ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადმირალი ფონ ფრიდებურგი (მარჯვნიდან პირველი)

ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი (გერმ.:Hans-Georg von Friedeburg) (დ. 15 ივნისი 1895, სტრასბურგი — გ. 23 მაისი 1945, ფლენსბურგი) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «კრიგსმარინეს» ადმირალი, წყალქვეშა ნავების ფლოტის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს და 1945 წელს ბერლინ-კარლსჰორტში გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციაზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი დაიბადა 1895 წლის 15 ივნისს ქ. სტრასბურგში, რომელიც მაშინ გერმანიის იმპერიას ეკუთვნოდა. 1914 წელს იგი «კაიზერლიხე მარინეს» რიგებში შევიდა. პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის იგი 1917 წელს ლეიტენანტი გახდა და 1918 წლის ივნისში გადაყვალი იქნა წყალქვეშა ნავების ფლოტში. ომის დასასრულამდე ფრიდებურგი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე "SM-U 114".

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი «რაიხსმარინეს» რიგებში დარჩა. 1932 წელს იგი რაიხსკანცლერ კურტ ფონ შლაიხერის რეფერანტი გახდა. 1933 წელს მას "კორვეტენკაპიტნის" ჩინი მიენიჭა და გადაიყვანეს «რაიხსვერის» სამინისტროში, ხოლო 1934 წელს კი «ვერმახტის უმაღლეს მთავარსადლობაში». 1939 წლის 6 ივნისს ფრიდებურგი დაინიშნა წყალქვეშა ნავის "U 27"-ის მეთაურად, თუმც ამ პოსტზე მას დიდხანს არ დაუყოვნებია და იმავე წლის 9 ივლისს გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტის მეთაურ კარლ დიონიცთან არსებული საორგანიზაციო განყოფილების შტაბსოფიცრის თანამდებობაზე. 1939 წლის სექტემბერში იგი ამ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.

2 წლის შემდეგ, 1941 წლის სექტემბერში იგი წყალქვეშა ნავების ფლოტის ვიცე-ადმირალი გახდა. 1943 წლის 1 თებერვალს ფრიდებურგი ფლოტის მეთაურ ადმირალად დაინიშნა. 1945 წლის 1 მაისს ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ დიონიცმა მას გენერალ-ადმირალის წოდება მიანიჭა. იმავე წლის 4 მაისს ტიმელობერგში ბრიტანელების წინაშე მან ხელი მოაწერა «ვერმახტის» ჩრდილო-დასავლეთ არმიების ნაწილობრივ კაპიტულაციას. 1945 წლის 7 მაისს იგი დელეგაციის წევრი იყო ქ. რეიმსში, როცა გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა დასავლელ მოკავშირეების წინაშე გერმანიის «ვერმახტის» უსიტყვო კაპიტულაცია მოაწერა ხელი. 1945 წლის 8-9 მაისის ღამეს ბერლინ-კარლსჰორტში მან, როგორც «კრიგსმარინეს» წარმომადგენელმა საბჭოთა მთავრსარდლობის წინაშე რატიფიცირება გაუკეთა კაპიტულაციის ხელშეკრულებას.

მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა მიურვიკის ზონაში მყოფი დიონიცის მთავრობის და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს, 1945 წლის 23 მაისს ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგმა სიცოცლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1945 წლის 17 იანვარს იგიდაჯილდოვდა ორდენით - "სამხედრო დამსახურებისათვის ჯვრის" რაინდის ჯვარი ხმლებით. მისი შვილი ლუდვიგ ფონ ფრიდებურგი ცნობილი გერმანელი სოციოლოგია და 1969-1974 წლებში ჰესენის კულტურის მინისტი იყო.