვის.

ჰუჯაირის ვიწრობი[რედაქტირება]

ოპერაცია დაიგეგმა მეთულა–ხიამ–მარჯაიუნის ღერძზე, ლითანის ფორსირებისთვის . ცაჰალი გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა ლიბან–ისრაელის საზღვრიდან ნახევარ კილომეტრზე, ჰეზბოლას მებრძოლებმა შეაფერხეს ცაჰალის წინსვლა, დააზიანეს და გაანადგურეს ოცამდე ტანკი (მათ შორის უახლესი მეოთხე ტიპის მერკავებიც). ხოლო ჰუჯაირის ვიწრობზე, რომელიც წარმოადგენს ხევსა და ძნელადგასავალ ადგილს, ცაჰალის წინსვლა მდინარე ლითანისკენ საბოლოოდ შეჩერდა.

ბინთ ჯუბაილის ბრძოლა[რედაქტირება]

ჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ და ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ბინთ ჯუბაილისთვის საავიაციო იერიშების აცილების მიზნით, რაც დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა მშვიდობიან მოსახლეობაში, ბინთ ჯუბაილის მაგიერ წინააღმდეგობის კვანძი შეექმნა შედარებით მეჩხრად დასახლებულ მარუნ ალ–რასში. მარუნ ალ–რასში განთავსდა ჰეზბოლას პირველი ბრიგადის მეშვიდე და მესამე ალმები, საიდანაც მიდიოდა საერთო მოქმედებების კოორდინაცია და მოქმედებები ბინთ ჯუბაილის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 24 ივლისს "გოლანის" ბრიგადა ჯავშანსატანკო ნაწილების მხარდაჭერით შეიჭრა ბინთ ჯუბაილში და 25 ივლისს ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა თითქოს სრულ კონტროლს ფლობდნენ ბინთ ჯუბაილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრძოლები ბინთ ჯუბაილში გრძელდებოდა 14 აგვისტომდე.

ცაჰალმა ლითანის ფორსირება ვერ მოახერხა ვერც შვეულმფრენების გამოყენებით ლითანის გარშემო დესანტის გადასხმით და 14 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, დაიწყო ცაჰალის ნაწილები გასვლა ლიბანიდან.

2008 წლის მღელვარებები[რედაქტირება]

დაიწყო ჯერ კიდევ 2006 წლის ოქტომბერში, როდესაც ჰეზბოლამ ჩათვალა, რომ ლიბანის მთავრობა "არასუვერენულად იქცეოდა", ხოლო მისი გავლენა მთავრობაში ხუთ შიიტ მინისტრს (ერთი ჰეზბოლასა და ოთხი ამალის წარმომადგენელი) არ აღემატებოდა, რაც "ღვთივმომადლებული გამარჯვების" ფონზე საკმაოდ მწირად გამოიყურებოდა. ჰასან ნასრულამ მოითხოვა ფუად სინიორას გადადგომა და ახალი მთავრობის შექმნა, მაგრამ ეს არ განხორციელებულა, 2006 წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნებისას კი სტატუს–ქვო არ შეცვლილა. ჰეზბოლასა და ლიბანის მთავრობას შორის გაჩნდა საკმაოდ დიდი ბზარები. დაპირისპირების კულმინაცია იყო 2008 წლის მაისის დასაწყისი, როდესაც აშშ–ისრაელის ზეწოლითა და გავლენით, ლიბანის მთავრობამ შეუჩერა ლიცენზია ალ–მანარს და მოითხოვა მისი მაუწყებლობის შეწყვეტა. ფუად სინიორას "ჰარაქათ მუსთაყბალის" მებრძოლებმა დაიკავეს ბეირუთი, თუმცა ჰეზბოლას მებრძოლებმა (ამალსა და ჰიზბ შუ'იუსთან ერთად) მალევე შეძლეს კონტროლის დაწესება მუსლიმურ დასავლეთ ბეირუთზე და დაპირისპირება ლიბანის სამოქალაქო ომის მსგავსი სცენარით განვითარდებოდა, რომ არა ლიბანის არმიის ჩარევა და როგორც ჰასან ნასრულას, ისე ფუად სინიორას ბრძანება თავისი მომხრე მებრძოლებისადმი, წინაამდეგობა არ გაეწიათ არმიისთვის. არმიამ დაიკავა ბეირუთი და აიძულა ორივე მხარე დაეტოვებინათ იგი.

ჰეზბოლა ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში[რედაქტირება]

ჰეზბოლას მთავარი მოკავშირის, ამალის ალამი

ჰეზბოლა ლიბანის პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ აქტიური მონაწილეა და არჩევნებში მონაწილეობს საერთოეროვნული შეთანხმების შიიტური კვოტებით.

დამოკიდებულებანი[რედაქტირება]

ჰეზბოლა გამოირჩევა საუკეთესო დამოკიდებულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ და კეთილგანწყობით სირიის მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებისა და სხვა დიდი სახელმწიფოების მიმართ დამოკიდებულება მეტნაკლებად ცივია.

დამოკიდებულება ისრაელის სახელმწიფოს მიმართ[რედაქტირება]

ჰეზბოლას შექმნის მიზანია, მიუხედავად იმისა, მისი შექმნის რომელ ვერსიას მივიჩნევთ ნამდვილად, თანხმდებიან ერთ წერტილში – ისრაელის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, იქნება ეს შეიარაღებული, საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით. საკუთრივ ისრაელის სახელმწიფო ჰეზბოლას ლიდერების გამოსვლებსა და ოფიციალურ ტექსტებში მოიხსენიება როგორც "სიონისტთა დანაშაულებრივი ქმნილება" (كين الغصب الصهون ქიან ალ–ღასიბ ალ–საჰიუნი)

დამოკიდებულება ებრაელების მიმართ[რედაქტირება]

ოფიციალური განცხადებებით, ჰეზბოლა არ არის ანტისემიტური ორგანიზაცია და ის მიმართულია მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რიგ მოწოდებებში მაინც გაისმის ისეთი ლოზუნგები, რომელიც ანტისემიტურად აღიქმება.

დამოკიდებულება სხვა ისლამურ ორგანიზაციებსა და წინააღმდეგობის მოძრაობებთან[რედაქტირება]

ჰეზბოლა მკვეთრად დადებით პოზიციას ინარჩუნებს ყველა პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ, უწევს მათ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ჰეზბოლას ლიდერთა გამოსვლები ყოველთვის მიმართულია მათი მოქმედებების გამართლებისაკენ, მათ შორის ახალმოსახლეების წინააღმდეგაც – "ყველა ახალმოსახლე არის ოკუპანტი და ოკუპაციის მხარდამჭერი" – სეიდი ნაიმ ყასიმი

ალ–ყაიდა[რედაქტირება]

ჰეზბოლა მკვეთრად დაპირისპირებულია ალ–ყაიდასთან, რადგან ალ–ყაიდას იდეოლოგია მკვეთრ ანტიშიიტურ ხასიათს ატარებს, ალ–ყაიდას იდეოლოგიურმა ხელმძღვანელმა აიმან აზ–ზავაჰირმა უწოდა ჰეზბოლასა და სეიდ ჰასან ნასრულას "მურთადები, რომელთა გზა ძნელსავალი და არასწორია", ხოლო აბუ მუსაბ აზ–ზარყავი ჰეზბოლას, ბადრს და სხვა შიიტურ ორგანიზაციებს ასევე "მურთადსა" და "ზინდიყს" უწოდებდა.

2001 წლის 11 სექტემბერი[რედაქტირება]

ჰეზბოლას ლიდერმა სეიდმა ჰასან ნასრულამ დაგმო შეტევა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და ამას უწოდა "სამოქალაქო მოსახლეობის მიზანმიმართული ჟლეტა", ასეთი უარყოფითი შეფასება არ მიუცია პენტაგონზე თავდასხმისათვის

ორგანიზაციები[რედაქტირება]

ცენტრალური საინფორმაციო ბიურო[რედაქტირება]

ჰეზბოლას ცენტრალური საინფორმაციო ბიურო ( الإنترنت المركزي في حزب الله) შეიქმნა 90–იანი წლების დასაწყისში, მათი მიზანი იყო მასების უკეთ ინფორმირება ჰეზბოლას შესახებ, წინააღმდეგობა "კულტურულ თავდასხმაზე" – ამისთვის ბიურო ქმნიდა და ქმნის ვებ–საიტებს, ფილმებს წინააღმდეგობის მარტვილებსა და გამარჯვებებზე, ასევე "მცირე მცდელობებს ბავშვთა დასაცავად მტრული პროპაგანდისაგან".

ჯიჰად 'ლ–ბინაა[რედაქტირება]

ჰაიათ დაამი[რედაქტირება]

ბაითულ–მალი[რედაქტირება]

ბაითულ–მალი (بيت المل: ქონების სახლი, ფულის სახლი) არის საფინანსო დაწესებულება, რომელიც ეწევა შემოწირულებების შეგროვებას ჰეზბოლასათვის, ბიქაასა და ნაბატიას მუჰაფაზებში სოციალური დახმარების პროგრამებს. ისრაელი ბრალს სდებს მათ ნარკოტიკებით მიღებული შემოსავლის გათეთრებაში.

ალ–მანარი[რედაქტირება]

ალ–მანარი (المنار‎; შუქურა) არის ჰეზბოლას ცენტრალური საინფორმაციო ბიუროს პირველი მნიშვნელოვანი პროექტი. სატელევიზიო სადგური, რომელიც იმაუწყებლებდა მთელს ლიბანზე და ამას გარდა, მთელ მსოფლიოში თანამგზავრიდან. 1991 წლიდან მაუწყებლობს და წარმოადგენს "ძლიერ იარაღს სიონისტური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ", თუმცა რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, ებრაული ლობისა და აშშ–ს ზეწოლით მისი გადმოცემა აკრძალულია ანტისემიტიზმის და სიძულვილის მიზეზით, აშშ–ში აკრძალულია ალ–მანარის მაუწყებლობა 2010 წლის მარტიდან, კონგრესის დადგენილებით. ალ–მანარის გადამცემები, ანტენები და ოფისები იყო ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმების მნიშვნელოვანი ობიექტი, ხოლო 2008 წელს ალ–მანარის მაუწყებლობის შეჩერება 2008 წლის მღელვარებათა ერთ–ერთი მიზეზი გახდა.

ალ–ნური[რედაქტირება]

ალ–ნური (ან–ნურ, النور; სინათლე) არის ჰეზბოლას რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ლიბანისა და სირიის ტერიტორიაზე, ხოლო ისრაელის ტერიტორიაზე მისი მაუწყებლობა იხშობა.