ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინიატიურა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ერთ-ერთი სპარსული ხელნაწერიდან

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი ცენტრის კოლექციის ნაწილია, რომელიც ძირითადად აერთიანებს სპარსულ, თურქულ და არაბულ ხელნაწერებს, აგრეთვე სომხურ, ებრაულ, სირიულ და ეთიოპიურ ხელნაწერებს.

აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდის ხელნაწერები სამი ლიტერით აღინიშნება. K კოლექცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯაშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირად კოლექციას აღნიშნავს. L კოლექცია, რომელიც მზარდია, ადგილობრივია და მოიცავს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან შემოსულ ხელნაწერებს. ამავე ლიტერით აღინიშნება ის ხელნაწერები, რომელთა შეძენა ხდება კერძო პირებისაგან. AC ანუ შუააზიური კოლექცია მოიცავს დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთლის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და შუა აზიის სხვა კულტურულ ცენტრებში მოგზაურობის დროს შეგროვილ ხელნაწერებს, რომლებიც 1935 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, დღეს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული[1].

არაბული ხელნაწერების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ერთ-ერთი თურქული ხელნაწერის თავსამკაული

არაბული ხელნაწერების კოლექცია ათასზე მეტ ერთეულს შეიცავს, რომლებიც სამი ლიტერით აღინიშნება: ArK, ArL და ArAC. ხელნაწერები XIV საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდით თარიღდება. კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა დარგის ხელნაწერები, მათ შორის სასწავლო-სქოლასტიკური, გრამატიკული, ლოგიკური, რიტორიკული, მისტიკური, გეომეტრიული, სამედიცინო და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია იბნ სინას პალეოგრაფიულად XIV საუკუნით დათარირებული „მედიცინის კანონის“ ხელნაწერი (ArK9), აგრეთვე ისმაილ ალ-ჯავჰარის განმარტებითი ლექსიკონის ორი ტომი (ArK1 და ArK2). კოლექცია შეიცავს ცნობილი დაღესტნელი მწერლებისა და სწავლულების შრომათა არაერთ კრებულს (ArL576, ArL460), გრამატიკის, დოგმატიკისა და ლექსიკოგრაფიის შემცველ ხელნაწერებს (ArAC349, ArAC588, ArAC589) და სხვა[2].

თურქულენოვანი ხელნაწერების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულენოვანი კოლექცია თურქული წარმოშობის სხვადასხვა ენაზე — ოსმალურ, აზერბაიჯანულ, თურქმენულ და უზბეკურ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს აერთიანებს. ამ ფონდში დაცული ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით TurL, TurK და TurAC.

ფონდი შეიცავს XV საუკუნის უზბეკი პოეტის და მოაზროვნის, ალიშერ ნავოის თხზულებათა ხელნაწერებს. მათ შორისაა 1519 წელს გადაწერილი ცნობილი მუნშაათი და 1526 წელს გადაწერილი პოემა „ფარჰადი და შირინი“. ამავე ფონდშია დაცული XV-XVI საუკუნეების აზერბაიჯანელი პოეტის, ფუზულის ნაწარმოების — ჰადიკად-ულაუ’ადას უძველესი, 1583, 1586 და 1596 წლებში გადაწერილი ნუსხები, ოსმალო მოხელეების მიერ 1595 წელს ჩატარებული სამხრეთ საქართველოს აღწერის დავთარი და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონღოლური ხელნაწერი, რომელიც ძველი უიღურული დამწერლობითაა შესრულებული. მასში ბუდიზმის მიმდევარი მონღოლი მაღალი რანგის სასულიერო პირების გენეალოგიაა გადმოცემული[3].

სპარსული ხელნაწერების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ერთ-ერთი სპარსული ხელნაწერი

სპარსული ხელნაწერების კოლექცია რამდენიმე ასეულ ხელნაწერს ითვლის, რომლებიც XV საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. სპარსულ კოლექციაში თავმოყრილი ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით PL, PK და PAC.

კოლექცია, ძირითადად, როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაწარმოებების შემცველ საერო ხასიათის ხელნაწერებს შეიცავს. ამავე კოლექციაშია დაცული საისტორიო, საღვთისმეტყველო, ასტრონომიული და სამკურნალო ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები. განსაკუთრებით აღსანიშნავია აზერბაიჯანელი ჰუმანისტის, ნიზამი განჯელის პოეტური კრებულის 1428 წელს გადაწერილი ნუსხა (PAC458), XV საუკუნის ასტროლოგიური ტრაქტატი (PL612), 1698 წელს გადაწერილი „ქალაქ ჰერათის ისტორია“ (PK35/69) და სხვა[4].

სომხური ხელნაწერების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ხელნაწერი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

სომხურ კოლექციაში სამასამდე ხელნაწერია თავმოყრილი. ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით Arm. სომხურ ხელნაწერთა უმეტესობა შესრულებულია ეტრატზე. გამოყენებულია როგორც ძველი სომხური დამწერლობა (გრაბარი), ისე ახალი სომხური (აშხარაბარი).

ფონდი ძირითადად სასულიერო ხასიათის ხელნაწერებს შეიცავს, როგორიცაა ჰაგოგრაფიული, აპოკრიფული, ასკეტიკური, ჰომილეტიკური, და დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულებები. აქვე დაცულია საისტორიო, სამედიცინო, ასტრონომიული, გრამატიკული და სხვა საერო შინაარსის ხელნაწერები, როგორც ნათარგმნი, ისე სომხური ლიტერატურის ორიგინალური ძეგლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია IX-X საუკუნეებში გადაწერილი გრიგოლ ნოსელის „განმარტება ქება-ქებათას“ ფრაგმენტი (Arm135), 1382 წელს გადაწერილი იადგარი (Arm173), XIV საუკუნეში გადაწერილი საგალობლების კრებული (Arm216) და სხვა; აგრეთვე ისეთი ორიგინალური სომხური თხზულებების შემცველი ხელნაწერები, როგორებიცაა X საუკუნის პოეტის გრიგოლ ნარეკელის „სიტყვები“ (Arm4), XI საუკუნის ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) თხზულების XVIII საუკუნის ნუსხა (Arm7), ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების მოკლე ისტორიის XIX საუკუნის ნუსხა (Arm98, Arm22) და სხვა[5].

ებრაული ხელნაწერების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ კოლექციაში თავმოყრილია სრულად ან ფრაგმენტულად მოღწეული ებრაული ხელნაწერები. მათი უმრავლესობა ეტრატზეა შესრულებული. ხელნაწერები X საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. აღინიშნება ლიტერებით Hebr.

ებრაული ხელნაწერების ფონდში ძირითადად ბიბლიური ტექსტებია წარმოდგენილი, აგრეთვე სხვა სახის მასალაც; მათ შორის თორები (Hebr. 5, Hebr. 11), ესთერის წიგნის განმარტებები (Hebr. 24), ლოცვები (Hebr. 12) და სხვა. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ე. წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. ხელნაწერი ნიმუშების გარდა, კოლექციაში წარმოდგენილია XVI საუკუნის ეტრატზე ნაბეჭდი წიგნებიც: ფსალმუნი კომენტარებით (Hebr. 4) და ორი ბიბლია (Hebr. 18 და 19).

სირიული ხელნაწერების კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სირიული კოლექცია შეიცავს საკმაოდ გვიანდელ ხელნაწერებს, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. სირიული კოლექციის ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით Syr.

ამ კოლექციაში დაცულ ერთ-ერთ ხელნაწერში (Syr 1) წარმოდგენილია სირიული დამწერლობით გადმოცემული არაბულენოვანი ლიტურგიკული ტექსტები, დანარჩენი ორი ხელნაწერი კი (Syr 2 და Syr 3) ლოცვებს შეიცავს. ამათგან გამორჩეულია Syr 2 ხელნაწერი, რომელიც XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება და შემკულია მახარებლებისა და სხვა წმინდანების მინიატიურებით[6].

ეთიოპიურ ხელნაწერთა კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეთიოპიურ ფონდში ერთადერთი ხელნაწერია წარმოდგენილი. აღინიშნება ლიტერებით Eth. ხელნაწერი X საუკუნეშია გადაწერილი. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს ფსალმუნთა ტექსტს[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 2013-06-17.
  2. არაბულ ხელნაწერთა კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი[მკვდარი ბმული]
  3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თურქულენოვან ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
  4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპარსულ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
  5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სომხურ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
  6. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სირიულ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
  7. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეთიოპიური ხელნაწერების ფონდი[მკვდარი ბმული]