ჰასან ნასრულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან ნასრულა

სეიდი ჰასან ნასრულა ( حسن نصرالله, ჰასან ნასრუ'ლლაჰ; დ. 31 აგვისტო, 1960) – ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. იძებნება ინტერპოლის მიერ, საქმე აღძრულია ისრაელისა დაეგვიპტის სამართალდამცველების მიერ ტერორიზმის, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების და ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებების იძულებითი შეცვლისკენ მოწოდებების გამო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს პატარა შიიტურ სოფელ ბაზურიათში, ჰასანი იყო უფროსი რვა შვილიდან (სამი ვაჟი და ხუთი ქალი). მამამისი, სეიდი აბდულ–ქარიმ ნასრულა ბეირუთში, ე.წ. კარანტინის გარეუბანში მუშაობდა და პატარა ჰასანიც თავისთან წაიყვანა. ხუთი წლის ჰასანი შევიდა ალ–ქიფათის სკოლაში, ხოლო როდესაც 1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო, ოჯახი ისევ ბაზურიათში დაბრუნდა, სადაც ჰასანი გაწევრიანდა ამალში. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი დანიშნეს ამალის ბაზურიათის განყოფილების ორგანიზატორად, ამავე დროიდან სეიდი ნასრულა იწყებს ისლამური თეოლოგიის შესწავლას. 1976 წელს ტვიროსში სეიდი ნასრულა შეხვდა შაიხ მუჰამად ალ–ღარავის, რომელიც დაეხმარა მას ნაჯაფში გამგზავრებაში. სეიდი ნასრულაც გაემგზავრა ნაჯაფში, სადაც იგი შეხვდა აიათოლა ალ–უზმა სეიდ მუჰამად ბაყირ ას–სადრს, რომელთანაც დაიწყო ფიყჰის შესწავლა. 1978 წელს, როდესაც ერაყში შიიტი სასულიერო პირებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაიწყო რეპრესიები, აიათოლა ას–სადრის მოთხოვნით სეიდმა ნასრულამ და სეიდმა აბას ალ–მუსავიმ დატოვეს ერაყი და დაბრუნდნენ ლიბანში. ლიბანში ორივენი ბაალბექის იმამ მუნთაზარის სახელობის სასწავლებელში აგრძელებენ მოღვაწეობას. ასევე სეიდი ნასრულა წინ მიიწევს პოლიტიკურ კარიერაშიც და იღებენ ამალის პოლიტბიუროში. 1982 წელს, ისრაელი შეიჭრა ლიბანში. ამალის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ფაქტს არ შეხვდა ისე, როგორც, რიგი ამალელების აზრით, სიტუაცია მოითხოვდა, ამიტომ ამალის წევრების დიდმა ნაწილმა, მათ შორის სეიდმა ნასრულამ, დასტოვეს ამალი და დააარსეს ახალი ორგანიზაცია ჰეზბოლა. სეიდი ნასრულა დაინიშნა ბიქაას რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

უმაღლესი საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს სეიდი ნასრულა მიიღეს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო 1987 წელს სეიდი ნასრულა ინიშნება ჰეზბოლას აღმასრულებელ კომისრად. თუმცა მალევე იგი მიემგზავრება წმიდა ქალაქ ყუმში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად. 1992 წელს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სეიდი აბას ალ–მუსავი მოჰკლეს ისრაელის შვეულმფრენებმა ავტოსტრადაზე ბეირუთის ახლოს, ხოლო ჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ დაუსწრებლად აირჩია თავმჯდომარედ სეიდი ჰასან ნასრულა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდმა ჰასან ნასრულამ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება. ამის გამო ჰეზბოლას სამხედრო ფრთის წევრები მართავდნენ გამუდმებულ თავდასხმებს ისრაელის და სამხრეთ ლიბანის არმიის ნაწილებზე, საგუშაგოებზე, ბლოკპოსტებზე და ა.შ. 1996 წელს ისრაელმა საპასუხოდ წამოიწყო ოპერაცია რისხვის მტევნები, ხოლო 1997 წელს რაფათის მთასთან ისრაელის დანაყოფთან შეტაკებისას დაიღუპა სეიდ ნასრულას უფროსი ვაჟი, მუჰამად ჰადი.

მსოფლმხედველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდ ნასრულას მსოფლმხედველობა საკმაოდ დიდი კამათის საგანია, მისი განცხადებით — სამოქალაქო პერსონები დაცულნი უნდა იყვნენ ძალადობისაგან, თუმცა ისრაელი ჰეზბოლას მოიაზრებს მრავალი ტერორისტული აქტის მხარდამჭერად, რომლებიც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყო მიმართული.

სიონიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდი ნასრულა გამოსვლებსა და ინტერვიუებში სიონიზმს უწოდებს „დედამიწის სახადს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას“, მკვეთრი წინააღმდეგია სიონიზმის ყოველგვარი გამოვლინებისა და მოითხოვს იერუსალიმის უპირობო დაბრუნებას მუსლიმთა მმართველობის ქვეშ. თუმცა ზოგ ინტერვიუში თანხმდება ისრაელის არსებობას 1948 წლის საზღვრებში.

ებრაელები და იუდაიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ თავს ანტისემიტად არ მიიჩნევს, მის გამოსვლებში მაინც შეიმჩნევა ანტისემიტური ხასიათი — მაგალითად: „ვინ არიან იუდეველები? ხალხი, რომელიც ებრძოდა ღვთის წინასწარმეტყველებს და მოკლული ჰყავს ისინი“

ასევე არსებობდა აზრი თითქოს სეიდმა ნასრულამ თქვა ერთ–ერთ დასავლურ ჟურნალთან – „დიახ, ძალიან კარგია, რომ ისრაელში მოდიან ებრაელები – ჩვენ აღარ მოგვიწევს მათი დევნა მსოფლიო მასშტაბით“, მაგრამ შემდეგ როგორც აღმოჩნდა, ეს მთარგმნელისა და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა.

2001 წლის 11 სექტემბერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდმა ნასრულამ რამდენიმეჯერ დაგმო თავდასხმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე „სამოქალაქო პირების მასიურ ხოცვა–ჟლეტას ვერ მოვიწონებ“, „ეს უკუშედეგის მომტანია“ და „პენტაგონზე თავდასხმა – ეს სრულიად სხვა საკითხია — რადგან პენტაგონი სამხედრო ობიექტია“, „იქიდან იმართება ამერიკის ქმედებები“

ჰოლოკოსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდი ნასრულა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ჰოლოკოსტის უარმყოფლად. მას რამდენიმეჯერ აქვს გაკეთებული განცხადება გერმანელებთან ეთნიკურად ებრაელი და იუდაისტური მრწამსის ადამიანების თანამშრომლობიის ფაქტების დამალვაზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდაზე. ასევე მან მხარდაჭერა გამოხატა ჰოლოკოსტის უარმყოფელ როჟე გაროს მიმართ და თქვა – „რატომ უნდა იდევნებოდეს ეს ადამიანი თავისი აზრის გამო? და ეს იმ ქვეყანაში ხდება, რომელიც მუდამ სხვებს უკიჟინებს სიტყვის თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლების დაცვის საბაბით აძლევს უფლებას თავის გაზეთებს გადმობეჭდონ და გაავრცელონ წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი კარიკატურები?“

მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდი ნასრულა მომხრეა შეიარაღებული ბრძოლისა. „ჩვენ ვხედავთ რა ხდება გოლანზე და დასავლეთ ნაპირზე, ვხედავთ, რომ მხოლოდ განუწყვეტელმა შეიარაღებულმა ბრძოლამ, და არა გაერომ ან არაბულმა ლიგამ შეიძლება მოიტანოს ნაყოფი“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდი ჰასან ნასრულა დაქორწინებულია ფატიმა იასინზე. ჰყავს ოთხი შვილი – სეიდი მუჰამად ჯავადი, სეიდი მუჰამად ალი, სეიდი მუჰამად მაჰდი და სეიდა ზაინაბი.

უფროსი ვაჟი, მუჰამად ჰადი (დ. 12 აპრილი, 1980 — გ. 13 სექტემბერი, 1997) დაიღუპა რაფათის მთასთან ბრძოლაში.