ჯუზეპე გარიბალდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუზეპე გარიბალდი
ჯუზეპე გარიბალდი

ჯუზეპე გარიბალდი (* 4 ივლისი, 1807, ნიცა ― † 2 ივნისი, 1882, კუნძული კაპრერა) იტალიის სახალხო გმირი. გენერალი. XIX საუკუნის იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, მისი რევოლუციური-დემოკრატიული ფრთის ერთ-ერთი ბელადი (ჯ. მაძინისთან ერთად). გამოდიოდა იტალიის "ქვემოდან" გაერთიანების პროგრამით.

სექციების სია

[რედაქტირება] ახალგაზრდობა

ჯუზეპე გარიბალდი დაიბადა 1807 წლის 4 ივლისს ქალაქ ნიცაში ნეგოციანტის ოჯახში. გარიბალდების რამოდენიმ თაობის ყველა მამაკაცი მეზღვაური და გემთმშენებელი იყო. ჯუზეპეს მამა "პატრონ" დომენიკო საკუთარი ტარტანით დაცურავდა კატალონიიდან ლიგურიამდე და გადაჰქონდა სხვა და სხვა ტვირთები. მისი მეუღლე, დონა როზა, უაღრესად სათნო, მშრომელი და მზრუნველი ქალი იყო. ჯუზეპე მათი მეორე ვაჟი იყო, მას სამი ძმა ჰყავდა. დიმენიკომ და როზამ თავის შვილებს საუკეთესო განათლება მისცეს. ჯუზეპემ მშობლიური იტალიური და ფრანგულის გარდა შესანიშნავად შეისწავლა გერმანული, ესპანური, ინგლისური ენები , მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია და ა.შ. მშობლებს უნდოდათ, რომ ის მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ ჯუზეპეს ზღვა იტაცებდა. თხუთმეტი წლის ასაკში იგი უკვე იუნგაა და სატვირთო გემით მიემგზავრება ოდესისკენ. თერთმეტი წლის განმავლობაში ჯუზეპე სერავს ხმელთაშუა ზღვას ყველა მიმართულებით კანარის კუნძულებიდან ტაგანროგამდე და სრულყოფილად ეუფლება მეზღვაურის ხელობას. ოცდახუთი წლის ასაკში იგი უკვე კაპიტანია. მას შეეძლო წარმატებულად გაეგრძელებინა თავისი კარიერა, მაგრამ ჯუზეპე გარიბალდი იყო მგზნებარე რომანტიული პირივნება, მასში ძალიან დიდი შინაგანი ძალა ბობოქრობდა, რომ დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობით, იგი აუცილებლად დიდ საქმეებში უნდა დახარჯულიყო. ბავშვობიდანვე იგი მხურვალე ინტერესით და დიდი გულისტკივილით ადევნებდა თვალყურს იტალიაში მიმდინარე ურთულეს პროცესებს.

გარიბალდის მშობლიური ქალაქი ნიცა ისტორიულად შედიოდა პიემინტ-სარდინიის სამეფოს შემადგენლობაში. 1796 წლის აპრილში საფრანგეთის რევოლუციური გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი შეიჭრა იტალიაში, დაამარცხა პიემონტის და ავსტრიის გაერთიანებული ჯარები და შეუერთა ნიცა სავოიასთან ერთად საფრანგეთს. 1801 წელს ნაპოლეონმა ხელახლა დაიკავა ჩრდილოეთ იტალია და ჩამოაყალიბა ლიგურიის და ციზალპიური რესპუბლიკები. მაგრამ 1814 წლის აპრილში, როდესაც ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა, ვენის კონგრესის გადაწყვეტილების თანახმად პიემონტ-სარდინიის სამეფო აღდგა თავის საზღვრებში და მეფე ვიტორიო-ემანუელე I, რომელიც მანამდე თავს სარდინიას აფარებდა, ავსტრიული ხიშტების მეშვეობით დაბრუნდა თავის დედაქალაქ ტურინში. პიემონტში, ისევე როგორც იტალიის სხვა ათიოდე სახელმწიფოში, გაუქმებული იყო რესპუბლიკის და იმპერიის პირობებში ჩატარებული პროგრესული რეფორმები და აღდგენილი იყო XVIII საუკუნის დროინდელი კანონმდებლობა და დინასტიები, რომლებიც სრულად ემორჩილებოდნენ ავსტრიის იმპერიის კონტროლს.

მაგრამ რევოლუციური საფრანგეთის გავლენამ თავისი შედეგი გამოიღო და იტალიური საზოგადოების განათლებული ნაწილი ვეღარ შეეგუა დამკვიდრებულ რეაქციას. მთელ იტალიაში წარმოიქმნა საიდუმლო ე.წ. "კარბონარების" ორგანიზაციათა ქსელი, რომელთა მიზანი იყო "რისორჯიმენტო", ე.ი.იტალიის აღდგომა - აღორძინება. მათი მოთხოვნები იყო კონსტიტუცია და სახალხო წარმომადგენლობა და, რაც მთავარია, ქვეყნის განთავისუფლება ავსტრიული დიქტატისაგან და ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.

1821 წელს მთელი იტალია შესძრა აჯანყებათა ტალღამ, განსაკუთრებით კი სიცილია, მაგრამ ავსტრიული სამხედრო მანქანა სასტიკად უსწორდებოდა პატრიოტებს, ტარდებოდა რეპრესიები, დაპატიმრებულებს სასტიკად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.

პიემოტის სამეფოში პატრიოტულმა მოძრაობამ ისეთი ძლიერი ფორმები მიიღო, რომ 1821 წელს მეფე გადადგა, მაგრამ მისმა ძმამ და მემკვიდრემ კარლო-ფელიჩემ სისხლში ჩაახრჩო აჯანყება.

1831 წელს პიემონტის ტახტზე ავიდა კარლო-ალბერტო, რომელსაც სიჭაბუკის წლებში მოუწია ნაპოლეონის ბანაკებში ყოფნა და ის ლიბერალის რეპუტაციით სარგებლობდა. იტალიელი პატრიოტები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თვით ჯუზეპე მაძინიმ, დიდმა იტალიელმა, რომელმაც ემიგრაციაში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია "ჯოვინე იტალია" (ახალგაზრდა იტალია), მიმართა მეფეს შემდეგი სიტყვებით: "სირ, ჩადექით ერის სათავეში და დაწერეთ თქვენს ალამზე ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა." მაგრამ კარლო-ალბერტოს, როგორც პოლიტიკოსს, სპონტანური მოქმედებების უარყოფითი გამოცდილება უკვე ჰქონდა ადრე მიღებული და მან უპასუხოდ დატოვა ეს მიმართვა. მაძინი თავისი ორგანიზაციის ძალებით შეუდგა მორიგი აჯანყების მომზადებას.

ჯუზეპე გარიბალდი ამ პერიოდში უკვე გემის კაპიტანი იყო, მაგრამ მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა იტალიაში და მთელი გულით განიცადა ნეაპოლის სამეფოში, კერძოდ სიცილიაში პატრიოტების სიკვდილით დასჯა. ნაოსნობის დროს გარიბალდი ეზიარა სენ-სომონის მოძღვრებას და ამან უფრო გაუმტკიცა მას მისწრაფება ებრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. მან დაიწყო მაძინისთან კავშირების ძებნა. მათი შეხვედრა შედგა მარსელში 1833 წელს. მაძინის უკვე დაგეგმილი ჰქონდა აჯანყების მოწყობა პიემონტში და გარიბალდის მან დაავალა ამ გეგმის ნაწილის შესრულება - გენუის არსენალის და პორტის ხელში ჩაგდება. გარიბალდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს, მაგრამ აჯანყება იმდენად ცუდად იყო მომზადებული, რომ დაწყებამდე ჩაიშალა. შეთქმულების მონაწილეთა უმრავლესობა დააპატიმრეს. გარიბალდიმ ძლივს მოასწრო გაქცევა და საფრანგეთს შეაფარა თავი. გაზეთებიდან მან გაიგო, რომ სამხედრო ტრიბუნალმა მას დახვრეტა მიუსაჯა. რეპრესიების შედეგად მაძინის ორგანიზაციამ ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა და გარიბალდიმ, თავი რომ დაეღწია უმოქმედობისათვის, გადაწყვიტა ახალ სამყაროში გადასახლება. 1835 წლის სექტემბერში იგი ჯდება გემზე და მიემგზავრება რიო-დე-ჟანეიროში.

[რედაქტირება] სამხრეთამერიკული პერიოდი

რიო-დე-ჟანეიროში გარიბალდის დახვდა იტალიელი ემიგრანტების საკმაოდ დიდი კოლონია. სიკვდილმისჯილ პატრიოტს დიდი პატივით შეხვდნენ, ყველა ოჯახის კარი მისთვის გახსნილი იყო, მალე მას უკვე ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავდა. ბრაზილიაში იტალიელები ძირითადად კომერციით იყვნენ დაკავებული, მაგრამ გარიბალდის კომერცია არც ეხერხებოდა და არც აინტერესებდა. იგი მიისწრაფოდა "დიდი საქმეებისკენ", მას "გრიგალი და შეტევა" სჭირდებოდა.

ასეთი "დიდი საქმე" გამოჩნდა, როდესაც ბრაზილიის იმპერიას გამოეყო სამხრეთი ნაწილი და თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა თანასწორობის და სამართლიანობის დამკვიდრების მოწოდებით. ამ რესპუბლიკის ხელმძრვანელობა მჭიდროდ თანამშრომლობდა იტალიელ პატრიოტ - ემიგრანტებთან, რომლებიც მაძინისთან ინარჩუნებდნენ კავშირს და გარიბალდიც მათ წრეს ეკუთვნოდა. მათი გადაწყვეტილებით გარიბალდი ხდება "რესპუბლიკის კორსარი": იგი გადის ზღვაში, თავს ესხმის ბრაზილიის დროშით მიმავალ გემებს, რესპუბლიკის სასარგებლოდ ახდენს გემების და ტვირთების კონფისკაციას, მგზავრებს კი ანთავისუფლებს. ეს ხდებოდა 1837 - 1840 წლებში, ამ პერიოდში გარიბალდის ცხოვრებაში იყო ავანტიურები, შეტაკებები, გემების ჩაძირვები, გამარჯვებები, დამარცხებები, უახლოესი მეგობრების დაღუპვა, არაერთხელ სიკვდილისაგან ერთ ნაბიჯში ყოფნა. გარიბალდი გამოიბრძმედა ბრძოლებში, ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი. იგი მძიმედ იყო დაჭრილი, აღმოჩნდა ტყვეობაში, გადაიტანა წამება, გაიქცა ტყვეობიდან და ისევ გააგრძელა თავისი საქმე.

ანიტა გარიბალდი
ანიტა გარიბალდი

1839 წელს გარიბალდი შეხვდა ანიტას, შესანიშნავ ქალს, რომელმაც იგი შეიყვარა, გვერდში ედგა უმძიმესი ბრძოლების დროსაც კი და უძლებდა ყველანაირ გაჭირვებას. მაგრამ როდესაც მათ ბავშვი შეეძინათ, გარიბალდი მიხვდა, რომ მისი მთავარი მოვალეობა იყო თავისი ოჯახისთვის თავშესაფარის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამიტომ მან სთხოვა რესპუბლიკის ხემძღვანელობას უფლება გადამდგარიყო და მიიღო თანხმობასთან ერთად ჯილდოს სახით ხარების ცრაასთავიანი ჯოგი.

ჯუზეპე გარიბალდი
ჯუზეპე გარიბალდი

მეგობრების დახმარებით ჯუზეპე და ანიტა მონტევიდეოში დასახლდნენ, დაიწერეს ჯვარი. გარიბალდი მასწავლებლობით არჩენდა ოჯახს. შვიდი წლის განმავლობაში მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მაგრამ ომი მათ ისევ მოადგათ კარძე.

1843 არგენტინის დიქტატორმა ხუან მანუელ როზასმა დაიწყო ომი ურუგვაის რესპუბლიკის წინააღნდეგ და მონტევიდეოს მთელი მოსახლეობა აღსდგა თავისუფლების დასაცავად. გარიბალდიმ ჩამოაყალიბა იტალიური ლეგიონი, რომელიც ისე თავგანწირულად და წარმატებით იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, რომ არგენტინის დიქტატორს ჯერ გარიბალდის ლიკვიდაცია უნდოდა და რომ არ გამოუვიდა, შეეცადა მის მოსყიდვას, მაგრამ გარიბალდის უანგარობა საყოველთაოდ ცნობილი იყო. როდესაც ურუგვაის მთავრობამ მადლობის ნიშნად შესთავაზა მას და მის მეომრებს საჩუქრად მიწები, გარიბალდიმ ამაყად უპასუხა: "იტალიელმა ოფიცრებმა შესთავაზეს რესპუბლიკას თავისი დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მხოლოდ პატივისთვის გაეზიარებინათ იმ ხალხის ბედი, რომელმაც მათ სტუმართმოყვარეობა გაუწია." ურუგვაის მთავრობამ გარიბალდი დანიშნა მთავარსარდლად და გენერლის წოდება მიანიჭა.

მონტევიდეოს თავდაცვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სარდალ გარიბალდის შესახებ წერდნენ მსოფლიოს ყველა გაზეთები. ამ მოვლენებს ალექსანდრე დიუმამ მიუძღვნა წიგნი: "მონტევიდეო ანუ ახალი ტროა", რომელიც დიდი წარმატებით სარგელობდა. ფრანგი და ინგლისელი დიპლომატები და ადმირალები, რომლებიც იმ დროს მონტევიდეოში იმყოფებოდნენ, ასე იხსენიებდნენ გარიბალდის: "თქვენი ნიჭის და სიმამაცის წყალობით თქვენ ჩაატარეთ სამხედრო ოპერაცია, რომელიც პატივს მოუხვეჭავდა დიად არმიას"; "გარიბალდი არის უდიდესი სიმამაცის მქონე ადამიანი, დაჯილდოვებული ჭეშმარიტი სამხედრო ნიჭით"; "ყოველი განსაცდელიდან გარიბალდი გამოდიოდა თავისი ღირსების შეუბღალავად".

უნდა ითქვას, რომ გარიბალდიმ, როგორც დიდმა ორგანიზატორმა, შექმნა თავისი სიმბოლოები: ეს იყო შავი ალამი (ტანჯული იტალიის სიმბოლო), რომელზეც წითელი აბობოქრებული ვეზუვი იყო გამოსახული (რისორჯიმენტოს სიმბოლო) და, რაც მთავარია, სამხედრო უნიფორმა - წითელი ხალათი და ყელსახვევი, თეთრი ან რუხი პონჩო და ფართოფარფლებიანი სომბრეროს ტიპის ქუდი.

ალამისთვის შერჩეული სიმბოლოები მოწმობენ, რომ სამშობლოდან განდევნილი გარიბალდი მუდმივად ინარჩუნებდა რწმენას, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი იტალიის განთავისუფლება და გაერთიანება იყო. იტალიელი ემიგრანტები მონტევიდტოში მუდმივ კავშირში იმყოფებოდნენ იტალიელ პატრიოტებთან და იცოდნენ, რომ ბოლო წლებში სამშობლოში სასიკეთო ცვლილებები ხდებოდა, იტალიის მთელი საზოგადოება აბობოქრებული იყო, ქვეყნდებოდა წიგნები, რომლებიც ამზადებდნენ რისორჯიმენტოსთვის აუცილებელ სულიერ ატმოსფეროს. 1847 წელს ყველასთვის ნათელი იყო, რომ დღე – დღეზე მთელი იტალია აღსდგებოდა საბრძოლველად.

გარიბალადიმ თავის თანამებრძოლებთან ერთად დაიწყო მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად. მან წინასწარ გააგზავნა ანიტა და ბავშვები დედასთან ნიცაში, თვითონ კი მონტევიდეოში საქმეებს აგვარებდა და მხოლოდ 1848 წლის 15 აპრილს თავის უერთგულეს თანამებრძოლეებთან ერთად გამოემგზავრა იტალიაში.

[რედაქტირება] 1848 წელი პიემონტში და იტალიაში

პიემონტ - სარდინიის მეფე კარლო-ალბერტო, რომელმაც 1834 წელს ჩაახშო მაძინის მიერ მოწყობილი აჯანყება და გარიბალდის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, როგორც იყო ჩამოყალიბდა თავის პოლიტიკურ მისწრაფებებში და მიზნად დაისახა პიემონტის იმ ბირთვად გადაქცევა, რომლის გარშემო გაერთიანდებოდა მთელი იტალია. მისმა მინისტრებმა შეიმუშავეს რეფორმები, რომლებმაც პიემონტი იტალიის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ აქციეს. არმია, განათლება, კომუნიკაციები, იუსტიცია, კომერცია - ყველა ეს სექტორი იყო განახლებული. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, კარლო-ალბერტო თავისი ლიბერალური შეხედულებებით რადიკალრად განსხვავდებოდა იმდროინდელი იტალიის სხვა მონარქებისაგან და სურდა ახალი ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ საქმეში მას არ სჭირდებოდა რესპუბლიკური რწმენის მიმდევარი მაძინი და რადიკალი კარბონარები, რომლებიც შეთქმულებების და ტერორის საშუალებით მოქმედებდნენ. კარლო-ალბერტო აპირებდა მხოლოდ ლეგიტიმური საშუალებების გამოყენებას. 1847 წელს მან ჩაატარა სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია, შეასუსტა ცენზურა და შემოიღო კონსტიტუცია, ე.წ. სტატუტი, რომელიც 1923 წლამდე მოქმედებდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ მან გამოუცხადა ავსტრიას ე.წ. "საბაჟო იმი", რამაც მას პატრიოტების დიდი სიმპატიები მოუპოვა. "მე არ მეშინია ავსტრიის, მე მზად ვარ მარტო დავიწყო ომი დამოუკიდებლობისათვის" - სწერდა კარლო-ალბერტო თავის სამხედრო მინისტრს.

მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიელი მოაზროვნეების მიერ დაიწერა წიგნები, რომლებშიც ყალიბდებოდა იტალიის აღირძინების კონცეპფცია. 1848 წელს გამოვიდა წიგნი "იტალიელების საზოგადოებრივი და მორალური პრიმატი", სადაც დასაბუთებული იყო იტალიის კონფედერაციის შექმნის აუცილებლობა და მითითებული იყო, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ რომის პაპი და პიემონტის მეფე გაერთიანდნენ.

1847 წელს არჩეული რომის პაპი პიუს IX აძლევდა იტალიელ ინტელექტუალებს საბაბს, რომ იგი ბელადად მიეჩნიათ - მან გამოაცხადა პაპის სახელმწიფოში პოლიტპატიმრების საყოველთაო ამნისტია, პოლიტემიგრანტებს დაბრუნების უფლება დართო, შემოიღო კონსტიტუცია, დასახა განათლების რეფორმა.

საყოველთაო პატრიოტული აღმავლობის პერიოდში იტალიელებს ფსიქოლოგიურად სჭირდებოდათ დიდი თანამედროვე სარდალი, რომელიც უმეთაურებდა მათ და გამარჯვებამდე მიიყვანდა. ამ თვალსაზრისით გარიბალდი, რომლის სახელი ქუხდა მთელ მსოფლიოში და რომლის პოპულარობა საყოველთაოდ აღიარებული იყო, მიჩნეული იქნა შესაფერის ფიგურად. მთელ იტალიაში დაიწყო ხელმოწერით ფულის შეგროვება, რათა "ეროვნული აღიარების ნიშნად" გარიბალდისთვის ოქროს ხმალი მიერთმიათ. სულ რამოდენიმე დღეში საჭირო თანხა შეგროვდა. კარლო-ალბერტო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მნიშვნელოვანი თანხა შეიტანა.

1848 წლის დასაწყისიდან მთელ ევროპას და კერძოდ იტალიასაც რევოლუციური გამოსვლების ტალღამ გადაუარა. იანვარ - თებერვალში მოხდა აჯანყებები სიცილიაში და ნეაპოლში, ტოსკანაში, ლომბარდიაში, ვენეციაში. გარდა პოლიტიკური მოთხოვნებისა ამ აჯანყებებს ეკონომიკური მიზეზებიც გააჩნდათ - ძლიერი მოუსავლიანობის გამო ქვეყანაში შიმშილი იყო და მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამდა მარცვლეულის ავსტრიაში გატანის წინააღმდეგ. ვენამ გამოაგზავნა საექსპედიციო კორპუსი არეულობების ჩასახშობად.

1848 წლის 15 მარტს, ავსტრიაში, სადაც აგრეთვე იყო შიმშილის პრობლემა, მოხდა რევოლუცია, რომლის შედეგადაც გადადგა მეტერნიხის მთავრობა. კარლო-ალბერტომ ისარგებლა სიტუაციით და ავსტრიას ომი გამოუცხადა. იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში თავის არმიას. ერთი თვის განმავლობაში მან რამოდენიმე გამარჯვება მოიპოვა და ივნისის დასაწყისისთვის პიემონტს ლომბარდია და ვენეცია შეუერთა. ტოსკანამ მას მხარი დაუჭირა, აჯანყებული ნეაპოლი და პაპის სახელმწიფოც მხარში ამოუდგნენ, მაგრამ წარმატებების პერიოდი ამით დამთავრდა.

როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, გარიბალდიმ დასტოვა მონტევიდეო 1848 წლის 15 აპრილს. წამოსვლის წინ მან იცოდა, რომ მთელ იტალიაში ეროვნულ - გამანთავისუფლებელი მოძრაობის დიდი აღმავლობა და გამარჯვების მოლოდინი სუფევდა. მგზავრობა გაგრძელდა ორნახევარი თვე და ამ პერიოდში სიტუაცია შეიცვალა სწრაფად უარესობისაკენ. 15 მარტს ნეაპოლის მეფემ ჩაახშო თავის ქვეყანაში რევოლუცია და უკან გამოიწვია ჯარი. რომის პაპმა პიუს IX-მ გამოაცხადა, რომ რადგან ის არის ყველა კათოლიკეთა მოძღვარი, მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ავსტრიის წინააღმდეგ ომს. ვენაში რევოლუციური ტალღა დაცხრა და ავსტრიელებმა მთელი ძალით შეუტიეს ლომბარდიას და უკუაგდეს პიემონტის ჯარი. კარლო-ალბერტოს მიერ ინიციატივის ხელიდან გაშვების მიზეზი ნაწილობრივ ისიც იყო, რომ მილანშიც და ვენეციაშიც ავსტრიელების განდევნის შემდეგ რესპუბლიკები იყო გამოცხადებული, რაც მონარქ კარლო-ალბერტოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

გარიბალდი ჩამოვიდა იტალიაში ივნისის ბოლოს და 4 ივლისს მას მეფემ აუდიენცია დაუნიშნა. ამ შეხვედრამ მათ ორივეს იმედი გაუცრუა. ერთის მხრივ იყო დახვეწილი არისტოკრატი კარლო-ალბერტო, გამოწყობილი ბრწყინვალედ მორგებულ მუნდირში, და მეორეს მხრივ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მოუწესრიგებელი გარიბალდი, გამოწყობილი თავის ეგზოტიკურ პარტიზანულ სამოსში, და თანაც საკმაოდ შელახული მალარიის ახლადგადატანილი შეტევის შემდეგ. კარლო-ალბერტომ ჩათვალა, რომ მისი არმიისთვის თავისმოჭრა იქნებოდა გენერლის წოდების მინიჭიბა ამ "მონტევიდეოლი ვაჟბატონისთვის". გარიბალდიმაც თავის მხრივ მეფეზე შემდეგი დასკვნა გამოიტანა: "ჩვენი უბედური სამშობლოს ბედი არასაიმედო ადამიანის ხელში აღმოჩნდა" და თავის მეომრებთან ერთად დასტოვა პიემონტი და წავიდა მილანში, სადაც ადგილობრივმა დროებითმა მთავრობამ მას ვოლონტიორების (სახალხო ლაშქრის) სამათასიანი კორპუსი ჩააბარა. მაგრამ ამავე თვის ბოლოს, 25 ივლისს კარლო-ალბერტოს არმიამ წააგო გადამწყვეტი ბრძოლა და ავსტრიელებმა დაიკავეს მილანი და მთელი ლომბარდია. ომი წაგებული იყო.

იტალია 1848 წლის შემდეგ
იტალია 1848 წლის შემდეგ

გარიბალდი აღმჩნდა გაურკვეველ სიტუაციაში. მასთან ჩამოვიდა მაძინი და მოუწოდა დაეწყოთ პარტიზანული ომი. მაგრამ მაძინი როგორც სამხედრო ორგანიზატორი აბსოლუტურად უვარგისი იყო, გარიბალდი კი, მიუხედავად თავისი დიდი გამოცდილებისა, იტალიელებისთვის ჯერ მაინც მარგინალი იყო. ჩრდილოეთ იტალიაში იგი აღმოჩნდა თავისთვის უცხო გარემოში, ადგილობრივ პირობებს ის არ იცნობდა. მას ძალიან უკვირდა, რომ გლეხობა პარტიზანებს კი არ ეხმარებოდა, არამედ მტრულად ექცეოდა. მას არ ესმოდა, რომ სოფლებში ისედაც გაჭირვება და შიმშილი იყო, და ომს ახალი გაჭირვებისა და სასტიკი რეპრესიების გარდა არაფერი მოჰქონდა გლეხებისთვის. ამიტომ პარტიზანული ომი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

გარიბალდიმ ფარ-ხმალი არ დაყარა. მას არავითარი კონკრეტული გეგმა არ გააჩნდა, მაგრამ მზად იყო ებრძოლა ყველგან, სადაც კი საჭირო იქნებოდა. და როდესაც მან დეპეშა მიიღო რომიდან იმის შესახებ, რომ იქ რევოლუცინერებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და სთხოვენ გარიბალდის თავის ლეგიონერებთან ერთად ჩამოვიდეს, გარიბალდი დაუყოვნებლივ გაემართა რომში.

[რედაქტირება] რომის რესპუბლიკის თავდაცვა და დაცემა; მეორე ემიგრაცია

რომი იყო წმინდა ტახტის სახელმწიფოს დედაქალაქი. 1848 წლის ნოემბერში რესპუბლიკელებმა განდევნეს პაპი პიუს IX და მიმართეს გარიბალდის თხოვნით დახმარებოდა ქალაქის დაცვის ორგანიზებაში. თითქმის ორი თვე დასჭირდათ გარიბალდის ლეგიონერებს ზამთრის პირობებში, რომ გადაელახათ უღელტეხილები აპენინებში და მიეღწიათ რომამდე. ურუგვაიდან ჩამოსული მეომრები გამოწყობილები იყვნენ წითელ ხალათებში და თეთრ პონჩოებში, უნაგირებზე მიბმული ჰქონდათ ლასო. გზაში ისინი იკვებებოდნენ მოსახლეობის ხარჯზე და თავისი შეხედულებით აფრთხობდნენ სოფლელებს, რომელთა თვალში უფრო ყაჩაღებს ჰგავდნენ, ვიდრე მეომრებს.

რომში მაძინიც ჩამოვიდა. 1849 წლის 9 თებერვალს შედგა დამფუძნებელი საბჭოს ასამბლეის სხდომა, რომელმაც გარიბალდის წინადადებით გამოაცხადა რომის რესპუბლიკის დაარსება და პაპის მართველობის გაუქმება. მიღებული იყო გადაწყვეტილება ეკლესიის ქონების კონფისკაციის, აგრეთვე საყოველთაო განათლების, ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების და ყველა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ. მაძინის წინადადებით ასამბლეამ მოხაზა სოციალური პროგრამა, რომელის მიხედვით ყოფილი საეკლესიო მიწები განაწილდებოდა უღარიბეს მიწადმოქმედთა ოჯახებს შორის. მაგრამ რომის რევოლუციური მთავრობა და მისი სარდალი გარიბალდი თავს არ იტყუებდნენ: მათ იცოდნენ, თუ რა დიდი საფრთხე მოელოდა რომს.

1849 წლის მარტში ავსტრიამ საბოლოოდ გაანადგურა პიემონტის არმია. გამანთავისუფლებელი მოძრაობისათვის ეს კატასტროფა იყო, პიემონტი გადაურჩა ავსტრიის მიერ ოკუპაციას მხოლოდ საფრანგეთის ჩარევის წყალობით. კარლო-ალბერტო გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის სასარგებლოდ. ავსტრიის ჯარებმა ისევ დაიკავეს ლომბარდია, ტოსკანა, პარმა, მოდენა და სხვა ქალაქები. დამოუკიდებელნი დარჩნენ მხოლოდ რომი და ვენეცია - ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. ავსტრიის ჯარი მიემართებოდა რომისაკენ და გარიბალდი რომის თავდაცვის ორგანიზებას ჩაუდგა სათავეში.

რომის რევოლუცია აღმოჩნდა ევროპული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში. რომის პაპმა პიუს IX-მ მიმართა ყველა კათოლიკურ ქვეყანას თხოვნით დაეცვად მისი უფლებები წმინდა ტახტის სამფლობელოზე. საფრანგეთის მთავრობამ, რომელიც დაინტერესებული იყო იტალიაში გავლენის გაძლიერებაში ავსტრიის საპირისპიროდ, მიიღო გადაწყვეტილება რომში ჯარის სასწრაფოდ გაგზავნის შესახებ იმ მიზნით, რომ რომის პაპსა და მის ქვეშევრდომებს შორის მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი. გაგზავნილი იყო მხოლოდ სამათასიანი კონტინგენტი, რადგან სამხედრო ოპერაცია არ იგეგმებოდა. იგულისხმებოდა, რომ იტალიელები კეთილგანწყობილები იქნებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის არმიის მიმართ.

როდესაც რომში გახდა ცნობილი ფრანგული ჯარის გადმოსხმის შესახებ, ასამბლეამ დაავალა "ტრიუმვირატს გადაარჩინოს რესპუბლიკა და ძალას ძალა დაუპირისპიროს". გარიბალდიმ კარგად გაამზადა თავდაცვის პოზიციები. როგორც კი გამოჩნდა რომისაკენ წყნარად მომავალი ფრანგული ჯარი, მას მოულოდნელად ჯვარედინი ცეცხლი გაუხსნეს და მანამ ფრანგები გონზე მოვიდნენ, გარიბალდიელები ხელჩართულ ხიშტებიან იერიშზე გადავიდნენ და ფრაგები იძულებულები გახდნენ დიდი დანაკარგით უკან დაეხიათ. გარიბალდის უნდოდა ფრანგები გემებამდე ედევნა და ამით თავისი გამარჯვება გაემტკიცებინა, მაგრამ რომის მთავრობა გრძნობდა, რომ საქმე ასე მარტივად არ დამთავრდებოდა და ამიტომ შეაჩერეს გარიბალდი ფრანგებთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების შიშით. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.

მომხდარმა შეტაკებამ პარიზში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ლუი-ნაპოლეონმა, რომელიც ერთი წლით ადრე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად იყო არჩეული, ასე მისწერა თავის სარდალს რომში: "საქმე ეხება ჩვენ მხედრულ ღირსებას და მე არ დავუშვებ მის დაკნინებას." ფრანგული ჯარის კონტინგენტი რომში გაზარდეს ათჯერ და გააძლიერეს არტილერიით. რომი საშინელ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რომის დამცველებს შორის გარდა იტალიელებისა იყვნენ პოლონელი და უნგრელი პატრიოტები, ინგლისელი მოხალისეები, ფრანგი დისიდენტები. მაგრამ ეს ლაშქარი არასაკმარისი იყო ქალაქის დასაცველად. კატასტროფა გარდაუვალი იყო. ფრანგმა გენერალმა მისწერა რომის მთავრობას, რომ რადგან ის იწყებს იერიშს რომზე, მოსახლეობას შეუძლია შეუფერხებლად დატოვოს ქალაქი. რომის შტურმი ფრანგებმა დაიწყეს [[1 ივნისი|1 ივნისს]. ქალაქს არტილერია დაუშინეს, რითაც დიდი ზიანი მიაყენეს ქალაქის ისტორიულ ნაწილს და მშვიდობიან მოსახლეობას. გარიბალდიელები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მათი გმირობა უძლური იყო მაღალპროფესიული ფრანგული არმიის წინააღმდეგ. მთელი თვე გრძელდებოდა ბრძოლები, გარიბალდის საუკეთესო მეომრები, მათ შორის მონტევიდეოელები, დაიღუპნენ. თვითონ გარიბალდი თავდაუზოგავად იბრძოდა გაუჩერებლივ წინა ხაზზე. ბოლოს, როცა შემდგომი წინააღმდეგობის ყველა შესაძლებლობა ამოწურული იყო, 2 ივლისს გამოცხადდა დაზავება. გარიბალდიმ შეკრიბა თავისი ლეგიონის ნარჩენები და უთხრა: "მე მივდივარ რომიდან. ვისაც უნდა გააგრძელოს ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ, გამომყევით. მაგრამ თქვენ მოგელით მხოლოდ შიმშილი, წყურვილი, ბრძოლები და სიკვდილი." და ლეგიონერები გაჰყვნენ მას. გარიბალდის გვერდით ცხენით მიჰყვებოდა მისი ერთგული მოსიყვარულე ანიტა.

მეორე დღეს ფრანგულმა ჯარმა დაიკავა რომი. მთელი იტალია მოიცვა მასიური რეპრესიების და დახვრეტების ახალმა ტალღამ.

გარიბალდი თავისი პატარა ჯარით გაემართა ვენეციისკენ, რომელიც ჯერ იბრძოდა. მათ უნდა გადაელახათ აპენინები ე.წ. ვირის ბილიკებით, რადგან მათ ფეხდაფეხ ავსტრიელები მისდევდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად დაშინებული იყო, რომ არაფრით მათ არ ეხმარებოდა. თანამებრძოლებმა ვერ გაუძლეს სიძნელეებს და დაიფანტნენ, ბოლოს გარიბალდის მხოლოდ რამოდენიმე ათეული უერთგულესი თანაშემწე შემორჩა. ანიტა ავად გახდა. უდიდესი სიძნელეებით მათ მიაღწიეს ადრიატიკის სანაპიროს, ეცადნენ მეთევზეთა გემებით ვენეციისკენ გასვლას, მაგრამ ავსტრიულმა ესკადრამ გზა გადაუკეტა, მოუხდათ უკაცრიელ ნაპირზე გადმოსვლა, ტყეში დამალვა. აქ ტყეში ანიტა გარდაიცვალა. გარიბალდი იძულებული გახდა ადგილობრივი გლეხებისთვის დაეტოვებინა გვამი დასამარხავად, თვითონ კი სასწრაფოდ გაეცალა ამ ადგილს, რადგან ავსტრიელები მას არ დაინდიბდნენ. თითქმის ყველა მისი თანამებრძოლე უკვე დააპატიმრეს და დახვრიტეს.

გასაოცარია, როგორ მოახერხა გარიბალდიმ მთელი ნახევარკუნძულის ხელახლა გადალახვა და პიემონტამდე მიღწევა. პიემონტის მთავრობა იძულებული გახდა ფორმალურად ის დაეპატიმრებინა (ის საპატიმროში კი არა, ერთ - ერთ ციხედარბაზში მოათავსეს). შემდეგ კონვოის თანხლებით გარიბალდი ნიცაში გაამგზავრეს დედის და შვილების სანახავად. თანამემამულეები მას აღფრთოვანებით შეხვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ შესთავაზა იტალიის დაუყოვნებლივ დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. ტურინის პარლამენტმა გამოთქვა პროტესტი "გენერალ გარიბალდის" სამშობლოდან გაძევების წინააღმდეგ, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ამ დროისთვის ვენეციის რესპუბლიკაც უკვე დაცემული იყო და როგორც ერთმა პატრიოტმა სთქვა: "ჩვენ დავეცით უფსკრულის ფსკერზე,... იქ უნდა გავჩერდეთ და მიმოვიხედოთ, შემდეგ კი ყველაფერი ხელახლა უნდა დავიწყოთ."

1850 წლის ივნისში გარიბალდი ნიუ-იორკში გაემგზავრა. მან ნიცაში დატოვა სამი დაობლებული მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი დედა, რომელსაც ახლობლები დაეხმარებოდნენ ბავშვების აღზრდაში. ტურინის მთავრობის მიერ დანიშნული პენსია და პატრიოტების მიერ მირთმეული ოქროს ხმლის გაყიდვისაგან მიღებული თანხა მან დედას დაუტოვა.

ნიუ-იორკში გარიბალდი თითქმის პარალიზებული ჩავიდა - მწვავე არტრიტი, რევმატიზმი, მალარია და სულიერი დეპრესია - ეს იყო შედეგი მისი წარუმატებელი ბრძოლისა და საყვარელი მეუღლის დაკარგვისა. იქ მას დახვდა მრავალრიცხოვანი იტალიური სათვისტომო, რომელიც ძალიან პატივისცემით, ყურადღებით და გაგებით შეხვდა გარიბალდის. ერთი წლის შემდეგ გარიბალდი ისევ გემის კაპიტანი იყო და სერავდა ოკეანეებს ყველა მიმართულებით. როგორც მაღალი კლასის პროფესიონალი, იგი უვნებლად ატარებდა გემებს ყველაზე რთული საშიში მარშრუტებით უმძიმეს კლიმატურ პირობებში.

ასე გრძელდებოდა 1854 წლამდე, როდესაც გარიბალდიმ დედის გარდაცვალების შესახებ გაიგო. ამ მომენტიდან მისთვის აქტუალური გახდა სამშობლოში დაბრუნება, რადგან მას შვილებზე უნდა ეზრუნა. როგორც იქნა დადგა დრო, როცა მან მიიღო ოფიციალური მინიშნება, რომ ტურინის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნებოდა მისი დაბრუნებისა სამშობლოში.

[რედაქტირება] გარიბალდის დაბრუნება ემიგრაციიდან; იტალიის პოლიტიკური მდგომარეობა 50-ან წლებში

1850 წლის შემდეგ, გარიბალდის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში, პიემონტში მოხდა მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები. ქვეყანა აქტიურად დაადგა ეროვნული პოლიტიკის გატარების გზას. ახალი მეფე ვიტორიო ემანუელე II, რომელიც ტახტზე ავიდა თავისი მამის გადადგომის შემდეგ 1849 წელს, ძალიან ენერგიული, მებრძოლი სულისკვეთების პიროვნება იყო, მართალია მას ავტორიტარული თვისებებიც გააჩნდა, მაგრამ ის იყო სიტყვის კაცი და ზუსტად იცავდა კონსტიტუციას. მის ხელში ტურინი გადაიქცა იტალიის ერთადერთ ოაზისად, სადაც იყო სიტყვის და აზროვნების თავისუფლება. აქ თავი მოიყარეს მთელი იტალიის ინტელექტუალებმა და პატრიოტებმა.

1852 წელს პიემონტიის მთავრობას სათავეში ჩაუდგა დიდი იტალიელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოღვაწე გრაფი კამილო ბენსო დი კავური, რომელმაც ისეთივე როლი შეასრულა იტალიისთვის, როგორც ბისმარკმა გერმანიისთვის. კავური იყო სულისჩამდგმელი პოლიტიკისა, რომლის საშუალებით პიემონტი სულ მოკლე დროში გახდა იმდროინდელი ევროპის ერთერთი მოწინავე წარმატებული ქვეყანა და მას როგორც მაგნიტს უნდა მიეზიდა დაქუცმაცებული იტალიის ყველა ნაწილი. ჩატარებული იყო რეფორმები, დაარსდა ახალი ბანკები, დაიგო რკინიგზების ხშირი ქსელი, მოდერნიზირებული იყო პორტები, შეიქმნა ძლიერი არმია, ეკლესიას თავისი ადგილი მიეჩინა.

კავურმა კარგად გააანალიზა 1848 - 1849 წლების დამარცხებების მიზეზები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ავსტრიასთან დასაპირისპირებლად პიემონტს დასჭირდებოდა ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას სამხედრო კონფლიქტის დროს. ასეთ მოკავშირეებად მან მიიჩნია ინგლისი და საფრანგეთი, რომლებთანაც ხელშეკრულებები დადო. 1854 წელს, როდესაც ამ მოკავშირე ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ომი, კავურმა გააგზავნა სევასტოპოლში სამხედრო კონტინგენტი. ამით მან იმას მიაღწია, რომ 1856 წელს პარიზის კონგრესზე მას მიეცა საშუალება მწვავედ დაეყენებინა იტალიის საკითხი. მაგრამ იტალიის აღორძინებისთვის, ბუნებრივია, მარტო დიპლომატია არ იყო საკმარისი, საჭირო იყო პატრიოტული მოძრაობის კონსოლიდაცია პიემონტის მონარქიის ეგიდით. ამ თვალსაზრისით კავური დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გარიბალდის ფენომენს. ეს ორი პიროვნება, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ ერთ დიდ საქმეს, იყვნენ ერთმანეთის სრული ანტიპოდები და არა მარტო თავისი წარმომავლობით, წარსული ცხოვრებით და სამყაროს აღთქმით.

გარიბალდისთვის პოლიტიკა იყო აღტყინება, თავგანწირული ბრძოლა იდეალებისთვის და მისი იდეალი იყო დემოკრატიული რესპუბლიკა. არისტოკრატი კავური მონარქიის უსაზღვროდ ერთგული იყო და პოლიტიკაში იგი მოქმედებდა ვირტუოზული მოჭადრაკესავით. გარიბალდი მისთვის იყო ძლიერი საჭადრაკო ფიგურა, რომელიც რაციონალურად უნდა გამოეყენებინა. გარიბალდი, მიუხედავად თავისი იდეალიზმისა, გრძნობდა, რომ არსებულ თანამედროვეობაში იტალიის რესპუბლიკად ჩამოყალიბება არარეალური იყო და სანუკვარი მიზნის მისაღწევად ერთადერთი შესაძლებლობა იყო ეროვნული ძალების გაერთიანება პიემონტის დინასტიის ძალებთან. ამიტომ გარიბალდიმ მიიღო გადაწყვეტილება მხარში ამოსდგომოდა ვიტორიო-ემანუელე II-ს.

1854 წელს გარიბალდი დაბრუნდა თავის მშობლიურ ნიცაში შვილებთან. მას მიეცა საშუალება შეეძინა მამული პატარა კუნძულ კაპრერაზე სარდინიის მახლობლად, სადაც მან პირველად ცხოვრებაში აიშენა საკუთარი ხელით სახლი და დასახლდა შვილებთან ერთად.

1857 წელს ტურინში ჩამოყალიბდა ეროვნული პარტია, რომელშიც მონარქისტებთან ერთად რესპუბლიკელებიც გაერთიანდნენ და მიიღეს შემდეგი დეკლარაცია: "რესპუბლიკური პარტია თავს სწირავს ეროვნულ საქმეს, რადგან დარწმუნებულია, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა შეიქმნას იტალია და ჩვენ ვეგუებით სავოის სახლს - დაე შექმენით იტალია და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ" (სავოის სახლი ანუ დინასტია იყვნენ პიემონტ-სარდინიის მონარქები). გარიბალდი იყო ამ პარტიის დამფუძნებელთა შორის და მათი დევიზი იყო "იტალია და ვიტორიო-ემანუელე".

ამგვარად კავურმა შექმნა ქვეყანაში მეტად ნოყიერი ნიადაგი გამანთავისუფლებელი ომის დასაწყებად. მაგრამ მას აუცილებლად სჭირდებოდა მოკავშირე დიდი ქვეყნის მხარდაჭერა. ასეთ ქვეყნად მას საფრანგეთი მიაჩნდა. 1852 წლიდან შარლ-ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი კი არა, არამედ ფრანგების იმპერატორი ნაპოლეონ III იყო. ამ ადამიანს სურდა თავისი დიდი ბიძის ნაპოლეონ I-ის დიდების ღირსი ყოფილიყო. მის მმართველობის დროს საფრანგეთი ისევ გახდა ყველაზე გავლენიანი ქვეყანა კონტინენტალურ ევროპაში. კავური მოქმედებდა ფარული დიპლომატიის მეთოდებით, კერძოდ მან მიუგზავნა ნაპოლეონ III-ს ულამაზესი იტალიელი ნორჩი არისტოკრატი ქალი ჰერცოგის ასული ვირჯინია ორლონი, რომელიც იმპერატორის შეყვარებული გახდა და ცდილობდა იტალიის დახმარებისკენ ებიძგა მისთვის. მაგრამ გადაწყვეტილება ნაპოლეონ III-ს მიაღებინა კავურის მიერ აბსოლუტურად გაუთვალისწინებელმა მოულოდნელმა ტრაგიკულმა შემთხვევამ.

1858 წლის იანვარში ტერორისტმა ნაპოლეონ III-ს კარეტას სამი ბომბი ესროლა, იმპერატორი შემთხვევით გადარჩა. დაპატიმრებული ტერორისტი აღმოჩნდა კარბონარების ორგანიზაციის წევრი იტალიელი გრაფი ფელიჩე ორსინი და მან სიკვდილით დასჯის წინ მისწერა ნაპოლეონ III-ს წერილი, რომელშიც ახსნა თავისი საქციელის მოტივები. აღმოჩნდა, რომ მომავალი იმპერატორი ახალგაზრდობაში, როდესაც ემიგრანტი იყო და რომში ცხოვრობდა 1833 წელს, კარბონარების ორგანიზაციის წევრი ყოფილა და ერთგულების ფიციც კი ჰქონია დადებული. ფიცის გატეხვა კარბონარების წესდების თანახმად სიკვდილით ისჯებოდა და ნაპოლეონს ეს განაჩენი გამოტანილი ჰქოდა რომის 1849 წლის მოვლენების გამო. მაგრამ ამ წერილში ნაპოლეონს ეძლეოდა შანსი: "სირ - სწერდა მას ორსინი,- ნუ უარყოფთ პატრიოტის უკანასკნელ ვედრებას, გაანთავისუფლეთ ჩემი სამშობლო და თქვენზე ილოცებს მთელი იტალიელი ხალხი და მათი შთამომავალნი". ისტორიკოსების აზრით ამ წერილმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნაპოლეონ III-ზე, რომ მან მიიღო იტალიის შესახებ გადაწყვეტილება.

1858 წლის ივლისში ნაპოლეონ III-მ ფარულად გამოიძახა კავური საფრანგეთში და მათ შეიმუშავეს საიდუმლო ხელშეკრულება საფრანგეთსა და პიემონტს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად პარიზი ვალდებულებას იღებდა დაეჭირა მხარი ტურინისთვის ვენის წინააღმდეგ ომში. ამ ომის შედეგად პიემონტს შეუერთდებოდა მთელი ჩრდილოეთ იტალია, და კონპენსაციის სახით პიემონტი დაუთმობდა საფრანგეთს ნიცას და სავოის საგრაფოს.

დაიწო მზადება ომისათვის. გარიბალდი გამოიძახეს ტურინში და პიემონტის არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. მას დაევალა რეზერვისტებისაგან (ე.წ. ვოლონტიორებისაგან) ალპიურ მსროლელთა (ბერსალიერების) კორპუსის ჩამოეყალიბა. მეფემ პირადად მიიღო გარიბალდი და მათი შეხვედრა თბილი და გულწრფელი აღმოჩნდა.

ვენისთვის არ დარჩა შეუმჩნეველი ტურინის და პარიზის ომისათვის მზადება და ავსტრიის იმპერატორმა ფრანც-იოსებმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის. 1859 წლის 25 აპრილს მან წარუდგინა პიემონტს ულტიმატუმი მოთხოვნით განეიარაღებინათ და დაეშალათ გარიბალდის კორპუსი. კავურმა უარყო ულტიმატუმი და 29 აპრილს ავსტრიის ჯარი შეიჭრა პიემონტში.3 მაისს ნაპოლეონ III-მ სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად გამოუცხადა ავსტრიას ომი და თვითონ გამოემართა იტალიაში თავისი ჯარის სათავეში.

ფრანგული ჯარის ჩამოსვლას მთელი თვე დასჭირდა და ვინაიდან პიემონტის რეგულარული არმია რიცხობრივად ბევრად ჩამორჩებოდა ავსტრიის არმიას, ტურინს ოკუპაციის საფრთხე დაემუქრა და მისმა დაცვამ ფაქტიურად გარიბალდის კორპუსის ზურგზე გადაიარა. ამ დროს საფრანგეთის ჯარმა სწრაფი მარშით გადმოლახა ალპიური უღელტეხილები, ნაწილი კი ჩამოვიდა გენუიაში ზღვით და მათ ტურინში ყვავილებით და "ბრავოს" ძახილით შეხვდნენ. ნაპოლეონ III-ს სურვილი ჰქონდა თავისი დიდი ბიძის 1796 წლის ელვისებური ომი გაემეორებინა. ავსტრიელებსაც ძალიან კარგად ახსოვდათ ნაპოლეონ I. გამოჩნდნენ თუ არა ფრანგები, მათ დაკარგეს შემართება და ინიციატივა, დაუშვეს ფრანგული და პიემონტური ჯარების შეერთება და ზედიზედ ორი დამარცხება განიცადეს, რის შედეგად 8 ივნისს ვიტორიო-ემანუელე II და ნაპოლეონ III ტრიუმფით შევიდნენ განთავისუფლებულ მილანში.

გარიბალდის კორპუსი გადაყვანილი იყო ფრონტის მეორეხარისხოვან უბანზე - სამხედრო ხემძღვანელები იგივე გენერლები იყვნენ, რომლებმაც 1848 წელს არ დაუშვეს გარიბალდი პიემონტის არმიაში ჩარიცხვა. კავურიც თავის მხრივ ცდილობდა, რიმ ნაპოლეონ III-ს არ მოხვედროდა თვალში სახალხო ლაშქარი, რომელსაც გარიბალდი ხელმძღვანელობდა. გარიბალდიმ არ მიიღო დაპირებული შეიარაღება, შტაბიდან მიღებული განკარგულებები უმეტესად უაზრო და დამღუპველიც კი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ბრძოლებით იწევდა წინ, იკავებდა ქალაქებს და ხელთ იგდო აუარებელი ავსტრიული სამხედრო აღჭურვილობა და არტილერია. მაგრამ გარიბალდის მოქმედებები ამ ომში მეორეხარისხოვანი იყო, მიუხედავად იმ დიდი ყურადღებისა, რომელსაც მას ყველა გაზეთები უთმობდნენ.

გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა საფრანგეთის და ავსტრიის არმიებს შორის ჯერ მაჯენტაში 4 ივნისს, შემდეგ სოლფერინოში 24 ივნისს და დამთავრდა ავსტრიელების სრული დამარცხებით. ეს ბრძოლები იყო იმდენად მძიმე და სისხლიანი , მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა ორივე მხრიდან იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ორივე იმპერატორმა სასწრაფოდ დაიწყეს მოლაპარაკება ზავზე, რომელსაც ხელი 1859 წლის 11 ივლისს მოაწერეს ვილაფრანკაში. საზავო ხელშეკრულების თანახმად ავსტრიის იმპერატორმა ფრანც-იოსებმა გადასცა ნაპოლეონ III-ს, როგორც ომში გამარჯვებულ მხარეს, ლომბარდია, და ნაპოლეონ III-მ კი თავის მხრივ გადასცა ის პიემონტს კეთილგანწყობის ნიშნად. ეს პიემონტისთვის დ