ჯეკ მფატრავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
JacktheRipper1888.jpg

ჯეკ მფატრავი (ინგლ. Jack the Ripper) — ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან — უაითჩეპელში გამოჩნდა. მისი მეტსახელი პირველად ანონიმურ წერილში გაჟღერდა, სადაც ავტორი თავს ასაღებდა მკვლელად. უმეტესობამ ეს წერილი სიცრუედ და თაღლითობად მიიჩნია, თუმცა ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და ლონდონი ახალმა მითქმა–მოთქმამ მოიცვა.

ყველა მკვლელობა, რომელთაც მფატრავს მიაწერდნენ ერთმანეთის მსგავსი იყო. იგი ძირითადად თავს ესხმოდა მეძავებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში მუშაობდნენ. ამ უბნებში პოლიციამ იპოვა ხუთი ქალის გვამი რომელთაც ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. სამ მათგანს დაზიანებული ჰქონდა მუცელი და შინაგანი ორგანოები. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ჯეკ მფატრავს ჰქონდა ანატომიური და ქირურგიული გამოცდილება. 1888 წლის ოქტომბერში სკოტლანდ იარდმა მიიღო წერილი, სადაც იყო ადამიანის თირკმელის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ მსხვერპლს ეკუთნოდა. სასტიკი მკვლელობების და მედიის მიერ მისი ისტორიის გავრცელების მეშვეობით, ხალხში გაიზარდა იმის რწმენა, რომ ლონდონის ქუჩებში დაძრწოდა კაცი სახელად „ჯეკ მფატრავი“.

მკვლელობები[რედაქტირება]

დანამდვილებით არავინ იცის თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ჯეკ მფატრავმა, თუმცა სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ხუთი ქალი მოკლული იქნა ჯეკ მფატრავის მიერ. ესენი იყვნენ: მერი ან ნიკოლსი, ენ ჩეპმენი, ელიზაბეტ სტრაიდი, კეტრინ ედოუსი და მერი ჯეინ კელი. ნიკოლსის ცხედარი იპოვნეს 1888 წლის 31 აგვისტოს, დღევანდელი დურვარდის ქუჩაზე. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მკვლელმა დაუზიანა მუცლის არე ღრმა ჭრილობით. ნიკოლსს მოჰყვა ჩეპმენი, რომელიც 8 სექტემბერს იპოვეს, იგი უფრო სასტიკად იყო მოკლული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტრაიდი და ედოუსი ერთ დღეს იპოვეს, მათი ცხედრები საშინლად იყო დასახიჩრებული.

მერი ჯეინ კოლინსის უსასტიკესად დასახიჩრებული სხეული იპოვეს 1888 წლის 9 ნოემბერს, საკუთარ სახლში. მკვლელმა წაიღო მისი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გულიც. ეს დანაშაულები მან ჩაიდინა ღამით და ძირითადად კვირის ბოლო ნაწილში, როდესაც ქალაქში სიმშვიდე იყო.

გამოძიება[რედაქტირება]

უაითჩეპელის პოლიციის გადარჩენილ არქივში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა გამოძიების შესახებ. ნიკოლსის მკვლელობის შემდეგ დეტექტივები ფრედერიკ ებერლინი და ჰენრი მური შეუერთდნენ სკოტლანდ იარდს. მათ დიდი დახმარება გაუწიეს კანონის დამცველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე მსხვერპლი ერთი ადამიანის ხელით იყო მოკლული, ჭრილობები გაკეთებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ, გამომძიებელთა ვარაუდით მფატრავს ჰქონდა ქირურგიული გამოცდილება. ისინი ვარაუდობდნენ რომ მკვლელი დაავადებული იყო შიზოფრენიით.

გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი, უაითჩეპელელი პარიკმახერი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.