ხორხების მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორხების მღვიმე
კოორდინატები: 41°35′42″ ჩ. გ. 44°16′26″ ა. გ. / 41.59500° ჩ. გ. 44.27389° ა. გ. / 41.59500; 44.27389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 1400 მ
სიღრმე 14 მ
ამგებელი ქანები დიაბაზი
ხორხების მღვიმე — საქართველო
ხორხების მღვიმე
ხორხების მღვიმე — ქვემო ქართლი
ხორხების მღვიმე

ხორხების მღვიმე,[1] ხორხების საყინულე — ყინულოვანი მღვიმე საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბედენის ლავური პლატოს სამხრეთ კიდეზე, მდინარე კლდეისისწყლის ზემო აუზში, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია დიაბაზულ ლავებში. მღვიმეს საფეხურებრივი ფსკერი აქვს. საერთო სიღრმე 14 მ.[2]

ზაფხულში რამდენიმე შახტში ჩნდება მცირე ყინულის ფენა. 30 მ სიმაღლის დოლერიტული კედლის სამხრეთ ძირში, ადგილი ირგვლივ, 40 მ რადიუსით მოვაკებულია, რომელზედაც მიმოფანტულია დოლერიტის ჩამონგრეული ნაშალი მასალა. ლავური ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელები, რომლებშიც ადამიანს ჩასვლა შეუძლია.[2]

ხვრელები ლავაში გაჩენილია ტექტონიკური და, ალბათ, გრავიტაციული პროცესების შედეგად. ერთ-ერთი მათგანი 12 მ სიღრმის მქონე საფეხურებიანი გვირაბია, რომლის კედლებზე და ფსკერზე ზაფხულობით შეიძლება ბროლივით გამჭვირვალე ყინულის ნახვა. ყინული სხვა ხვრელებშიც ჩნდება. განსაკუთრებით უხვად ყინული ცხელ ზაფხულში წარმოიქმნება.[2]

ზამთრობით ყინული დნება და რამდენიმე მეტრის დაშორებით დასაბამს აძლევს თბილ წყაროს. მღვიმეში წარმოქმნილ ყინულს ადამიანები, სამეურნეო თვალსაზრისით, უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. ვახუშტის ეპოქასთან შედარებით, ამჟამად ყინული აქ ნაკლები რაოდენობით არის. იქვე შემონახულია დიდრონი ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღრუე, რომელიც, ალბათ, საიდუმლო სალოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს.[3] 1991 წლამდე, მღვიმის მიჯნაზე, სოფელ პატარა კლდეისში ცხოვრობდა მოსახლეობა. ამჟამად აქ მხოლოდ ნასახლარებია.[2]

ხორხების მღვიმე პირველად[4] აღწერა ვახუშტი ბატონიშვილმა „საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში“:[5]

ვიკიციტატა
„ჴორჴებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილი, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ. მას წყაროს ჰყინავს, და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ჰზიდვენ ზაფხულს მეფისათვის.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 228.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბ, 2014., გვ., 102–103
  3. „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982. გვ. 190–191
  4. ლევან მარუაშვილი. მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973, გვ. 218
  5. ვახუშტი ბატონიშვილი. საქართველოს გეოგრაფია. რედაქცია გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904