ხოსროვიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოსროვიანები, ხოსროიანები, ხოსროიდები — მეორე ქართული სამეფო დინასტია ფარნავაზიანთა შემდეგ ბაგრატიონებამდე. მართავდა იბერიას და კოლხეთს ახ. წ-აღ. III-VIII საუკუნეებში.

დინასტიას სათავე დაუდო სპარსეთის შაჰის, ხოსრო დიდის უფროსმა ვაჟიშვილმა მიჰრანმა, რომელიც ქართულ ისტორიაში ცნობილია მირიან მეფის სახელწოდებით. ფარნავაზიანთა დინასტიის ხოსროვიანთა დინასტიით ჩანაცვლება გამოიწვია უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფის ასფაგურის გარდაცვალებამ სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, როდესაც სომხეთსა და ქვემო ქართლში შემოჭრილი სპარსთა მარბიელი ლაშქრის წინააღმდეგ ოსეთიდან მოკავშირეების გამოყვანას აპირებდა. ასფაგურს მემკვიდრე ძე არ დარჩა.

ვიკიციტატა
„,,და ესე ასფაგურ იყო უკანაჲსკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისაჲ"[1]
ვიკიციტატა
„,,ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი."[2]
ვიკიციტატა
„,,და არა ესუა ამას ასფაგურს ძე, არამედ ესუა ასული ერთი."[3]

უმეფოდ დარჩენილმა ქართულმა არისტოკრატიამ მაიჟან სპასპეტის მეთაურობით სპარსეთის შაჰს ქვეყნის დანდობა და მემკვიდრედ 7 წლის მიჰრვანი სთხოვა გასამეფებლად. მას მეუღლედ ასფაგურის ასული აბეშურა შერთეს, რითაც ხაზი გაესვა პირველი დინასტიის მემკვიდრეობითობის უფლების კანონიერ გადასვლას მეორე დინასტიაზე. ხოსროვიანები ამრიგად ქართლის სომხური დინასტიის მეფეებს – არშაკიდებსაც დაუნათესავდნენ, ვინაიდან ასფაგური მამით ფარნავაზიანი, ხოლო დედით არშაკიდი იყო. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით კი მირიანი ქართლის მეფე, რევ II-ს ძე უნდა ყოფილიყო.

მირიან მეფემ, მიუხედავად მისი სპარსული ეთნიკური წარმოშობისა, სწრაფად მოახერხა ქართულ გარემოში ადაპტირება. სწრაფადვე დაეუფლა ქართულ ენას. მიატოვა ცეცხლთაყვანისმცემლობა და ქართული წარმართობის კულტი აღიარა. ამ დროს იგი სულ 7 წლის უნდა ყოფილიყო. მირიანსვე მიეწერება არმაზთან ერთად ახალი კერპის – ზადენის აღმართვა. მირიანის ნახევრად ლეგენდარული მმართველობის დროს საქართველო კვლავ რჩებოდა სპარსეთის და ბიზანტიის პრძოლის ასპარეზად.

15 წლის მირიანს აბეშურა დედოფალი გარდაეცვალა.

ვიკიციტატა
„,,მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და დაესრულა ამას ზედა მეფობაჲ და დედოფლობაჲ ფარნავაზიანთა მეფეთაჲ."[4]

ახალ მეუღლედ ბიზანტიის სამხედრო მინისტრის, პონტოელი ლოგოთეტის ასული ნანა მოიყვანა. სწორად ამ დროს, მირიან მეფეს, ნანა დედოფალს და წმინდა ნინოს უკავშირებს ქართული საისტორიო ტრადიცია მირიანის ბიზანტიური საგარეო პოლიტიკური ვექტორის არჩევას, რაც გამოიხატა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და ისტორიაზე. მირიანი ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შემორჩა საქართველოს ისტორიას.

მირიანის მემკვიდრეების: ბაკურ II-ის, მითრიდატის, ვარაზ-ბაკურის (ვარაზ–ბაქარის; ასპაკურეს), ბაკურ III-ის, ფარსმან V-ის, მირდატის, არჩილ I-ის და დროს კვლავ გაძლიერდა სპარსეთის აგრესიული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რამაც პიკს მიაღწია როდესაც ქვეყანაში შემოჭრილმა სპარსეთის ლაშქარმა მირდატ მეფე შეიპყრო და ტყვედ ბაღდადში-სპარსეთის იმპერიიის იმდროინდელ დედაქალაქში წაიყვანა, სადაც მირდატ მეფე გარდაიცვალა კიდეც. საქართველოს ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ დარჩა არჩილ I-ის მცირეწლოვანი ვაჟი-ვახტანგი, რომელიც ფარნავაზის და მირიანის შემდეგ მესამე უდიდეს მეფედ შევიდა საქართველოს ისტორიაში. ქართული საისტორიო ტრადიცია მას მიაწერს დედაქალაქის თბილისში გადატანას. ვახტანგ გორგასალმა კვლავ განამტკიცა ბიზანტიასთან ალიანსი და უფრო დაუპირისპირდა სპარსეთს. (მიუხედავად იმისა რომ მეფობის დასაწყისში მან ბიზანტიაზე ილაშქრა წართმეული სამხრეთ მიწების დაბრუნების მიზნით და კონსტანტინოპოლის კედლებამდეც კი მივიდა). ვახტანგმა გაატარა ენერგიული და მტკიცე რეფორმები, გააძლიერა მეფის ხელისუფლება, იგი ხელს უწყობა ვაჭრობის განვითარებას. ვახტანგ გორგასალის მეფობის პერიოდსვე უკავშირდება ბოლნისის სიონის პირველი ქართული ლაპიდარული წარწერა და ბოლნისის სამხრეთ ფასადზე-ჯვრის ე. წ. ,,ბოლნურ-კაცხური" სახესხვაობის გაჩენა, რაც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო დროშის (გორგასლიან-დავითიან-თამარიანი, ხუთჯვრიანი) პროტოტიპად იქცა. ვახტანგმა აღკვეთა სპარსთა შემოსევები.

ვახტანგ გორგასლის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება სუსტდება და თავს იჩენს ფეოდალური ანარქია-რითაც დაუყონებლივ ისარგებლეს სპარსელებმა. ბაკურ III-ის მეფობისას, VI საუკუნის მიწურულს შემოსეულ სპარსეთის ლაშქარს სათანადო წინააღმდეგობა არ გაეწია. სპარსელებმა მონარქის ინსტიტუტი საერთოდ გააუქმეს და ქართლი სასანიდების იმპერიას პროვინციად მიუერთეს. დინასტიის უფროსი შტო კახეთში, ხოლო უმცროსი ჯავახეთსა და კლარჯეთში გაიხიზნა. 588 წელს გორგასლის შვილიშვილი დედის ხაზით, გუარამი პირველი ქართველი კურაპალატი გახდა-მიიღო რა ეს ტიტული ბიზანტიის იმპერატორ ფლავიუს მავრიკიუს ტიბერიუს ავგუსტუსისგან. მოგვიანებით 591 წელს სპარსელებმა სასანიდების იმპერიაში დაუშვეს ავტონომიური-ქართლის საერისმთავროს წარმოქმნა.

VI საუკუნის დასაყისში გუარამის მემკვიდრებმა სცადეს ქართლის ხელახალი გაერთიანება სპარსეთის ეგიდით, რასაც ბიზანტიიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა-იმპერატორმა ჰერაკლემ 627 წელს ალყაში მოაქცია და აიღო თბილისი. ერისმთავრის ტიტული გადაეცა ადარნერსე I-ს, დინასტიის უფროსს კახეთის შტოდან. მოგვიანებით უკვე არაბთა შემოსევებმა ადარნერსე II აიძულა ხალიფის სიუზერენიტეტი მიეღო.

VII საუკუნის ბოლოს ერისმთავრობა გუარამის მემკვიდრეებისმ, ჯავახეთ-კლარჯეთის შტოს ხელში გადავიდა. კახეთის შტოს სამართავად კახეთი დარჩა. თუმცა არაბების გამუდმებულმა შემოსევებმა შინაომებთან შედარებით ახალი-ეგზისტენციალური საფრთხე გაუჩინა ქვეყანას. VIII საუკუნის მიწურულს კახეთის შტოს წარმომადგენელი არჩილი სასტიკად აწამებს არაბებმა. მისი ვაჟი იოვანე ეგრისში გაიქცა. შეწყვიტა არსებობა ჯავახეთ-კლარჯეთის შტომაც. მისი წარმომადგენელი ჯუანშერ ჯუანშერიანი კი კახეთში გაიქცა, სადაც ადარნერსე ერუშეთელ-არტაანელის ასულზე ლატავრაზე დაქორწინდა.

უკვე გუარამ მამფალის დროიდან დინასტიის არაოფიციალურ სახელწოდებად იქცა ბაგრატიონები, გამომდინარე გუარამის მამის-ვახტანგ გორგასლის სიძის-ბაგრატის სახელიდან. ჯუანშერ-ჯუანშერიანის ქორწინებამ ბაგრატიონთა სამთავრო სახლის წარმომადგენელზე-ლატავრა ერუშეთელ-არტაანელზე გაამყარა ხოსროვიანების კავშირი ბივრიტიანთა (ბაგრატიონთა) სახლთან, რომელნიც ოძრხის ერისთავები იყვნენ ჯერ კიდევ ფარნავაზიანთა დინასტიის მეფობისას. ჯუანშერ ჯუანშერიანი უკვე თავადაც იყო ბაგრატიონი (ბივრიტიანი) მამის ხაზით გუარამ მამფალის მემკვიდრეობიდან გამომდინარე. დედით ხოსროვიანი და მამით ბაგრატიონი ჯუანშერ ჯუანშერიანის და მამით ბაგრატიონი ლატავრას ქორწინებამ დაასრულა ხოსროვიანების დინასტიის მმართველობა 807 წელს და გადასცა იგი ახალ, მესამე დინასტიას-ბაგრატიონებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 52. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ. 2012

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 52. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ. 2012
  2. ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 53.
  3. ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 55.
  4. ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I.იქვე. გვ. 55