ჭვირნიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XV ს. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნები

ჭვირნიშანი, წყლის ნიშანი, ფილიგრანი — გამჭვირვალე გამოსახულება — მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ის ბოლოს. ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ის ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია.

ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ის დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV-XVI სს-ის მიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდათანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ დოკუმენტაციასა და წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულება მხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის.

ჭვირნიშანი საფოსტო მარკაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭვირნიშანი „გვირვინი და CA“ („სასმეფო აგენტი“), ბრიტანეთის კოლონიების 1800-1920 წლებში გამოცემულ საფოსტო მარკებზე

ფილატელიაში ჭვირნიშანი წარმოადგენს საფოსტო მარკის ერთ-ერთ მახასიათებელს. მისი საშუალებით შესაძლებელია ნამდვილი და ყალბი მარკების გარჩევა. სიმბოლო შეიძლება იყოს მარტივი და რთული. მარტივი სიმბოლოები სათითაოდ ყველა მარკაზე არის ხოლმე გამოსახული. რთული სიმბოლოები უფრო დიდი ზომისაა და მარკების მთელ ფურცელზეა გაშლილი, ცალკეულ მარკაზე კი სიმბოლოს ფრაგმენტი ისახება. ჭვირნიშანი დატანებული აქვს XIX საუკუნის და XX საუკუნის დასაწყისის ყველა მარკას. თანამედროვე მარკებზე კი იშვიათად გვხვდება.

მრავალი ქვეყანა ტრადიციულად ყოველთვის იყენებს ჭვირნიშანს თავის საფოსტო მარკებზე, თუმცა ამის აუცილებლობა თანამედროვე მაღალხარისხოვანი და დაცული ბეჭდვის პირობებში არ არსებობს.

მარკის კლასიკური წყლის ნიშნებია: მცირე ზომის გვირგვინი, ვარსკვლავი, ნახევარმთავრე, გედი, ხარის თავი, ეროვნული სიმბოლოები, გეომეტრიული ფიგურები[1] [2] [3].

რუსეთისა და მისი გავლენის ტერიტორიების მარკების ჭვირნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭვირნიშანი „ჩრდილოვანი კვადრატები“ და „ჰორიზონტალური რომბები“, II ტიპი, მარკაზე „განთავისუფლებული პროლეტარია‎‎“ 1921წ. სკოტი: 7А 187a

რუსეთის იმპერიის 1858 წელს გამოცემულ მარკებზე ჭვირნიშანში ისახება „ორიანი“;

  • რუსული ანბანის ასოები „Э. З. Г. Б.“ (რუს. Экспедиция заготовления государственных бумаг — სახელმწიფო ქაღალდების დამზადების ექსპედიცია), ჰორზონტალური და ვერტიკალური ხაზები, რომლებიც სერავენ მთელ ფურცელს 1866 წლის მარკებზე.
  • „ჩრდილოვანი კავდრატები“ — დამახასიათებელია 1921 და 1928-1929 წლების საბჭოთა მარკებისათვის , მათ შორის მარკა „განთავისუფლებული პროლეტარია‎‎“ 1921წ.
  • „რომბები“ — 1922 წლის მარკებზე;
  • „კვადრატები და კუთხეები“ — ავიაფოსტის 1930 წ. მარკებზე;
  • „ხალიჩა“ — 1925-1935 წლების მარკებზე;
  • „ნამგალი და ურო“ — 1950 წლის მარკებზე;
  • „კუთხეები“ — 1960 წლის მარკებზე.

დამღირების ზოგიერთი ტიპი, მაგალითად „ჯვარი ოვალში“, შვეიცარიის ადრეული პერიოდის მარკებზე ძალიან ჰგავს ჭვირნიშანს, რადგან დამღირების ადგილზე ქაღალდი უფრო თხელია, მაგრამ წყლის ნიშნისაგან განსხვავდება მახვილი კიდეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პატარიძე რ., ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნი "გვირგვინი". XVI-XVIII სს., კრ.: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ტ. 2, თბ., 1973;
  • მისივე, "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა ჭვირნიშნები, იქვე, ტ. 5, თბ., 1975;
  • მისივე, XIV-XV საუკუნეების ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნები, კრ.: პალეოგრაფიული ძიებანი, ტ. 1, თბ., 1965;
  • მისივე, "Tre Lune", იქვე, ტ. 2, თბ., 1969;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]