ხუან-დე-ფუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან-დე-ფუკა

ხუან-დე-ფუკა (ინგლ. Strait of Juan de Fuca) — სრუტე კუნძულ ვანკუვერსა (კანადა) და ოლიმპიკის ნახევარკუნძულს (აშშ) შორის. აერთებს პიუჯეტ-საუნდის ყურესა და ჯორჯიის სრუტეს წყნარი ოკეანის ღია ნაწილთან. სიგრძე 153 კმ, სიგანე 18-27 კმ. ნაპირები კლდოვანია, ფლატოვანი. ხუან-დე-ფუკა აშშ-კანადის საერთაშორისო სასაზღვრო ხაზის ნაწილია. წყნარი ოკეანის მხრიდან სრუტის საზღვარია ფლატერნის კონცხს, კუნძულ ტატუშსა (ვაშინგტონის შტატი) და კარმანის კონცხს (კუნძული ვანკუვერი) შორის არსებული ხაზი. სრუტის გავლით არსებული საზღვაო ხაზი დავის საგანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის. სრუტეში მოქცევის დინების სიჩქარეა 4-8 კმ/სთ. ხუან-დე-ფუკას გავლით გადის საზღვაო გზა კანადისა (ვიქტორია, ვანკუვერი) და აშშ-ის (სიეტლი, ტაკომა) ნავსადგურებში.

სრუტეს სახელი უწოდა ჩარლზ უილიამ ბარკლიმ ესპანელი ზღვაოსნისა და ლოცმანის ხუან დე ფუკას პატივსაცემად 1787 წელს. 1789-1791 წლებში სრუტე შეისწავლა რამდენიმე ესპანელმა ზღვაოსანმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]