ჭიქური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიქური ეწოდება თხელ, მინისმაგვარ შრეს (სისქით 0.1–0.3 მმ), რომელიც კერამიკული ნაკეთობის ზედაპირზე წარმოიქმნება სპეციალურ ნივთიერებათა დაფენისა და მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შედეგად.

ჭიქური ნაკეთობას ალამაზებს და აძლევს მექანიკურ სიმტკიცეს, ხდის უფრო ჰიგიენურს, წყალგაუმტარს, ხასიათდება კრიალა, მბრწყინავი ზედაპირით. გამოწვის დროს ნაკეთობის ზედაპირზე წარმოქმნის მინისმაგვარ შრეს, რომელიც ზრდის ნაკეთობის ტექნიკურ და დეკორატიულ თვისებებს. იგი იცავს ნაკეთობას დანაგვიანებისაგან, მჟავებისა და ტუტეთა ზემოქმედებისაგან. ჭიქურს იყენებენ დეკორატიული მიზნებითაც.

ფაქიზი კერამიკის წარმოებაში გამოიყენება გამჭვირვალე, ფერადი და კრისტალური ჭიქურები.

ჭიქურის თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური ბუნების მიხედვით ჭიქურები ტუტე, ტუტე–მიწათა, ტყვიანი და სხვა ალუმოსილიკატური და ალუმობორსილიკატური მინებია. ტუტე ჭიქურებს მიეკუთვნება „მარილის“ ჭიქური, რომელიც გამოიყენება ქვა–კერამიკულ ნაკეთობათა მოსაჭიქურებლად. სხვადასხვა ტიპის კერამიკულ ნაკეთობათა მოსაჭიქურებლად სხვადასხვა ჭიქური გამოიყენება. იმ ნაკეთობათა ზედაპირზე, რომლებსაც გამოწვის შემდეგ ყვითელი ან წითელი ელფერი აქვთ, ჭიქური ყოველთვის უფრო მუქი მიიღება, ვიდრე ღია ფერის ნაკეთობათა ზედაპირზე. ძლიერ მუქი ზედაპირის მქონე ნაკეთობებისათვის ზოჯერ იყენებენ ანგობირებას, ანუ კერამიკული მასალის დაფარვას თეთრი თიხის (ანგობის) თხელი შრით. ანგობა არ ამარტო ფარავს ნაკეთობის შრეს, არამედ საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ისეთი ჭიქური, რომლის გაფართოების კოეფიციენტიც არც თუ ისე შეესაბამება კერამიკული მასალის გაფართოების კოეფიციენტს.

ჭიქურისა და მასალის გაფართოების კოეფიციენტთა შეუსაბამობის შედეგად ჭიქური იბზარება (წარმოიქმნება თმისებრი ბზარები) და შორდება ნაკეთობის ზედაპირს. თუ ჭიქურის გაფართოების კოეფიციენტი კერამიკული მასალის გაფართოების კოეფიციენტზე უფრო დაბალია, მაშინ ჭიქური ასხლტება ნაკეთობის ზედაპირიდან, ხოლო თუ ჭიქურის გაფართოების კოეფიციენტი მასალისაზე უფრო მაღალია, მაშინ ნაკეთობის გაცივებისას ჭიქური დასკდება. მასალასა და ჭიქურს შორის დაძაბულობის წარმოქმნისას ზოგჯერ შეიძლება ნაკეთობა დაიშალოს, ამიტომ მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭიქურის შემადგენლობის სწორად განსაზღვრას.

მტვრიან და ცხიმით დაფარულ დალაქებულ ნაკეთობებზე ჭიქური არ მაგრდება, ამიტომ მოჭიქურების წინ ნაკეთობები ჯერ უნდა გაიწმინდოს მტვრისგან ხელის ან მექანიკური ჯაგრისით. იმ ნაწილებს, რომელიც არ უნდა მოჭიქურდეს, ფარავენ ცხიმით, რისთვისაც ნაკეთობებს გაცხიმულ ტექნიკურ მაუდზე ან ქეჩაზე დგამენ.

ჭიქურთა აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიქურთა აგებულება, მინათა აგებულების მსგავსად შეიძლება განვიხილოთ ზახანიასენისა და უორენის წარმოდგენის, ანდა ა. ლებედისა და მისი სკოლის კრისტალიტური თეორიის თვალსაზრისით.

ჭიქურთა ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერამიკულ ნაკეთობათა წარმოებაში იყენებენ გამჭვირვალე და არაგამჭვრივალე (ყრუ), უფერო და შეფერილ ჭიქურებს. დნობის მიხევით ჭიქურები იყოფა ძნელდნობად და ადვილდნობად ჭიქურებად. დნობადობა დამოკიდებულია ჭიქურის შემადგენლობაში და მასში შემავალ მასალათა ბუნებაზე.

ძნელდნობადი ჭიქურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძნელდნობადი ჭიქურები მდიდარია კაჟმიწით, მაგრამ ღარიბია ტუტე და ტუტემიწა ლითონთა ჟანგეულობით. ამ ჭიქურთა ნედლეულად იყენებენ: კვარცხს, მინდვრის შპატს და მის შემცვლელებს (კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატებს), კაოლინს, თიხას და წმინდად დაფქულ ფაიფურის ლეწს. ძნელდნობადი, მინდვრისშპატოვანი ჭიქურები ძირითადად გამოიყენება მტკიცე ფაიანსის დასაფარად. ისინი უფრი მეტი სიმტკიცით გამოირჩევიან ვიდრე ადვილდნობადები.

ადვილდნობადი ჭიქურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადვილდნობადი ჭიქურები მდიდარია ტუტე და ტუტემიწა ლითონთა ჟანგეულობით და ღარიბია კაჟმიწით. ამ ჭიქურთა შემადგენელი ძირითადი ნედლეულებია: კვაცი, მინდვრის შპატი, სპოდუმენი, მარმარილო ან ცარცი, დოლომიტი, ნახშირმჟავა ბარიუმი, გვარჯილა, ბოტაკი, ტყვიის მურდასანგი, სურინჯი და თეთრა. ტუტემიწა მასალები ნაწილობრივ შეიძლება შეიცვალოს თუთიის ჟანგით, რომელიც დაბლა წევს ჭიქურის გამოწვის ტემპერატურას. ტყვიის კრიალა (გალენიტი) ჭიქურის დნობის დროს (900°–ის მახლობლად) იჟანგება და წარმოქმნის ტყვიის სულფატს, რომელიც უფრო მაღალ ტემპერატურაზე იშლება

სტრონციუმიანი ჭიქურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრონციუმიან ჭიქურებში, რომლებიც შეიცავენ სტრონციუმს და კალციუმს, გამოიყოფა სტრონციუმისა და კალციუმის მეტასილიკატთა მყარი ხსნარები, რომლებიც ხასიათდებიან ხსნადობის უფრო დაბალი ტემპერატურით და კრისტალთა ზრდის ნაკლები სიჩქარით, ვიდრე კალციუმის მეტასილიკატები, სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ სტრონციუმიანი უტყვიო ჭიქურების გამოწვა უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიური მოჭიქურებული კერამიკული ნაკეთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური მოჭიქურებული კერამიკული ნაკეთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 402.
  • კერამიკისა და ცეცხგამძლეების ტექნოლოგია, I ნაწილი, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1974 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]