ჯავახეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯავახეთის ქედი
აჩქასარი ჯავახეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი (3196 მ)
აჩქასარი ჯავახეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი (3196 მ)
კოორდინატები: 41°14′19″ ჩ. გ. 43°56′31″ ა. გ. / 41.238639° ჩ. გ. 43.942167° ა. გ. / 41.238639; 43.942167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
ქვემო ქართლის მხარე
შირაკის პროვინცია
უმაღლესი წერტილი აჩქასარი
სიმაღლე 3196 
სიგრძე 50 კმ
სიგანე 25 კმ
ამგებელი ქანები ანდეზიტ-ბაზალტური და ბაზალტური ლავა
ჯავახეთის ქედი — საქართველო
ჯავახეთის ქედი
ჯავახეთის ქედი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჯავახეთის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ჯავახეთის ქედი (კეჩუთის ქედი, სველი მთები; სომხ. Ջավախքի լեռնաշղթա) — მერიდიანული ვულკანური ქედი საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. ვრცელდება სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის, ქვემო ქართლის მხარის დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში და აგრეთვე სომხეთში, შირაკის პროვინციაში. საქართველოს ფარგლებში ქედის ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს, სამხრეთი ნაწილი — სომხეთში. წყალგამყოფია, ერთი მხრივ, ტბა ფარავნისა და მდინარე ფარავნის, მეორე მხრივ ხრამის მარჯვენა შენაკადების აუზებისა. აგებულია უმთავრესად ანდეზიტ-ბაზალტური და ბაზალტური ლავებით. ქედის თხემის რელიეფი ნაზკონტურებიანია. საქართველოში ჯავახეთის ქედის სიგრძე 40 კმ-ზე მეტია, ხოლო სიგანე 25 კმ-ს აღწევს. მაღლობს გეგმაზე ოვალური ფორმა აქვს.

საქართველოს ფარგლებში უმაღლესი მწვერვალია ლეილი (3157 მ), სომხეთში — აჩქასარი (3196 მ). მათ გარდა ჩრდილოეთიდან სამხრეთითაა მთები დალიდაღი (2661 მ), ბიქეთი (2277 მ), ჭიქიანი (2417 მ), ქულბაქი (2821 მ), შამბიანი (2882 მ), აღრიქარი (2973 მ), ჩათახი (2628 მ), ემლიქლი (3055 მ), კეჩუთი (2812 მ), დალიდაღი (2914 მ) და უღელტეხილები: თიქმათაში (2168 მ) და გავარი (2712 მ).

ქედის დასავლეთი კალთა დამრეცია, აღმოსავლეთი — უფრო ციცაბო. ქედის რელიეფი შედგება ტექტოგენურ-ვულკანური, ვულკანური და ეროზიული გენეზისის, მცირედ — ძველმყინვარული და პერიგლაციალური ფორმებისაგან. ქედისა და ცალკეული მთების ძირში ხშირად ვხვდებით ზოლად განლაგებულ ყინვითი გამოფიტვის პროდუქტებს, ეგრეთ წოდებულ კარკნალებს. ძველი გამყინვარების კვალი მცირე ტროგის სახით არის აღმოსავლეთ კალთაზე. ქედის ქვემო კალთები შემოსილია მდელო-სტეპის ბალახმცენარეულობით. აქვე, ზოგან ხეობებში შემორჩენილია არყისა და ცირცელისაგან შემდგარი ტყის ნაშთები, აქა-იქ მათ მუხაც ურევია. არის დეკიანებიც.

ზემო კალთები სუბალპურ და ალპურ მდელოებს უჭირავს, რომელიც საძოვრებადაა გამოყენებული. ქედი მდებარეობს ნოტიო ჰაერის მასების მოძრაობის გზაზე, ამიტომ მის დასავლეთ კალთებზე დიდი ოდენობის ნალექი მოდის. გავრცელებული ლანდშაფტებია: მთის სტეპები, სუბალპური და ალპური მდელოები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]