ჯონ მილტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ მილტონი
ინგლ. John Milton
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1608(1608-12-09)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ჩიპსაიდი, ლონდონის სიტი, ინგლისის სამეფო[4]
გარდაცვალების თარიღი 8 ნოემბერი, 1674(1674-11-08)[1] [2] [3] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი St Luke's, Middlesex, ინგლისის სამეფო
დასაფლავებულია St Giles-without-Cripplegate
საქმიანობა პოეტი[3]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ალმა-მატერი ქრისტეს კოლეჯი, სენტ-პოლის სკოლა და იესოს კოლეჯი
Magnum opus დაკარგული სამოთხე და Areopagitica
მეუღლე მერი პაუელი[5] , Elizabeth Minshull[5] და Katherine Woodcock[5]
შვილ(ებ)ი Anne Milton[5] , Deborah Milton[5] , Mary Milton[5] , John Milton[5] და Katherine Milton[5]
ნათესავ(ებ)ი Edward Phillips
ხელმოწერა

ჯონ მილტონი (ინგლ. John Milton; დ. 19 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1608 — გ. 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1674) — ინგლისელი პოეტი, მწერალი, პოლემიკოსი და გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო მოღვაწე. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ეპიკური პოემა დაკარგული სამოთხე. ასევე აღსანიშნავია მილტონის ტრაქტატი ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შესახებ – არეოპაგიტიკა.

მიჩნეული იყო წერილების მამად, პოლემიკოს მწერლად და ოლივერ კრომველის ოფიციალურად მსახურად. მილტონი ასევე ითვლება კალვინისტად. იგი ერთდროულად წერდა რელიგიისა და პოლიტიკის შესახებ. ინგლისურ ენასთან ერთად, წერდა ლათინურ და იტალიურ ენებზე, რისი მეშვეობითაც ჰქონდა დიდი საერთაშორისო რეპუტაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სიკვდილის შემდეგ მილტონის პირადი შემოქმედება ხანგრძლივი განხილვის საგნად იქცა, რომელიც საუკუნეები გაგრძელდა. ადრეულ საფეხურებზე იგი გახდა სალაპარაკო თემა პარტიზანელი ბიოგრაფებისათვის, როგორებიცაა ჯონ ტოლანდი ნონკონფორმიზმიდან. სამუელ ჯექსონი წერს მას შემდეგაც: „ღვარძლიანი და პირქუში რესპუბლიკელი“, მაგრამ უელიამ ჰეილის 1796 წლის ბიოგრაფია მოიხსენიებს მას „უდიდეს ინგლისელ ავტორად[6].

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტრი ბრიდის ქუშაზე. სწორედ აქ დაიბადა მილტონი

ჯონ მილტონი დაიბადა 1608 წლის 9 დეკემბერს, ლონდონში, თუმცა მისი ოჯახი წარმომავლობით ოქსფორდშირიდან იყო. როგორც ბიოგრაფიები გადმოგვცემენ, მილტონს მამისგან მწერლობისა და მუსიკის დიდი ნიჭი და მისწრაფება გადმოჰყოლია, დედისა – სათნოება და მხედველობის სისუსტე. ამ შთამომავლობითმა მემკვიდრეობამ უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც პოეტის შემოქმედებაზე, ასევე მის პირად ცხოვრებაზე. მუსიკის უბრალო მოყვარული კი არ ყოფილა მამა, თვითონვე თხზავდა, თავისი დროის გამოჩენილ კომპოზიტორად ითვლებოდა. წერდა ლექსებსაც. მამამ გადაწყვიტა შვილისთვის ფართო ლიტერატურული და მუსიკალური განათლება მიეცა. პირველი მასწავლებელი თვითონვე იყო. ბავშვი ძალიან ბეჯითი გამოდგა. თამაშობით ნაკლებად ერთობოდა, თითქმის მთელი დღეები წიგნებს უჯდა. თვითონვე იგონებს, „რაც თორმეტი წლის გავხდი, მერე არ მახსოვს შუაღამემდე დავწოლილიყავი ლოგინში, ერთთავად ვმეცადინეობდი“. ასეთი ბეჯითი მეცადინეობის და განსაკუთრებული ლინგვისტური ნიჭის წყალობით მან პატარაობაშივე სრულყოფილად შეისწავლა ლათინური და ბერძნული, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ – ფრანგული, იტალიური, ებრაული, ქალდეური და სირიული ენები.

ჯონ მილტონმა თავისი პატარა წვლილი მუსიკაშიც დატოვა. მას მამისგან გამოყოლებული ნიჭი კომპოზიტორობაში ჰქონდა. იგი თანამშრომლობდა იმ დროის მნიშვნელოვან მუსიკოსებთან, აღსანიშნავია ჰენრი ლოუსი[7].

სტუდენტობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თექვსმეტი წლის ჯონ მილტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და შვიდი წელი დაჰყო მასში, 1625 წლიდან 1632 წლამდე. იგი არც სტუდენტობის დროს ღალატობდა ბავშვობის ჩვეულებას – მთელ თავისუფალ დროს კითხვასა და მეცადინეობას ანდომებდა. დროდადრო წერდა ლექსებს. საგულისხმოა, რომ ლექსებს იგი თავდაპირველად ლათინურად წერდა. სტუდენტობის დროსვე რამდენიმე ლექსი დედაენაზეც დაწერა ინგლისურად. ხოლო სონეტები, რაც ასევე უნივერსიტეტის ხანას განეკუთვნება, დაწერილი აქვს იტალიურად, რადგან იტალია კლასიკური სონეტის სამშობლოდ ითვლებოდა. აქ საინტერესო ისიცაა, რომ მან სრულყოფილად, როგორც დედაენა, რამდენიმე ენა იცოდა. სწავლის დამთავრების შემდეგ, იგი გაემგზავრა საცხოვრებლად ლონდონის გარეუბან ჰამერსმითში, თავის მშობლებთან. სამი წლის შემდეგ კი მათთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბაკინგემშირის სოფელ ჰორტონში.

სოფელში გატარებული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ მილტონი დაახლ. 1629 წ. 17-ე საუკუნის უცნობი მხატვარი

მიუხედავად საოცარი სიბეჯითისა და გულმოდგინებისა, რითაც მილტონი ცოდნას ეწაფებოდა, გულში იგი მაინც უკმაყოფილო იყო, რატომ მეტი ვერ მოვასწარიო; ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ რაღაც დიდი საქმისთვის იყო მოწოდებული და იმ საქმისთვის ემზადებოდა. ამ მხრივ საინტერესოა ერთი ლექსი, დაწერილი თავისი დაბადების ოცდამესამე წლისთავზე. იგი ჰკიცხავს დროს, ყმაწვილკაცობის ამ „დახელოვნებულ ქურდს“, რომელმაც შეუმჩნევლად მოჰპარა მას ოცდასამი წელი. პოეტი უკმაყოფილო იყო, რატომ მეტის გაკეთება ვერ შევძელიო. მოწიფულობის ზღურბლზე მდგომს ამაღლების მიზნები ამოძრავებდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფლად გატარებული რამდენიმე წელი ყველაზე უფრო მშვიდი იყო პოეტის ცხოვრებაში.

ამ დროისთვის უკვე კარგა დიდი სიმდიდრის პატრონმა მამამ თავი დაანება მუშაობას და სოფლად დასახლდა, ჰორტონში. სწორედ ამ მყუდრო სოფელში გაატარა მილტონმა ოთხი თუ ხუთი წელი. გარეშე ხალხისათვის ეს მეტად უცნაური მოვლენა იყო – უნივერსიტეტდამთავრებულ ახალგაზრდას, ჩვეულებისამებრ, მაშინვე სამსახურისათვის უნდა მოეკიდა ხელი, მამის ხელობას გაჰყოლოდა ან არადა მღვდლად კურთხებულიყო, როგორც ეს თავიდანვე ჰქონდათ გათვალისწინებული. მღვდლობა მილტონმა არ ისურვა, არც მამის ხელობას გაჰყვა. მისი მოწოდება სულ სხვა რამ იყო და ამისთვის ემზადებოდა. მაგრამ 5 წლის „უქმად“ ყოფნამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მეზობლები და ნათესავ-მეგობრები სიზარმაცეს უკიჟინებდნენ ახალგაზრდა პოეტს, სიზარმაცეს სწამებდნენ მას, ვინც დილის რიჟრაჟიდან შუაღამამდე თავაუღებლად მუშაობდა, ჯანის სიმრთელეს ინადგურებდა, თვალის სინათლეს იშრეტდა. თითქოს წინასწარ გრძნობდა დიდ ცხოვრებისეულ ტრაგედიას – სრულ სიბრმავეს – რაც რამდენიმე წლის შემდეგ დაატყდა თავს და ეშურებოდა, რათა მეტი წაეკითხა და განეცადა, რადგან დიდ პოემებზე მუშაობის დროს, რაც აქვე უნდა ითქვას, ადრევე ჰქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი ზეპირად სცოდნოდა.

ჯონ მილტონის „ხატმებრძოლეობის“ (Eikonoklastes) პირველი გამოცემა

ავი წინათგრძნობით შეპყრობილი, თითქმის ხარბათ ეწაფებოდა ბუნების მომხიბლაობას, რათა ეს შთაბეჭდილებები ცოცხლად გაჰყოლოდა სიბრმავეში და ბევრი მომხიბლავი სურათი ახლადნანახივით, ახლად მიღებული შთაბეჭდილებით გადაეტანა ქაღალდზე. ბიოგრაფიების გადმოცემით, სოფელი, სადაც ოთხი თუ ხუთი წელი გაატარა მილტონმა, მართლაც მომხიბლავი ადგილი იყო, გაშენებული მომაღლო გორაკზე, იქვე სწრაფი მდინარე ჩამოუდიოდა, ერთი მხრივ ტყე ერტყა, აქეთ-იქით – ბაღ-ვენახები, უფრო მოშორებით – გაშლილი მინდვრები, საძოვრებზე შეფენილი ნახირი. სოფელში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო შემოქმედებითადაც. ამ დროს შექმნა მან პიესა-ნიღაბი კომუსი, ორი პოემა – L'Allego (მხიარული) და Il Penseroso (დაღვრემილი), აგრეთვე რამდენიმე ლექსი, რომელთაგან საინტერესოა ელეგია ლისიდასი, რაც მეგობრის დაღუპვამ დააწერინა. პოეტი მისტირის მეგობარს, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, გაუელვებდა ფიქრი, ვაითუ მეც ასე უდროოდ დავიღუპო და ვერ მოვახერხო იმის გაკეთება, რისთვისაც მოწოდებული ვარო. როგორც ვხედავთ, ფიქრი იმისა, რომ იგი რაღაც დიდისათვის არის მოწოდებული, არასოდეს არ ასვენებს.

როგორც მკვლევარები შენიშნავენ, მილტონის მოღვაწეობის ამ პერიოდს, ისევე როგორც მთელს მის შემოქმედებას, გაორების ბეჭედის აზის: ძვალ-რბილში გამჯდარ პურიტანულ მსოფლმხედველობას ჰუმანიზმის იდეები ერწყმის. ერთი მხრივ, იგი აღტაცებულია ანტიკური სამყაროთი, მისი ხელოვნებით, მთელი მისი კულტურით, მაგრამ, ამავე დროს, მისთვის, როგორც პურიტანული სულისკვეთებით გამსჭვალული კაცისათვის, მიუღებელია ის ზედმეტი თავისუფლება, რაც, მაგალითად ჰომეროსისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი გაორების ნიშნად მკვლევარებს სხვა მაგალითებიც მოჰყავთ. პუტირანული მსოფლმხედველობის მიუხედავად, მილტონი, როგორც ჭეშმარიტი ჰუმანისტი, პატივისმცემელი იყო თეატრისა, სონეტი მიუძღვნა შექსპირს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიესა-ნიღაბსაც წერდა.

გაორების კარგ ნიმუშს წარმოადგენს პოემები L'Allego და Il Penseroso, რომლებიც ერთდროულად შეიქმნა და ერთმა კრიტიკოსმა მოხდენილად „ტყუპი პოემები“ უწოდა. L'Allego იტალიურად მხიარულს ნიშნავს და ამ პოემაში დახატულია მხიარული ყმაწვილი კაცი, რომელიც დიდად არაფერზე იწუხებს თავს, ნაღველს ახლოსაც არ იკარებს, გატაცებულია შექსპირის პოეზიით. პოემაში მომხიბლავად არის დახატული ბუნების იდეალური სურათები. ერთი სიტყვით, მთელი ნაწარმოები გაჟღენთილია რენესანსული სულით.

სულ სხვა განწყობილებაა მეორე პოემაში. Il Penseroso იტალიურად დაღვრემილს ნიშნავს და ამ ნაწარმოებში მართლაც პირველი პოების საპირისპირო განწყობილებაა მოცემული. აქ გამოყვანილი ყმაწვილი კაცი ნაღველს მოიცავს, ერთგვარად ჩაფიქრებული და მჭმუნვარეა, მხიარულებას ერიდება. სულ მეცნიერულ წიგნებში აქვს თავი ჩარგული. რამე მხატვრული თუ წაიკითხა, უსათუოდ ტრაგედია უნდა იყოს. მუსიკასაც უფრო რელიგიური სევდის მომგვრელს არჩევს. ნაწარმოები თავიდან ბოლომდე პურიტანული განწყობილებით არის დაწერილი.

მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მილტონისთვის ევროპის კონტინენტზე მოგზაურობას. მან მოიარა საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია. განსაკუთრებით დიდი ხანი დაჰყო იტალიაში. წელიწადზე მეტი დრო გაატარა მან უცხოეთში და ანტიკური სამყაროს პატივისმცემელ პოეტისათვის ეს დრო წარუშლელი შთაბეჭდილებებით იყო სავსე. ფლორენციაში ყოფნის დროს იგი შეხვდა და ესაუბრა ინკვიზიციის ტყვეობაში მყოფ უდიდეს მეცნიერსა და ჰუმანისტს გალილეის. შესანიშნავი თემაა მხატვრისათვის – მწირის სენაკში გამოკეტილი, გაწამებული, გვემული, შანთებით დადაღული და დამცირებული ბრმა ტიტანი და მასთან მოსაუბრე ახალგაზრდა მეოცნებე პოეტი, რომელსაც ბედი ამგვარსავე წამებას, გვემას, ტანჯვასა და სიბრმავეს უმზადებს. კარგა ხნის შემდეგ, თავის ერთ-ერთ ცნობილ ტრაქტატში მილტონი იხსენებს ამ შეხვედრას. აღშფოთებით წერს, როგორ იყო დიდი გენიოსი დადაღული გახურებული შანთებით, როგორ ჰქონდა სხეული დალილავებული! ეს შეხვედრა მან გაიხსენა იმ ტრაქტატში, სადაც პოეტი სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლებას მოითხოვდა. სიტყვის თავისუფლების მოსპობა იკვიზიციის იმ უმაგალითო მხეცობას ჰგავსო, დაასკვნა პოეტმა.

სავარაუდოდ სწორედ გალილეისთან შეხვედრის შემდეგ გაუძლიერდა მას სიძულვილი პაპიზმისა და ინკვიზიციის მიმართ. იეზუიტები გრძნობდნენ მის განწყობილებას და გაფაციცებით უთვალთვალებდნენ.

უფრო დიდი ხნით აპირებდა მილტონი იტალიაში დარჩენას, მაგრამ სამშობლოში მომხდარმა ამბებმა დააჩქარეს მისი დაბრუნება. ეს ის დრო იყო, როდესაც ურთიერთობა მონარქიასა და პურიტანულ ბურჟუაზიას შორის სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა და აშკარა ბრძოლის ხასიათი დაედო. იგი სამშობლოში დაბრუნდა 1939 წლის ივლისში ან აგვისტოში.

შემოქმედების მეორე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილტონი უკითხავს „დაკარგულ სამოთხეს“ თავის ქალიშვილს. მხატვარი: ეჟენ დელაკრუა, 1826

სწორედ უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებით იწყება მილტონის ცხოვრების მეორე აქტი, ანუ მისი შემოქმედების მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ორ ათეულ წელს მოიცავს და ხასიათდება დიდი დაძაბულობით, მგზნებარებითა და შემართებით. პოეტი გაბედულად გამოდიოდა პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზზე, იგი მთელი ენერგიითა და მონდომებით ემსახურებოდა თავისუფლების საქმეს, პოეტის კალამი დროებით გვერდზე გადადო და მთლიანად პუბლიტურ მოღვაწეობას მიეცა.

მაგრამ უცხოეთიდან დაბრუნებისთანავე არ გამოსულა იგი პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზზე, ჯერ თითქოს შორიდან ზომავდა, გარედან უყურებდა, აქტიური ბრძოლისათვის ემზადებოდა. პირველად პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა: ჯერ ობლად დარჩენილ დისწულებს დაუწყო სწავლება, მერე რამდენიმე ბავშვი კიდევ მიემატა, და ასე, კერძო სკოლასავით მოაწყო. ასწავლიდა ენებს, მათემატიკას, ასტრონომიას, ბიბლიას... ეს ფაქტი უმთავრესად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ, როგორც ეტყობა, სწორედ ამან დააწერინა პოეტს ცნობილი პუბლიცისტური წერილი აღზრდის შესახებ. აღზრდის საკითხებზე უნივერსიტეტში ყოფნის დროსაც ბევრჯერ დაფიქრებულა მილტონი, ახლა კი მკაფიოდ და მთელი სიმწვავით ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებანი აღზრდის შესახებ. ადამიანის აღზრდისა და სულიერად ფორმირების საქმე მას პირველხარისხოვან საკითხად მიაჩნდა. სწორედ აღზრდილ ხალხს სათნოებაც ექნება, ძლიერი ნებისყოფაც, ხასიათის სიმტკიცეც და ვნებათა დაოკების უნარიცო, ამბობდა იგი. არავითარი შეზღუდვა! სკოლა სახელმწიფო დაწესებულებად უნდა იქცეს, საიდანაც სულით მტკიცე მოქალაქეები გამოვლენ. „მე მოვითხოვ თავისუფალსა და ყოველმხრივ აღზრდას; ამგვარად აღზრდილი ადამიანი ცხოვრებაში სამართლიანი იქნება, პირადსა თუ საზოგადოებრივ მოვალეობებს ბრძნულად და ვაჟკაცურად შეასრულებს, ომისა თუ მშვიდობის დროს“.

თუ რამდენად საჭირო იყო ინგლისში აღზრდის საკითხის ასე მწვავედ დასმა, ეს უფრო აშკარა შეიქნა კარგა დიდი ხნის შემდეგ, როდესაც სამწერლო და სამოღვაწეო ასპარეზზე დიკენსი გამოვიდა, რომელმაც, როგორც ცნობილია, სასტიკად გაილაშქრა ადამიანის სულიერად დამახინჯების წინააღმდეგ და არაერთი მახვილი ნაწარმოები უძღვნა ახალგაზრდობის თავისუფლად და სწორედ აღზრდის საკითხს.

იმავე ხანებში მილტონი დაქორწინდა. ეს მოხდა სრულიად მოულოდნელად, როგორც ბიოგრაფები შენიშნავენ, თვითონ პოეტისათვისაც კი მოულოდნელად. მოგზაურობის დროს იგი შემთხვევით გაეცნო სოფლელი ჯენტლმენის როიალისტ რიჩარდ პაუელის ოჯახს, მოეწონა მისი 17 წლის ქალიშვილი მერი და ცოლად შეირთო. ქორწინება ვერ გამოდგა ბედნიერი. რამდენიმე კვირის შემდეგ ქალი მამის სახლში გაემგზავრა, თითქოს მოკლე ვიზიტით. სინამდვილეში კი მალე გაირკვა, რომ მას მტკიცედ გადაეწყვიტა, აღარ დაბრუნებოდა ქმარს. გალაღებულ ცხოვრებას მიჩვეული ყმაწვილი ქალი ვერ შეეგუა ქმრის აცტეკურ რეჟიმს. ცოლ-ქმრის ხასიათი, პოეტის „ტყუპი პოემების“ გმირების მსგავსად, ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებული გამოდგა. ქმარი რიჟრაჟიდან მოკიდებული შუაღამემდე წიგნებში იქექებოდა, მუდამ დაღვრემილი და სერიოზული იყო. შესვენების დროს სევდისმომგვრელი რელიგიური მუსიკით ერთობოდა... მისი ღრმა, შინაგანი პოეტური ბუნება მხიარულებასა და ცეკვა-თამაშს დაჩვეული ყმაწვილი ქალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.

გული მამის სტუმართმოყვარე, მხიარული ოჯახისკენ მიუწევდა. აქვე უნდა ვახსენოთ პოეტის ერთი ბიოგრაფის სიტყვები: „მილტონის ხასიათში მკაცრი სერიოზულობა იგრძნობოდა, მაგრამ ვერ იტყოდი, ქეში და დაბღვერილიო. მისი ამაღლებული გონება წვრილმანი საქმეებისთვის ვერ იცლიდა. საუბრის დროს ხშირად სატირიკული ტონი ჰქონდა. სასიამოვნო თანამოსაუბრე იყო და დახვეწილი თავაზიანობით გამოირჩეოდა“. მილტონი საშუალოზე ოდნავ დაბალი ტანისა ყოფილა. ახალგაზრდობაში ქალური სილამაზე ჰქონდა, მერე თანდათანობით ვაჟკაცური იერი მიეცა. ქერა თმა შუაზე ჰქონდა გაყოფილი, ჩამოგრძელებული კულულები მხრებზე სცემდა. მის ცისფერ თვალებს სრული სიბრმავის დროსაც ვერ შეატყობდით, სინათლე თუ ჰქონდათ დაშრეტილი. მხრებში გამართული დადიოდა, ამაყი იყო, ზვიადი შესახედაობა ჰქონდა...

ცოლის შინიდან გაქცევამ დააწერინა რამდენიმე ტრაქტატი გაყრის შესახებ, სადაც პოეტი გმობს არსებულ წესს და ეკლესიის კანონების საწინააღმდეგოდ მოითხოვს გაყრისთვის გასამართლებულ საბუთად მიღებულ იქნას თითქოს ისეთი უმნიშვნელო ფაქტი, როგორიც არის ხასიათთა შეუგუებლობა. ოთხი ტრაქტატი მიუძღვნა პოეტმა გაყრის საკითხს (1643-1645 წწ.). მისი შეხედულებანი ამ საგანზე გამომდინარეობდა მისივე საერთო მსოფლმხედველობიდან პიროვნების თავისუფლების შესახებ. საზოგადოების ბედნიერებისთვის სამი სახის თავისუფლებაა აუცილებელი, აცხადებს პოეტი - რელიგიის თავისუფლება, პირადი თავისუფლება და მოქალაქეობრივი თავისუფლება.

საინტერესოა ამავე პერიოდში დაწერილი პამფლეტები და ტრაქტატები რელიგიის თავისუფლების შესახებ. იმავე შეუპოვრობითა და პირდაპირობით, რითაც მომდევნო წლებში მთელს ევროპაში გაითქვა სახელი თავისი პოლიტიკური ტრაქტატებითა და პამფლეტებით, მილტონი ამ პირველ წერილებშიაც ხმას იმაღლებს ეპისკოპალური ეკლესიის წინააღმდეგ, მოითხოვს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსაგან იმგვარად, რომ რელიგიის საქმეებში არავითარი გარეგანი ჩარევა არ ხდებოდეს. რელიგია შინაგანი რწმენის საქმეა და სრულ თავისუფლებას მოითხოვსო, მთელი სიმძაფრით აცხადებს იგი.

ჯერ კიდევ 1641 წელს გამოქვეყნებულ ტრაქტატში „რეფორმაციისა და იმ მიზეზების შესახებ, რამაც აქამდე დააყოვნა ინგლისში მისი გატარება“, მილტონი მთელი მოურიდებლობითა და ზიზღით გმობს ეპისკოპოსობას, მის დამცველებს, მთელი სიმწვავითა და გამძაფრებით ილაშქრებს მათ წინააღმდეგ. მოითხოვს ეპისკოპოსების ძირფესვიანად ამოძირკვას და პრესვიტერიანული კულტის შემოღებას. კათოლიკური ეკლესიის სიძულვილიტ არის გამსჭვალული მთელი წერილი. მაგრად ეპისკოპოსების წინააღმდეგ გალაშქრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ შეუპოვარი ბრძოლისა, რასაც ჯათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ აწარმოებდა მილტონი. პამფლეტს პამფლეტზე აქვეყნებდა, სულ უფრო და უფრო მძაფრი და დაუნდობელი ხდებოდა. მისი მგზნებარე სული თავისულფლებისაკენ მიისწრაფვოდა. მხოლოდ იმ რელიგიას სცემდა პატივს, რომელიც გულის სიღრმიდან მოდიოდა.

პოეტი არ ერიდებოდა „წმინდა წიგნის“ კრიტიკასაც, მას ადამიანის გონება უფრო მტკიცე დასაყრდენად მიაჩნდა ცხოვრებაში, ვიდრე ღვთის სიტყვა, სწორედ საკუთარმა გონებამ უნდა აზიაროს ადამიანი ნამდვილ თავისუფლებასა და ბედნიერებას: რაკი ადამიანი ღმერთის შექმნილია, რაკი მისი ხატებად გვევლინება იგი (ამას კი მილტონი არ უარყოფს), მას ძალაც შესწევს თავისი პირადი თავისუფლება და ბედნიერება დაიმკვიდროს. აქ კიდევ უფრო მკაფიოდ იჩინა თავი მილტონის ჰუმანისტურმა განწყობილებებმა, იგი შორსა დგას პურიტანული რელიგიის პესიმიზმისაგან და სჯერა, რომ გონეაბა ადამიანისა თვითონვე დაიმკვიდრებს ბედნიერებას.

მეცნიერები საინტერესო დაკვირვებას ახდენენ მილტონის შემოქმედებაზე:თავისი რელიგიურ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობით პოეტი მატერიალიზმისკენ იხრებაო. ღმერთმა ადამიანი მატერისგან შექმნა და მატერია თვითონ ღმერთის ელემენტიაო. აქვე მოჰყავთ მილტონის ცნობილი სიტყვები ტრაქტატიდან: „ქრისტიანული დოქტრინის შესახებ“, ადამიანი ცოცხალი არსებაა, ერთიანი და განუყოფელი. შეუძლებელია, რომ იგი ორი სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ელემენტისაგან - სულისა და ხორცისაგან შექმნილიყო.

მილტონის ტრაქტატები უკვე იშვიათად იბეჭდება, და მხოლოდ ამ დარგში მომუშავე მეცნიერებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგრამ ვინც წაიკითხავს პოეტის უდიდეს ქმნილებას „დაკარგულ სამოთხეს“, რომელიც ხსენებულ ტრაქტატებზე უფრო გვიან დაიწერა, იგი დარწმუნდება ამ აზრის სიმართლეში. გავიხსენოთ რაფაილის სიტყვები, როდესაც იგი ადამს ესაუბრება - ანგელოზებიც მატერიალური არსებები არიან, ოღონდ უფრო მსუბუქი ნივთიერებისაგან შექმნილიო. საინტერესოა ის სურათიც, როდესაც ღმერთი ლხინს გაუმართავს ანგელოზებს და სუფრა ხორაგეულით გაივსება.

ადამიანის ცხოვრების უპირველესი დანიშნულებაა ფუჭი ვნებანი დაიოკოს და სათნოებას მიცეს გასაქანი. პოეტი სასტიკად ილაშქრებს ადამიანის თავისუფლების გარეგნული შეზღუდვების შესახებ და ამითაც იგი ნამდვილ ჰუმანისტად გვევლინება.

ჯონ მილტონის ბიუსტი

აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ მილტონის შესანიშნავი ტრაქტატი ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შესახებ („არეოპაგითიკა“). ტრაქტატი დაწერილია მოწოდების სახით, რითაც პოეტი პარლამენტს მიმართავს. ამ ტრაქტატში იგი რჩეული პირდაპირობითა და სიმწვავით მოითხოვს ბეჭდვის განუსაზღვრელ თავისუფლებას. „წიგნის მოკვლა კაცის კვლაზე ნაკლები დანაშაული როდია“, წერს იგი და გალილეისთან შეხვედრას იხსენებს. მიმართვა დაწერილია დიდი ორატორული ნიჭითა და მგზნებარებით და მთელს ინგლისურ პუბლიცისტურ ლიტერატურაში დღემდე ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნაწარმოებად არის მიჩნეული. განუსაზღვრელად დიდი იყო ტრაქტატის ემოციური ზემოქმედებაც; მისი გამოქვეყნების შემდეგ საგრძნობლად შესუსტდა ცენზურის გავლენის ძალა და სისასტიკე. ერთი ცენზორი იმდენად შეაწუხა სინდისი ქენჯნამ, რომ სამსახურიდან გადადგა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მილტონის ყველა პუბლიცისტურ წერილს პოლიტიკურ წრეებსა და მთელ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი და ზემოქმედების ძალა ჰქონდა. მისმა ტრაქტატებმა რელიგიის შესახებ საგრძნობლად შეასუსტა ეპისკოპოსების გავლენა. ეპისკოპოსები დაითხოვეს კიდეც ლორდთა პალატიდან, როგორც გადმოცემენ, ერთ-ერთმა მისმა პოლემისტური ხასიათის ტრაქტატმა ისეთ დღეში ჩააგდო მოწინააღმდეგე, - საკმაოდ დიდი მეცნიერი და გავლენიანი პირი, - რომ ყოველგვარი პასუხის ხალისი დაუკარგა და საბოლოოდ, დადარდიანებულს, გული გაუსკდა. აქ ის კი არ არის მთავარი, ნამდვილად მილტონის წერილმა გაუხეთქა გული თუ არა მოწინააღმდეგეს. მთავარია თვით ფაქტი, როგორი აზრი იქმნებოდა პოეტის შესახებ, რა შიშის ზარსა სცემდა მისი ყოველი გამოსვლა მტრებს, როგორ აღაფრთოვანებდა რესპუბლიკის მომხრეებს. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, როგორი რეაქცია გამოიწვია მისმა წერილმა, რომელშიაც ავტორი სამართლიანად მიიჩნევდა მეფის სიკვდილით დასჯას. მილტონის სახელი მთელს ევროპაში ქუხდა. ხალხი საგანგებოდ ჩამოდიოდა სხვა ქვეყნებიდან, რათა კრომველისა და მილტონისათვის შეევლო თვალი.

ცოლის მოულოდნელმა და უცნაურმა განშორებამ, რაღა თქმა უნდა, დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა პოეტს. წერილი მისწერა და პასუხი არ მიიღო, კაცი გაუგზავნა და ცუდად შეხვდნენ იმ კაცს. სიამაყემ ნება არ მისცა თვითონვე ჩაეკითხა. ხოლო როდესაც ორი წლის შემდეგ, ასევე მოულოდნელად, ახალგაზრდა ცოლი უკანვე მობრუნდა და ფეხებში ჩაუვარდა, პატიება სთხოვა, მილტონდა იგი დიდსულოვნებით მიიღო. საქმე ის არის, რომ იმ ორი წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა; მეფის ჩამოგდების შემდეგ პაუელების როიალისტურად განწყობილმა ოჯახმა დევნა განიცადა. ახალ მთავრობასთან დაახლოებულმა მილტონდა სიმამრიც შეივედრა და თავის სახლში მისცა თავშესაფარი. ცოლქმრული ბედნიერება არც ამის შემდეგ გაგრდძელებულა დიდხანს: 1653 წელს მერი პაუელი გარდაიცვალა, მეოთხე შვილის მშობიარობას გადაყვა.

ინგლისური ანდაზა - misfortunes never come singly (უბედურება ცალად არასოდეს არ მოდოს) - ამჟამად გამართლდა. ცოლის სიკვდილს წინ უსწრებდა კიდევ ერთი დიდი უბედურება: 1652 წელს მილტონი სავსებით დაბრმავდა. მთელი ათი წლის განმავლობაში იგი თანდათანობით კარგავდა სინათლეს. ექიმები სასტიკად უკრძალავდნენ მუშაობას, აფრთხილებდნენ, რომ სრული დაბრმავება მოელოდა. მაინც ვერ გატეხეს პოეტი. „პოეზია ხომ მივიტანე მსხვერპლად, ახლა მზადა ვარ თვალის სინათლეც შევწირო თავისუფლებისათვის ბრძოლას“, უპასუხებდა იგი. ორმოცდახუთი წლის დაქვრივებულ, ბრმა პოეტს მოსავლელად დარჩა სამი თავნება გოგონა, რომელთანაგაც უფროსი რვა წლისა იყო.

უდიდესი სულიერი სიმტკიცისა და გმირობის მაგალითია მილტონის მერმინდელი ცხოვრება. ბრმა პოეტი ამის შემდეგაც არ მორჩილდება ბედს და ჩვეული სიბეჯითითა და შეუპოვრობით განაგრძობს მუშაობას, ბრძოლას, დიდ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

მილტონის კოტეჯი - სწორედ აქ გაატარა პოეტმა ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი

ეს ოცი წელი, ნამდვილი მოწიფულობის ხანა, რაც პოეტის შემოქმედების მეორე პერიოდს, მისი ცხოვრებისეული დრამის მეორე აქტს მოიცავს, მართლაც პოეზიის სამსხვერპლოზე მიტანის ხანად შეიძლება ჩაითვალოს. სულ რამდენიმე სონეტი დაწერა ამ ხნის განმავლობაში. მისთვის ძალიან ძვირფასი ყოფილა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლა, რამაც ლექსის საწერად გამზადებული კალამი გვერდზე გადაადებინა და პოლიტიკური პამფლეტები აწერინა.

მილტონი სახელმწიფო მდივნის როლს ასრულებდა. იგი ავსებდა და ადგენდა ხოლმე დიპლომატიურ ოქმებს, ყოველგვარ სახელმწიფოებრივ მიწერ-მოწერას, რაც იმ დროს ლათინურ ენაზე წარმოებდა. ის იყო იმ ურიცხვი პამფლეტების პასუხისგამცემი, რაც რესპუბლიკური სახელმწიფოს წინააღმდეგ იწერებოდა ხოლმე არა მარტო ინგლისსში, არამედ და უმთავრესად ევროპის სხვა ქვეყნებში. ამ ტრაქტატებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა „ხატის მებრძოლი“, რომელშიც იგი ემოციური დამაჯერებლობით ამართლებს მეფის ჩამოგდებასა და დასჯას, ასაბუთებს, რომ ხალხს უფლება აქვს ტირანი მოსპოს. ტრაქტატი დაიწერა იმ პამფლეტის წინააღმდეგ, რომელიც მეფის დასჯის შემდეგ გამოქვეყნდა და სადაც მეფე წამებულად იყო გამოყენებული. ის პამფლეტი მაშინ ყუმბარასავით გავარდა და ხალხში როიალისტების თანაგრძნობა გააღვიძა. მილტონის შესანიშნავად დაწერილმა პასუხმა ერთმაშად გააქარწყლა პამფლეტების გავლენა: პამფლეტის გულაჩუყებული, რესპუბლიკის წინააღმდეგ ამხედრებული ხალხი ხელადვე შეატრიალა და კვლავ რესპუბლიკის თანამგრძნობთა რიგებში ჩააყენა. ასევე მნიშვნელოვანია "Defensio pro populo Anglicano" („ინგლისელი ხალხის დაცვა“) და "Defensio Secuda" („მეორე დაცვა“)

ტრაქტატებში მილტონი რესპუბლიკური მმართველობის ქომაგად გვევლინება, სამარცხვინო ბოძზე აკრავს რესპუბლიკის მტრებს და სასტიკას ილაშქრებს მათ წინააღმდეგ. ხალხს უფლება აქვტ მმართველობის ის ფორმა აირჩიოს, რაც უფრო შეეფერება მის ინტერესებს. ხალხს უფლება აქვს ცალკეულ პირებს ჩააბაროს ქვეყნის მართვა, მაგრამ ამ პირებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ მმართველობა. თუ ასე მოხდა, ხალხს იმის უფლებაცა აქვს, დასაჯოს ამგვარი მმართველი. ასეთია პოეტის შეხედულება ამ საკითხზე.

კრომველთან უერთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივად ისმება კითხვა - და ბიოგრაფებიც ვერ უვლიან გვერდს მას, სულ სხვადასხვაგვარად ცდილობენ ამ მოვლენის ახსნას, - როგორც მოხდა, რომ რევოლუციის გამარჯვებისათვის, რესპუბლიკური იდეების დამკვიდრებისა და ხალხის თავისუფლებისათვის მებრძოლი მილტონი ბოლომდე ერთული დარჩა კრომველისა? როგორც ცნობილია, კრომველმა სამხედრო დიქტატურა შემოიღო და პარლამენტი გარეკა, თავი ლორდ-პროტექტორად გამოაცხადა და სტიუარტების დინასტიის ნაცვლად საკუთარი დინასტიის დამკვიდრება სცადა. მილტონი ერთ-ერთ თავის ადრინდელ ტრაქტატში, რომელშიაც ქება-დიდებას ასხამს კრომველს, იქვე აფრთხილებს მას: „შენ, ვისაც ამდენი საშიშროებისათვის გაგისწორებია თვალი თავისუფლებისათბის ბრძოლის დროს, თვითონვე არ გამოიჩინო ძალმომრეობა, არც სხვას გაათელინო ფეხქვეშ ეს თავისუფლება!“. რატომ არ დაშორდა მას მილტონი, რატომ მაშინვე არ გასწყვიტა კავშირი, რატომ აგრძელებდა სახელმწიფო მდივნად სამსახურს მასთან და, მისი სიკვდილის შემდეგ, მის შვილთანაც, რომელმაც კრომველი შესცვალა? ასე მსჯელობს ზოგი ბიოგრაფი და ამ ფაქტს პოეტის მთელ მოღვაწეობაში შავ ლაქად მიიჩნევს. ზოგი ბიოგრაფი იმითი ცდოლობს გაამართლოს პოეტის ასეთი მოქმედება, რომ ქვეყნის არეულობის დროს, თითქოს ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, პარტიათა შორის დაძაბული ბრძოლების ვითარებაში, როდესაც როიალისტები თავგანწირვით იღვწოდნენ რესტავრაციისათვის და შეთქმულებას შეთქმულებაზე აწყობდნენ რესპუბლიკის წინააღმდეგ, კრომველი იძულებული იყო სამხედრო დესპოტიზმისათვის მიემართა. იმ მოსალოდნელ რესტავრაციის საშინელებასთან შედარებით კრომველის დესპოტიზმი უფრო ნაკლები ბოროტება იყოო.

„ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში“, რომელიც საბჭოთა მეცნიერის მიერაა შედგენილი, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მილტონი, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული დარჩა კრომველის ასეთი მოქმედებით და ამის შემდეგ მასზე კრინტიც არ დაუძრავს, ერთი ქების სიტყვაც არ დასცდენია. კრომველის სიკვდილის შემდეგაც, როდესაც პოეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოსატირებელი ლექსის შეთხზვაში, მილტონს ერთი სტრიქონიც არ დაუწერია, რადგან კრომველის სიკვდილი მას რესპუბლიკური თავისუფლების აღდგენის იმედს აღუძრავდა.

შემოქმედების მესამე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ მილტონის პოემის, დაკარგული სამოთხის პირველი გამოცემის გარეკანი
მილტონი სიცოცხლის ბოლოს

როგორც ცნობილია, რესტავრაცია მაინც მოხდა, 1660 წელს. და ქედან იწყება სწორედ პოეტის ცხოვრების დრამის მესამე, სევდიანი აქტი, მისი შემოქმედების მესამე პერიოდი. პოლიტიკურად განადგურებული, მატერიალურად გაღარიბებული (მის ქონებას კონფისკაცია უყვეს), ფიზიკურად გატეხილი, ორივე თვალში სინათლედაშრეტილი და უთვისტომო (მეორე ცოლი, რომელიც განსაკუთრებული ალერსითა და მზრუნველობით უვლიდა და პოეტსაც ნაზად უყვარდა, ქერა ანგელოზს ეძახდა, სიყვარულით გამთბარი სონეტიც მიუძღვნა, ჯერ კიდევ რესტავრაციამდე ორი წლით ადრე მოუკვდა. სამი თავნება ქალიშვილი, მეფე ლირისა არ იყოს, ნუგეშისა და სიყვარულის ნაცვლად, ყოველდღიური უსიამოვნებისა და სიმწარის ფიალას ასმევდა მამას; ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ლირს ერთი ქალი მაინც შერჩა ნუგეშად, მილტონს კი სამივე ქალი მტრად მოეკიდა), მთავრობის მიერ დევნილი პოეტი ახლა მართლაც დაემსგავსა იმ ტიტანს, რომელსაც იგი ფლორენციაში შეხვდა ოცი წლის წინათ. იმითაც ემსგავსება მილტონი იტალიურ ტიტანს, რომ მისი ნაწერებიც ცეცხლს მისცეს, საჯაროდ, ჯალათის ხელით, ისევე, როგორც ამას იტალიელი ინკვიზიტორები აკეთებდნენ. მაგრამ გალილეისთან მსგავსების მთავარი ნიშანი მაინც ის გაუტეხელი სულია, რაც პოეტს ამდენი განსაცდელის მიუხედავად შერჩა. მისი შემოქმედების სწორედ ეს მესამე პერიოდია ყველაზე უფრო შეუპოვარი, რევოლუციური სულისკვეთებით გამსჭვალული და მხატვრული სრულყოფილების ნიმუში, სწორედ ამ პერიოდში შექმნა პოემები, რომელთაც მას ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის სახელი მოუხვეჭა.

დიდი ეპიკური ნაწარმოების შექმნა მილტონის მთელი ცხოვრების ოცნება იყო. თავდაპირველად განზრახული ჰქონდა დაეწერა დიდი პოემა ლეგენდარულ მეფე არტურზე. დიდხანს ელოლიავებოდა ამ აზრს. მასალებიც შეაგროვა. დანტესა და ტორკვატო ტასოს ქვეყანაში მოგზაურობის დროს იგი მოწიწებით გაიხსენებდა ხოლმე აღორძინების ეპოქის ამ დიდ პოეტებს. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ნეაპოლში იგი ტორკვატო ტასოს მეგობარსა და მის პირველ ბიოგრაფს შეხვდა. ვინ იცის, იქნებ გალილეისთან შეხვედრამ და საუბარმა შთააგონა ისეთი დიდი ნაწარმოების შექმნა, რომელსაც მასშტაბებიც კოსმიური ექნებოდა და ფაქტურაც. ყოველ შემთხვევაში არტურზე მას აღარეფერი დაუწერია.

დაკარგული სამოთხის“ და უკანასკნელი პერიოდის სხვა პოემების არჩვისათვის ბიძგი, უდავოდ, რევოლუციამ მისცა. მიუხედავად ბიბლიური საბურველისა, რაშიაც პოემების სიუჟეტია გახვეული, აქ იგრძნობა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის სუნთქვა, ის განწყობილებები და სულისკვეთება, ის დიდი მგზნებარება, რაც რევოლუციის უშუალო მონაწილეებს ასულდგმულებდა. ერთი სიტყვით, ამბავში, სადაც პერსონაჟებად ღმერთი და ბიბილიური თქმულებების გმირები გვევლინებიან, ფაქტობრივად მოცემულია მე-17 საუკუნის ინგლისის სინამდვილე. არა ისტოიურ პირთა გარეგნული მიმსგავსებით, არა იმ საინტერესო ისტორიული მოვლენებისა და ცალკეული ეპიზოდების მხატვრული გადმოცემით, რაც პოემების სიუჟეტს კიდევ უფრო დაძაბავდა, მიმზიდველსა და საინტერესოს გახდიდა, არამედ ეპოქის საერთო განწყობილების გადმოცემით, იმ წინააღმდეგობათა გადმოცემით, რითაც მაშინდელი ცხოვრება ხასიათდება, და, რაც ყველაზე უფრო მთავარია, რევოლუციური შემართებისა და გმირული სულისკვეთების გადმოცემით.

შვიდ წელიწადს მუშაობდა პოეტი „დაკარგულ სამოთხეზე“. დაამთავრა 1665 წელს, ჩალფონტში, შავი ჭირის ეპიდემიის გამო ლონდონიდან გახიზნულმა.

იმ მრავალრიცხოვან ბიოგრაფიებში, რაც მილტონის შესახებ გამოქვეყნებულია, თითქმის ყველგან მოხსენებულია ერთი საინტერესო და არცთუ უმნიშვნელო ფაქტი: თავის „დაკარგულ სამოთხეში“ პოეტმა და მისმა მემკვიდრეებმა სულ 18 გირვანქა სტერლინგი მიიღეს. აქედან პოეტმა, სიცოცხლეში, 10 გირვანქა მიიღო[8], დანარჩენი 8 - მემკვიდრეებს ერგოთ. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლო წლები პოეტმა უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. ვიღაც მღვდელი, რომელსაც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ უნახავს პოეტი, იგონებს: მილტონი დაფხავებული ფიცრული სახლის ერთ პაწაწინა ოთახში ვნახეო. სინესტის გამო კედლები ოთახს ობით ჰქონია დაფარული. სავარძელში იჯდა, შავი ტანსაცმელი კოხტად ადგა ტანზე. ფერმკრთალი იყო, მაგრამ ეს არ ჰგავდა ავადმყოფურ ფერმკრთალობას, მიუხედავად იმისა, რომ ნეკრესის ქარებისაგან იტანჯებოდა. ხელის მტევნები ერთიანად დაემახინჯებინა სნეულებას, მაგრამ სახეზე ვერ შეატყობდი საშნელი ტკივილის კვალსო...

არსებობს გადმოცემა, თითქოს მილტონს უკვე დამთავრებული პოემა, „დაკარგული სამოთხე“, ერთი თავისი მეგობრისათვის გადაეცეს წასაკითხად. მეგობარმა წაიკითხა პოემა და დასძინა: „სამოთხის დაკარგვა კი გვაჩვენე, მაგრამ დაბრუნებას როდისღა გვაჩვენებო“. თითქოს ამის შედეგი იყოს მეორე პოემის, „დაბრუნებული სამოთხის“ შექმნა.

მილტონის უკანასკნელი დიდი პოეტური ნაწარმეობი არის 1671 წელს გამოქვეყნებული „სამსონი“, ანტიკური ტრაგედიის ფორმით დაწერილი დრამატული პოემა. მსგავსად „დაკარგული სამოთხისა“ და „დაბრუნებული სამოთხისა“, აქაც გამოყენებულია ბიბლიური სიუჟეტი.

მილტონმა ცხოვრების ბოლო წლები ერთფეროვნულად გაატარა. მნიშვნელოვანიც არაფერი შეუქმნია. იგი ამ პერიოდს შემდეგნაირად აღწერს:

ვიკიციტატა
მიდიან დღენი, ზამთარს მოსდევს კვლავ გაზაფხული
ჩემთვის კი არა, დღე აროდეს გამითენდება!
ვეღარ ვიხილო ტკბილი დილის მოახლოება
ვეღარც საღამო სანუკვარი, ნახირი, მწყემსი,
ვერც გაზაფხულის ყვავილები, ზაფხულის ვარდი...
ვერ განვიცადო ღვთაებრივი მშვენიერება.
შემომხვევია გარს ღრუბელი. მარადი ბნელი
მისპობს ყოველგვარ ნეტარებას, ადამიანურს.
და ცოდნის წიგნი, ეს ბუნების შეცნობის წყარო,
ჩემთვის ჩაშავდა, დაიხურა და წაიშალა,
გზა სიბრძნისაკენ - დასაწყისში გადამეღობა.
მით უფრო ძლიერ, ღვთაებრივო სინათლის წყაროვ.
მე შინაგანად განმანათლე, სულიერ ძალებს
შუქი მოჰფინე, ჩამისახე თვალები სულში,
გაჰფანტე სულმთლად, გადასწმინდე მისგან ბურუსი,
რომ ყველაფერი დავინახო, ვიუბნო ყველას
რასაც ვერა სჭვრეტს ვერადსოდეს მოკვდავის თვალი...[9][10]

პოეტი თირკმელზე შექმნილი პრობლემების გამო გარდაიცვალა 1674 წლის 8 ნოემბერს. დაკრძალულია წმინდა გილსი კრიპლიგეითის ეკლესიაში.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტუკური, ფილოსოფიური და რელიგიური პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტური და დრამატული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვრილმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონ მილტონი – მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა; გამომცემლობა <<საბჭოთა საქართველო>>, თბილისი, 1978; გვ. 5-21;
  • ჯონ მილტონი - დაკარგული სამოთხე: პოემა, თორმეტ წიგნად;
  • ბარბარა კეფერ ლევალსკი - ჯონ მილტონის ცხოვრება: კრიტიკული ბიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118582607 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 The Fine Art Archive — 2003.
  4. Мильтон Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Kindred Britain
  6. McCalman 2001 გვ. 605.
  7. ლევასკი 2003 გვ. 3.
  8. უილსონი 1983 გვ. 241–42.
  9. ჯონ მილტონი - დაკარგული სამოთხე, სამსონი; საბჭოთა საქართველო; თბილისი; 1978; გვ. 21
  10. ვახტანგ ჭელიძის ნათარგმნი