ჯორჯ კელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ კელი
ინგლ. George Alexander Kelly
დაბ. თარიღი 28 აპრილი, 1905(1905-04-28)[1]
დაბ. ადგილი Sheldon
გარდ. თარიღი 6 მარტი, 1967(1967-03-06)[1] (61 წლის)
გარდ. ადგილი Waltham
მოქალაქეობა აშშ[2]
საქმიანობა მათემატიკოსი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, სცენარისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოთერაპევტი
მუშაობის ადგილი ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი და ბრანდეისის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, კანზასის უნივერსიტეტი, აიოვის უნივერსიტეტი[3] , Friends University და Park University
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
გავლენა მოახდინეს

ჯორჯ კელი (დ. 28 აპრილი, 1905 — გ. 6 მაისი, 1967) იყო ამერიკელი ფსიქოლოგი, თერაპევტი და პედაგოგი. ის ავტორია ფსიქოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი თეორიისა, რომელსაც „პიროვნული კონსტრუქტების თეორია“ ეწოდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ ალექსანდერ კელი დაიბადა ფერმერთა ოჯახში, კანზასის შტატში. ის მორწმუნე პროტესტანტების ერთადერთი შვილი იყო და პურიტანული მორალის ატმოსფეროში იზრდებოდა. თავდაპირველად სწავლობდა სოფლის სკოლაში, სადაც მხოლოდ ერთი საკლასო ოთახი იყო. მოგვიანებით იგი სწავლობდა ფრენძის უნივერსიტეტში , შემდეგ ერთი წელი პარკ-კოლეჯში გაატარა. კოლეჯში სწავლის დასაწყისში მისი სპეციალიზაცია ფიზიკა და მათემატიკა იყო და 1926 წელს მიიღო კიდეც ბაკალავრის დიპლომი ფიზიკა-მათემატიკის დარგში. თავდაპირველად ინჟინერ მექანიკოსის კარიერაზე ფიქრობდა, თუმცა უნივერსიტეტშორისი დისკუსიების გავლენით მალევე შეეცვალა ინტერესი, სოციალური პრობლემების მიმართულებით. 1929 წელს კელი შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტსი გაემგზავრა, სადაც მიიღო კიდევ ერთი ბაკალავრის ხარისხი პედაგოგიურ მეცნიერებაში. შტატებში დაბრუნების შემდეგ აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა, რომელიც ერთ წელიწადში დაამთავრა და 1931 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია მეტყველებისა და კითხვის დარღვევების დარგში.

კელიმ აკადემიური კარიერა ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის პედაგოგის რანგში დაიწყო, თუმცა მალევე გადაწყვიტა რომ კლინიკური ფსიქოლოგიით დაკავებულიყო. სწორედ ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს მისი ორი ძირითადი პროდუქტის -პიროვნული კონსტრუქტების თეორიისა და ფიქსირებული როლების თერაპიის-შექმნის პირველ ეტაპად. ამავე პერიოდში ჩამოშორდა კელი ფროიდიანულ მიდგომას თერაპიაში. კლინიკური გამოცდილება უჩვენებდა, რომ ადამიანებს ამერიკის შუა დასავლეთში ხანგრძლივი გვალვები , მტვრიანი ქარიშხლები და ეკონომიკური სიძნელეები უფრო აწუხებდათ, ვიდრე ლიბიდოს ძალები. კლინიკურ პრაქტიკაში კელიმ ბევრი ნოვატორული იდეა შემოიტანა, მათ შორის ყველაზე პროგრესული იყო მოძრავი კლინიკები, რომლიბიც მთელი კანზასის სოფლის მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს კელი საზღვაო ავიაციის ფსიქოლოგის სტატუსით ადგილობრივი სამოქალაქო მფრინავების სწავლების პროგრამას ხელმძღვანელობდა. ომის დამთავრების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა კლინიკურ ფსიქოლოგებზე, რადგან ძალიან ბევრ შინ დაბრუნებულ ამერიკელ სამხედროს სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური პრობლემა აწუხებდა. 1946 წელს დაინიშნა პროფესორად და კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში. პირველი საქმე, რომელიც ამ თანამდებობაზე მისვლისთანავე გააკეთა კელიმ იყო სადოქტორო პროგრამის შექმნა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. ეს პროგრამა ერთი წლის შემდეგ ერთ-ერთ წამყვან სადოქტორო პროგრამად იქცა აშშ-ში. ამ უნივერსიტეტში გატარებულ 20 წლის განმავლობაში კელიმ დაასრულა და გამოაქვეყნა პიროვნების თავისი თეორია. კელის შრომა მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს აშშ-სა და ინგლისში. პიროვნების მისეული გაგება და თერაპიული მეთოდები დღესაც აძლევენ სტიმულს ახალ კვლევებს. კოგნიტურად ორიენტირებული მრავალი ფსიქოთერაპევტი კი ყოველდღიურ პრაქტიკაში წარმატებით იყენებს კელისეულ კონსტრუქტებს.

პიროვნული კონსტრუქტების თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელის თეორიას საფუძვლად უდევს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები იგებენ თავიანთ გარემოში არსებულ მოვლენებს და ახდენენ მათ ინტერპრეტაციას. კელი ყურადღებას იმ კოგნიტური პროცესებისკენ წარმართავს, რომლებიც ადამიანებს მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების ორგანიზებისა და გაგების შესაძლებლობას აძლევს. მან საკუთარ მიდგომას პიროვნული კონსტრუქტების თეორია უწოდა. კონსტრუქტები არის ბიპოლარული კატეგორიები, რომლებსაც ადამიანი იყენებს სამყაროს გაგებისათვის.ადამიანის ქცევა, მის მიერ, უკვე ჩამოყალიბებული კონსტრუქტების ირგვლის ვითარდება.მოვლენების განცდისას ინდივიდი ამჩნევს, რომ ორ ან მეტ ზოგიერთ მოვლენას აქვთ საერთო მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებენ მათ სხვა მოვლენებისაგან. ინდივიდი განარჩევს მსგავსებასა და კონტრასტებს. ის ხედავს, რომ ზოგი ადამიანი მაღალია, ზოგი -დაბალი, ზოგი ადამიანი ქალია, ზოგი-მამაკაცი, ზოგი ნივთი მყარია, ზოგი-რბილი. სწორედ, მსგავსებისა და განსხვავების ეს კონსტრუირება ქმნის პიროვნულ კონსტრუქტებს. ყველა კონსტრუქტი არ გამოიყენება ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან მათი მოქმედების დიაპაზონი შეზრუდულია. ადამიანი მუდვივად ახდენს ძველი კონსტრუქტების გადახედვას და მათ განახლებას, საჭიროების შესაბამისად.

კელი წერს: “ადამიანი სამყაროს შესახებ მსჯელობს იმ ცნებითი სისტემების(კონსტრუქტების) დახმარებით , რომლებსაც იგი თავად ქმნის და შემდეგ ცდილობს მოარგოს ისინი ობიექტურ სინამდვილეს. ეს მორგება ყოველთვის არ არის წარმატებული, თუმცა , მიუხედავად ამისა, ასეთი სისტემების გარეშე სამყარო იმდენად არადიფერენცრებული და ჰომოგენური იქნებოდა, რომ ადამიანი ვერ შეძლებდა მის გააზრებას.“ პიროვნული კონსტრუქტების მაგალითებია, „რელიგიური-არარელიგიური“, „კარგი-ცუდი“, „აღელვებული-მშვიდი“, „ჭკვიანი-ბრიყვი“ და ა.შ. მართალია, კონსტრუქტები აწესრიგებენ სამყაროს აღქმას , თუმცა ეს აღქმა სუბიექტურია და ჩარჩოებში მოქცეული. ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა ინდივიდი განსხვავებულად ხსნის. რომელი ახსნაა მართებული? კელის თეორიაში ამ კითხვაზე პასუხი არ არის. მისი აზრით, ყველა ჩვენგანის მიერ რეალობის საკუთარი კონსტრუქტების მიხედვით აღქმა აუცილებელია სამყაროს არაწინააღმდეგობივი და შეთანხმებული სურათის შესაქმნელად.პიროვნული კონსტრუქტების თეორიას, როგორც სისტემურ მოძღვრება 12 კომპაქქტური დებულების სახით შეიძლება გადმოიცეს. მათგან პირველი ფუნდამენტური პოსტულატია, დანარჩენი 11 კი -მისგან გამომდინარე შედეგი, რომლებიც ნაწილობრივ ამ პოსტულატის წარმოებულია, ნაწილობრივ კი მისი დაზუსტება. კელის ყველა შემდგომი თეორიული ნაშრომი ამ 12 დებულების გადამუშავებასა და განვითარებას წარმოადგენს.

ფუნდამენტური პოსტულატი პიროვნების აქტივობა ფსიქოლოგიურად იმის შესატყვის არხში მიედინება

(კანალიზირდება), თუ როგორ ახდენს იგი მოვლენების წინასწარ განჭვრეტას

კონსტრუქცია პიროვნება მოვლენების წინასწარ განჭვრეტას მათი აგების მეშვეობით

ახორციელებს

ინდივიდუალობა პიროვნებები ერთმანეთისგან მოვლენების კონსტრუქციებით განსხვავდებიან
ორგანიზაცია მოვლენების წინასწარ განჭვრეტის გაიოლების მიზნით, თითოეული ადამიანი

მისთვის დამახასიათებელი გზით ქმნის კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც მოიცავს კონსტრუქტებს შორის მოწესრიგებულ მიმართებებს

დიქოტომია პიროვნების კონსტრუქციული სისტემა შეზღუდული (სასრული) რაოდენობის

დიქოტომიური კონსტრუქტებისგან შედგება

არჩევანი დიქოტომოიურ კონსტრუქტში ადამიანი თავად ირჩევს იმ ალტერნატივას,

რომელიც, მისი გათვლებით, ხელს შეუწყობს მისი სისტემის გაფართოვებასა და მეტ განსაზღვრულობას.

დიაპაზონი კონსტრუქტი მხოლოდ გარკვეული დიაპაზონის მოვლენების

წინასწარმეტყველებისთვისაა მოწოდებული

გამოცდილება პიროვნების კონსტრუქციული სისტემა იცვლება იმისდა მიხედვით, თუ როგორ

ახდენს ის თანმიმდევრულად მოვლენების ასლების კონსტრუირებას

მოდულაცია ვარიაციები პიროვნების კონსტრუქციულ სისტემაში შეზღუდულია იმ

კონსტრუქტების გამტარიანობით, რომელთა გამოყენების ზონებშიც არის მოცემული ეს ვარიანტები

ფრაგმენტაცია პიროვნებას შეუძლია, თანმიმდევრულად გამოიყენოს მრავალი კონსტრუქციული

ქვესისტემა, რომელიც ლოგიკურად არათავსებადია ერთმანეთთან

საერთოობა ერთი პიროვნების ფსიქოლოგიური პროცესები ჰგავს მეორე პიროვნების

ფსიქოლოგიურ პროცესებს იმდენად, რამდენადაც ის გამოდცილების კონსტრუქციას, რომელიც ჰგავს ამ ადამიანის მიერ გამოყენებულ კონსტრუქციას

სოციალურობა ერთ პიროვნებას იმდენად შეუძლია იმ სოციალურ პროცესში მონაწილეობა,

რომელიც მეორე პიროვნებას ეხება, რამდენადაც ის ახდენს ამ მეორე პიროვნების კონსტრუქციული პროცესების კონსტრუირებას

წყარო ადაპტირებულია Kelly, 1991, გვ. 46-95 და მოცემულია წყაროში McAdams, 2006, გვ. 302.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1955: The psychology of personal constructs. Vol. I, II. Norton, New York. (2nd printing: 1991, Routledge, London, New York)
  • 1963: A theory of personality. The psychology of personal constructs. Norton, New York (= Chapt. 1-3 of Kelly 1955)

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის, მეცნიერებათა დოქტორის, ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილის მიერ მომზადებული რიდერი: „ჯორჯ კელის პიროვნული კონსტრუქტების თეორია“
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. LIBRIS — 2012.
  3. (unspecified title)doi:10.17077/ETD.EO5AQZNP
  4. 4.0 4.1 https://www.pcp-net.org/encyclopaedia/as-if.html