ჯანლუკა ძამბროტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
ჯანლუკა ძამბროტა
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Gianluca Zambrotta.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ჯანლუკა ძამბროტა
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1977
დაბ. ადგილი კომო, იტალია
სიმაღლე 181 სმ.
პოზიცია მცველი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი მილანი
ნომერი 19

ჯანლუკა ძამბროტა (იტალ. Gianluca Zambrotta; დ. 19 თებერვალი, 1977, კომო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „მილანის“ და იტალიის ნაკრების მცველი. მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

კომო[რედაქტირება]

ჯანლუკა ძამბროტამ პროფესიონალური კარიერა „კომოში“ დაიწყო 1994 წელს, 17 წლის ასაკში. ახლგაზრდა მცველს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება მხოლოდ ერთ მატჩში მოუწია. მომდევნო სეზონში კომო სერია ბ-ში გადავიდა და ძამბროტაც უკვე რეგულარულად ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. „კომოში“ ორი სეზონი გაატარა, ამ ხნის განმავლობაში 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

ბარი[რედაქტირება]

მალე ძამბროტათი უკვე „ბარის“ ხელმძღვანელები დაინტერესდნენ და ჯანლუკამაც კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი 1997 წელს შედგა. გადასვლის პირველ სეზონში მარცხენა განაპირა მცველის პოზიციაზე თამშობდა. 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა მოახერხა. პირველი გოლი ვენეციას გაუტანა, მეორე კი სან სიროზე „ინტერის“ კარში შეაგდო. მალე იტალიის 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა დინო ძოფიმ ძამბროტა ნაკრებში გამოიძახა. ჯანლუკა გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარიდან“, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. მომდევნო 1998-1999 წლების სეზონში 32 შეხვდრა ჩაატარა „ბარის“ მაისურით და 4 გოლი გაიტანა. მისი შესანიშნავი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და მალე ძამბროტამ „იუვენტუსისგან“ შემოთავაზება მიიღო. კარლო ანჩელოტის საკუთარი გუნდის შემადგენლობაში სურდა ეხილა.

იუვენტუსი[რედაქტირება]

2000 წელს ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე ჯანლუკა ძამბროტა „იუვენტუსში“ გადავიდა, „ბებერ ქალბატონს“ მცველის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ კლუბში თამაში საშუალებას აძლევდა საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს ევროპულ ტურნირებში გამოევლინა და სკუდეტოსთვისაც ებრძოლა.

ტურინში გადასვლის პირველივე სეზონში ქვეყნის პირველობის შანსი ჰქონდა, თუმცა ბოლო ტურებში დაკარგეს ქულები. ბოლო მატჩში ძამბროტამ წითელი ბარათიც მიიღო პიერ ლუიჯი კოლინასგან. „იუვენტუსის“ წაფორხიალებით ისარგებლა „ლაციომ“ და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული სწორედ რომაელებს ერგოთ. მეორე სეზონში 2000-2001 წლებში ძამბროტამ 29 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. თუმცა ახლაც მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. კარიერაში პირველი სკუდეტო 2001-2002 წლების სეზონში მოიპოვა. 32 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძამბროტა დაშავდა და მომდევნო სეზონის პირველი ნახევარი თითქმის სრულად ჩააგდო. ამ ხნის განმავლობაში მისი ადგილი მარჯვენა ფლანგზე მაურო კამორანეზიმ დაიკავა.

გამოჯანმრთელების შემდეგ „იუვენტუსის“ მაშინდელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ძამბროტა მარცხენა მხარეს გაამწესა. პოზიციის შეცვლას ხელი არ შეუშლია და აქაც ისევე კარგად ათამაშდა, როგორც მოპირდაპირე ფრთაზე თამაშობდა. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთლი იყო მაშინ, როდესაც მეორე სკუდეტო მოიგო და მაშინაც როდესაც „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. 2003 წელს იტალიური ფინალი გაიმართა ტურინელები „მილანელებს“ ეცილებოდნენ ტიტულის მოგებაში. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. „როსონერის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს დარტყმები და „იუვენტუსი“ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

2005 წელს ძამბროტამ სკუდეტო მეოთხედ მოიგო. იმ პერიოდში ჯონათან ძებინა დაშავდა, გუნდში კი ჯორჯო კიელინი მოვიდა. ჯანლუკამ კვლავ მარცხნივ გადაინაცვლა, მარჯვენა ფლანგი კი ახალწვეულმა ჩაიბარა. იმავე წელს კლუბთან კონტრაქტი 2010 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში კიდევ ერთი დიდი სკანდალი აგორდა, „იუვენტუსი“ გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს, სკუდეტო ჩამოართვეს და სერია ბ-ში დაააქვეითეს. ტურინში გატარებული შესანიშნავი 7 სეზონის შემდეგ ძამბროტამ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და „ბარსელონაში“ გადავიდა ლილიან ტურამთან ერთად.

ბარსელონა[რედაქტირება]

ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში“ 2006 წელს გადავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მცირე შესვენება აიღო. სეზონის დაწყებამდე კატალონიელებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნე მოაწყვეს, ძამბროტაც იქ შეუერთდა ახალ გუნდს. თუმცა მხოლოდ ბოლო თამაშში, 13 აგვისტოს, „ნიუ იორკ რედ ბულსის“ წინააღმდეგ ითამაშა. ოფიციალური დებიუტი კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მოგვიანებით, 17 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასსზე „ესპანიოლის“ წინააღმდეგ შედგა. ძამბროტამ პირველი გოლი „ბარსელონას“ მაისურით პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში 2007 წლის 17 მარტს „რეკრიატივო“ გაუტანა. ვისენტე კალდერონზე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 6-0 მოგებულ შეხვედრაში ჯანლუკამ თავისი წვლილი შეიტანა და კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. კატალონიაში ძამბროტამ ორი სეზონი გაატარა ამ ხნის განმავლობაში 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანა შეძლო.

მილანი[რედაქტირება]

ძამბროტა მილანელოში ვარჯიშზე 27 ნოემბერი 2008.

2008 წელს ძამბროტამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. საბოლოო არჩევანი „მილანზე“ გააკეთა. ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გააფორმა. „როსონერიმ“ 9 მილიონი ევრო გადაუხადა ესპანელებს. თავად ძამბროტა კი წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს. „მილანი“ იმ დროს საკადრო პრობლემებს განიცდიდა. დაცვის მარჯვენა ფლანგი ჯანლუკას ანდეს. პირველი გოლი ახალი კლუბის რიგებში 31 სექტემბერს „ლაციოს“ გაუტანა.

ახალ 2009-2010 წლების სეზონში „მილანში“ დიდი ცვლილებები მოხდა გუნდიდან წავიდა კაპიტანი პაოლო მალდინი, მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ლეონარდომ ჩაანაცვლა, რომელიც კახა კალაძეს არ სწყალობდა, ამიტომ მარცხენა ფლანგზე ძამბროტამ მათი ადგილი დაიკავა. „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გამოვარდა, გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა სერია A-შიც, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ძამბროტა ამ სეზონსაც ტიტულის გარეშე დაასრულებდა.

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება]

ახალგაზრდული ნაკრები[რედაქტირება]

ჯანლუკა ძამბროტამ სერია ა-ში გამოჩენისთანავე ეროვნული ნაკრების მესვეურების ყურადღებაც მიიქცია. მალე 21 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს. პირველი მატჩი „აძურას“ მაისურით 1998 წლის 25 მარტს მალტის წინააღმდეგ ჩაატარა. იმავე წლის 22 აპრილს უელსის წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში ნაკრებში გამოჩენის პირველ სეზონში ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა. „სკუადრა აძურას“ მაისურით მოედანზე ხშირად ჩნდებოდა მომდევნო წელსაც. ევრო 2000ზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ძამბროტა დაუბრუნდა ახალგაზრდულ ნაკრებს და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწლეობის მისაღებად გუნდთან ერთად გაემგზავრა. საწყის ეტაპზე, ჰონდურასთან და ავსტრალიასთან ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შეცვლაზე შევიდა ნიგერიასთან. ეს ბოლო თამაში აღმოჩნდა ასაკობრივ ნაკრებში.

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კაპიტანი პაოლო მალდინი ნაკრებიდან წავიდა, მარცხენა ფლანგისთვის კონკურენცია დაიწყო. იმ პერიოდში ჯანლუკა ძამბროტა იუვენტუსში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა და კარგ სეზონსაც ატარებდა. სწორედ ამიტომ საბოლოო არჩევანი სწორედ მასზე გაკეთდა და ძამბოტამაც მალე მოახერხა ნაკრებში ადგილის დამკვიდრება. თავისი პირველი გოლი სკუდრა აძურას რიგებში 2004 წლის გაზაფხულზე ტუნისის ნაკრებს გაუტანა.

ევრო 2004-ზე ძამბროტა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად წავიდა. მართალია, ის ჩემპიონატი იტალიის ნაკრებმა სუსტად ჩაატარა, თუმცა ჯანლუკა იმ მცირერიცხოვან იტალიელებს შორის აღმოჩნდა, რომელმაც კარგი შეფასება დაიმსახურა.

გერმანია 2006[რედაქტირება]

ჩემპიონატებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელი შეიცვალა — ჯოვანი ტრაპატონის შემდეგ მარჩელო ლიპი მოვიდა. ლიპის ფორმაციის ნაკრებში ძამბროტამ დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა და შეუცვლელი ფიგურა გახდა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩვი მატჩებიც სრულად ჩაატარა, ამიტომ მისი გამგზავრება გერმანიაში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. თუმცა მუნდიალის მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღო. ლიპიმაც მაშინვე დანიელე ბონერა გამოიძახა და ჯანლუკას შემცვლელად წაიყვანა. ძამბროტამ ფორმის აღდგენა მალე მოახერხა და მსოფლიო ჩემპიოპნატზე მხოლოდ პირველი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, იტალიამ განის დამარცხება მოახერხა. 17 ივნისს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოედანზე ძამბროტა მოედანზე გამოვიდა და მარცხენა ფლანგი ჩაიბარა. ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მომდევნო ეტაპზე ავსტრალიის წინააღმდეგ ძამბროტამ ყვითელი ბარათი მიიღო. იმ შეხვედრაში მსაჯმა მარკო მატერაცი გააძევა, მიუხედვად ამისა კაცნაკლულმა იტალიამ მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხა. 95-ე წუთზე ტოტიმ გაიტანა.

მეოთხედფინალში აპენინელები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ. ძამბროტა მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მე-6 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. ეს მისი პირველი გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ შეხვედრაში ჯანლუკამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, როდესაც საკუთარი ნაკრები გაშვებული გოლისგან იხსნა. მარჩელო ლიპიმ ნაკრებში გარკვეული კორექტივები შეიტანა, უკვე მეორე ტაიმში ძამბროტამ ფლანგი შეიცვალა და საგოლე პასიც მიითვალა. 69-ე წუთზე საჯარიმოში პენალტის ნიშნულთან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ლუკა ტონის, რომელსაც ანგარიშის ორამდე გაზრდა არ გასჭირვებია.

ნახევარფინალში იტალიელები მასპინძელ გერმანელებს დორტმუნდში დაუპირისპირდნენ. ძამბროტა კვალავ მარჯვენა მცველად გამოვიდა მოედანზე. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებით დროში კი იტალიელებმა 2:0 დაამარცხეს მეტოქე.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის 9 ივლისს გაიმართა. ძამბროტასთვის ეს პირველი ფინალი იყო ნაკრების შემადგენლობაში. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქმე პენალტებამდე მივიდა. ჯანლუკას არ დაურტყამს თერთმეტმეტრიანი, სამაგიეროდ მისმა თანაგუნდელებმა ზუსტად შეასრულეს ყველა დარტყმა და იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო.

ჯანლუკა ძამბროტამ მუნდიალზე რამდენიმე პოზიციაზე ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად გაართვა თავი, ამიტომაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

იუვენტუსი სერია ა: 2002, 2003

იტალიის სუპერთასი: 2003

ინტერტოტოს თასი: 1999

ბარესელონა ესპანეთის სუპერთასი: 2006

სანაკრებო[რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონი: 2006

პირადი[რედაქტირება]

შედის ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

შედის უეფას წლის გუნდში: 2006

ფიფპროს მსოფლიო XI: 2006

შედის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

რესურსები ინეტრნეტში[რედაქტირება]